რა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მაყვლის ფოთლებს - გზაპრესი

რა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მაყვლის ფოთლებს

საქართველოში მაყვალი გავრცელებულია ტყის პირებზე, მდელოებზე, ბუჩქნარში, გზის, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირზე. არსებობს მაყვლის მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი საკვებად ვარგისია. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთოლი და ფესვები.

მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა); 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის); სათრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინს; კაროტინს; ასკორბინის მჟავას; ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი.

ფოთლები შეიცავს თრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს; ორგანულ მჟავებს; უმნიშვნელო რაოდენობით ეთერზეთს.

ფესვების შემადგენლობა საკმარისად არ არის შესწავლილი.

ნაყოფს აგროვებენ მისი სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში; შემდეგ აშრობენ 30-40 გრადუს ტემპერატურაზე. ფოთლებს აგროვებენ ზაფხულობით, მათი სრული განვითარების პერიოდში. აშრობენ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში.

ფესვებს თხრიან გვიან შემოდგომით; ასუფთავებენ, ჭრიან და აშრობენ.

მაყვლის ფოთლებისგან მზადდება ძალზე სასარგებლო და სასიამოვნო ჩაი. იმისათვის, რომ მიიღოთ ჩაის სუროგატი, ახალი ფოთლები მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში და მოახდინეთ მისი ფერმენტაცია. ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, რის შემდეგაც, თხელ ფენად გაშლილი, ჰაერზე გააშრეთ.

მაყვლის მწიფე ნაყოფი და წვენი გამოიყენება:

• წყურვილის მოსაკლავად;

• მაღალი ტემპერატურის დროს;

•  როგორც საფაღარათო საშუალება კუჭში შეკრულობის დროს;

• მკვახე ნაყოფი - როგორც შემკვრელი საშუალება;

• ნედლი ფოთლებისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევა, კლიმაქტერიული ნევროზის დროს.

• წინათ, გამომშრალი ნაყოფის ნაყენი და ნახარშები გამოიყენებოდა როგორც ოფლმდენი და შარდმდენი საშუალება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქმედებით ფოთლის ნახარშიც გამოირჩევა, რომელსაც გაცივების დროს იყენებენ.

ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს: 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 200 მლ (1 ჩ/ჭ) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათით, მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ, 20-30 წუთით ადრე.

ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ:

• ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როგორც ამოსახველებელ საშუალებას;

• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს;

• ანგინის დროს;

• ფარინგიტის დროს, გამოსავლებად.

ფოთლის ნახარშის საფენებს იყენებენ სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისებების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენის დროს, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი

წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში. კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ გამოიყენება აგრეთვე ფოთლებისგან მომზადებული ფხვნილი.

ზოგი ექიმი მიიჩნევს, რომ საფხვნილ ფოთლებს უკეთესი თვისებები აქვს, ვიდრე ნახარშს, ვინაიდან გამომშრალი ფესვების ნახარში შესანიშნავი შემკვრელი საშუალებაა. ფესვების ნახარშის მოსამზადებლად, 20 გ გამომშრალი ფესვები 500 მლ წყალში ადუღეთ 2-3 წუთი.

ხალხური მედიცინა სამკურნალოდ, მაყვლის ნაყოფისგან დაყენებულ დამტკბარ, გამთბარ ღვინოს იყენებს:

გაცივების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტის, ბრონქიტის, ანგინის დროს.

შემოგთავაზებთ ორ ძალზე სასარგებლო რეცეპტს:

1) 2 ს/კ მაყვლის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი. გადაწურეთ ნაყენი და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით, 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

2) 2 ს/კ მაყვლის დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით წყალი, გააჩერეთ 12 სთ (მთელი ღამე), შემდეგ ხარშეთ 3 წუთი; გააჩერეთ 5 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში, 150 მლ უზმოზე.