ახალგაზრდა მსახიობის კარიერა და პირადი ცხოვრება - გზაპრესი

ახალგაზრდა მსახიობის კარიერა და პირადი ცხოვრება

23 წლის ნინი კვირიკაშვილი ტელემაყურებელმა სერიალიდან "სიყვარულს მიღმა" ლიზას როლით გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობისთვის ეს პირველი ეკრანული როლია. ამჟამად ნინი სამსახიობო სფეროში აქტიურად მუშაობს და როგორც გვითხრა, ცდილობს, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოს, თავისი მომავლისთვის ბაზა შექმნას...

- კასტინგის გავლის მერე, დაახლოებით 1 კვირაში ლიზას როლზე დამამტკიცეს. მანამდე სერიალის - "სიყვარულს მიღმა" აქტიური მაყურებელი ნამდვილად არ ვყოფილვარ - "იუთუბზე" მხოლოდ რამდენიმე სერია მქონდა ნანახი. არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, მასში მონაწილეობა მიმეღო.

- ეს ისეთი როლია, რომლითაც ეკრანზე გამოჩენას ისურვებდი?

- ეკრანზე ჩემი გამოჩენა ცოტათი სხვაგვარად წარმომედგინა... მაგრამ ცუდი ესეც არაა: სამუშაოდ საინტერესოა, რადგან ლიზა ჩემგან განსხვავებულია: ის უფრო აქტიური გოგოა. სასურველის მიღწევას უხეში გზებით და ჩემთვის არასწორი ხერხებით ცდილობს. ბევრ სიტუაციაში, რაც სერიალში ხდება, რა თქმა უნდა, ისე არ მოვიქცეოდი, როგორც ჩემი პერსონაჟი იქცევა. რაშიც შეიძლება, რომ ერთმანეთს ვგავდეთ, არჩეული საქმის მიმართ სიყვარულია - ლიზას უნდა, წარმატებას მიაღწიოს.

- ხალხისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- რადგან ტელეეკრანზე პირველად გამოვჩნდი, თავდაპირველად, "ფეისბუკზე", "იუთუბზე" და "ტიკტოკზე" კომენტარებს თვალს აქტიურად ვადევნებდი. არც ერთი კომენტარი დადებითი არ იყო. რა თქმა უნდა, მაყურებლებს ლიზა აღიზიანებთ, მის მიმართ კარგად განწყობილები არ არიან. ამ კომენტარებს საკუთარ თავზე არ ვიღებ - აზრს პერსონაჟის მიმართ აფიქსირებენ. ამის საფუძველზე, დავასკვენი: რაკი ხალხს ლიზა აღიზიანებს, ე.ი. სათქმელი მაყურებლამდე მართლა კარგად მიმაქვს.

- პროფესიით მსახიობი ხარ?

- კი. მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ბავშვობიდან ამ სფეროსთან შეხება მქონდა: ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში დავდიოდი (შვიდწლედი დავამთავრე). იქ მიუზიკლებში მონაწილეობა, გუნდური სიმღერა, ცეკვა მიწევდა (თეატრალური განყოფილება არსებობდა). ასე ვთქვათ, ბავშვობიდან "სცენის მტვერმა მომწამლა", მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, კავკასიის უნივერისტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს სფეროც ძალიან მაინტერესებს. მსახიობის პროფესიასთანაც "ახლოსაა" - ბევრ რამეში მადგება... კავკასიის უნივერსიტეტში სწავლისას, სამოყვარულო თეატრალურ დასშიც ამიყვანეს. ღამით რეპეტიციებზე ვიყავი, დღისით ფსიქოლოგიის ლექციებს ვესწრებოდი. მივხვდი, რომ მსახიობობა უფრო მეტად მაინტერესებდა. 1 წლის შემდეგ აკადემიური ავიღე, ეროვნული გამოცდები ხელახლა ჩავაბარე, ტურები გავიარე და თეატრალურ უნივერსიტეტში მოვხვდი... მოკლედ, ბოლოს მაინც მსახიობის პროფესიამდე მოვედი (იღიმის).

- ოჯახის წევრებს შორის სამსახიობო სფეროს წარმომადგენელი გყავს?

- არა. ჩემი წინაპრებიდანაც არავინ ყოფილა მსახიობი. მარტომ ვცადე და ვცდილობ...

- შენი გადაწყვეტილება ოჯახმა როგორ მიიღო?

- რა თქმა უნდა, არ უნდოდათ, ფსიქოლოგიის სწავლა მიმეტოვებინა და მსახიობობა მეცადა. ჩემგან განსხვავებით, მშობლები მაშინ გარკვეულ საკითხებს სხვა კუთხით უყურებდნენ: საქართველოში მსახიობის პროფესია ნაკლებად განვითარებულია, ნაკლებად დაფასებულია, შრომის ანაზღაურებაც ისეთი არაა, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიო... ამის საფუძველზე, ჩემთვის უკეთესი უნდოდათ. მაქსიმალურად ცდილობდნენ, მელაპარაკებოდნენ, რომ დავერწმუნებინე: ნინი, იქნებ, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დარჩეო, მაგრამ მსახიობობა ისე მინდოდა, რომ გარკვეული პერიოდი, ოჯახის წინააღმდეგაც წავედი: ყველა ერთ აზრზე იყო, მე კი - საპირისპიროზე. ჯიუტად ჩემსას ვცდილობდი... როცა უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე (იქ მოხვედრა მარტივი არ არის), შეეგუვნენ, რა უნდა ექნათ?!. ახლა ჩემით ძალიან ამაყობენ და უხარიათ (იცინის)...

- მსახიობის პროფესიის სიყვარულის გარდა, რა გაძლევდა ძალას, როცა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ცდილობდი?

- მაშინ უფრო პატარა ვიყავი. ცხოვრებაში ისეთი საჭიროებები არ მქონდა, როგორიც მაგალითად, ახლა მაქვს. ფინანსურ საკითხებზე ნამდვილად არ მიფიქრია, თუმცა რომ მეფიქრა, მაინც იმავეს გავაკეთებდი. გულწრფელად ვიტყვი: ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც დამოუკიდებლად გადავდგი და გამომივიდა. ძალას ეს მაძლევდა, რომ მიზნისთვის მიმეღწია.

- სერიალებში მონაწილეობის მცდელობა წინათაც გქონია?

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე, კასტინგების ჯგუფში გავწევრდი. "პოსტებზე" აქტიურად "ვაკომენტარებდი". ფილმის, სერიალის კასტინგების შესახებ ინფორმაცია ხშირად არც ქვეყნდებოდა, რადგან საქართველოში ამ ტიპის ცოტა პროდუქტი კეთდება... "იდეალური დედის" კასტინგზეც ვიყავი, მაგრამ ჩემთვის არ დაურეკავთ. "სიყვარულს მიღმა" ჩემი მეორე მცდელობა იყო... დანარჩენს რაც შეეხება, ძირითადად, რეკლამებში მიღებდნენ. წარმატებას თეატრში უფრო ადრე მივაღწიე და დავსაქმდი.

- რომელ თეატრებთან თანამშრომლობ?

- ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ მე და ჩემი მეუღლე - გუგა ქაცარავა (სერიალში - სიყვარულს მიღმა" ეკას ძმის როლს თამაშობს) "თავისუფალ თეატრში" აგვიყვანეს. სპექტაკლში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!" ერთად ვთამაშობთ. ეს საკულტო სპექტაკლია, რომელშიც მსახიობები წლებია, თამაშობენ. ნიკო გომელაურისთვის დაიწერა და დაიდგა. ამ სპექტაკლში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და სასიხარულო მიღწევაა... კამერულ თეატრშიც ვარ, რომელიც ახალი გახსნილია, ასევე - ათონელის თეატრში...

- შენი და გუგას სიყვარულზე მოგვიყევი...

- ერთად ვსწავლობთ. პირველი კურსიდან ვმეგობრობდით. მესამე კურსი რომ დაიწყო, ვიქორწინეთ. ძირითადად, ბედი გვიღიმის - ერთსა და იმავე პროექტებში გვაკავებენ. რატომღაც, ასე ემთხვევა, რაც დიდი ხელშეწყობაა, რადგან შეიძლება, 7 საათის განმავლობაში რეპეტიციაზე ვიყოთ. ლოდინის ფაქტორი აღარ გვაქვს, რადგან ერთად ყოფნა გვიწევს, ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ.

- სცენაზე ერთმანეთის პარტნიორები ყოფილხართ?

- კი, ახლახან ვიყავით, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში საკურსო სპექტაკლში ვითამაშეთ. ასევე, ათონელის თეატრშიც ერთად ვართ და პარტნიორობა მოგვიწევს. "თავისუფალ თეატრში" მთავარ გმირებს ვასახიერებთ: ჩვენს პერსონაჟებს ერთმანეთი უყვართ... ბევრს უკითხავს, - როცა თამაშობთ, "რეპეტიციობთ", გახსოვთ, რომ ცოლ-ქმარი ხართო? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერთმანეთისთვის კომფორტული პარტნიორები ვართ, რადგან მაგალითად, თუ და-ძმის როლს ვასრულებთ, და-ძმა "ვართ". რეალური ცხოვრება ხელს არ გვიშლის, პირიქით - ერთმანეთთან "გახსნილები" ვართ. ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა.

- როლს სახლში დაბრუნებულებიც ამუშავებთ?

- ნაკლებად, მაგრამ ბევრს ვლაპარაკობთ, როლებს განვიხილავთ, ფსიქოლოგიურ სიღრმეებში "ჩავდივართ". ხშირად გვინერვიულია. ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ, აზრს "ვუცვლით"... სულ იმას ვამბობ, - ნეტავ, სახლში სხვა პროფესიის მქონე ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც ისეთივე საინტერესოა, როგორიც ჩვენი-მეთქი? ჩვენს პროფესიაში დიდი კომფორტია, როცა პარტნიორად საყვარელი ადამიანი გყავს და შეგიძლია, კონკრეტულ საკითხებზე ესაუბრო.

- სამსახიობო სფეროს მიღმა, თქვენი თანაცხოვრება როგორია? მაგალითად, საოჯახო საქმეებს როგორ ინაწილებთ?

- დილიდან საღამომდე შინიდან გასული ვართ, სახლში დაღლილები ვბრუნდებით. თითქოს ჩვენთვის ოჯახი სხვა რამეა, ვიდრე ის, რაც საზოგადოებას აზრად მოსდის, რადგან პროფესიის გამო, სულ გადაღებებზე, რეპეტიციებზე ვართ... ხუმრობით რომ ვთქვათ, საჭმლის გამოძახებაში გუგა უფრო აქტიურია, კერძების მომზადება კი ჩემს კისერზე გადმოდის, რადგან მე უფრო მეხერხება (იცინის)... ჩვენი სტილის ოჯახი მომწონს.

- ოჯახის შექმნა როგორ გადაწყვიტეთ?

- ექსპრომტად, არ დაგვიგეგმავს. ჩვენს ჯვრისწერაზე ძალიან ცოტა ადამიანი იყო.

- ოჯახის წევრები შენს დაოჯახებას როგორ შეხვდნენ? 22 წელი დღეს ახალგაზრდულ ასაკად მიიჩნევა...

- მაგალითად, ჩემი მშობლები 17 წლის იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. 22 წლის ასაკში ჩემი დაოჯახება არც გაჰკვირვებიათ (იცინის). გარეგნულად კიდევ უფრო პატარა ასაკისას ვგავარ. როცა ხალხი იგებს, რომ გათხოვილი ვარ, სანამ ასაკს მკითხავენ, ასეთი რეაქცია აქვთ: - ვაიმე, შვილო, სად გეჩქარებოდაო?! როცა ჩემს ასაკს იგებენ, ამბობენ, - კარგი, შვილო, ბედნიერი იყავიო.

- ფსიქოლოგის პროფესიის დაუფლებას აღარ აპირებ?

- ეს სფერო მართლა მაინტერესებს, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ისედაც შემიძლია კერძო კურსებით ის ცოდნა მივიღო, რაც მინდა, თან - მოკლე დროში (მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიას ბევრი მიმართულება აქვს). მირჩევნია, რომ მაგალითად, 9-თვიანი კურსი გავიარო, ვიდრე 4 წელი უნივერსიტეტში ვიარო და სხვა საგანიც ვისწავლო, რაც არ დამჭირდება და უბრალოდ, დრო უნდა დავკარგო.

- ანუ ფსიქოლოგიის სწავლა პიროვნული განვითარებისთვის გინდა?

- პიროვნული და ჩემი პროფესიის განვითარებისთვის. ვერ ვიტყვი, რამდენიმე წლის შემდეგ, საკუთარ თავს ფსიქოლოგად ან სხვა პროფესიაში ვხედავ-მეთქი, მაგრამ მსახიობისთვის ფსიქოლოგია მართლა ძალიან საჭიროა.

nini-da-guga-1671522826.jpg

- სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ლიზას როლი რომ არ შეგესრულებინა, რომელ პერსონაჟს განასახიერებდი სიამოვნებით?

- ო, ამაზე არ მიფიქრია... ამ სერიალში ყველა როლს ისეთი საინტერესო ამბავი და განვითარების "ხაზი" აქვს, რომ ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ნებისმიერის შესრულება საინტერესო იქნებოდა.

- საერთოდ, როგორი ეკრანული როლია შენთვის განსაკუთრებულად საინტერესო?

- აზრობრივად მეტად დატვირთული პერსონაჟი, თავისი პიროვნულობით, ემოციური ინტელექტით. ჟანრს რაც შეეხება, ჩემთვის შინაგანად კომფორტული უფრო დრამატული როლი იქნებოდა, რომლითაც მაყურებელს საკუთარ თავს სხვა კუთხით ვაჩვენებდი. თეატრში ამის შესაძლებლობები მქონდა. ამიტომ მივხვდი, რომ ეს "ჩემია".

- კარგა ხანია, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო, სერიალი ეთერში აღარ გადის. მაყურებლებს რით დაამშვიდებთ?

- რამდენიმე ადამიანმა ქუჩაში მკითხა, - სერიალი გრძელდებაო? - აუცილებლად-მეთქი, - ვუპასუხე. ძირითადად, სცენარებს წინასწარ არ ვკითხულობ: მირჩევნია, მეც სერიალს ვუყურო. რაც ვიცი, წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. "სიყვარულს მიღმა" ეთერს მალე დაუბრუნდება...

ეთო ყორღანაშვილი