ისტორიული რელიკვიების ახალი სულის შთამბერი და ლითონში ნაჭედი ისტორია - გზაპრესი

ისტორიული რელიკვიების ახალი სულის შთამბერი და ლითონში ნაჭედი ისტორია

უწინ საკუთარ ნამუშევრებს ყოველთვის აწერდა გვარ-სახელს, ახლა კი უკვე თავისი ლოგო აქვს, რითაც ადვილად შეიძლება ნამუშევრის ავტორი „იცნო“. საქმიანობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება არაერთი ეპითეტით მოიხსენიო, მაგრამ პირადად ჩემთვის „განძის მცველია“, რადგან მისი საქმიანობა კომპლექსურია: ის არის როგორც ძვირფასი ნივთების შემქმნელი, ისე მათზე მზრუნველი, რესტავრატორი, ქართული იარაღის დამზადების ტრადიციების გამგრძელებელი, რომელიც ამავდროულად სხვებისთვის გახდა სამაგალითო და მიბაძვის ობიექტი. ჩვენი წინაპრების იარაღის ასლებისა და უამრავი საავტორო ნამუშევრის შემქმნელი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიასაც აცოცხლებს და მხატვარ-რესტავრატორი, მეიარაღე ამ საქმეს 40 წელზე მეტია ემსახურება.

თბილისი

გოჩა ლაღიძე 27 წელია, საზღვარგარეთ ქართული მესაჭურვლეების ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა. ნიდერლანდებში, ქალაქ როზენდალში ის მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. თბილისში დაიბადა და გაიზარდა, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ შემდეგ იმ საქმეს მიჰყო ხელი, რითაც ჯერ კიდევ უმაღლესში ჩაბარებამდე დაინტერესდა და ამის ერთ-ერთი „მიზეზი“, „კომაროვში“ მისი ისტორიის პედაგოგი ჯუანშერ ჯურხაძე გახლდათ. ბავშვობაში ხშირად დადიოდა ექსკურსიაზე, საქართველოს ისტორიული ძეგლების დათვალიერება ხიბლავდა, ერთხანს არქეოლოგიითაც იყო გატაცებული, თუმცა ამჯობინა, არა მიწაში დამარხული განძი ეძებნა, არამედ ის საკუთარი ხელებით შეექმნა და ფაქტია, ეს საქმე საუკეთესოდ გამოსდის.

tbilisuri-satevari-copy-1671522167.jpg

პედაგოგი და პირველი ნაბიჯები

ჯუანშერ ჯურხაძე 26 წლის განმავლობაში „კომაროვში“ ისტორიას ასწავლიდა. რაინდული გარეგნობის კაცი იყო და მისი დებიუტი შედგა ფილმში „მაგდანას ლურჯა“. გამორჩეულად დასამახსოვრებელი სახე კი „დიდოსტატის მარჯვენაში“ შექმნა, სადაც ზვიად სპასალარის როლი ერგო. პარალელურად, ხმლის ქარქაშებს ამზადებდა; ვერცხლის, ხის, ტყავის ძველ ნიმუშებს რესტავრაციას უკეთებდა. ჰქონდა იარაღის კარგი კოლექცია და შინ ჯაჭვის პერანგსაც ინახავდა, რომლითაც არაერთხელ გამოცხადებულა ამა თუ იმ ფილმის სინჯებზე.

ერთხელ, გოჩა ლაღიძე მისმა პედაგოგმა შინ მიიწვია და ჯაჭვის პერანგები, ხმლები, ფარები დაათვალიერებინა. მასწავლებელმა მოსწავლეს თავისი ხელით გაკეთებული პატარა ხმალიც აჩუქა, რომელიც ახლა ჰოლანდიაში აქვს. კოლექციამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, თავადაც ეცადა ხევსურული ჩაჩქანის, ჯაჭვის პერანგის გაკეთება და გამოუვიდა კიდეც.

საბრძოლო აღჭურვილობით დაინტერესებული მოზარდი საათობით იდგა ეროვნული მუზეუმის ვიტრინებთან და ჩანახატებს აკეთებდა, ისტორიული იარაღისა და აღჭურვილობის დეტალებს ინიშნავდა და შემდეგ ქმნიდა ყველა იმ ნივთს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი წინაპრების ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იყო.

იმხანად იარაღის ფონდის მცველ კოტე ჩოლოყაშვილს მეცხრეკლასელი გოჩა ლაღიძის გაკეთებული ჩაჩქანი რომ უნახავს, მაშინვე ფონდის კარი გაუხსნა, იარაღის საცავი დაათვალიერებინა და მომავალ ოსტატს ყველა საჭირო დეტალი ახლოს რომ ენახა, იქ შესვლის ნება კიდევ რამდენჯერმე დართო. ასე შეიქმნა ხევსურული საჭურვლის კომპლექტი, რომელშიც შედის: ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავურები, ქამრები, ფარი, ხმალი, ხანჯალი და ა.შ. მოგვიანებით, მისი ერთ-ერთი სერიოზული ნამუშევარი კერძო კოლექციონერმა შეიძინა. 1979 წლიდან კი გოჩა ლაღიძე საავტორო იარაღზე მუშაობას იწყებს და ცდილობს, ტრადიციული სტილი შეინარჩუნოს, ანუ ისე იმუშაოს, როგორც ამ საქმეს ჩვენი ძველი იარაღის ოსტატები ემსახურებოდნენ.

imeruli-kabiani-xmali-copy-1671522182.jpg

ემიგრაციაში

1994 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გასცდა, მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღო. რასაკვირველია, ეს იყო გამართლებაც, თუმცა უდიდესი შრომის შედეგი და თან გოჩა იყო უკვე მაღალი დონის პროფესიონალი, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა ნიდერლანდების სახელმწიფო დაკვეთები მიეღო-შეესრულებინა და ყოველწლიურ გამოფენებზეც პირველი ადგილი დაეკავებინა.

დღეს მისი ნამუშევრები არაერთი ქვეყნის მუზეუმშია დაცული და კერძო კოლექციებშიც ინახება. ხალხური რეწვის ოსტატი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, 2015 წლიდან ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის წოდებას ატარებს.

ამჟამად ძირითადად ანტიკვარული ნივთების რესტავრაციაზე მუშაობს და პარალელურად, საავტორო ნამუშევრებს ქმნის. რაც შეეხება ქართულ საბრძოლო აღჭურვილობას, როგორც აღმოჩნდა, უწინ ყველაზე მეტად დამცავსა და ჩაჩქანზე მუშაობა მოსწონდა, ახლა კი უმთავრესად, ხმლებსა და ხანჯლებზეა გადართული. ბოლო წლებია, ცივი იარაღის ოსტატთა ყოველწლიურ შოუგამოფენებზეც პირველი ადგილი მისია. დღემდე 13-ჯერ დაიკავა მოწინავე ადგილი და 2022 წლის აპრილშიც, მისი ხელით დამზადებული ქართული ხმალი, ჟიურის გადაწყვეტილებით, შოუს საუკეთესო ნამუშევრად დაასახელეს. სულ ახლახან კი გაირკვა, რომ მიქელანჯელოს ფონდი გოჩა ლაღიძის შემოქმედებას საკუთარ კოლექციაში შეიტანს.

გოჩა ლაღიძე:

- საქართველოში 1987 წლიდან - საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ნაყოფიერად ვმუშაობდი. იმ დროს მუზეუმში ლითონის რესტავრატორიც გახლდით. 90-იანი წლების სირთულეები რომ დაიწყო, მუშაობას ვეღარ ვახერხებდი და ვერც განვითარების გზებს ვხედავდი. იდეალისტი ვარ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ყველაფერზე გული ავიყარე, ამიტომ ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. საქართველოდან მეუღლესa და ორ შვილთან ერთად წამოვედი, მესამე ჰოლანდიაში გაჩნდა. ენაც არ ვიცოდი, თითქმის არავის ვიცნობდი, მაგრამ ჩამოსვლისთანავე ძალიან გამიმართლა, კარგი ხალხი გავიცანი და გამოფენები მომიწყვეს. 2 წელიწადში კი ნიდერლანდების სახელმწიფოს უზარმაზარი დაკვეთა მივიღე. ალბათ ეს საოცრებაცაა და არა მარტო გამართლება.

- და უდიდესი შრომის შედეგიც, პროფესიული აღიარებაც. ეს როგორ მოხდა?

- ჰოლანდიაში არის სამხედრო მუზეუმი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემსავით იყო შეყვარებული ისტორიულ ნივთებზე და როცა ჩემი ნამუშევრები ნახა, ეროვნული დაკვეთა მომანდო. XVII საუკუნის ნიდერლანდებში ისტორიულმა ფიგურამ, ნასაუს პრინცმა, მაურიც ორანელმა რეგულარული ჯარი ჩამოაყალიბა. სწორედ ამ გრაფის აბჯრის ასლის დამზადება შემიკვეთეს ჰოლანდიის სამხედრო მუზეუმისთვის. კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმე და პროექტზე ერთი წელი სპეციალურად გამოყოფილ სახელოსნოში ვმუშაობდი. მთლიანი აბჯარი 4 კონტრაქტად გაყვეს, პირველად შესასრულებელი იყო მუზარადი. სამუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში აღვრიცხავდი და პროცესს სპეციალური კომისია აკონტროლებდა. აღნიშნული პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგაც ეს ამბავი ფართოდ გაშუქდა პრესითა და ტელევიზიით. ეტაპობრივად, იმავე მუზეუმის სხვა დაკვეთებიც მივიღე და ასევე, სხვა მუზეუმებისგანაც. ნიდერლანდების სამეფოს დაკვეთით შესრულებული ნასაუს გრაფის საჭურველი 1998 წლიდან ინახება მუზეუმში, სპეციალურად დამზადებულ საკმაოდ ძვირად ღირებულ ვიტრინაში.

princi-moric-oranelis-nasaus-grapis-sachurveli-copy-1671522198.jpg

- სამწუხაროდ, საქართველოს სამხედრო მუზეუმი არ აქვს...

- ყველა ქვეყანაში ასეთი მუზეუმები ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მისი დაფინანსებაც ამ სამინისტროს ავალია. სამეთვალყურეო საბჭო გადამდგარი გენერლებისა და სხვა მაღალი ჩინის სამხედროებისგან შედგება და აქაც სამხედრო მუზეუმის დირექტორი ყოფილი სამხედროა. საქართველოში სამხედრო მუზეუმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა. მაშინ, მახსოვს, პირადად შევხვდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და ამ თემაზე საუბრები დაიწყო, მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა...

- საქართველოსთან კონტაქტს არ წყვეტთ და როგორც საუბრისას მითხარით, თქვენს პროექტებში ქართველი ოსტატებიც არიან ჩართული. რასაკვირველია, ეს თანამშრომლობა მათი ზრდა-განვითარებისთვის კარგია. ბოლოს როდის იყავით სამშობლოში და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- საქართველოში ბოლოს 5 წლის წინ ვიყავი. შემდეგ, პანდემიის გამო ეს ვეღარ მოხერხდა. ჩემი მეუღლე კი ყოველ წელს ჩადის თბილისში. რაც შეეხება მონატრებას, ყველაზე მეტად - ხედები, მთები, მდინარეები, ციხე-სიმაგრეები...

- რატომ, ამ მხრივ ნიდერლანდები საქართველოზე ნაკლებად ლამაზია?

- ლამაზი არის, მაგრამ ნიდერლანდები ძალიან „დავარცხნილი ქვეყანაა“. გაწკრიალებული ინფრასტრუქტურაა, მთელი წელი რომ იარო, გზაზე ორმოს ვერ იპოვი. ბელგიის საზღვართან ვცხოვრობ და ჰოლანდიიდან ბელგიაში სამანქანო ტრასით რომ გადახვალ, მაშინვე შეატყობ განსხვავებას. თუმცა, აქ მთები არ არის, პატარა გორაკსაც ვერ ნახავ. მე კი მიყვარს ასეთი ბუნება, კალმახზე თევზაობა და როცა საქართველოში ჩამოვდივარ, სასროლი ბადით სათევზაოდ სულ დავდივარ...

დაბოლოს, დავძენთ: მეიარაღეს საკუთარი მდიდარი კოლექცია აქვს. სხვადასხვა ექსპოზიციის გამართვამდე, ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძო კოლექციებიდან გოჩა ლაღიძის ნამუშევრების გამოთხოვა ხდება და გამოფენების დასრულების შემდეგ, ნივთები კვლავ მესაკუთრეებს უბრუნდება. დავინტერესდი, აქვს თუ არა სურვილი, მისი ხელოვნება საქართველოშიც იხილონ და როგორც მითხრა, მსგავსი გამოფენის მოწყობა დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით, 2019 წელს ეროვნულ მუზეუმში იგეგმებოდა. გადაწყვეტილი იყო, რომ 1-წლიან გამოფენას 1 დარბაზი უმასპინძლებდა, შედგენილი იყო ნამუშევრების სია, მაგრამ გადაზიდვებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი თანხების მოთხოვნის გამო, პროცესი ჯერ შეყოვნდა, შემდეგ გაურკვეველი დროით გადაიდო, მერე პანდემიაც დაიწყო და... ფაქტია, არ გამოვიდა. იმედია, სურვილი აუხდება და უახლოეს მომავალში საქართველოში გოჩა ლაღიძის გამოფენა შედგება.

ანა კალანდაძე

მასალაში გამოყენებულია ოტტო კალკჰოვენის ფოტოები.

ბოლო ფოტო ეკუთვნის Nationaal Militair Museum - ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმს