მეფეხური - გზაპრესი

მეფეხური

დასტაცა ხელი და ისე მოიტაცა გოგო, ხეირიანად ისიც არ იცოდა საბრალომ, გამტაცებლებიდან რომელი უპირებდა ქმრობას...

ოცდაათი წელია, ცოლ-ქმარი არიან უკვე და მანამ არ დაიჯერა ცოლის "უჯიშობა", სანამ მეშვიდეც გოგო არ გაუგორა მელანომ ბიჭზე მეოცნებე ქმარს. შეიძლება, მეტიც ჰყოლოდათ, მაგრამ ბოლო ფეხმძიმობა ძალიან რთული ჰქონდა ორმოც წელს მიტანებულ ქალს და ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა, შვილოსნობა კი კატეგორიულად აუკრძალეს...

ცოლი მაინც უყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ არ წამოაძახოს: დაღუპე და ამოაგდე მამაჩემის გვარი და ოჯახი, მარა შენ რას გერჩი, სახლში კი არ შემომხტომიხარ, ჩემი უტვინობით მოგიტაცე და არ დავუჯერე კეთილისმსურველებს. მოსაკლავი მე ვარ და თავიც რომ წამაცალოთ, ხმის ამომღები არ ვარო...

შვილები რომ წამოეზარდნენ, მერე სხვა სადარდებელი გაუჩნდა: როგორც მას აფრთხილებდნენ თავის დროზე, ისე არიდებდნენ მშობლები თავიანთ საცოლე ბიჭებს მის "უჯიშო" გოგოებს და უფროსმა რომ 27 წელიწადიც მამის სახლში მოათავა, გადაირია და მართლა ფიქრობდა თავის მოკვლაზე: შვიდივე თუ შინაბერად დამირჩა, ვეღარც სიკვდილის მერე გამიხარია და ეგაა. შვილიშვილი თუ არ იბაკუნებს ჩემს გულსა და საფლავზე, რისთვის მიცხოვრია და მიწვალიაო?..

ისე განიცდიდა, დაუჯერა ცოლს, რომელიც წლების განმავლობაში ეხვეწებოდა მეკვლედ სოფლის სკოლის დირექტორი, უშანგი მოეწვია, რომლის ბედნიერი ფეხის ბევრს სჯეროდა სოფელში და მეზობელი სოფლებიდანაც კი აკითხავდნენ სხვადასხვა პრობლემით გატანჯული ადამიანები. მოკლედ, სიუჟეტი დაახლოებით ისე განვითარდა, როგორც ერთ ქართულ ფილმშია და უშანგის მოლოდინში ზაქრომ და მელანომ ისეთი სუფრა გაშალეს, მართლაც ჩიტის რძე რომ არ აკლდა. მერე კი, არც ისაა ალბათ გასაკვირი, რომ მეკვლემ დაიგვიანა და ამასობაში, უმცროსმა ცოლისდამ წელში მოკაკვული სიდედრი მიაყენა ოჯახს კარზე: კენჭის გავლა აქვს და რადგან მელანო ექთანია, მოგვთხოვა, აქ მოგვეყვანა. ამბობს, მის გარდა ვერავინ მომხედავსო...

ისედაც არ ეხატებოდა სიდედრი გულზე ზაქროს და მისი მეფეხურობა იმდენად არ უნდოდა, მანქანიდან გადმოსვლის ნებას არ აძლევდა კარგა ხანს: მოვიდეს მეკვლე და მერე სულიც გაგიცხია დილამდე, აქედან გაგასვენებო, მაგრამ ცალკე შვილები გადაერივნენ და ცალკე - ცოლი: ბებიას შველა უნდა და შენ რა სისულელეზე ფიქრობო?..

უშანგის მოსვლა აღარც გაუგონიათ. დაბოღმილი ზაქრო მანამდე მარტო დათვრა და ახალი წელიც ისე შემოვიდა, ვითომ არც არაფერი მომხდარიყოს განსაკუთრებული და აღსანიშნავი... არადა, ორი კვირაც არ გასულა ამის შემდეგ, რომ 27 წლის ნინო გზიდან მოიტაცა გაღმასოფლელმა ექიმმა: ერთი ნახვით შემიყვარდა და მაგან სიახლოვეს არ წამიკარა, რადგან "რიჟა" ვარო... თავიდან კი იკრუსუნა გოგომ: არ მიყვარს და არ დავრჩებიო, მაგრამ ისე შეეხვეწა ზაქრო, - ოღონდ შინ მობრუნებულის სახელსაც ნუ დაამატებ ჩვენს უბედურებასო, რომ შეეცოდა მამა და დარჩა...

რვა მარტს თანაკლასელებთან საქეიფოდ წასული 25 წლის ანაც აღარ გამოუშვა სახლში მასპინძლის ქალაქელმა ბიძაშვილმა და იმის ნაცვლად, სახლამდე მოეცილებინა, პირდაპირ თბილისის გზას გაუყენა...

აპრილში 23 წლის ნესტანს გაეხსნა ბედი: ცეკვის ანსამბლი, რომელიც ქუთაისში იყო კონცერტის ჩასატარებლად, ნაქირავები ავტობუსით გაემგზავრა ქალაქში და ისე მოეწონა ახალგაზრდა მძღოლს სცენაზე მონავარდე გოგო, ორ დღეში მოადგა მისი ხელის სათხოვნელად ზაქროს. ბიჭად ბიჭს არაფერი დაეწუნებოდა და თვის ბოლომდე დანიშნეს ქორწილი.

ზაფხულში დედაქალაქში დასთან სტუმრად ჩასული 20 წლის მარიამი აღარ გამოუშვა სოფელში სიძის მეზობელმა და მეგობარმა. ჰოდა, ქორწილი შემოდგომაზე ჰქონდათ...

ერთ წელიწადში ოთხი გოგოს გათხოვება ხუმრობა საქმე ხომ არ არის?! თანაც, უფროსმა გოგომ "იმარჯვა" და ნოემბრის ბოლოს ტყუპი შვილიშვილიც აჩუქა - ნანატრი ბიჭები, რომლებსაც მართალია, მისი გვარი არ ექნებათ და მამასავით ცეცხლმოდებულივით უბრიალებთ წითური თავები, მაგრამ ამდენი გოგოს შემდეგ, მაინც სხვა გემო ჰქონდა მათ დაბადებას. გახარებულმა ზაქრომ სიდედრს "დედაც" კი დაუძახა და სახლში ცალკე ოთახიც გამოუყო: შენმა მადლიანმა ფეხმა ისეთი ბედნიერება მოუტანა ჩემს ოჯახს, ვალდებული ვარ, სიცოცხლის ბოლომდე გემსახუროო, მაგრამ უფროსმა ქვისლმა არ დაუთმო ცოცხალი თავით, რომელსაც სამი გასათხოვარი ქალიშვილი უზის სახლში: აწი ჩვენი ჯერია, დანარჩენების გათხოვება მაინც არ გეჩქარებაო და გაახედა სახლში დარჩენილი ჩვიდმეტი, თოთხმეტი და თორმეტი წლის გოგონებისკენ. მერე ჩაისვა სიდედრი მანქანაში და არც უკითხავს, ვისთან და სად ერჩივნა ახალი წლის შეხვედრა.

ინგა ჯაყელი