"თრთოლვამ" დამაბნია - გზაპრესი

"თრთოლვამ" დამაბნია

ამბობს, რომ პოლიტიკოსის როლზე მუშაობა საინტერესოა, პოლიტიკა კი ნაკლებად აინტერესებს.

პრეამბულის მაგიერ

- პოლიტიკოსობაზე რა გითხრა, მაგრამ მსახიობობა მართლა ძალიან საინტერესოა. ეს ჩემი პირველი როლია. პროფესიით მსახიობი არ ვარ. ამ სერიალზე ჩემი მეგობრები მუშაობენ, ზოგიერთი - თამაშობს. ახალი პერსონაჟი რომ დაამატეს, დამირეკეს და მითხრეს, თუ მოხვალ, პატარა როლიაო. მაშინ ვერ მივედი. გარკვეული ხნის შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ. ეს სერიალი იმდენად მომწონდა, პირველივე სერიიდან ჩამითრია და ბოლომდე ერთგულად მივყვებოდი. მეორე შეთავაზებაზე უკვე მოვახერხე მისვლა და ეს პატარა როლი რამდენიმე სერიაში განვითარდა. ასე გავხდი "პოლიტიკოსი". ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ დამატებით 2 სამსახური მაქვს. ამ სერიალს ზოგჯერ მთელი დღე მიაქვს, შეიძლება გადაღებიდან ღამის 2 საათზე წამოვიდე. მივხვდი, იმდენად მომწონს ეს პროცესი, რომ ასეთ გრაფიკს არ ვაპროტესტებ.

- დღეს ქართველ პოლიტიკოსებს შორის რომლის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდი.

- ანუ ჩემი რჩეული ქართველი პოლიტიკოსი უნდა დავასახელო? სხვადასხვა პერსონიდან რაღაც თვისებები შეიძლება მომწონს, მაგრამ ერთის დასახელება გამიჭირდება. მხოლოდ ცოტნე ცოტაშვილის საარჩევნო კამპანიას დავჯერდები (იცინის).

- მეგობრად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს აირჩევდი?

GzaPress- მუშკეტერებთან და დარტანიანთან ერთად ვირბენდი. კარგად გავერთობოდი. ეს პერსონაჟები მიყვარს, მათი ცხოვრება საინტერესოა.

- მათთან საერთო თვისებები გაქვს?

- შეიძლება რაღაც საერთო მქონდეს. ამაზე არ დავფიქრებულვარ. ისე მგონია, რომ ჩემნაირი არავინაა.

- წიგნი მოგიპარავს?

- არ მომიპარავს. სხვათა შორის ნათხოვარ წიგნებსაც დროულად ვაბრუნებ. ჩემთვის მოუპარავთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ წაღებული წიგნები აღარ დაუბრუნებიათ და ეს მაღიზიანებს. ჩემი წიგნი ჩემთან უნდა იყოს, თაროზე რომ დევს, მომწონს.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს. შეიძლება იმიტომ, რომ კარგი მეხსიერებით არ გამოვირჩევი. "ფოტომეხსიერება" უფრო კარგი მაქვს, ქუჩაში ვცნობ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ბაღში დავდიოდი, მაგრამ სახელი და გვარი არ მახსოვს.

- ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი ცუდ მმართველად მას მიიჩნევდა, ვინც ხალხს სძულდა, ცოტათი უკეთესად - ვინც ხალხს უყვარდა. ვის მიიჩნევდა იგი საუკეთესო მმართველად?

- ვისი სახელიც ხალხმა არ იცოდა. საქართველოში ხომ ხშირად გაიგონებ, ნეტავ ისეთ ქვეყანაში მაცხოვრა, პრეზიდენტის სახელი და გვარი არ ვიცოდეო.

- ამერიკაში ყოველწლიურად ტარდება მატყუარათა კონკურსი. მასში მონაწილეობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ერთი სფეროს წარმომადგენლების გარდა. დაასახელე, ვის ეკრძალება კონკურსში მონაწილეობა?

- ილუზიონისტებს.

- ცდები.

- არა? აბა, პოლიტიკოსებს?

- გამოიცანი. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე პირი ზედიზედ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტად?

- 3-ჯერ.

- ცდები.

- 2-ჯერ.

- ალექსანდრე ბასილაიას მიერ დადგმულ მიუზიკლში - "რწყილი და ჭიანჭველა", ღორი კახელი იყო, მუხა - ხევსური, ყვავი?

- არ მახსოვს.

- თბილისელი. ის სხვა ნადავლთან ერთად ევროპაში ალექსანდრე მაკედონელის მეომრებმა შეიტანეს. უცხო ნაყოფს მაშინ "ინდური ვაშლი" უწოდეს და დღესაც სიამოვნებით მიირთმევენ.

- სამოთხის ვაშლი არ იქნება. ვერ ვხვდები, რაზეა ლაპარაკი?

- მიგანიშნებ, მას ფართოდ გამოიყენებენ კულინარიაშიც. მოჰყავთ საქართველოში. აქტუალური ამ სეზონზეა.

- ციტრუსის რომელიღაც სახეობა იქნება, სავარაუდოდ - ფორთოხალი.

- ლიმონზეა ლაპარაკი. რას უწოდებენ იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც გაეროს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში ეხმარებიან?

- კეთილი ნების ელჩებს.

- ინდოეთში ზოგიერთი ქალი ბედნიერების ნიშნად შუბლზე წითელ ხალს იხატავს. როგორი სტატუსის მქოდე ადამიანები იხატავენ წითელ ხალს?

- გათხოვილი ქალები.

- თამარ მეფე უფრო დიდხანს მეფობდა თუ დავით აღმაშენებელი?

- დავით აღმაშენებელი.

- მარმარილოს ზღვასთან რომელ ზღვას აერთებს დარდანელის სრუტე?

- ვერ ვიხსენებ.

- ეგეოსის ზღვა. ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი?

- საკმაოდ, იმედია, მომავალში კიდევ ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებ.

- რომელმა ქვეყანამ მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება?

- იტალიამ. რომი, ვენეცია სულის შემკვრელი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად პარიზი მიყვარს. მინდა, სულ საფრანგეთში ვიყო. საერთოდ, დიდი ქალაქები მიყვარს.

- ერთ-ერთი სოლიდური კომპანიის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსი ხარ. საინტერესოა, ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- "წრუპვით" შემიყვარდა, მანამდე მაგარი ალკოჰოლური სასმელები არ მიყვარდა.

- თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება. რა ემართება წითელ ღვინოს?

- ღიავდება.

- რომელ პოეტს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "...და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,/ ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,/ როგორც გაზაფხულს ელიან მთაში/ შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს"?

- გალაკტიონს?

- ცდები.

- "თრთოლვამ" დამაბნია. ამ სიტყვას გალაკტიონი ხშირად ახსენებს. გთხოვ, გამიმეორე (გამეორების შემდეგ), მირზა გელოვანს.

- აკაკის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია ბათუ?

- "გამზრდელის".

- რომელი მითიური ფრინველი იწვავდა თავს და კვლავ აღდგებოდა ფერფლიდან, რის გამოც მუდმივი განახლებისა და აღორძინების სიმბოლოდ იქცა?

- ფენიქსი.

- მან პიანისტის კარიერა თითების დამბლის გამო მიატოვა, მთელი ცხოვრება კომპოზიციასა და მუსიკის კრიტიკოსობას მიუძღვნა. ერთხელ, როცა შოპენის ვარიაციები მოისმინა, განაცხადა: ქედი მოიხარეთ, თქვენ წინაშე გენიოსია". ვინაა ის?

- არ ვიცი.

- შუმანი. რა ერქვა ავაზაკთა ქალაქს გურამ დოჩანაშვილის რომანში - "სამოსელი პირველი"?

- კამორა.

- სამხედრო გზა, რომელიც საქართველოც ჩრდილოეთ კავკასიასთან აერთებს, ჯვრის უღელტეხილზე გადის. რომელ მდინარეთა ხეობებს შორის გადის ჯვრის უღელტეხილი?

- არაგვსა და თერგს შორის.

- ვინ ასრულებს ბიჭიკოს როლს ფილმში "ჭრიჭინა"?

- დოდო აბაშიძე. დოდო აბაშიძის შვილიშვილი - ნუცა აბაშიძე ჩემი მეგობარია.

- ორმა კაცმა 900 ლარი გაინაწილა. მათგან ერთ-ერთს 500 ლარით მეტი შეხვდა. რამდენი ლარი შეხვდა მეორეს?

- 450.

- როგორ დაიანგარიშე?

- არ ვიცი, დავიბენი. 400, არა?

- ძალიან დაიბენი.

- მადროვე, რომ ვერ გამოვიცნო, გავგიჟდები. ეს კითხვა ყველაზე მეტად მომეწონა. (პაუზის შემდეგ) 200? ეს სწორი პასუხი მგონია.

- დიახ. რისი ერთობლიობაა არქიპელაგი?

- კუნძულების.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ. სულ ერთია მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო. თქვენ უკიდურესი ევროპელისა და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას". კონსტანტინე გამსახურდიას რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "დიდოსტატის მარჯვენაში".

- "მთვარის მოტაცებაში". მწერალს ეთანხმები?

- ეგ ადრე იყო, ახლა არ მგონია, უმეტესობა ასე ფიქრობდეს.

- დაბოლოს, დაასრულე ლაროშფუკოს ცნობილი გამონათქვამი: "როდესაც მოისურვებ, ვინმეს დაელაპარაკო შენი საქმეების თაობაზე, ჯერ იმას მიაქციე ყურადღება, თუ როგორა აქვს მას საკუთარი..."

- "...საქმე აწყობილი".

თამუნა კვინიკაძე