მოზარდების რჩეული ფილმები
+13 ასაკობრივი კატეგორიის ბავშვების უმრავლესობის მიერ შერჩეულ ფილმში- The Excursionist 11 წლის ლიტველი, ობოლი მარიას თავგადასავალია აღწერილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის გულაგისკენ მიმავალი ტრანსციმბირული მატარებლიდან გარბის. საკუთარი ეროვნების დამალვით, გოგონა 6 000-კილომეტრიან, საშიშ მოგზაურობაში ერთვება, რომელიც მას სამშობლოში- ლიტვაში აბრუნებს.
ფილმი- Golden Cage +16 ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. მასში უკეთესი ცხოვრების საძიებლად, გვატემალას ჯურღმულებიდან აშშ-ისკენ გამგზავრებული თინეიჯერების ამბავია მოთხრობილი, რომლებიც მკაცრი რეალობის წინაშე დგებიან...
საკონკურსო ფილმების ნახვისა და მათთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, ფესტივალის ფარგლებში, მოზარდები ბევრ საინტერესო მასტერკლასს დაესწრნენ, შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს და სასურველ შეკითხვებზე პასუხებიც მოისმინეს...
ანა კეკოშვილი, 16 წლის:
- "ჯიფონის" ჟიურის წევრი შარშანაც ვიყავი. მაშინ ფესტივალი ერთდღიანი იყო, წელს 4 დღეს გაგრძელდა და ბავშვების გასაცნობად ბევრი დრო მქონდა. ყველანი კინემატოგრაფისადმი ინტერესმა გაგვაერთიანა. მეტი გამოცდილება მივიღეთ. "პიონერფილმმა" საკუთარი საქმიანობა გაგვაცნო, მისი ფილმების პრეზენტაციაც გაიმართა... ასევე, ლევან ბერძენიშვილს შევხვდით, რომელმაც კინოსა და ლიტერატურის შესახებ ისაუბრა. 3 დღის განმავლობაში საკონკურსო ფილმები ვნახეთ.
- განსაკუთრებულად რომელი ფილმი მოგეწონა, ხმა რომელს მიეცი?
- ხმა "მატეოს" მივეცი. ფილმის იდეა- კრიმინალთან, ფულის შოვნის არასწორ გზებთან ბრძოლა მომეწონა. მოგეხსენებათ, ფილმის დასრულების შემდეგ, დისკუსიები იმართება ხოლმე. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ფესტივალში ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ეს დღეები სწორედ მათთან ერთად ყოფნა მიხდებოდა. "ჯიფონი" კომუნიკაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს. გარკვეულწილად, მათი ინტერესები და შეხედულებები განსხვავებულია, თუმცა ზოგ საკითხში დამთხვევებიც იყო. თან, ჩვენ შორის კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე ხდებოდა. ასე რომ, უცხო ენის პრაქტიკის მხრივაც, "ჯიფონის" ფესტივალი საკმაოდ კარგი ნაბიჯია...
- ფესტივალზე დასასწრებად რომელი ქალაქიდან ჩამოხვედი?
- გორიდან. "ჯიფონის" შესახებ "ფეისბუკის" საშუალებით შევიტყვე. აპლიკაცია შევავსე და პირველივე ცდაზე მიმიღეს. ფესტივალმა მოლოდინს გადააჭარბა- კინოსადმი ინტერესი გამიძლიერდა! მინდა, "ჯიფონი" გაგრძელდეს- ქართველ ბავშვებს ეს ნამდვილად სჭირდებათ, კინოს პოპულარიზაციისთვის და თუნდაც იმიტომ, რომ ის სიამოვნება კიდევ ვიგემოთ, რაც "მანდარინების" "ოსკარზე" წარდგენით მივიღეთ.
- ხომ არ აპირებ, რომ შენი პროფესია კინოს სფეროს დაუკავშირო?
- სხვათა შორის, წელს აბიტურიენტი ვარ და ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, როცა უნდა გადავწყვიტო, რა გზით წავიდე. რადგან "ჯიფონის" კინოფესტივალში შარშანაც ვმონაწილეობდი და წელსაც, ინტერესი და გარკვეული კომპეტენცია მაქვს, სერიოზულად ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია კინოს სფეროს დავუკავშირო.
ანტონიო კაიაცა, 15 წლის:
- "ჯიფონის" ფესტივალში მონაწილეობით კარგი გამოცდილება მივიღე. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი. ანიმაციის კეთების შესახებ მასტერკლასს დავესწარი. ფოტოგრაფიის მასტერკლასითაც კმაყოფილი ვარ- ფოტოგრაფიის წარმოშობაზე ვისაუბრეთ... საერთოდ, თბილისი საინტერესო ქალაქია.
- თქვენთან, იტალიაში ჩატარებული "ჯიფონისგან" თბილისური "ჯიფონი" რით განსხვავდება?
- იქ ფილმების ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიებში რეჟისორები და მსახიობებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის- ძალიან ცნობილი სახეებიც (მაგალითად- ორლანდო ბლუმი). თბილისში ძირითადად, მასტერკლასებს ვესწრებოდით და საინტერესო ინფორმაციას ვიღებდით.
- რომელ საკონკურსო ფილმს დაუჭირე მხარი?
- "ერთი ღამე ოსლოში". მიმაჩნია, რომ ნაჩვენებ 3 ფილმს შორის, საუკეთესოა. იმიტომ დამაინტერესა, რომ თინეიჯერების, მათი პრობლემების შესახებ არის გადაღებული.
ლარისა გაორგაშვილი, 16 წლის:
- წელს 44 პანკისელი ბავშვი "ჯიფონიში" პირველად ვმონაწილეობდით. ძალიან საინტერესო იყო! პანკისში პროექტი- "კინო სკოლაში" ხორციელდება. "ჯიფონის" შესახებ ჩვენმა ხელმძღვანელმა გვითხრა- თუ გინდათ, დარეგისტრირდითო... ფილმების ყურება მიყვარს. ამიტომ დავინტერესდი. თუმცა პროფესიულ არჩევანს რაც შეეხება, მედიცინის სფეროს ავირჩევ- ასე გადავწყვიტე...
გიორგი ქობულაძე, 14 წლის:
- ფესტივალზე გარდაბნის რაიონიდან- სოფელ კუმისიდან ჩამოვედი. პოეტ რატი ამაღლობელს შევხვდით, ფილმი "გრძელი, ნათელი დღეები" ვნახეთ, მასში მონაწილე მსახიობებსაც გავესაუბრეთ... ძალიან საინტერესო იყო!
ლევან დვალი, "ჯიფონი- საქართველო 2015"-ის ორგანიზატორი:
- ფესტივალის პროგრამა მართლაც ძალზე საინტერესო იყო. ვფიქრობ, მონაწილე ბავშვებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. "ჯიფონის" ფესტივალს საკმაოდ დიდი საგანმანათლებლო როლი აქვს. გვინდა, საქართველოში "ჯიფონი" უფრო მეტად განვავითაროთ, მასში მონაწილეობის და ასევე, იტალიაში გამგზავრების საშუალება მეტ ახალგაზრდას მივცეთ...
- "ჯიფონი- საქართველო 2015" თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა. უცხოელ ბავშვებს თბილისობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ?
- დიახ, იქაურობა ძალიან მოეწონათ. სულ 19 უცხოელი სტუმარი გვყავდა, მათგან 10 ბავშვი- იტალიიდან.
- იტალიური "ჯიფონის" წარმომადგენელი ფესტივალით კმაყოფილია?
- სპეციალურ სტუმრად "ჯიფონის" დამფუძნებლის- კლაუდიო გუბიტოსის წარმომადგენელი- მარკო ჩეზარო გვყავდა მოწვეული. როგორც გვითხრა, ნანახით კმაყოფილია, ყველაფერი მოეწონა. შარშანაც მარკო გვესწრებოდა და იმ ერთდღიანი ფესტივალის გამო, 4-დღიანი ფესტივალის ჩატარების უფლება მივიღეთ. ბევრი წესისა და სერიოზული სტანდარტის დაცვა გვიწევს, რადგან "ჯიფონი" მაღალი დონის ფესტივალია და მასში მონაწილეობა დიდი პრესტიჟიცაა. როცა საკითხზე მუშაობის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში ქვეყანა უკვე ფესტივალის ჩატარებას ახერხებს, ეს უპრეცედენტო მოვლენაა. ამ მხრივ, მართლაც რეკორდსმენები ვართ.
ეთო ყორღანაშვილი