რას ფიქრობს ნანა ცინცაძე თანამედროვე საქართველოზე - გზაპრესი

რას ფიქრობს ნანა ცინცაძე თანამედროვე საქართველოზე

ქვეყანაში არსებული პრობლემები ყველას ერთნაირად გვტკივა და გვაწუხებს, თუმცა, ამ პრობლემებს პოეტური სულის მქონე ადამიანები სულ სხვაგვარად განიცდიან და აღიქვამენ. ჟურნალის "გზა" სტუმარია ბევრისთვის საყვარელი ექიმი და პოეტი ნანა ცინცაძე.

- დღეს ყველაზე "ცხელი თემა" სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა-არყოფნაა. ამაზე რას ფიქრობთ?

- ექიმი ვარ და ყველამ იცის, "ჰიპოკრატეს ფიცი" ექიმისთვის რას ნიშნავს: იქ არის ასეთი საოცარი სიტყვები: "არ ავნო". ალბათ ჩვენი მკითხველი ისტორიას ჩემზე კარგად იცნობს და იცის, რომ ტყვედ ჩავარდნილ ავადმყოფებს უძველეს დროშიც კი ჯერ მკურნალობდნენ და ეშაფოტზე მერე აჰყავდათ... როდესაც ლაპარაკია ადამიანზე, რომელსაც ჯანმრთელობა აქვს შერყეული და დახმარება სჭირდება, მე, როგორც ექიმი, სხვას ვერაფერს გეტყვით - მას უნდა დავეხმაროთ!

გამოგიტყდებით, არ მინახავს კლინიკაში გადაღებული კადრები და არც ვნახავ, რადგან მგონია, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვავნებ. არსებობს ტერმინი - "საექიმო საიდუმლო", რომლის გაცემის უფლება, წესითა და კანონით, არავის აქვს. როგორც მოძღვარს არა აქვს უფლება, სულიერი შვილის აღსარება გასცეს და გაყიდოს, ასევე ექიმს არა აქვს უფლება, პაციენტის საიდუმლო გასცეს. პაციენტი კლინიკის "სტუმარია": ის შენთან მოდის შეშინებული, დამფრთხალი, გაფართოებული თვალებით და შველას ელოდება. მე ონკოლოგიურიდან იმიტომ წამოვედი, რომ იქ ყველგან ასეთ თვალებს ვხედავდი... ჩემი ხელმძღვანელი აკადემიკოსი რეზო ვეფხვაძე იყო - დიდებული ადამიანი, რომელიც ამის გამო კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, მაგრამ გამიჭირდა იქ მუშაობა, ვერ შევძელი. წამოვედი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. აუცილებლად უნდა ვთქვა: ვინც უნდა იყოს, ასეთ უხერხულ სიტუაციაში ადამიანის გადაღება და მერე ამ კადრების სახალხოდ გავრცელება ჩემთვის გაუგებარი, ამაზრზენი მოვლენაა. მართალია, ისეთი მორწმუნე არ ვარ, რომ ყოველ ტაძრის კედელს თავს ვურტყამდე, "ურამორწმუნეობაც" მეზიზღება, "ურაპატრიოტიზმიც" და ყველაფერი, რასაც ფანატიზმისკენ მივყავართ, მაგრამ უფლის შიში და სიყვარული ნამდვილად მაქვს. ისიც ვიცი, რა ძნელია შეასრულო ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: "გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი შენი". ყველაზე მეტად სწორედ ამის შესრულება გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობაზე ბევრს ვლაპარაკობთ, ჩვენ აშკარად გადავუხვიეთ არა მხოლოდ ქრისტიანულ მორალს, არამედ ადამიანურ ეთიკასაც. დიახ, ადამიანურ ეთიკაზე ვლაპარაკობ, რადგან ამ შემთხვევაში, ქრისტიანულ მორალზე ლაპარაკი ზედმეტია... დავუშვათ, ეს ადამიანი არ მოსწონთ, დავუშვათ, რაც ადრე ხდებოდა, ცუდი იყო, მაგრამ რაც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება, ეს - კარგია?!.

- ამ კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილის ოპონენტები ხაზს უსვამენ, რომ რამდენიმე კადრში ის მედიკოსებს აგრესიულად ექცევა...

- მედიკოსებმა კარგად იციან: როდესაც ადამიანი ცუდადაა და შეწუხებულია, მან შეიძლება ხელიც აგიქნიოს და თავიდანაც მოგიშოროს. ვისაც პაციენტებთან შეხება აქვს, მან იცის, ეს მოსალოდნელია. ყველა ექიმი შეგუებულია იმ აზრს, რომ გაღიზიანებული ავადმყოფი უნდა დაამშვიდოს - ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ავად ყველა ყოფილა, მე მაგალითად, როცა კარგად ვარ, მზად გახლავართ, მთები გადავდგა, მაგრამ ცუდად მყოფი ისეთი მშიშარა და უძლური ვხდები, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ამიტომ, ამ კადრების გამოქვეყნება არ იყო მისაღები... სხვათა შორის, ძალიან დიდხანს გამყვა უსიამოვნო განცდა, როცა ზვიად გამსახურდიას მოექცნენ ისე, როგორც მოექცნენ: პირველი პრეზიდენტი იძულებული გახდა, სადღაც გადახვეწილიყო, და მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ეს ამაზრზენი ფაქტი იყო; ამაზრზენია ისიც, რომ ყველა გონიერი ადამიანი დაიღუპა, ვისაც ქართველები ენდობოდნენ და მიჰყვებოდნენ: მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ზურაბ ჟვანია და სხვები... ჩვენ თვალწინ უკვე რამდენი ადამიანის ტრაგედია დატრიალდა და არავის სურს ახალი ტრაგედიები იხილოს. გასაგებია, ნებისმიერ ხელისუფლებას ჰყავს მტრებიც და მომხრეებიც, რომ უსამართლობა ნებისმიერი ხელისუფლების დროს ხდება, მაგრამ ერი შურისძიების გრძნობამ არ უნდა დააბრმავოს. მე ვერავინ დამაბრალებს, რომ რომელიმე პარტიას ვემხრობი და გუნდრუკს ვუკმევ, მაგრამ აბა, დამისახელეთ რომელიმე, თუნდაც ახალი ან ძველი ხელისუფლება, რომლის წევრებს შეცდომა არა აქვთ დაშვებული, - ვერ დამისახელებთ. სწორედ ამიტომ ამბობენ, წყალი მარტო გამარჯვებულის წისქვილზე არ დაისხმებაო, ხანდახან წყალი დამარცხებულის წისქვილზეც უნდა დავასხათ, თუ მართლა ადამიანები ვართ.

- კიდევ ერთი, ასევე მტკივნეული პრობლემა ემიგრაციაა...

- ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ხალხი საქართველოდან გადის. ადრე ვხედავდი, რომ გაჭირვებული ადამიანები მიდიოდნენ, ახლა კი ისეთი ხალხი მიდის, რომელსაც აქ არაფერი უჭირს. ქვეყანა იცლება და უკან არავინ ბრუნდება: ჩვენი ემიგრანტები იქ ოჯახებს ქმნიან და მათი ქართველობა თანდათან იკარგება. ისედაც მცირერიცხოვანი ერის შვილები ვართ და თუ ერთმანეთს არ გავაძლიერებთ, ერთმანეთს მხარში არ ამოვუდგებით, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება, - მგონი, სწორედ აქეთკენ მივდივართ. რატომ?.. შობადობა გაცილებით დაბალია სიკვდილიანობაზე, ქუჩაში გაივლი და ქართული ენა აღარ ისმის, სამაგიეროდ, ყოველ ნაბიჯზე გესმის ინდუსების, არაბების, თურქების, ირანელების, რუსების, უკრაინელებისა თუ ბელარუსების საუბარი. თანდათან მიმდინარეობს ქართველების ჩანაცვლება სხვა ერებით და ეს პროცესი როგორმე უნდა შეჩერდეს. თუ ასე არ მოხდება, თუ საქართველოში ჩვენ აღარ ვიქნებით, მაშინ რაიმეს აზრი ექნება?!.

- მსოფლიოში არის რამდენიმე ერი, რომელიც უცხოეთში უფრო დიდი რაოდენობით ცხოვრობს, ვიდრე თავის ისტორიულ სამშობლოში, თუნდაც ებრაელები ან სომხები...

- ებრაელები საუკუნეების წინ მთელ მსოფლიოში გაიბნენ, მაგრამ ემიგრაციამ მათზე ვერ იმოქმედა. ამ უძველესმა ერმა არაჩვეულებრივი, იდეალური სახელმწიფო შექმნა. სომხებიც, სადაც უნდა ცხოვრობდნენ, სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის თავდადებული ხალხია: ისინი ერთმანეთს ყველგან პატრონობენ, ეფერებიან და თავს ევლებიან. ჩვენ ერთმანეთის გატანა, ცოტა არ იყოს, გვიჭირს. ალბათ ამიტომ, ქართველების მეორე-მესამე თაობა იქაურ ქუდს იხურავს, სადაც ცხოვრობს. არც მიკვირს, უცხო ქვეყნებში რომ მიდიან და იქ მკვიდრდებიან: ამას წინათ, ერთი ნაცნობი მიყვებოდა, როგორ ეხმარება და რას უკეთებს ჰოლანდიაში მცხოვრებ მის დედ-მამას იქაური სამედიცინო სისტემა - დაფინანსებაზე რომ არაფერი ვთქვათ, პაციენტს მანქანას სპეციალურად უგზავნიან, რომ ექიმთან წაიყვანონ და დიაგნოზი დაუსვანო... ვუსმენდი და ვფიქრობდი, ნუთუ არ შეიძლება, რომ საქართველოში, ჩემს სამშობლოში ასეთი რამ ხდებოდეს, რომ ჩემს გაუბედურებულ ქართველებს ვინმემ ასე მიხედოს-მეთქი?!

154899224-4095736057138533-7461481491104398439-n-copy-1672034352.jpg

- რას უნდა დავაბრალოთ ის შუღლი და დაპირისპირება, რომელიც ქართველებს შორის ასე მწვავედ იგრძნობა? უცხოელებმა მას "პოლარიზაცია" უწოდეს.

- სამწუხაროდ, ეს თვისება ოდითგანვე მოგვდგამს: თუ ვინმე ნიჭიერი და გამორჩეულია, აუცილებლად უნდა დავამციროთ, მიწასთან გავასწოროთ. ამის თაობაზე არაჩვეულებრივად თქვა ჩვენმა დიდმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ: "დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". აუცილებლად სხვაზე უნდა ვილაპარაკოთ, სხვისი ცხოვრება გავარჩიოთ, განვიკითხოთ და დავაკნინოთ... თითოეულმა ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ და ამავე დროს, საერთო საქმისთვის თითო აგური დავდოთ, იქნებ ცხოვრება უფრო საინტერესო და უკეთესი ყოფილიყო? ხომ შეიძლება, მარტო ლოზუნგებსა და სადღეგრძელოებში კი არა, მართლა გვიყვარდეს ერთმანეთი; ხომ შეიძლება, უფრო გულიანები, ლაღები და თავისუფლები ვიყოთ?! სამწუხაროდ, ასე არ ვიქცევით... საქართველო სერიოზული ბარიერების წინაშე დგას და ეს ბარიერები მთელმა ერმა თუ არ გადალახა, ისე ცხოვრებას რა აზრი აქვს?!

- როგორ ფიქრობთ - პოლარიზაციის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სოციალური უთანასწორობაც ხომ არ არის?

- ალბათ ასეცაა, მაგრამ ერთი რამ მიკვირს: ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს და არაფერი აკლია, იმ ხალხის ყოფნას რა აზრი აქვს?!. თუ შენს მეზობელს ან ნაცნობს უჭირს, თუ შენი სამშობლო მძიმე მდგომარეობაშია, შენ კარგად როგორ იქნები?! ისიც არ მესმის, პოლიტიკური ნიშნით შენს მოძმეს რატომ უნდა დაუპირისპირდე?! ჩემთვის აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრეა, როცა ადამიანს დახმარების ხელი სჭირდება, ვიცი, რომ უნდა დავეხმარო. ადამიანი იმის მიხედვით როგორ უნდა შევიძულო ან შევიყვარო, რომელი პარტიის მომხრეა? ჩვენ უძველესი ერის შვილები ვართ და იმედია, კეთილგონიერება გვეყოფა, რომ მოვლენები სწორად შევაფასოთ. "გვიყვარდეს ერთმანეთი!" - ამაზე უკეთესი სიტყვები ამქვეყნად არ დაწერილა, მაგრამ ამ სიტყვებს სადღეგრძელოს დონეზე არ უნდა ვამბობდეთ. დაბოლოს, დღესასწაულები ახლოვდება და ძალიან მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ყველა ქართველს. მათ ვუსურვებ ლაღ, მდიდარ, თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას. ჩემი უპირველესი ნატვრაა, საქართველო ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი და ლაღი ქვეყანა იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე