ერთი სტაფილო, ერთიც ჭარხალი და ორი თავი ხახვი... - გზაპრესი

ერთი სტაფილო, ერთიც ჭარხალი და ორი თავი ხახვი...

ძალიანაც არ მიყვარს ასეთ დროს ბაზრის დახლებს შუა წანწალი, მაგრამ გზიდან გადავუხვიე...

ჩემდა სასიამოვნოდ, არც ისე ბევრი ხალხი დამხვდა. გამყიდველებიც კი ადრიანად ალაგებდნენ დახლებს და სახლში წასასვლელად ემზადებოდნენ. სტაფილოს გამყიდველს მივადექი. ჩემ წინ მხოლოდ ერთი მოხუცი იდგა, რომელმაც საფულეს ჩახედა და დარცხვენილმა თქვა: ერთი სტაფილო, ერთიც - ჭარხალი და ორი თავი ხახვი ამიწონე, შვილო...

გამყიდველს სახეზე შეეტყო, რომ ეზარებოდა ასეთი მცირედის აწონვაც კი, მაგრამ მოხუცს მაინც არაფერი აკადრა, ცელოფანის პარკში ჩაყრილი ბოსტნეული აუწონლად შეაჩეჩა ხელში: ეს ჩემი საახალწლო საჩუქარი იყოს, არაფერი მინდა...

- ეგ როგორ იქნება, შვილო?! - შეცბა მოხუცი.

- აიღე, დედი, აიღე... ყოველთვის არც საშუალება მექნება სხვისი დახმარების და არც - განწყობა. დღეს ისეთი დღეა, ყველას უნდა კეთილი და გულისხმიერი იყოს. მრავალს მოგასწროთ უფალმა!

- გაიხარე და გამრავლდი, არასოდეს გაგჭირვებოდეს ჩემსავით! - მეტი ვეღარაფრის თქმა მოახერხა ქალმა და დახლს გაეცალა.

- ორი კილოგრამი სტაფილო ამიწონეთ! - მივაწოდე ფული და სადარდებელი გულში ვერ დავიტიე: - როგორ უნდა უჭირდეს ადამიანს, რომ საახალწლოდ ერთი სატაფილო და ერთი ჭარხალი იყიდოს...

- ეტყობა, პირველად შეესწარით მსგავს ფაქტს და ამიტომ აღელდით! - პასუხის გაცემა არ დაიზარა ახალგაზრდა მამაკაცმა: - უამრავი ადამიანი მოდის ყოველდღიურად და ასე, ცალობით ყიდულობს ბოსტნეულს. მათი საცოდაობით მეწვის გულ-მუცელი, მაგრამ ყველას როგორ დავეხმარები? მეც გაჭირვებამ დამაყენა ბაზარში, თორემ შინ ავტომშენებელი ინჟინრის დიპლომი მიდევს და დღემდე ვოცნებობ სპეციალობით მუშაობაზე, ისე მიყვარს მანქანები. სხვათა შორის, ეგ ქალბატონი ქალაქში ცნობილი პედაგოგი იყო. გაუთხოვრად დაბერდა. მერე ორი მძიმე ავადმყოფი გაუხდა ერთბაშად მოსავლელი - დედა და ასევე გაუთხოვარი დეიდა და სამსახურში სიარული ვეღარ შეძლო. ისინი გარდაიცვალნენ, ამასობაში - თავადაც მოხუცდა და დარჩა მწირი პენსიის ამარა, რაც ალბათ, წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის. თავად მითხრა: პენსიას რომ ავიღებ, პირველ რიგში, აფთიაქში გავრბივარ და წამლებს ვიმარაგებო...

სტაფილო წამოვიღე და იგივე ქალბატონი ციტრუსების დახლთან შევნიშნე. გავიგონე, ერთი ფორთოხლისა და რამდენიმე მანდარინის აწონვა რომ სთხოვა გამყიდველს, რომელმაც არაფერი უთხრა პროდუქტის სიმცირის გამო, მაგრამ სახეზე შეეტყო გაღიზიანება და არც ის მოსვლია აზრად, უმწეო მოხუცისთვის საჩუქრად მიეცა ხილი...

- სასწრაფოდ ამიწონეთ ორი კილოგრამი საუკეთესო ფორთოხალი და ამდენივე მანდარინი! - ფული შევაჩეჩე ხელში. მერე ხილს თავზე ცოტა ხნის წინ ნაყიდი კანფეტები დავადე და მოხუცს დავეწიე, რომელმაც გაკვირვებულმა შემომხედა, როცა ხელში ცელოფანის პარკი შევაჩეჩე - ძალიან გთხოვთ, უარი არ მითხრათ და მომეცით საშუალება, ბედნიერი შევხვდე ახალ წელს იმაზე ფიქრით, რომ ხილი და კანფეტი თქვენც გექნებათ საახალწლო სუფრაზე... არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვარ. იმას კი გეტყვით, რატომ ვაკეთებ ამას: მინდა, როცა მოვხუცდები და მხოლოდ პენსიის იმედად ვიქნები, ჩემზეც იფიქროს ვინმემ და არასოდეს დავრჩე ცარიელ სუფრასთან...

სიტყვით ვერაფერი მითხრა, მაგრამ მის ცრემლჩამდგარ თვალებს რომ შევხედე, მივხვდი - ვერანაირი სიტყვა ვერ გადაწონიდა მათში ჩაბუდებულ გრძნობებსა და ტკივილს...

მკითხველის გონიერებისა და კეთილშობილების იმედად ვწერ ამ ამბავს და არა იმიტომ, რომ საკუთარ "კეთილშობილებას" გავუსვა ხაზი: მინდა, სწორედ ამ საზეიმო დღეებში გავახსენო ყველას, რომ ჩვენ გვერდით უამრავი ადამიანია მშიერიც, შემცივნულიც და უწამლოდ დარჩენილიც, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ გვერდში დგომა და იმის შეხსენება, რომ მარტონი არ არიან. ვიცი, თავზე არავის გადასდის ქონება, მაგრამ უქონელს რომ ლუკმა გავუყოთ და ახალ წელს მაინც არ დაიძინოს მშიერმა, ამდენი ბევრს გვაქვს, ღვთის წყალობით. სამაგიეროდ კი მივიღებთ საოცარ სიმშვიდეს სულში და ბედნიერების შეგრძნებას იმ ერთი კანფეტის თუ ფორთოხლის წყალობით, ჩვენს სუფრას რომ მოვაკელით და სხვისას შევმატეთ. "მაძღარი სული" კი მაძღარი კუჭისგან განსხვავებით, საოცრად მსუბუქი და სიხარულით სატარებელია.

ინგა ჯაყელი