sheabi.ge პარალელურ სამყაროში (XIII-XIV ნაწილი)
12 სექტემბერი, სამშაბათი
11:25
ზურა: გამარჯობა, ჩემო სიცოცხლევ, როგორ ხარ? გამოიძინე?
პანდორა: ვერა...
ზურა: რატომ? სულ ცოტა მაინც არ გეძინა?
პანდორა: ვერ დავიძინე. ბოლო ორმა დღემ დამღალა.
ზურა: მაპატიე...
პანდორა: უკვე გაპატიე. ხომ ხედავ, როგორ იოლად გპატიობ ყველაფერს...
ზურა: ალბათ იმიტომ, რომ კარგი გოგო ხარ და თან, გიყვარვარ...
პანდორა: აღარ მიყვარხარ… რა, შენთვის ჯერ არ მითქვამს, რომ აღარ მიყვარხარ?
ზურა: არა, არ გითქვამს. ალბათ დაგავიწყდა. :(((
პანდორა: ახლა ხომ გითხარი?
ზურა: მითხარი, მაგრამ ამის დაჯერება არ მინდა…
პანდორა: ისევე, როგორც მე არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც სასტუმროში ვნახე…
ზურა: მაგაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, გთხოვ.
პანდორა: იოლი სათქმელია, არა?
ზურა: შენ წარმოიდგინე, რომ არც სათქმელადაა იოლოი და არც გასახსენებლად…
ზურა: საღამოს იქნები?
ზურა: საღამოს იქნები?
ზურა: საღამოს იქნები?
ზურა: ბოლომდე პატიება მაინც გიჭირს, არა?.. კარგი, დროებით. მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არავის არავინ ჰყვარებია… შენ ჩემი ჯულიეტა ხარ, იზოლდა და ნამდვილიპანდორა, ბედნიერებისა და უბედურების ერთდროულად მომტანი, ტკბილი და მწარე, ცოტა მჟავეც… :))) მეც წავედი, დროებით! ლექსს დაგიტოვებ, გაერთე…
ზურა: იქნებ, დავმალო ამ საღამოსაც,
რომ ყოველღამე შევთხოვ ანგელოზს,
მინდა, გიყვარდე ისე ძალიან,
უფალმაც ვეღარ გაგვაცალკევოს.
გეჩურჩულები შებინდებისას,
არ მსურს, წახვიდე ჩემი სიზმრიდან,
ვერ გამიგია, ეგ ღრმა თვალები,
ანდამატივით რატომ მიზიდავს…
ვის დავუმალო, რომ დავუმალო,
მე ყოველღამე შევთხოვ ანგელოზს,
მინდა, საერთო გვქონდეს ისეთი,
უფალმაც ვეღარ გაგვაცალკვოს…
20:47
ზურა: ნატალი, სახლში მივდივარ. დღეს არ გამოჩენილხარ… დროებით…
23:42
პანდორა: საღამო მშვიდობის…
ზურა: მოხვედი, ჩემო ლამაზო?
პანდორა: როგორც ხედავ…
ზურა: სად იყავი, მთელი დღე რომ არ ჩანდი? და საერთდ, რისთვის არსებობს მობილური ტელეფონი, თუ სულ გამორთული გექნება?
პანდორა: მობილურს ვერ ვიტან - მუდამ გამორთული მაქვს და ჩანთაში დევს. თუ აუცილებელი საქმე მაქვს, მაშინ ჩავრთავ, დავრეკავ და ისევ გამოვრთავ ხოლმე…
ზურა: მოგიწევს შეეჩვიო იმას, რომ ტელეფონი მუდამ ჩართული გქონდეს. დღის განმავლობაში როგორ უნდა დაგიკავშირდე?
პანდორა: არ არის აუცილებელი, რომ ყოველ წამს მირეკო. სამსახურშიც მაქვს ტელეფონი და სახლშიც. სხვაგან არსად დავდივარ. გზაში კი სულ ნახევარი საათი ვარ ხოლმე და ცოტას მოითმენ…
ზურა: არ მომწონს ეგ ამბავი… რადგან მობილური არ გიყვარს, რაციას გიყიდი. :)))
პანდორა: კარგი, ქამარზე დავიმაგრებ და ვივლი:)))
ზურა: აბა, მომიყევი, რას აკეთებდი მთელი დღე?
პანდორა: მეძინა, საღამოს კი სამსახურში გავიარე. მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა…
ზურა: გინდა, შენთან სტუმრად მოვიდე?
პანდორა: არა, არ მინდა…
ზურა: რატომ?
პანდორა: წუხელ ხომ იყავი…
ზურა: არ მეყო…
პანდრა: უნდა იკმარო… მაპატიე, სონა შემოვიდა და ცოტა ხანს დაველაპარაკები…
ზურა: რა გაეწყობა…
00:25
სონა: გამარჯობა, საყვარელო…
პანდორა: ვაააუ, გამოჩნდი? როგორც იქნა…
სონა: გეტყობა, კარგ ხასიათზე ხარ. ახალი რა
არის?
პანდორა: ჯერ შენი ამბები მომიყევი და მერე, მეც მოგიყვები.
სონა: საშინელი ადამიანი ხარ… ჩემთან ახალი არაფერია. დღეს მე და რობა გამოფენაზე ვიყავით. ძალიან ვისიამოვნე… მეტი არაფერი მაქვს მოსაყოლი… ჰო, მგონი, ფეხმძიმედ ვარ… :)))
პანდორა: რაააა???? ვაიმე, რა მაგარია! შენ კიდევ ამბობდი, რომ ახალი არაფერიაო. პატარა სონა უნდა გააჩინო? შემოგევლე, ჩემო პატარავ, როგორ მიყვარხარ… მგონი, უშენოდ უკვე ვეღარ ვძლებ… ისე მენატრები, ისე, რომ…
სონა: კარგი, დაწყნარდი… მომავალ ორშაბათთ ექიმთან წავალ და მერე უფრო დაწვრილებით მოგიყვები…
პანდორა: ვერ წარმომიდგენია - სონა და დედა? შე თავქარიანო, ბავშვი როგორ უნდა გაზარდო?
სონა: აღარ ვარ თავქარიანი. მე ხომ დავსერიოზულდი, არ გახსოვს? :)))
პანდორა: ჰო, ჰო, გამახსენდა, წასვლის წინა საღამოს "ივერიის" წინ, "ფანტანში" რომ იბანავე, მაშინ ძალიან სერიოზული სახე გქონდა. ეს როგორ დამავიწყდა?..
სონა: :))) ჩემი ქალაქის წყალში ვიბანავე, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მომიწევდა მანდ ჩამოსვლა და მომენატრებოდა.
პანდორა: შუა პლეხანოვზე რომ ხეებს ეხუტებოდი და ყვიროდი: ყველანი მომენატრებითო, მაშინაც ისეთი სერიოზული სახე გქონდა… შთაგონებული…
სონა: :))) ის თუ გახსოვს, ტაქსის მძღოლს რომ ვთხოვე: საჭესთან დამსვი-მეთქი და შიშით რომ კანკალებდა - არსად გადამაგდოთ, გოგოებო, მანქანა არ დამიმტვრიოთ, ჩემი არ არისო…
პანდორა: როგორ არ მახსოვს, ის დრო მენატრება… დღეს ჩვენი დედიკოების სასაფლაოზე ვიყავი…
სონა: ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა… დედაჩემის საფლავზე ალბათ ვარდებს მიიტანდი, დედაშენის საფლავზე - მინდვრის ყვავილებს…
პანდორა: ჰო… შენი ფეხმძიმობის ამბავი არ ვიცოდი, თორემ მოვუყვებოდი…
სონა: :))) არა უშავს, სხვა დროს მოუყევი… ახლა კი მე მომიყევი, რა ხდება ახალი, სად დაიკარგე წუხელ? ვინერვიულე. მითხარი: კარზე აკაკუნებენო და გაქრი… რა ხდებოდა, მომიყევი…
პანდორა: ჰოოო…
სონა: რა ჰოო, მომიყევი, გადავირიე, ისე მაინტერესეს. ხომ იცი, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება…
პანდორა: აუუუ, რა გაგიძლებს ახლა შენ? უნდა ისპეკულიანტო შენი ფეხმძიმობით, არა?
სონა: :))) მოჰყევი, გოგო!
პანდორა: ჰოოოოდა… კაკუნი რომ გავიგონე, ძალიან გამიკვირდა - ვინ უნდა ყოფილიყო ასე გვიან? გავიჭვიტე და რას ვხედავ? ზურა დგას, პირდაპირ "გლაზოკში" იყურება და პირი ყურებამდე აქვს გახეული. ვიკითხე: ვინ არის-მეთქი? მიპასუხა: სპეკულანტი ვარ, ტანისამოსი მაქვს გასაყიდად და ხომ არ მოიზომებდითო? - არა-მეთქი…
სონა: ისე, ჩვენში დარჩეს და მაგარი კარგი ტიპია ეგ ზურა. საინტერესო ადამიანია… ისეთ რაღაცებს "ჩითავს", რომ გაგიჟდები. გუშინ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რამ მოაფიქრა, პატრულს რომ დააჭერინა შენი თავი? სხვა ჩვეულებრივად მოიქცეოდა, "მარშრუტკას" თვითონ გააჩერებდა და ჩამოგსვამდა… მაგასთან არ მოიწყენ… მერე?
პანდორა: ხმადაბლა მითხრა: ნატალი კარი
გამიღეო. უარი ვუთხარი… რამდენჯერმე წყნარად მთხოვა, მაგრამ ვეუბნებოდი: ჩანთა კართან დატოვე და წადი, შენი ნახვა არ მინდა-მეთქი. რომ ვერ შემასმინა, სადარბაზოში მთელი ხმით დაიყვირა: ნატალი, მიყვარხარ! კარი გააღეო…
სონა: ვაი, სირცხვილო! მეზობლები გააღვიძა?
პანდორა: ალბათ… იძულებული გავხდი, შემომეშვა, თორემ არ გაჩუმდებოდა და მთელ უბანს შეყრიდა. კარი რომ გავაღე, მასზე ლამის ჩემი სიმაღლის ვარდების თაიგული ყოფილა მიყუდებული, რომელიც ჩემს ფეხებთან დაეცა. ულამაზესი ყვავილებია, თანაც, იმდენი… მოპატიჟებისთვის არც დაუცდია. ყვავილები აიღო, მომაწოდა, შემოვიდა და პირდაპირ "ზალისკენ" წავიდა. დივანზე დაჯდა და ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა. ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და დილით სამსახურში წასული ქმარი შინ დაბრუნდა. გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია და ისე მოვქცეულიყავი, თითქოს იქ არ იყო. მაღალი საყვავილე გამოვიტანე, თაიგული დავშალე და სათითაოდ, ძალიან ნელა ჩავალაგე წყალში. შემდეგ ისევ კომპიუტერს მივუჯექიდ ა შენთვის მესიჯის წერა დავიწყე. მოულოდნელად, სავარძლიანად შემომაბრუნა, სახელურებს ხელებით დაეყრდნო და სახე ისე ახოს მომიტანა, რომ სუნთქვა შევაჩერე. კარგა ხანს ვუყურეთ ერთმანეთს თვალებში. მერე თავზე მაკოცა, წელში გაიმართა და ჩემი თავი მუცელზე მიიხუტა. ცრემლები გადმომცვივდა. მან კი თვალები დამიკოცნა და თან, მეჩურჩულებოდა: ეს უკანასკნელი გულის ტკივილი იქნება ჩემგან, დამიჯერე, ძალიან ვნანობ, რომ ასე მოხდა, დაივიწყე ყველაფერი და შემირიგდიო…
სონა: რა თქმა უნდა, შეურიგდი…
პანდორა: შევურიგდი…
სონა: და წავიდა?
პანდორა: არა, დილამდე აქ იყო, ცოტა რომ დავმშვიდდი, მერე ყავა შევთავაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. მე დივანზე ვიჯექი, ის კი წამოწოლილი იყო და თავი დივნის სახელურზე ედო… მას ძალიან ლამაზი, შავი, მოკლედ შეჭრილი და ტალღოვანი თმა აქვს, მთლიანად უკან ივარცხნიდა. მე თმაზე ვეფერებოდი, ის ხელისგულებს მიკოცნიდა.
სონა: მარტო ხელისგულებს? ვერ დავიჯერებ…
პანდორა: რა თქმა უნდა, არა. მეფერებოდა, მკოცნიდა… მისი თვალები ბრწყინავდა… თუმცა, ამის იქით არ წავსულვართ, რადგან ეს ჩემი სახლი იყო და არ მივეცი უფლება, რომ ჩვენი პირველი ურთიერთობა აქ ყოფილიყო.
სონა: კიდევ რომ გიღალატოს, არ გეშინია?
პანდორა: იცი, რააა? ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, თითქმის ყველა საკითხს შევეხეთ… ბევრი რამ გაირკვა… თუ ამის შემდეგ ის ჩემს ღალატს კიდევ გადაწყვეტს, მაშინ მასთან ურთიერთობას აზრი არა აქვს… დილის 7 საათზე წავიდა სახლში… შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეში ერთი კვირით გავთავისუფლდებით სამსახურიდან და სადმე წავალთ.
სონა: ძალიან კარგი. იმედია, ახალ ამბებს არ გამომაპარებთ…
პანდორა: იცი, მისი შვილი ასთმით ყოფილა ავად. ძალიან განიცდის ამ ამბავს. მითხრა: თუ ოდნავ რამეზე განერვიულდა, სპაზმებისგან იხრჩობაო. ძალიან შემეცოდა.
სონა: გოგოა?
პანდორა: კი, გოგოა, სალომე ჰქვია. ცოლს - ხათუნა.
სონა: ცოლზე ეჭვიანობ?
პანდორა: კი… თუმცა, თვითონ მიმტკიცებს, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრებულია და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ვერ ვიჯერებ… ვეჭვიანობ… ჯერ აქ არ არიან, მაგრამ ერთ კვირაში ჩამოვლენ და ალბათ, მერე უფრო ვინერვიულებ…
სონა: შენ თავიდანვე იცოდი, რომ მას ოჯახი ჰქონდა ამ აზრს შეგუებული უნდა იყო. ნატალი, იცოდე, რომ შენ ბევრი რაღაცის უფლება არა გაქვს… მას ზედმეტს ნუ მოსთხოვ.
პანდორა: მისთვის არაფერი დამიძალებია. ჩემთან ურთიერთობის სურვილი თავად გამოთქვა. თუ ასე უნდა, ისიც უნდა იცოდეს, რომ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრება…
სონა: მისგან მხოლოდ სითბო და ალერსი უნდა გინდოდეს… ფულს მე არ მოგაკლებ, არაფერს გაგიჭირვებ…
პანდორა: სონა, ხომ იცი, რომ მე არასდროს ვყოფილვარ ფულზე და ბრჭყვიალა ნივთებზე შეყვარებული. საკმარისი შემოსავალი მაქვს, შენც მეხმარები. მან კი თავის ოჯახს მიხედოს… თითქოს მეწყინა, ეს რომ მითხარი…
სონა: არა, ჩემო საყვარელო, ნუ გეწყინება… მე თუ არ გითხარი, სხვა ვინ გეტვის? უბრალოდ, რჩევა მოგეცი, თორემ კარგად გიცნობ და ვიცი, რისი გამკეთებელიც ხარ… კარგი, ახლა წადი და დაიძინე. ცოდო ხარ, წუხელაც არ გიძინია…
პანდორა: კარგი, სონა, კარგად…
სონა: მგონი, ნაწყენი დარჩი. ნატალი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?
პანდორა: ვიცი, მეც მიყვარხარ. ნაწყენი არ ვარ საყვარელო, ბევრს გკოცნი და თავს გაუფრთხილდი. მე კი ახლა ზურას დაველაპარაკები, თუ არ დაიძინა, რა თქმა უნდა...
02:20
პანდორა: ჩემო ვნებათაღელვავ, აქ ხარ?
ზურა: კი, აქ ვარ და გელი… მორჩით ჭორაობას?
პანდორა: კი...
ზურა: ხომ ვიცი, წუხანდელ ამბებს გაარჩევდით… საინტერესოა, თუ უთხარი, რომ გკოცნიდი და შენც თვალებდახუჭული მნებდებოდი? მითხარი: ხომ გინდოდა ჩემთან?
პანდორა: კი…
ზურა: შენ მე გამაგიჟებ! ასეთი არაფერი მინახავს - მიზეზი არ გელევა, რომ ჩემს მკლავზე დაძინებაზე უარი თქვა, თან გაიძახი, შენთან მინდაო…
პანდორა: მომისმინე, ჩემო კარგო, როცა შენთან მოვედი, ადგილი უკვე დაკავებული დამხვდა…
ზურა: ის დროებით იყო დაკავებული… გეთქვა და წამში გაგითავისუფლებდი…
პანდორა: ასეთი ადგილი რაში მჭირდებოდა?
ზურა: კარგი, ჰო, ისევ არ გაბრაზდე, ვხუმრობ… ერთი რამე დაიმახსოვრე: აწი, ასე ტყუილად აღარ მოვალ შენთან…
პანდორა: ტყუილად რატომ? ჩემი ჩანთა ხომ მომიტანე?
ზურა: მერე, რატომ ხარ ასეთი უმადური? შუაღამისას შენი გულისთვის შევწუხდი, ჩანთა მოგიტანე, რომელიც სხვათა შორის, მე მატარებინე ბათუმიდან და შენ კი კოცნის ანაბარად დამტოვე? არ გრცხვენია? და კიდევ ერთი რამ: რაც მეტს გამაწვალებ, მით მეტჯერ გიღალატებ… წავალ და სხვისი კალთის ქვეშ მოვძებნი თავშესაფარს…
პანდორა: რაც გინდა, ის ქენი… შენს სინდისზე იყოს…
ზურა: ახლა დიდი ინტერესით მოვისმენდი ბაჩოს ამბის გაგრძელებას.
პანდორა: მე და ბაჩო ციხის საკანში ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. ჩემს თავსაც არ ვუმჟღვნებდი, რომ ეს ადამიანი მიყვარდა. მასთან თავი ისე მეჭირა, ვითომც აქ არაფერიაო, მაგრამ ჩემს გულში რა ხდებოდა, მხოლოდ მე ვიცოდი… მიყვარდა კაცი, რომელსაც დღეს თუ არა, ხვალ მაინც სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ. მე კი მისგან ჩვენება უნდა მიმეღო და განაჩენსაც ამის საფუძველზე გამოუტანდნენ… უბნის ბიჭებთან მისი პირველი შეხლა-შემოხლა რითიც დამთავრდა, უკვე იცი. იმის შემდეგ, რაც მან თავანი ჩააბარა, გულში ჩაიდო ის, რომ აუცილებლად ამოეღო მათგან იმაზე მეტი ფული, ვიდრე თვითონ გადაიხადა. ამიტომ, თავად მოძებნა ერთ-ერთი მათგანი და ხარაშოსთან დააბარა, რომ თამაში უნდოდა. ითამაშა და გაცილებით დიდი თანხა წააგო, ვიდრე პირველად. მეორედ ვეღარ გაბედა მამამისისთვის მოეპარა ფული და გადაწყვიტა, თავანის ჩასაბარებლად სხვა გზა მოეძებნა. მას უბნელმა ბიჭმა შესთავაზა ვიცი, ფული წააგე. გვითხარი, მამაშენს ფული სად აქვს შენახული და როდის იქნება ბინა ცარიელი, მაყუთს გამოვიტანთ, საქმეც დამთავრებული იქნება და თავანიც გასტუმრებულიო… ბაჩომ მუშტი ისეთი ძალით მოუქნია ყბაში, რომ იმ ბიჭს კბილები ჩამოსცვივდა. მერე კი ისე დაუნდობლად სცემა, რომ თვეების განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. მათ უბანში ერთი ძველი ქურდი ცხოვრობდა, რომელსაც გასანას ეძახდნენ. ის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, მაგრამ საქმეების გასარჩევად მასთან ხშირად ადიოდნენ. გასანა გამარჯობას არავის ამადლიდა, მაგრამ უბნის მაცხოვრებლებთან ახოლ ურთიერთობა არ ჰქონდა. გასანა კერძო სახლში მარტო ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი ქურთი მოსამსახურე კაცი ჰყავდა, რომელიც უზარმაზარი, მოხეული ტიპი იყო. მისი ნებართვის გარეშე, გასანას სახლს ჩიტიც კი ვერ გადაუფრენდა. ბაჩომ გადაწყვიტა, ქურდთან მისულიყო და რჩევა ეკითხა ან ეთხოვა, რომ რაიმე საქმეზე გაეშვა… ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, მუხლები აუკანკალდა. ქურთმა არ შეუშვა - გასანა ისვენებს და ვერ შევაწუხებო. საღამოს კვლავ მიადგა, მაგრამ მასთანც ვერც ამჯერად შეაღწია. მიხვდა, რომ ასაკის გამო, მას ქურთი არასერიოზულ ადამიანად აღიქვამდა. გადაწვიტა, დაღამებისთვის დაეცადა და გასანა მაინც ენახა. კარგად რომ დაბნელდა, უზარმაზარ გალავანს მიადგა, რომელიც ქურდის სახლს გარს ერტყა და გარშემო შემოუარა. ერთ ადგილზე ნახა ისეთი ადგილი, სადაც ფეხის მოკიდება შეიძლებოდა, ბევრი იწვალა და როგორც იქნა, ღობეზე აძვრა, მაგრამ ჩამოხტომის დროს ფეხი იტკინა. კარგა ხანს ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა და ტუჩებს იკვნეტდა, რომ ხმამაღლა არ დაებღავლა. ბოლოს, როგორც იქნა, წამოდგა და კოჭლობით გაემართა სახლისკენ. კარს ფრთხილად მიაწვა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. ახლა სახლს შემოუარა კოჭლობით. თან ტკივილისგან იმანჭებოდა. ერთადერთი ფანჯარა დახვდა ღია. ფრთხილად გადაძვრა და ჩაბნელებულ ოთახში, ტელევიზორის წინ წამოწოლილ გასანას დაადგა, რომელიც წამებში წამოხტა და სანამ ბაჩო აზრზე მოვიდოდა, იატაკზე დააგდო, თავზე იარაღი მიადო და უთხრა: ძაღლის ლეკვო, აქ რა გინდაო? ხმაურზე ქურთი შემოვარდა და სინათლე აანთო. ბაჩო იცნო და გასანას უთხრა:
- უფროსო, დღეს ეს ბიჟი სამჯერ მოვიდა, შენი ნახვა მინდაო, მე გავაგდე და ალბათ, ღობიდან შემოიპარაო.
გასანამ იარაღი ქამარში გაირჭო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. ქურთმა ბაჩო წამოაყენა. ის იქვე მდგომ მაგიდას ხელით დაეყრდნო და ცალი ფეხი ჰაერში გააჩერა.
- ფეხი იტკინე? - ჰკითხა მზრუნველად გასანამ. ბაჩომ თავი დაუქნია.
- შენ ტყუილად არ გადადებდი თავს. რა საქმე გაქვს ისეთი, რომ ჩემი ნახვა ასე გინდოდა? - გასანამ ხელი შეაშველა და სკამამდე მიიყვანა - შენ დავითის ბიჭი არა ხარ? რა გაგჭირვებია, ბიჭო? - იცნო საბოლოოდ და ქურთს დაავალა, რომ მისი ნაღრძობი ფეხისთვის მიეხედა. ბაჩომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
- მოსაკლავი ხარ - გამოცრა კბილებში გასანამ - მამაშენს ფული როგორ მოჰპარე? საკუთარ მშობელს ასე როგორ მოექეცი? მილიონიც რომ ჰქონდეს, კაპიკიც კი არ უნდა მოჰპარო… სხვას მოჰპარე, მშობელს რას ერჩი? როგორც მივხვდი, შენ საქმეზე გინდა წასვლა და მოპარული ფულით გსურს თავანის ჩაბარებაო. გასანა მეორე ოთახში გავიდა, ფულის დასტა გამოიტანა და ბაჩოს უთხრა: არ ხარ შენ გასაფუჭებელი ბიჭი. აჰა, ფული და გაისტუმრე ვალი. ნუ იტყვი, რომ მე მოგეცი. თან პირობა მომეცი, რომ აღარ ითამაშებო. ბაჩომ ჯიქურ შეხედა თვალებში და თავი ჯიუტად გააქნია.
- სამათხოვროდ არ მოვსულვარ, ამ ფულს არ ავიღებ, საქმე მომეცი და მასწავლე - ის საქმე როგორ გავაკეთო…
- როდის უნდა მიიტანო ფული?
- ზეგ.
- მაგ ფეხით ვერაფერს გააკეთებ, რადგან არ იშლი, ვალად მოგცემ. ფული აიღე, თავანი გაისტუმრე, საქმეზე მერე ვილაპარაკოთ.
ამ სიტყვებით ფული ჯიბეში ჩაუტენა და ჭიშკრამდე მიაცილა. ბაჩომ თავანი დათქმულ დროზე ჩააბარა. მისი ფეხის მკურნალობას რამდენიმე კვირა დასჭირდა. როდესაც ფეხზე გამართულად გაიარა, ისევ მიადგა გასანას ჭიშკარს. ამჯერად, ქურთმა დაუბრკოლებლად გაატარა. გასანა სახლის გვერდით მიდგმულ ფანჩატურში რაღაცას ჩხირკედელაობდა. ბაჩოს დანახვაზე თვალები გაუნათდა.
- აბა, როგორ ხარ, ვაჟკაცო?
- უკვე კარგად.
- კარგია, რომ ჩემთან სტუმრობა გადაწყვიტე. ცოტას მომეხმარები.
- რა უნდა გავაკეთოთ?
- სახლის უკან მარწყვი მაქვს დარგული და ის უნდა დავკრიფოთ. საღამოს ბირკა (ასე ეძახდა ქურთს) მურაბას მოხარშავს.
- ცოლი რატომ არა გყავთ? - წამოსცდა ბაჩოს და მერე ინანა.
- 40 წელი ციხეში მაქვს გატარებული. რომელი ცოლი აიტანდა ასეთ ქმარს? არც ერთი ქალი სანდო არ არის, 1-2 წელი გიერთგულებს, მერე კი აუცილებლად გიღალატებს, თანაც, აუცილებლად შენს მტერს ჩაუწვება ლოგინში… მოღალატე ცოლის ყოლას, სულ რომ არ გყავდეს, ის ჯობია… თუ ისეთ ცხოვრებას აირჩევ, როგორიც მე გავიარე, იმასაც უნდა შეეგუო, რომ ბოლოს, ბირკას იმედად დარჩები და მისი მხარშული მურაბა უნდა ჭამო.
- არც შვილი გყავთ? - იკითხა გასანას გულახდილობით გათამამებულმა ბაჩომ.
- შვილი მყავს. ის რუსეთში ცხოვრობს. დედა რუსი ჰყავს. მის ჯიშზე წავიდა და ქართველის არაფერი სცხია. ბოლოს, 12 წლის წინ ვნახე.
- საქმეზე რა ვქნათ? - შეცვალა საუბრის თემა ბაჩომ.
- საქმე მოიცდის. წამოდი, მარწყვი დავკრიფოთ, ის ვერ მოიცდის - დღეს თუ არ დავკრიფეთ, ხვალისთვის უკვე გაფუჭდება.
მარწყვი სახლის უკან, საკმაოდ მოზრდილ მონაკვეთზე გაეშენებინათ. ორივე ჩუმად კრეფდა და თავისას ფიქრობდა. ვინ იცის, რაზე ფიქრობდა გასანა, ბაჩო კი მომავალ საქმეზე ფიქრმა გაიტაცა და უნებლიეთ წამოსცდა:
- ბანკი გავიტანოთ? - გასანამ ხმამაღლა გადაიხარხარა - "ა ტი პტიცა ვისოკოგო პოლიოტა"... ასე იოლი გგონია ბანკის გატანა? ჯერ სხვა საქმე მოვსინჯოთ. პლეხანოვზე ერთი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს. ახლა პურის ფულს ძლივს შოულობენ, მაგრამ სახლი წინაპრების მიერ დატოვებული ანტიკვარებით აქვთ სავსე. თითო ნივთი უზარმაზარი თანხა ღირს. ამ საქმეს მარტო ნაღდ ვაჟკაცს თუ ვანდობ. იქ არც ტყვია უნდა გავარდეს და არც სისხლი დაიღვაროს. მოჰკიდებ ხელს?
ბაჩომ გაოცებულმა შეხედა და მოზრდილი მარწყვი, რომელიც თვალში მოუვიდა და შესაჭმელად უნდოდა, პირთან ვეღარ მიიტანა.
მარი ჯაფარიძე
რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე