Discovery (III) - გზაპრესი

Discovery (III)

4. ამერიკანიზაციის პროცესს უცხო ქვეყნებში კოკა-კოლონიზაცია შეარქვეს.

5. ივანე მაჩაბლის გვამის ძებნისას მტკვარში 16 დამხრჩვალი ადამიანის გვამი იპოვეს.

6. დავით ყიფიანს არც ერთ მსოფლიოს ჩემპიონატში არ მიუღია მონაწილეობა.

7. შლეზვიგ-ჰოლშტაინ-სენერბორგ-გლიუქსბურგები დანიის, ნორვეგიისა და საბერძნეთის სამეფო დინასტიაა.

8. ”მონარქის პირველი მტრები გავლენიანი ქვეშევრდომები არიან”, - ამბობდა ინგლისის დედოფალი ელისაბედ I.

9. ტრაფალგარის ბრძოლის დროს ინგლისელები საოცარი სისწრაფით ტენიდნენ ზარბაზნებს. ხშირი ზალპით თავზარდაცემული ფრანგები გაიძახოდნენ, - ბრიტანელებს ზარბაზნებს ეშმაკი უტენისო.

10. კარდინალ მაზარინის სიკვდილის შემდეგ ლუდოვიკო XIV-მ საფრანგეთის პირველი მინისტრის თანამდებობა გააუქმა.

12. ”გერმანიის ნებისმიერი მოწინააღმდეგე ბრიტანეთის მეგობარია, წარსულში არსებული უთანხმოებისა და დაპირისპირების მიუხედავად”, - გაიძახოდა II მსოფლიო ომის დროს უინსტონ ჩერჩილი. როცა გერმანელებმა გეგმა ”ბარბაროსას” განხორციელება დაიწყეს და ომის გამოუცხადებლად საბჭოთა კავშირს დაესხნენ თავს, ინგლისის პრემიერ-მინისტრი სიხარულით ცას ეწია - შეშლილი ჰიტლერის წინააღმდეგ მარტო აღარ ვარო.

13. ”სამეფო კარავი ძველი თოკით არ შეიკვრება”, - გაიძახოდა ირანის შაჰი ისმაილი, რომელმაც ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ სამეფო ტახტი ჩაიგდო ხელში და საკუთარი ნათესავები ერთიანად ამოხოცა.

14. ქალაქ კორდობაში ერთ დროს მთელ მუსლიმანურ სამყაროში ყველაზე დიდი და მაღალი მეჩეთი იყო, რომელიც შემდგომში ქრისტიანულ ეკლესიად გადააკეთეს. ესპანეთის მეფე კარლ V-მ მოგვიანებით სინანულიც კი გამოთქვა: ”ჩვენ ავაშენეთ ის, რისი აშენებაც შეიძლებოდა, სადაც მოვისურვებდით და როგორსაც მოვისურვებდით და გავანადგურეთ ის, რისი აღდგენაც უკვე შეუძლებელია”.

15. პომპეუსის არმიასთან ერთ-ერთი შეტაკებისას ნუმიდიელთა მხედრობამ კეისრის ლეგიონი უკუაქცია. კეისარი სწრაფად გაეშურა დასახმარებლად, მაგრამ გაქცეულთა შეჩერება არც ისე იოლი აღმოჩნდა. მაშინ კეისარმა ხელი სტაცა მედროშეს, რომელიც ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა, უკან შეატრიალა და შესძახა: ”მტერი, აი, იქ არის!”.

16. ერთხელ იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი მეგობრის ოჯახს სტუმრობდა, სადაც მისი კუთვნილი მომღერალთა გუნდი ისე მოეწონა, რომ თითოეულს დიდი რაოდენობით ხორბალი აჩუქა. მეორე დღეს იმპერატორი კვლავ ეწვია მეგობარს. ამჯერად სადილმა ყოველგვარი სიმღერის გარეშე ჩაიარა. ”კი, მაგრამ სად არიან შენი მომღერლები?” - ჰკითხა ავგუსტუსმა მეგობარს. - ”წისქვილში! შენ ნაჩუქარ ხორბალს ფქვავენ”, - ხელები გაშალა მასპინძელმა.

17. როდესაც რომის პაპი, მეცნიერთა და ხელოვანთა მფარველი ლეო X გარდაიცვალა, მისი ადგილი ადრიან VI-მ დაიკავა, რომელიც წინამორბედის სრული ანტიპოდი გახლდათ. მარადიული ქალაქის მცხოვრებლები მწუხარებამ მოიცვა, თუმცა საძულველმა პაპმა დიდხანს ვერ იცოცხლა და ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სიკვდილით გახარებულმა ხალხმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკო მისი მკურნალი ექიმის, არტაგინოს სახლი, შესასვლელში კი დაკიდეს წარწერა: ”სამშობლოს მხსნელს მადლიერი რომაელებისაგან”.

18. რამაზ ჩხიკვაძე ანიმაციურ ფილმ ”სიზმარაში” მეფეს ახმოვანებს, ”კომბლეში” - ბატონს, ”კოჯრის ტყის სიზმრებში” - ხეჩოს, ”ლომი და კატაში” მეფე ლომს (”ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი კუდსო”). ერთხელ ვიღაცამ უსაყვედურა, სახალხო არტისტი ხარ, არ გეუხერხულება, ეკრანზე იხვი შენი ხმით რომ იწყებს ლაპარაკს? ბატონ რამაზს გაეცინა, - იხვი მსახიობმა უნდა გაახმოვანოს, აბა, ნამდვილი იხვი ხომ არ მოვა მის გასახმოვანებლადო.

19. სტალინის მმართველობის პერიოდში რუსეთში მოქმედებდა სისასტიკით განთქმული ბანდა ”ჩორნაია კოშკა”. იმდენად მრისხანე რეპუტაცია ჰქონდათ, რომ მათ სახელს ზოგჯერ სხვა ავაზაკებიც იყენებდნენ. ერთხელ ცნობილ რადიოდიქტორ იური ლევიტანს დაუტოვეს მუქარის წერილი, რომელშიც ბანდის სახელით 10 ათას მანეთს ითხოვდნენ და უარის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩეკისტები ლევიტანის ბინასთან ჩაუსაფრდნენ და წერილის ავტორები აიყვანეს. ისინი 14 წლის ბავშვები აღმოჩნდნენ. ჩეკისტებმა ზონაში გასაგზავნად ვერ გაიმეტეს ბავშვები. მათ იქვე სადარბაზოში გახადეს შარვლები და ქამრით აუჭრელეს უკანალი.

20. მხატვარი ჰანს ჰოლბაინი ერთი პერიოდი ინგლისის მეფის, ჰენრი VIII ტიუდორის კარზე მსახურობდა. ერთხელ ერთი ლორდი უცერემონიოდ შეიჭრა მის სახელოსნოში. გაბრაზებულმა ჰოლბაინმა კიბეზე დააგორა ინგლისელი დიდებული. შეურაცხყოფილი ლორდი მეფესთან წავიდა საჩივლელად და დაიმუქრა კიდეც, საკუთარი ხელით მოვკლავ მაგ თავხედ მხატვარსო. ”მილორდ, - უთხრა მეფემ, - მე თქვენ გიკრძალავთ მის სახელოსნოსთან მიახლოებასაც კი! მისი სიცოცხლის ხელყოფისათვის კი მყისვე სიკვდილით დაისჯებით! იცით, რა განსხვავებაა თქვენსა და ჰოლბაინს შორის? მე დღესვე შემიძლია, შვიდი გლეხი მოვიყვანო სასახლეში და შვიდ თქვენნაირ ლორდად ვაქციო, მაგრამ შვიდი თქვენნაირი ლორდისგან ვერასდროს შევქმნი ერთ ჰოლბაინს”.

გოჩა დვალი