"სასოწარკვეთილი დიასახლისები" ქართულად - გზაპრესი

"სასოწარკვეთილი დიასახლისები" ქართულად

როგორც კი გულში ეს შიში გამკრავდა, თავს ვიმშვიდებდი - მერე რა, ასეც რომ მოხდეს? ზოგი ისე მიდის იმ ქვეყნად, წერა-კითხვა სულ არ იცის და არც ჭკუა-გონების ვარჯიშით იკლავს თავს, მაგრამ უბედურად სულაც არ გრძნობს თავს-მეთქი... რა ვქნა, მე თუ არ ვანუგეშე საკუთარი თავი, სხვა ვინ მანუგეშებს?! მაგრამ არაჩვეულებრივი მეზობლებიც მყავს (ღმერთმა გაახაროს!), რომლებიც ნუგეშსა და იმედიან სიტყვას არ იშურებენ, უხასიათოდ როცა მხედავენ. ან ვინ გაცლის უგუნებოდ ყოფნას? მაშინვე "მომცვივდებიან" და საყვედურებით მავსებენ: რა იყო, რა ცხვირი ჩამოგიშვია?! ყველაფერი კარგად იქნება, გამოდი, რამე გემრიელი გავაკეთოთ, დარდი ჭამამ უნდა გადაგვატანინოსო, - სიცილ-კისკისით მეპატიჟებიან.

აი, ასე, სამეზობლოში პატარა ბავშვების პატრონები და თან უსაქმურები (უფრო ზუსტად, უმუშევრები) მთელ ჩვენს ფანტაზიას კულინარიაში ვიყენებთ. ხან ერთთან ვაკეთებთ გემრიელ საჭმელებს და ნამცხვრებს, ხან - მეორესთან... რა გვედარდება, ტკბილი შაქრის მწარე ფასი ჩვენმა ქმრებმა იკითხონ... თითო ჭიქა შავი ღვინოც არ "გვწყენს" და აი, მერე უნდა მოისმინოთ სასოწარკვეთილი დიასახლისების გულის მოსაფხანი ლაქლაქი (ცნობილი სერიალის გმირების სასოწარკვეთილება რა მოსატანია ჩვენს უიმედობასთან?!): ძველ ამბებს ვიხსენებთ, ტკბილსაც და მწარესაც (ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოში), მომავალს ვგეგმავთ, ვოცნებობთ, დედამთილებს ქოქოლას ვაყრით (რა თქმა უნდა, ჩემსას - არა, ვიცი "გზის" ყველა ნომერს კითხულობს და რა ძალა მადგას...) და არც მთავრობას ვინდობთ. აბა, ვისი ბრალია, სახლში რომ ვსხედვართ უმუშევრად და უსაქმურად? ჯავრი ვინმეზე ხომ უნდა ვიყაროთ!.. ჰო, სიტყვა გამიგრძელდა. დროა, ჩემი მეზობლებიც გაგაცნოთ: იმერელი მაია - ორი პატარა ანგელოზი ჰყავს, 3 წლის და 2 წლის (ხედავთ, უსაქმურობისგან რა დღეში ჩავარდა გოგო, ერთი წლის განმავლობაში ორი შვილი გააჩინა!). მისი სახლიდან მთელი დღე ავტომატის კაკანი ან მანქანების ბღუილის ხმა ისმის. ქართლელი ნანა ჩვენზე რამდენიმე წლით უფროსია, მაგრამ ნაადრევად მოუსწრია ყველაფერი და უკვე სიდედრობისთვის ან უარეს შემთხვევაში - დედამთილობისთვის ემზადება. ისე, ვისთვის რომელია უარესი შემთხვევა, რას გაიგებ?!. ნანასნაირი "მწარე" ქართლელი ჯერ არ მინახავს. "მწარე" თავისი "მტრებისთვის" არის (მისი მონათხრობიდან გაიგებთ, თუ ვინ იწვნია მისი "სიმწარე", თორემ მეზობლებისთვის "ტკბილია")... თქვენი მონა-მორჩილი კახელი გახლავართ. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება იმერელის, ქართლელისა და კახელის "ტრიუმვირატი"?!

- გოგო, მაღაზიაში ვიყავი ჩასული და ნუნუკას "მეორადებში", იცი, რა მაგარი რამეები მოუტანია? - შემოვარდა ქაქანით ნანა. - მერე ჩავიდეთ და საფუძვლიანად ვნახოთ, რა! ღმერთმა გაახაროს, ვისაც ეს "მეორადები" ჩამოაქვს. ყველაფერს იქ ვყიდულობ. კიდევ კარგი, ჩემი ქმარი ღამითაც "მეორადებში" არ მგზავნის და არ მეუბნება: არ შემაწუხო, კაციც მეორადი მოხმარებისა იშოვეო... გაგონილა? ახალს ვეღარაფერს ვყიდულობ, ჩემი შვილების გადამკიდე (ოღონდ მაგათ ჩაიცვან და დაიხურონ) და ისიც აღარ სიამოვნებს, "მეორადში" მაინც რომ ვიყიდო. ამას წინათ, აი, ეს "დუბლიონკა" ვიყიდე 50 ლარად, ნახე რა კარგია (მაჩვენებს. - ავტ)? გადამაყოლა ამ ერთ "დუბლიონკას". სახლში რამეს თუ მოვინაკლისებდი, მაშინვე წამომაყვედრებდა. ზეთი არ გვაქვს-მეთქი, დუბლიონკა" ხომ გაქვსო?! ჯემპრი არ მაქვს-მეთქი და "დუბლიონკა" ხომ გაქვსო?! მწვადი მინდა-მეთქი, და - მერე "დუბლიონკა" შეიწვიო!.. აი, რომ ავდგები და 500-ლარიანს ვიყიდი, სიგარეტის ფულსაც რომ აღარ დავუტოვებ, ზოგი მერე მაშაყიროს... მადლობელი არავინაა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ეს ჩემი ბუზღუნა და პუსკუნა ქმარი, რა ვქნა?! ახალი წლის წინაღამეს მომიცუცქდა და მკითხა, რა გინდა თოვლის პაპამ საახალწლოდ რომ გაჩუქოსო?..

- მერე, გოგო, ღამე თუ იყო და თან თუ მოგიცუცქდა კიდეც, წარმომიდგენია, რა საჩუქარსაც აირჩევდი... უარს თუ ეტყოდი, კი დარჩებოდი უსაჩუქროდ...

- შენ ნუ ხარ "მაკვარანცხი" ქალი! - წაუიმერულა მაიამ ჩემი მისამართით და საუბრის მთავარ თემას დაუბრუნდა: "მეორადებში" იმიტომ ვყიდულობ ტანსაცმელს, რომ იაფად "გამოვძვრე", ზედმეტი ხარჯი ავირიდო, მაგრამ არ ინერვიულო, არც მე მეუბნებიან მადლობას...

ამ ლაპარაკს მისმა ქმარმაც მოჰკრა ყური:

- მართლა "მეორადებში" ყიდულობ ტანსაცმელს? რას ამბობ, ქალო?!. არ ვიცოდი (ეცინება). ფულს რომ გაძლევ, რატომ ბაზრობაზე არ მიდიხარ, გიშლი თუ? რაც ცოლად მოვიყვანე, მარტო სპორტულ შარვლებსღა ყიდულობ, სამსახურში აღარ დავდივარ და სხვა ჩასაცმელი რად მინდაო, მეუბნები და მე რა გიყო, რა ჩემი ბრალია?!

- ოჰ, არ იცოდი, ხომ? პირველად გაიგე? რაც მთავარია, შენ ხომ ყიდულობ 80-ლარიან შარვლებს და 60-ლარიან მაისურებს, სამსახურში გამოწკეპილი რომ წახვიდე! ბაზრობაზე 100-150-ლარიანი კაბები რომ ვიყიდო, ხომ დარჩნენ მშივრები შენი შვილები? ღმერთმა შეარგოს, რასაც ჭამენ, ამათ რამე რომ მოაკლდეთ, გადამყლაპავენ, იცი?! მაგრამ შენ რას ხედავ, დილით გადიხარ, ღამე მოდიხარ, ჭამ, იძინებ. ჰოდა, სამსახურზე გამახსენდა: წადი, კაცო, რომელი საათია, ხომ ხედავ? დაგაგვიანდა! - ლამის ძალით გააგდო ოჯახის უფროსი სახლიდან.

გულიანად გამეცინა. როგორც ჩანს, მამაკაცები მართლები არიან, როდესაც ამბობენ, ქალები ყველანი ერთნაირები ხართო. ასეთი "ტექსტები" ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც ნაცნობია - საყვედურები მეორე ნახევარს, წუწუნი ჩაცმაზე, დახურვაზე, გავლა-გამოვლაზე, ერთფეროვანი ყოველდღიურობით თუ ბავშვებით დაღლაზე და...

- ბედი უნდა ყველაფერს, ბედი... უნდა გვეპოვა ფულიანი ქმრები და მაშინ აღარც "მეორადებში" ვივლიდით და აღარც ვიწუწუნებდით, - შევეცადე, სინანულის გრძნობა აღმეძრა წლების წინ გაკეთებული არჩევანის გამო...

- ქმრებს უნდა გაუფრთხილდეთ, გენაცვალე, თავს უნდა დასტრიალებდეთ, რა გესიამოვნება, რა მოგართვა-თქო? ამდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ და დღესაც კი სადილს პირველი რიგში, მისთვის ვაკეთებ, პირველი ლუკმა მისია, ყველაფერი იმას ეძღვნება. ჩემი შვილი მსაყვედურობს ხოლმე, საჭმელს რომ აკეთებ, მარტო იმას ფიქრობ, ისეთი გამოვიდეს, როგორიც მამას უყვარსო...

- შენ შვილები უკვე გაზარდე და ქმრისთვის მეტი დრო გრჩება. აბა, მე მკითხე, მთელი დღის განმავლობაში ქანცს რომ მაცლიან ჩემი შვილები, ძალა კიდევ თუ მაქვს, ქმარს თავზე დავტრიალებდე? - თავი იმართლა მაიამ. - ამდენი ფიქრისგან გონება ისე მაქვს გათიშული, ყველაფერი მავიწყდება. მგონი, ნაადრევი სკლეროზი მჭირს. ვერ ხედავ, უშაქრო ყავას რომ გასმევთ ყოველდღე? შაქრის ჩაყრაც კი მავიწყდება ჭიქაში.

- სკლეროზს დააბრალე ახლა! - ვეუბნები. - შაქარი 2 ლარი და 80 თეთრი რომ გახდა, იმიტომ გავიწყდება, ხომ? სკლეროზში ნუ შემეჯიბრები, ძალიან გთხოვ. ამას წინათ, სამსახურის თაობაზე შეხვედრა მქონდა დანიშნული. მაგვიანდებოდა. თავი დავიბანე, ფენი ჩავრთე და გამწარებულმა თმის გაშრობა დავიწყე. არა და არ მიშრება, ხელს მოვიკიდებ თმაზე - ისევ სველია. გავგიჟდი. კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ სარეცხის მანქანა ჩამირთავს, ფენს კი წაღმა-უკუღმა ვატრიალებდი... არა, კი გამიკვირდა, უცნაური ხმა რომ ჰქონდა, მაგრამ... აბა, ეს არის ცხოვრება?

- ჩვენი თამადობით, კარგ ადამიანებს გაუმარჯოს, იმ ხალხს, ვინც ერთმანეთს ბევრის და უფრო მეტის მოხვეჭაში კი არა, კარგი საქმის კეთებაში ეჯიბრება. ვისაც სჯერა, რომ კარგი ადამიანები ვართ, იმათაც გაუმარჯოს და თუ ვინმეს არ სჯერა, არც ამაზე გვედარდოს. ოდესმე ისინიც ისწავლიან კარგისა და ცუდის გარჩევას.

- მოკლედ, მოვიხიბლე შენი თავმდაბლობით... - გაიცინა ნანამ. - ვის არ სჯერა ჩემი სიკარგე და, ჩემს დედამთილს, მეხი დავაყარე მაგას, ვითომ ჩემზე კარგი რძალი შეუვიდოდა!..

- ნეტავ, რას ერჩით ამ დედამთილებს, ვერ გამიგია?! მე, მაგალითად, მიყვარს ჩემი დედამთილი. არაფერს მიშავებს, - ყავა მშვიდად მოვსვი, იმით ნასიამოვნებმა, რომ ვიცი - ნანა ჩემ მიერ გადაგდებულ ანკესს წამოეგება და "გაცეცხლდება";

- შენ რატომ არ გეყვარება, გენაცვალე - "პრაზდნიკებზე" ხედავ 2 საათით, ზოგჯერ - იმდენსაც არა. ჩემსავით "სახლში ჩადგმით" უნდა გყავდეს და გემოს მაშინ გაუგებ...

- კარგი, ახლა, რას გიშავებს ის საწყალი ქალი?!

- აბა, საცოდავი!.. თავის დროზე ისეთი შებერტყილი იყო, სიცოცხლეს მიმწარებდა. თავიდანვე არ მოვწონდი ქალბატონს. ერთხელ ჩემი ოთახის კართან სპეციალურად წყალი დაასხა, რომ მოყინულზე წავქცეულიყავი. მართლაც, დილით აივანზე გამოვედი თუ არა, ამისხლტა ფეხი და საზამთროსავით დავასკდი ძირს, ოღონდ ეგ არის, საბედნიეროდ, არ გავსკდი... ნუ გეშინია, სამაგიერო კი გადავუხადე. ერთხელ ხეზე ავედი, ლეღვის მოსაკრეფად. ვიცოდი, მაგასაც ძალიან უყვარს. შევთავაზე - დაკრეფით ბევრს ვერ დავკრეფ, მაგრამ თუ გინდა, ქვემოთ დადექი და ჩამოგიყრი-მეთქი. თავისდა საუბედუროდ, დამთანხმდა, ვერ მიხვდა, ოინს რომ ვუწყობდი. ავარჩევდი კარგად მოწეულ ლეღვს, დავუმიზნებდი სნაიპერივით და მთელი ძალით ვისროდი. გაეთხლაპნებოდა ხან თმაზე, ხან ტანსაცმელზე... ერთი სამი მცდელობის შემდეგ მიხვდა ალბათ, ეს კარგ დღეს არ დამაყრისო და ამომძახა, - ნუღარ წვალობ, აღარ მინდაო... ჩემთან არაფერი რომ არ გაუვიდა, დამიტკბა, მაგრამ რაღა დროს - დღემდე მწარედ მახსოვს მაგისი "გაფრენები".

- ჰო, რა ვიცი, ეტყობა, რაღაცაში მაინც გამიმართლა, - მეცინება...

- ეტყობა კი არა, ნამდვილად გაგიმართლა, - დამამშვიდა მაიამ, - გადასარევი ქმარი გყავს, წყნარი, მშრომელი, მაგისი ზედმეტი სიტყვა ჯერ არ გამიგონია... ანგელოზივით შვილები გყავს - კოჭლები არ არიან, ყრუები და ბლუები და სხვა რაღა ჯანდაბა გინდა?! დანარჩენიც ნელ-ნელა იქნება, ხელის გატოკება და მუშაობა ყოველთვის შეგვიძლია.

- ახლა ის მითხარი, როდის მიდიხარ შენს ხაშურში, როდის გვტოვებ?

- ხვალ მივდივარ და უკვე ცუდ ხასიათზე ვარ - მგზავრობა არ მიყვარს: ერთი ბეწო "მარშრუტკაში" ხალხი ლამის ერთმანეთს თავზე აზის. გზა ძალიან მღლის, მაგრამ ჩემი ქმარი და შვილი მელოდებიან.

- მგზავრობით დაღლა მაშინ ნახე, თუ "გაგიმართლა" და ჩვენი სოფლის "მარშრუტკით" მოგიწია მგზავრობამ: ახალი წლის წინა დღეებში მძღოლს დილიდანვე დავურეკე, ვთხოვე, - ადგილი "დამიჯავშნე ერთვარსკვლავიანი"-მეთქი (მარტო მივდიოდი და ერთი ადგილი მჭირდებოდა). სამგორში რომ გავედი, ვერ გადმოგცემთ, რა ხდებოდა "მარშრუტკაში" თუ მის ირგვლივ. დაახლოებით ერთი საათი მოანდომა მძღოლმა ხალხისა და მათი ნავაჭრის განაწილება-დაბარგებას. როგორც იქნა, ყველანი მოვთავსდით, ერთი ძალიან მსუქანი ქალბატონის გარდა. კართან რომ სკამია, მე ის მერგო. მძღოლს მგზავრის დაკარგვა არ უნდოდა და, - იქნებ როგორმე დავსვათო, - გვთხოვა. ცდილობდა, პატარა ხის სკამზე დატეულიყო 120-კილოიანი ქალი! მანაც ხან გვერდულად სცადა კარში შემოტევა, ხან წაღმა და თქვენ წარმოიდგინეთ, უკუღმაც კი. "არა, მთელი 2 საათი ეს ქალი, ფაქტობრივად, მე უნდა მეჯდეს კალთაში", - გავიფიქრე და ამ პერსპექტივით ცოტა არ იყოს, შეშინებულმა მძღოლს განწირული ხმით ვუკივლე - ნამდვილად არ ეტევა-ბატონო, დაწოლილს თუ წამოიყვანთ, მაშინ შეიძლება-მეთქი!.. ლოდინითა და საახალწლო ორომტრიალით დაღლილ ხალხს სიცილის ტალღამ გადაურბინა; ყველა გავხალისდით, მძღოლის გარდა: რა ვქნა, რა გიყო, ვერ ეტევიო, - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და ხელი ჩაიქნია, - თქვენს პირში ჩავარდნას 5 ლარის დაკარგა არ მერჩივნაო?! გაგამხიარულეთ კიდეც, ხომ ხედავ, უარესებიც ხდება, ახლა კი გავიქეცი, მარიამი სკოლიდან უნდა გამოვიყვანო და მუსიკაზე წავიყვანო, - დროებით დავემშვიდობე მეზობლებს და სკოლისკენ გავიქეცი...

აი, ასე გადის დღეები. არ იფიქროთ, მხოლოდ ასეთ მსუბუქ თემებზე ვსაუბრობდეთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოვლენებსაც განვიხილავთ, ქვეყნის მომავალზეც ვბჭობთ, შვილების აღზრდაზეც, თაობებს შორის სხვაობაზეც, განათლების რეფორმაზეც კი, რადგან სკოლის ასაკის ბავშვები გვყავს და გვაინტერესებს რა სიახლეებია და კიდევ, ვინ იცის, რაზე აღარ... თუ გახალისდით და მოგეწონათ ჩვენი აზრები, მოგვწერეთ და კვლავაც შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს სერიალიდან - "სასოწარკვეთილი დიასახლისები ქართულად". მოგვიყევით თქვენი ყოველდღიური, უფერული თუ "ფერუმარილიანი" ცხოვრების ამბები.

P.S. ბოლო სადღეგრძელოს კი თქვენ გთავაზობთ, მკითხველებო: სასოწარკვეთილ დიასახლისებს გაუმარჯოს! უკეთესი მომავლის იმედი ნურასდროს დაგვეკარგოს და ღმერთმა ქნას, სასოწარკვეთილი დიასახლისობიდან "ბიზნესის მაღალ ქუსლებზე" ჩვენც შევმდგარიყავით, ოცნებებში მაინც... ხომ იცით, კაცი იმედით ცოცხლობს...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა", 2011 წელი