სასწაულმოქმედი ნიორი და გოგრას სამკურნალო თვისებები
ფიჭვი
ფიჭვი ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო საშუალებაა. მისი წიწვების სასწაულთმოქმედების შესახებ ჯერ კიდევ შუმერებმა იცოდნენ.
- შეგიძლიათ, ფიჭვის კვირტები აფთიაქში შეიძინოთ. მათი ნახარში საუკეთესო სადეზინფექციო და ამოსახველებელი საშუალებაა, ინჰალაცია კი ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებას შველის: ქვაბში ან ჩაიდანში მოათავსეთ 3 ს/კ ფიჭვის კვირტები, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და კიდევ 3-4 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელი ორთქლი ისუნთქეთ. კვირტებს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ევკალიპტის ან სალბის ფოთოლი.
- ფიჭვის წიწვები მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით C ვიტამინითა და კაროტინით. შეიცავს 0,36%-მდე ეთერზეთებს, 12% ცვილს, ბიოლოგიურად აქტიურ ალკალოიდებსა და ფლავინოიდებს.
- ფიჭვის ქერქის ნახეთქებიდან და ნაპრალებიდან ნელა გადმოედინება ღია ყვითელი შეფერილობის ცვილი. ერთი ხე 1 ლ-ზე მეტ ცვილს გვაძლევს. გასუფთავებული ცვილი ჭრილობის შესახორცებელი და ბაქტერიციდული საშუალებაა. ცვილის დამუშავებით მიღებულ სამკურნალო ნივთიერებებს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება - სკიპიდარია. ის საინჰალაციოდაც გამოიყენება მათთვის, ვისაც ფილტვები აწუხებს. თავის მხრივ, სკიპიდარისგან მიიღება ტერპინჰიდრიტი, რომელიც ცნობილია როგორც საუკეთესო ამოსახველებელი საშუალება.
- ფიჭვის კვირტების ნახარშის დამზადებისას 10 გ ნედლეულზე 200 მლლ წყალი აიღეთ. მიღებული სითხე სვით თითო ს/კ დღეში 3-4-ჯერ. მაგრამ გაითვალისწინეთ - სანამ ფიჭვის ნახარშს მიიღებდეთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. მცენარის კვირტების მიღება დაშვებულია თირკმლის ზოგიერთი პათოლოგიის დროს; გარდა ამისა, შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
გოგრა
გოგრას მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. მისი რბილობი მდიდარია კაროტინით, C, B ვიტამინებით, ფოსფორმჟავით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმითა და რკინით. გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლების სამკურნალოდ; ეფექტიანი შარდმდენია, აჩქარებს თირკმლებიდან ქლორის გამოდენას.
- გაცილებით პოპულარულია გოგრის თესლი. მას იყენებენ შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროს, აგრეთვე - ჭიის კვერცხების, ჰელმინთიების (სოლიტერი, ლენტისებრი ჭიები) წინააღმდეგ. ჰელმინთიების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს თესლში შემავალ ძალზე იშვიათ ამინომჟავას. გოგრის თესლი მდიდარია ალკალოიდებით, გლიკოზიდებით, ცვილებით, ეთერზეთებით, E და B ვიტამინებით.
- სახლის პირობებში ჭიის საწინააღმდეგო საშუალება შემდეგნაირად მზადდება: 300 გ (მოზრდილთა დოზა) კანგაცლილი თესლი დანაყეთ, შემდეგ სანაყს გამოავლეთ 50-60 მლ წყალი და ესეც დანაყილ მასას დაასხით (გემოს მისაცემად შეგიძლიათ დაუმატოთ 100 გ-მდე თაფლი ან მურაბა). კარგად აურიეთ. მიიღეთ უზმოზე, მწოლიარე მდგომარეობაში, ერთი საათის განმავლობაში, მცირე ულუფებით. 3 საათის შემდეგ მიიღეთ საფაღარათო საშუალება, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ, შემდეგ ნახევარ საათში გაიკეთეთ ოყნა. საკვები უნდა მიიღოთ ოყნით გამოწვეული კუჭის მოქმედების შემდეგ.
- გოგრის თესლისგან მიღებული ზეთი უებარი საშუალებაა წინამდებარე ჯირკვლის ანთებისას.
სასწაულთმოქმედი ნიორი
ნიორი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ის შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, გოგირდშემცველ ნივთიერებებს, პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, რომლებიც ფიტონციდური თვისებებით გამოირჩევა და მუსრს ავლებს მიკრობებს.
- გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ნიორს საკვებად იყენებენ, ნივრის წვენს კი ცხვირში იწვეთებენ (2-3 წვეთი 3-ჯერ დღეში).
- იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ნივრისა და ვერმიშელის ნახარში გაცივების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
- ენერგიისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შემოგთავაზებთ ნარევს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: აიღეთ 150 გ ნიორი, 225 გ ხახვი, 450 გ თაფლი და 900 გ ვაშლის ძმარი. ნიორი და ხახვი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ ძმარი და რამდენიმე დღე ბნელ და თბილ ადგილას შეინახეთ. წამოადუღეთ თაფლი. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაუმატეთ ნივრისა და ხახვის მასა, კარგად აურიეთ და კიდევ რამდენიმე დღე ბნელ და თბილ ადგილას გააჩერეთ, შემდეგ კი საცერში გაწურეთ. მიიღეთ 4 ჩ/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე. მზა მასა მაცივარში შეინახეთ.
- ნიორი კბილის ტკივილსაც შველის. ნივრის ნაჭერი პირში უნდა გაიჩეროთ ათიოდე წუთი. მოგიხდებათ ხველებისას: 11 კბილი ნიორი და საშუალო ზომის ხახვი ხარშეთ 1 ლ რძეში, სანამ დარბილდება. გაფილტრეთ, დაუმატეთ გემოვნებით თაფლი. სვით შემთბარი, საათში ერთხელ, თითო ს/კ.