შარიანი ჟურნალისტი და ორი მერაბის სახალისო თავგადასავალი - გზაპრესი

შარიანი ჟურნალისტი და ორი მერაბის სახალისო თავგადასავალი

რამ დააბნიათ ყველაზე მეტად, რის გამო იკამათეს ერთმანეთთან და რატომ ეგონათ, რომ შარზე ვიყავი? - ამ ყველაფერს ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- ახალ წელს გილოცავთ!

გეგე:

- ჩვენც გილოცავთ! ბევრი ექსკლუზივი გქონოდეთ, ბევრი მკითხველი გყოლოდეთ და...

მერაბი (აწყვეტინებს):

- ბევრი საინტერესო რესპონდენტი.

- თქვენი საახალწლო ტრადიცია როგორია?

გეგე:

- ახალ წელს უმეტესად, ოჯახში ვხვდები. მომხრე ვარ, რომ ამ დღეს ოჯახის წევრები ერთად იყვნენ. შენთვის სამყარო რაღაც ახალს ჰბადებს, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ქუჩა-ქუჩა წოწიალი გვიწევს.

- ამ სიტყვას რატომ ამბობ? მუშაობთ?

- არა, ასე დაწერე. პაროდისტებისთვის ახალი წელი როგორია? ვიღაცის ხმით ვიღაც უნდა აშაყირო. ქუთაისში ბევრს ოტია იოსელიანის, თემურ შაშიაშვილის ხმებით ველაპარაკებოდი. ერთხელ სატელევიზიო შოუს სტუდიიდან ქალბატონს შევარდნაძის ხმით დაველაპარაკე. მან კი მითხრა, - შენს დარეკვას, ფული გამოგეგზავნა, მერჩივნაო. ოტია იოსელიანის პაროდია ბაღაშვილის დაჟინებული რჩევით გავაკეთე. ამ ადამიანის სახელით ძალიან ბევრი სიმართლე მაქვს ნათქვამი.

მერაბი:

GzaPress- ერთხელ მამასთან ერთად ამსტერდამში ვიყავი. მოგეხსენება, იქ ვარდისფერი ქუჩაა. გარყვნილებისას ადამიანი როგორ შეიძლება გაერთოს, რა სიახლეებია ამ მხრივ - ყველაფერი ამ ქუჩაზეა თავმოყრილი. ამსტერდამში ძალიან ბევრი რამ შეიძლება ნახო, დაათვალიერო, მაგრამ ამ ქუჩას რაღაც მაგიური ძალა აქვს. მიუხედავად ასაკისა, იქ რომ არ გაიარო, არ გამოდის. 80 წელს მიტანებული ადამიანებიც დადიან. მოკლედ, მე, მამა და ჩვენი ერთი ჰოლანდიელი მეგობარი ერთ დღეს ამ ვარდისფერ ქუჩაზე მივდივართ. მამა ტრადიციების მოყვარული კაცია, სიწმინდისა და პატიოსნების დამფასებელი. შევამჩნიე, რამდენიმე ნაბიჯით ჩამოგვრჩა. ქუჩაზე გამოკრულია პლაკატი, რომელზეც ერთ კარგი აღნაგობის მამაკაცს მეორე, მასზე დიდი აღნაგობის კაცი მათრახს ურტყამს... მამამ ინგლისური არ იცის. კონცერტების შემდეგ, როდესაც შეაქებდნენ, - როგორი კარგი ხმა გაქვთო! - რამდენიმე დაზეპირებული სიტყვით მადლობას თავაზიანად უხდიდა... მოკლედ, მამა ამ პლაკატს ათვალიერებს და უკნიდან ვიღაც ახმახი ჰოლანდიელი მიადგა; ეკითხება, - მოგწონსო? - "დიახ", - უპასუხა ღიმილით. იმან ხელკავი გაუყარა და მიჰყავს. მამა მეძახის, - "მერააბ!!!" მივბრუნდი და ვხედავ, ვიღაც ჰოლანდიელთან ერთად ხელკავგაყრილი დგას. - მოდი, მოდი, რა უნდა, ვერ გავიგეო. მივედი და იმ ჰოლანდიელმა ამიხსნა, - ეს ადამიანი თანახმაა, თვალებში შეხედე, როგორ უნდაო (იცინის)!.. იმ გადარეულს ხელიდან სასწრაფოდ გამოვტაცე.

გეგე:

- ერთ სახალისო ამბავს მეც მოვყვები. რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის ღამეს, 12 საათს 15 წუთი რომ აკლდა, ტაქსი გავაჩერე და ჩემს ორ მეგობართან ერთად შინ მივდივარ. მე წინ დავჯექი, უკანა სავარძელზე მანქანის "რული" შევნიშნეთ. ტაქსის მძღოლმა თქვა, ელიავას ბაზრობიდან ერთი კაცი წამოვიყვანე, - ახალ წელს ახალი "რული" უნდა ვიყიდოო, - და აქ დარჩენია; არა უშავს, მახსოვს, სადაც დავტოვე და მივუტანო. ეს "რული" წინ გადმოვიტანე და ისე დავიჭირე, თითქოს საჭეს ვმართავდი. პატრულმა გაგვაჩერა: ეს რა არისო? - გაგიჟდნენ. "უჩებნია" და ვსწავლობ-მეთქი. ბევრი იცინეს და გამოგვიშვეს. ზემელზე ერთი ქალი იდგა. ვკითხე, ელბაქიძეზე ვერ ჩავალ-მეთქი? - ვერ ჩახვალ, ქუჩა გადაკეტილიაო. - რავა სულ კეტავენ-მეთქი! - და ეს "რული" ვითომ მოვხსენი და გარეთ მოვისროლე. ქალი გაგიჟდა (იცინის): რას აკეთებ, დედა, "რული" როგორ მოტეხეო?.. მერე არ დამავიწყდეს და ახლა გკითხავ: ამ ინტერვიუში ჩემს ფოტოს დაბეჭდავ?

- რა თქმა უნდა.

- იცი, საქმე რაა? ჩემთან რამდენ ინტერვიუსაც წერენ, ხან ოტია იოსელიანის ფოტოს ურთავენ, ხან - შევარდნაძისას, ვისი პაროდიაც გამიკეთებია. ახალი წელი გამორჩეულად იმის გამოც მიყვარს, რომ მე და ჩემმა მეუღლემ 2 იანვარს ვიქორწინეთ. ვხუმრობდი, - პრეზიდენტის პოსტიდან გადავდექი და ოჯახის პოსტი დავიკავე-მეთქი. ის ყველაზე კარგი ახალი წელი იყო.

- მაშინ რამდენი წლის იყავი?

მერაბი:

- 30-ის ვხდებოდი.

- მანამდე შეყვარებული არ ყოფილხარ?

- როგორ არ ვყოფილვარ? ერთი გოგო მიყვარდა. დღეს ჩემი მეუღლე რომ დაინახავს ხოლმე, მეუბნება: "იმან გამოიარა" (იცინის)...

- ამ სახალისო ამბებისთვის მადლობა! ახლა კითხვარზე გადავიდეთ.

- აბა, დავიწყოთ.

- დაასახელეთ წვრილჩლიქოსანი ცხოველი, ძროხისებრთა ოჯახიდან, რომელიც სხვადასხვა ეკოლოგიურ გარემოს იოლად ეგუება. ის თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული.

გეგე:

- ვაიმე! მასზე დამატებით ვერაფერს გვეტყვი?

- მის წინაპრად ნიამორი ითვლება.

მერაბი:

- ვერ ვხვდები, რაზეა ლაპარაკი.

- ახლა რისი წელი მოდის?

- თხის.

გეგე:

- თხა? რას ლაპარაკობ? თხამ გადაარჩინა სამეგრელო შიმშილს. მე ვიცნობდი კაცს, რომელსაც ჯორცხენას ეძახდნენ. ერთხელ ოტია იოსელიანმა იკითხა: კი, მაგრამ, გამაგებინეთ, ადამიანის წელი არ დადგებაო?

- ვინ არის ავტორი ლექსისა - "თხამ შეჭამა ვენახი"?

- აკაკი წერეთელი? არა, არა, მგონი, ქართული არც არის.

- ხალხურია. ახალ წელს იაპონელებს თავიანთ სახლებში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობისა და სიძლიერის სიმბოლო, ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო... დაასახელეთ მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

- დაქლიავება თუ მარადიულობაა, სათნოება რომელი იქნება? მერაბ რას ფიქრობ?

- რომელიმე გირჩებიანი მცენარე, არა?

- ცდებით. მიგანიშნებთ: ეს ხე მაღალი იზრდება.

- ალვის ხე ყოფილა.

- ბამბუკზეა ლაპარაკი. 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით, წარმატებით დაეხმარებოდა ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- ორი აზრი არ არსებობს - ვარდისფერი სათვალე იქნება. გეგე, არ მეთანხმები?

- რა თქმა უნდა. აბა, დეპრესიას ყურებიანი ქუდით რომ ვინმე შველოდეს, ამდენი ნევროზიანი კი არ ივლიდა.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული; ნადირობა, ყინვა და ა.შ. შეიძლება, ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- დალევაზე, ალკოჰოლზე. ეს შეგვეშლება?!

- ღვინის დაყენების წესი თუ იცით?

მერაბი:

- მე და მამაჩემი მოდერნისტული წესით ვაყენებთ: ყურძენს ტომარაში ვყრით, გაფილტრული გამოდის, მინის ჭურჭელში ვაყენებთ. ძალიან კარგი ღვინო გამოდის.

- საახალწლო სამზადისში რამდენად აქტიურად მონაწილეობთ?

- ნაძვის ხე ჩემი შვილებისთვის თავად მოვრთე. შემიძლია, ოჯახში, თუ საჭირო იქნება, ფარდაც ჩამოვკიდო, გავაუთოო და ა.შ.

გეგე:

GzaPress- საოჯახო საქმეებში მეც აქტიურად ვმონაწილეობ, ტექნიკის შეკეთებიდან დაწყებული, ნაძვის ხის მორთვით დამთავრებული.

- თუ იცით, რა პერიოდიდან შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

- მანამდე ქართველების ნაძვის ხე ჩიჩილაკი იყო. ახალი შემოსულია, დაახლოებით ორი საუკუნის წინ იქნებოდა.

- საქართველოში ნაძვის ხეს XVIII საუკუნიდან რთავენ. ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- ჩემს თვეში: 15 თებერვალს ვარ დაბადებული.

- დარწმუნებული ხარ?

- თვის 28 რიცხვი მხოლოდ თებერვალშია.

- მერაბ, ეთანხმები?

- რა თქმა უნდა. აბა, სხვა თვეშიც არის?

- სიცილს ვერ ვიკავებ, როცა რესპონდენტები მიმტკიცებენ, რომ 28 რიცხვი მხოლოდ თებერვალშია...

- სასაცილო რა არის?

- 28 რიცხვი ყველა თვეშია!

- ო! სიტყვების თამაშით დაგვაბნიე.

- ახლა შედარებით იოლად გამოსაცნობ კითხვას დაგისვამთ. რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

გეგე:

- არ მახსოვს. მოიცა, იქნებ გამახსენდეს. ზუსტად ვიცი, რომ მამაჩემის სახელი - ჯუმბერი არ ერქვა.

მერაბი:

- ლიტერატურული პერსონაჟი რომ არის? მაგის მამის სახელი არც მე მახსოვს.

- დაბნეულობა წინა კითხვიდან გამოგყვათ თუ რა ხდება? პასუხს ხომ თავად გეუბნებით!

გეგე:

- ისაკიჩიო, ბიჭო, ისაკიჩიო!

მერაბი:

- თამუნა, ჩვენგან რამე ცუდი გახსენდება? შენთვის რამე დაგვიშავებია? შარზე ხარ შენ.

- უკვე 7 წელია, კვირაში ერთხელ ასეთ "შარზე" ვარ ხოლმე. რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს - ქალზე თუ ღვინოზე?

გეგე (მაწყვეტინებს):

- ღვინოზე.

- არ დამისრულებია. ამ კითხვას ფრანგები, როგორც წესი, ასე პასუხობენ: გააჩნია...

მერაბი:

- გააჩნია ქალს?

გეგე:

- არა, არა, მერაბ, ქალზე ეგეთი რამ არ უნდა თქვა.

- საკამათოა. აბა, როგორ უნდა ვთქვა?

- თუ ღვინო არ არის, ქალთან გავერთობი, თუ არა და - ღვინით.

- ვერ მიპასუხებთ?

- ისეთი არჩევანის წინაშე დაგვაყენე, აზროვნება მაინც გვაცადე. (მერაბს მიუბრუნდა) კარგად იცი, ორივე ერთად არ გამოდის, ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დავთმოთ.

- ჩვენ ხომ ფრანგები არ ვართ, ქართველები ვართ, - "ღვინო, დუდუკი, ქალებიო", - და ღვინოც რომ იყოს და ქალიც, არა?.. დუდუკი დავივიწყოთ. შეველევით მაგ ამბავს, მაგრამ ეს ფრანგები ამნაირს რას ამბობენ, ძალიან დავინტერესდი.

- "...გააჩნია ასაკს".

გეგე:

- ფრანგებს არ ვეთანხმები.

- დღე-ღამის მანძილზე, როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს მხოლოდ ორჯერ?

- ტელევიზორის საათი, არა?

- მხოლოდ ორჯერ?

მერაბი:

- ისევ სიტყვებით გვეთამაშები?

- არა.

- მსგავსი რამ არ არსებობს. გეგე, შენ დღეში ორჯერ რას აკეთებ?

- კაი, კაცო, ახლა მაგას ნუ მომაყოლებ. საათთან რა კავშირშია? მით უმეტეს - სწორ დროსთან?

- გაჩერებული საათია სწორი პასუხი.

- სულ ტყუილად გავიბურღე ტვინი, ეს რა მარტივი კითხვა ყოფილა!

- დამთვალიერებელი გალერეაში შედის და ამბობს, - ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრია. ვინ არის მისთვის სურათზე გამოსახული კაცი?

გეგე:

- ბიძა გამოდის.

- ყოჩაღ, გეგე. მე ვერ გავიგე.

- დაბოლოს: დაასრულეთ სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ, ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."

- "...ხასიათი".

- "...კარგი განწყობა". ბოლოს მიაწერე: "ღმერთმა ისე აგაშენოთ, როგორც შიოს მარანიო, პური, ღვინო ბევრი მოგცეთ, სხვა წყალობაც მრავალიო".