9 პოპულარული შეკითხვა ვიტამინების შესახებ
დღეისათვის ვიტამინების დეფიციტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები დღის განმავლობაში ცოტა ენერგიას ხარჯავენ, შესაბამისად, ძალ-ღონის აღსადგენად, ცოტა საკვები ჰყოფნით. ასეთი რაციონი ვერ უზრუნველყოფს ადამიანს საჭირო რაოდენობის ვიტამინებითა და მინერალური მარილებით. როდესაც ადამიანი ვიტამინების შიმშილს განიცდის, დიდი რაოდენობით საკვების მიღებას იწყებს, ეს კი წონაში მომატების მიზეზი ხდება. ვიტამინების დეფიციტის შევსება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესს და მას წონის მომატებასთან საერთო არაფერი აქვს.
კითხვა #2. რომელი ვიტამინებია უფრო სასარგებლო - "ცოცხალი", საკვებ პროდუქტებში არსებული თუ სინთეტიკური?
პასუხი: ქიმიური სტრუქტურისა და ბიოლოგიური აქტივობის მიხედვით, ვიტამინების აბებსა და ხილში, ბოსტნეულსა თუ ხორცში არსებულ ვიტამინებს შორის განსხვავება არ არის. სინთეტიკური გზით მიღებული ვიტამინების ათვისება, საკვებ პროდუქტებში არსებულ ვიტამინებთან შედარებით, 100%-იანია. ქიმიური გზით მიღებული ვიტამინები სავსებით უვნებელია. ახალშობილებსაც კი, რომლებსაც ხელოვნურად კვებავენ, აძლევენ "ხელოვნური" ვიტამინების შემცველ რძიან საკვებს. ასე რომ, თუ ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია, საჭიროა მათი აბების სახით მიღება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საჭიროების გარეშე ვიტამინების ყლაპვას შეიძლება მოჰყვეს ვიტამინების სიჭარბე, რაც დეფიციტზე არანაკლებ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომ კვების რაციონი უნდა გავამდიდროთ ვიტამინების შემცველი ხილითა და ბოსტნეულით და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში (ექიმის რეკომენდაციით) მივიღოთ ვიტამინები.
კითხვა #3. მართალია, რომ ვიტამინები, რაც უფრო ძვირი და ფართოდ რეკლამირებულია, მით უფრო ეფექტიანია?
პასუხი: ნუ წამოეგებით ბრმად, სარეკლამო განცხადებებზე. არსებობს ხარისხიანი, უკვე კარგად შემოწმებული ვიტამინების კომპლექსი, რომელიც ძვირიც არ ღირს და ორგანიზმისთვისაც მაქსიმალური სარგებლობა მოაქვს. ასეთი სახის ყველა პრეპარატი პრაქტიკულად, ერთი და იმავე სუბსტანციებისგანაა შექმნილი, ფასში კი შეიძლება, ძალიან დიდი განსხვავება იყოს. როდესაც კომპლექსურ ვიტამინებს ყიდულობთ, უნდა აარჩიოთ რაც შეიძლება მეტი ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალების შემცველი კომპლექსი. ვიტამინები აუცილებლად აფთიაქებში უნდა შეიძინოთ.
კითხვა #4. როგორ უნდა მივიღოთ ვიტამინები: როგორც კურსი, როგორც წამალი თუ მუდმივად?
პასუხი: ვიტამინები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც იწვევს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ინიციაციას, ოპტიმიზაციას, ჰარმონიზაციას, ბალანსირებას და ა.შ. თუ ადამიანს ვიტამინების დეფიციტი აქვს, ჰიპოვიტამინოზი ვითარდება. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველო თავისი ბუნებრივი პირობებით არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიგს, სადაც შეიძლება ვითარდებოდეს ჰიპოვიტამინოზი, რადგან აქ ნატურალური პროდუქტებითაა შესაძლებელი ორგანიზმის ვიტამინების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ჩვენში ამ პრობლემის აღმოცენება მხოლოდ დაბალი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ბრალია. თუმცა ზოგ დაავადებასაც ახლავს ჰიპოვიტამინოზის განვითარება. როცა დადგენილია, რომ ადამიანს აქვს რომელიმე ვიტამინის დეფიციტი (ნებისმიერი ვიტამინის ნაკლებობას თავისი სიმპტომი-კომპლექსი ახასიათებს), უნდა დაინიშნოს შესაბამისი ვიტამინი. მათი დანიშვნა მხოლოდ გადახრების დროსაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინები უვნებელ პროდუქტებადაა მიჩნეული და ზოგ მათგანს ორგანიზმიც გამოიმუშავებს, მათი (განსაკუთრებით - ცხიმში ხსნადი) პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, მით უმეტეს - ბავშვებისთვის მიცემა მიზანშეწონილი არ არის: ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი, რომელსაც თავისი გვერდითი მოვლენები და გართულებები მოჰყვება. ვიტამინების მიღების დროს უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობის ფაქტორი ანუ - როდისაა ისინი ბუნებრივად ყველაზე ნაკლები. თუ სიდუხჭირის გამო ადამიანი არაბალანსირებულად იკვებება, შეიძლება დაინიშნოს ვიტამინები, მაგრამ ამ დროს დავდგებით სხვა პრობლემის წინაშე: თუ ადამიანი ვერ ახერხებს ნატურალური პროდუქტების ყიდვას, წამლის შეძენას შეძლებს?.. ვიტამინების დანიშვნა მიზანშეწონილია მაშინაც, როცა მოსალოდნელია აშკარად პათოლოგიური გადახრა, მაგალითად: სტრესი (იწვევს ჰიპოვიტამინოზს) ან - ბავშვს აღენიშნება რაქიტი, ან - ადამიანი მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში (სანამ ახალ კლიმატურ პირობებს შეეგუება, მას უეჭველად დასჭირდება ვიტამინების მიღება) და სხვა.
კითხვა #5. შეიძლება თუ არა, ვიტამინებმა ალერგია გამოიწვიოს?
პასუხი: ვიტამინები ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებებს არ წარმოადგენს. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც, ერთი შეხედვით უწყინარი ვიტამინიც შესაძლოა, ალერგიის მიზეზი გახდეს.
კითხვა #6. რამდენად საშიშია ჰიპერვიტამინოზი?
პასუხი: ჰიპერვიტამინოზი ისევე საშიშია, როგოც ჰიპოვიტამინოზი, ამიტომ არ შეიძლება არამიზნობრივად ვიტამინების ყლაპვა.
კითხვა #7. რა გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ვიტამინების შეწოვაზე?
პასუხი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა უშუალო გავლენას ახდენს ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის უნარზე. ვიტამინების შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში და ისეთ დაავადებას, როგორიცაა ენტერიტი, შეუძლია, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი. A, E, K და D ვიტამინების შეწოვაზე გავლენას ახდენს ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის მდგომარეობა.
კითხვა #8. მართალია, რომ მწეველებს ბევრი ვიტამინი სჭირდებათ?
პასუხი: ნიკოტინის მოხმარება ვიტამინებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას ზრდის. მწეველებისთვის აუცილებელია ვიტამინი-ანტიოქსიდანტების მიღება. მათ C და E ვიტამინების დონე, არამწეველებთან შედარებით, ერთ-ნახევარჯერ ნაკლები აქვთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ვიტამინების მომეტებული დოზით მიღება ნიკოტინის მავნე გავლენისგან დაგვიცავს.
თუ სიგარეტის მოწევის ფონზე მეორეულად განვითარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია ან ონკოლოგიური დაავადება, მაშინ ვიტამინების შეწოვის უნარი კიდევ უფრო დაქვეითდება.
კითხვა #9. მართალია, რომ ვიტამინები, განსაკუთრებით E ვიტამინი, ანელებს დაბერების პროცესს?
პასუხი: ვიტამინებით ორგანიზმის ნორმალური და სისტემატური მომარაგება უზრუნველყოფს მისი გამოფიტვის პროცესის შენელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს დასნეულების რისკს. ადამიანის შინაგან ორგანოებსა და გარეგნობაზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც: გენეტიკა, ცხოვრების სტილი, ალკოჰოლის მოხმარება, სპორტიანი სასმელებისადმი დამოკიდებულება, ეკოლოგია. მაგრამ მას, ვინც ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს არ განიცდის, ყველა შანსი აქვს, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს აქტიურობა და შრომისუნარიანობა.
ვიტამინებს არ შეუძლია ადამიანის გაახალგაზრდავება, მაგრამ მათ შესწევს უნარი, ორგანიზმს აქტიურობა დიდხანს შეუნარჩუნოს.
ნინო ჩარგეიშვილი