რუსკა ქარქაშაძე 13 წლის ასაკში მოსულ პოპულარობასა და საყვარელ ადამიანზე
13 წლის იყო, როცა "ფორმულა კრეატივის" მიერ გამოცხადებულ კასტინგზე მივიდა და 500 ბავშვს შორის რჩეული გახდა. "კასტინგის მეორე ტურის გავლის შემდეგ მითხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ დამირეკეს და მეც, იმედი გადამეწურა. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მამას დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ ნომრები არევიათ და მეძებდნენ. მამას უთხრეს: ერთ გოგონას ვეძებთ, თქვენი შვილი კასტინგზე ხომ არ იყოო? მერე ჩემი ფოტო მამას სოციალურ ქსელში გადმოუგზავნეს. აი, ასე მიპოვეს და როლზე დამამტკიცეს", - ამბობდა რუსკა ქარქაშაძე პირველ ინტერვიუში, რომელიც 2016 წელს "გზაში" დაიბეჭდა. პატარა გოგო რედაქციაში დედამ მოიყვანა. "ხელოვნური სუნთქვა" მაყურებელმა მალე შეიყვარა, პერსონაჟი მელანო კი სერიალის გამორჩეული სახე გახდა.
სერიალის გადაღებები 6 წლის შემდეგ განახლდა. რუსკა ქარქაშაძე ისევ "გზის" რესპონდენტია.
- მაშინდელი განცდები ემოცია, როგორი იყო?
- ძალიან გახარებული ვიყავი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
- ამ პასუხისმგებლობას მაშინ სათანადოდ აცნობიერებდი?
- მაშინ მეგონა, ვაცნობიერებდი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ცოტათი მსუბუქად ვუყურებდი.
- პირველი დღე გადასაღებ მოედანზე როგორი იყო, ძალიან ღელავდი?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი პარტნიორები ხომ არაჩვეულებრივი მსახიობები იყვნენ, ისინი საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ, მეხმარებოდნენ, რჩევებს მაძლევდნენ.
- პირველი სცენა ვისთან გქონდა?
- ეკა დემეტრაძესთან. მახსოვს, მთელი გადამღები ჯგუფი როგორ მგულშემატკივრობდა.
- ეს აღმოჩნდა როლი, რომელმაც ახალი შესაძლებლობები გაგიხსნა, მეთანხმები?
- ნამდვილად ასე იყო.
- უეცრად მოსული პოპულარობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან მალე ქრება, რასაც შენზე ვერ ვიტყვი. როგორ აეწყო შემდეგ შენი ცხოვრება, ვინ გეხმარებოდა იმაში, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოგეხდინა?
- ამ სფეროში არასდროს არავინ დამხმარებია, ყოველთვის ყველაფერს თავად ვაკეთებდი. არც ერთი წუთით საკუთარ თავზე მუშაობა არ შემიწყვეტია, ახლაც ასეა. ყველაფერს თავად ვაკეთებ. სერიალი რომ დაიხურა და 6 წელი ეთერში აღარ გასულა, ამ ხნის განმავლობაში, სულ ვცდილობდი, საკუთარი თავი სხვადასხვა საქმეში გამომეცადა, რაც განვითარებაში დამეხმარა. მთავარია, არ გაჩერდე, ამ მოძრობაში გამოცდილებაც გიგროვდება და მერე ნებისმიერი შემოთავაზებისთვის მზად ხარ.
- როგორ ფიქრობ, რომ არა მელანო, ასეთი ფორმით განვითარდებოდა შენი ცხოვრება თუ პრიორიტეტი სხვა მიმართულება იქნებოდა?
- არა მგონია, სხვა მიმართულება ამერჩია, იგივე პროფესია მექნებოდა. ძალიან მადლიერი ვარ და მიხარია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ასე რომ მოხდა.
- უეცრად მოსულ პოპულარობას, მაშინ პატარა გოგო, როგორ აღიქვამდი?
- ძალიან მიხაროდა, მაყურებლისგან ბევრ დადებით ემოციას ვიღებდი, ეს ყველაზე კარგი ნაწილი იყო. სერიალი რომ გავიდა, მეორე დღეს სხვა რეალობაში გავიღვიძე. მაშინ, ასაკიდან გამომდინარე ან გადასაღებ მოედანზე ვიყავი, ან - სკოლაში, ან - სახლში, ფართო საზოგადოებასთან კონტაქტი ნაკლებად მქონდა. როცა ქუჩაში გავედი და დადებითი ემოციის ზღვა წამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მსიამოვნებდა. ჩემი სოციალური ქსელი აფეთქდა, მეგობრობის უამრავი მოთხოვნა მომივიდა, ყველა მწერდა, კომენტარს მიტოვებდა; ვცდილობდი, ყველასთვის მეპასუხა, უყურადღებოდ არავინ დამეტოვებინა, მაგრამ მალე მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო.
- 6 წლის შემდეგ, როდესაც იმავე როლით ბრუნდები გადასაღებ მოედანზე, მაგრამ უკვე სხვა გამოცდილებით, ახლა რას გრძნობ?
- კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას. ამ სერიალს სხვა თამასა აქვს და არ გვაქვს უფლება ხარისხი დავაგდოთ. მაყურებელი ინტერესით ელოდება, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვეცდებით, მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ. როცა სერიალი გადიოდა, პარალელურად ხდებოდა გადაღებები. ეს იმდენად შრომატევადი საქმე იყო, სერიებს ვერც ვუყურებდი. გადასაღებ მოედანზე გვიღამდებოდა და გვითენდებოდა. ყველა სერია დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ვნახე.
- და როგორ შეაფასე, რამეს შეცვლიდი?
- ბევრ რამეს შევცვლიდი. ახლა რომ იმავე სცენას ვთამაშობდე, სხვაგვარად შევასრულებდი.
- თუმცა სერიალის შემქმნელებმა მაშინ შენს ეკრანზე გამოჩენას უწოდეს "გამობრწყინება".
- ძალიან დიდი მადლობა.
- ახლა რა ხდება მელანოს ცხოვრებაში? მისი ამბის განვითარება თავად როგორც წარმოგედგინა, სცენარისტის ჩანაფიქრთან თანხვედრაშია?
- დიახ, აცდენა არ მომხდარა. მელანოს ამბავს ლოგიკური გაგრძელება აქვს. ბუნებრივია, დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ ვიტყვი, რომ სერიალს ძალიან საინტერესო განვითარება აქვს, ბევრი კარგი ახალი პერსონაჟი შემოდის, ბევრი საინტერესო სიახლე იქნება.
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამსახიობო გამოცდილება გქონდა, ეს პროფესია არ აირჩიე. რატომ?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ის საქმეა, რომელიც მინდა, მთელი ცხოვრება ვაკეთო. ამ ფაკულტეტს დავასრულებ და შემდგომ ჩამოვყალიბდები, რა მიმართულებას ავირჩევ.
- ახალ თეატრში სპექტაკლში "თამაში" მონაწილეობ. სცენაზე თამაშს სხვა შეგრძნებები ახლავს, ამ ემოციაზე რას გვეტყვი?
- სანამ გადასაღებ მოედანზე მოვხვდებოდი, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნიკა საბაშვილის სპექტაკლში ვთამაშობდი, ასე რომ, ეს საქმე ჩემთვის უცხო არ არის. ამ სპექტაკლში ვთამაშობ ეკა დემეტრაძესთან, თორნიკე გოგრიჭიანთან, ნანკა კალატოზიშვილთან, კახა კინწურაშვილთან და სხვა საოცარ მსახიობებთან ერთად.
- შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი?
- ძალიან საინტერესო როლია. ჩემი პერსონაჟი თავისებური ადამიანია, ინდივიდუალიზმით გამორჩეული, თინეიჯერი რთული ხასიათით, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან კარგი ადამიანი.
- შენგან აღქმული მელანო როგორია?
- ახლა სხვაგვარია, ვიდრე ადრე იყო. უფრო გაზრდილი, დამშვიდებული, რთული პერიოდი გავლილია, მაგრამ წარსული ტრავმების გავლენა პერიოდულად მაინც იგრძნობა.
- ახლანდელ მელანოსთან ბევრ საერთოს პოულობ?
- მის ასაკში რომ ვიყავი, მელანოსთან ალბათ უფრო ბევრი საერთო მქონდა.
- უფრო კონკრეტულად?
- აქტიურობა, ემოციურობა, ცოტათი სიჯიუტეც.
- როგორი იყო შენთვის 2022 წელი?
- ძალიან კარგი წელი იყო, სერიალი გავაგრძელეთ, მქონდა ბევრი კარგი შემოთავაზება და თანამშრომლობა.
- 2022 წლის მთავარი ამბავი რა იყო, რითაც ეს წელი სულ გემახსოვრება?
- ერთი კონკრეტული ამბის დასახელება მიჭირს. ყველაფერმა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბედნიერების განცდა მომიტანა. იმედი მაქვს, მომავალი წელიც კარგი იქნება.
- შეყვარებული ხარ, ამას არ მალავ. შეყვარებული რუსკა როგორია, შენში ახალი რა აღმოაჩინე?
- როცა ამ მდგომარეობაში ხარ, ბუნებრივია, გარშემო ყველაფერს სხვაგვარად უყურებ, უფრო ბედნიერი ხარ, უფრო მოტივირებული, გაორმაგებული ძალებით - მე ასეთი ვარ.
- შენს რჩეულზე რას გვეტყვი?
- ბევრს ვერაფერს. ძალიან კარგი ადამიანია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ, ვახერხებთ იმას, რომ ერთმანეთს დრო დავუთმოთ.
- ის რას საქმიანობს?
- შოუბიზნესთან და ხელოვნებასთან კავშირი არ აქვს. ბიზნესის სფეროში საქმიანობს.
- საახალწლოდ რა გეგმა გაქვს?
- 30 დეკემბერსაც კი "ხელოვნური სუნთქვის" გადაღება გვაქვს. ჯერ არაფერი დამიგეგმავს. ახალ წელს ტრადიციულად, ყოველთვის შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები, უფრო სწორად, ვხვდებოდი, ბოლო 3 წელია, ხან კონცერტი მიმყავს, ხან ტელევიზიაში, რომელიმე პროექტზე ვმუშაობ. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრი დრო გავატარო. შინ ვამზადებთ გემრიელ კერძებს, ერთმანეთს საჩუქრებით ვახარებთ, ჩვენთან ბევრი პოზიტივი და დიდი სიყვარულია.
თამუნა კვინიკაძე