გერმანიაში ლეგენდარული განძი იპოვეს? - გზაპრესი

გერმანიაში ლეგენდარული განძი იპოვეს?

თქმულება

გერმანული ეპოსის თანახმად, ნიბელუნგების (ნიფლუნების) ნორვეგიულ სამეფო საგვარეულოში ორ ძმას დავა მოუვიდა. მათ ღმერთი ოდინისგან მემკვიდრეობით მიღებული საგანძურის გაყოფა ვერ შეძლეს და მომრიგებლად კამათში სამართლიანობით სახელგანთქმული რაინდი ზიგფრიდი მიიწვიეს. ისე მოხდა, რომ არც ერთ მოკამათეს რაინდის გამოტანილი ვერდიქტი არ ეამა და ამიტომ, ზიგფრიდის მოკვლა დააპირეს. ისინი მომრიგებელს ხმლებით დაესხნენ თავს. რა თქმა უნდა, მამაც რაინდს უკან არ დაუხევია და მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. როცა ინტრიგანებს ბოლო მოუღო, ზიგფრიდი ნიბელუნების ოქროს სრულუფლებიან მფლობელად იქცა. საგანძური მან შესანახად გნომების მეფე ალბრიხს გადასცა. უხრწნელი სიმდიდრის ტრანსპორტირება გნომთა გამოქვაბულებში დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ეპოსის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ასი ცხენოსანი ოთხთვალა განძს ადგილიდან ვერ ძრავდა. ზიგფრიდს სიმდიდრე მალე საკუთარი საცოლის - კრიმჰილტის (კრიმჰილდა) გამოსასყიდად დასჭირდა, რომელიც ბურგუნდიის მეფე გუნტერას და გახლდათ. მათი სასახლე ქალაქ ვორში მდებარეობდა.

GzaPressეპოსის ფინალი გვამცნობს, რომ მეფე გუნტერას ვასალმა, ჰაგენ ფონ ტრონემ (ან ფონ ტრონეგე) ზიგფრიდი მუხანათურად მოკლა, განძი გაიტაცა და რაინის ფსკერზე ჩამარხა. ქალაქ ვომრსში ახლაც დგას 1905 წელს აღმართული ქანდაკება, რომელიც ჰაგენის მიერ განძეულის რაინში ჩაძირვის სცენას გამოსახავს.

ზიგფრიდის ახალგაზრდა ქვრივმა - კრიმჰილტმა მოკლული მეუღლისთვის შური იძია და სასწაულმოქმედი ბალმუნგის ხმლით (რომელიც ადრე ზიგფრიდს ეკუთვნოდა) მკვლელს თავი მოჰკვეთა. ჰაგენმა "ოქროს სამარხის" საიდუმლო სამარეში ჩაიტანა.

ისტორიული გამოძიება

პირველად "ნიბელუნგების ოქროს" ძიებას ავანტიურისტებმა 1750-იან წლებში მოჰკიდეს ხელი. ამის საფუძველი XII საუკუნის გრაგნილთა პოვნა გახდა, რომელშიც V საუკუნის ამბები იყო მოთხრობილი. თუმცა, ისტორიკოსთა დახმარების გარეშე მათ არაფერი გამოუვიდოდათ. ასე გაირკვა, რომ გერმანულ ისტორიულ ეპოსში, რომელსაც "სიმღერა ნიბელუნგებზე" ჰქვია, რეალურ ისტორიულ პიროვნებებსა და მოვლენებზე იყო მოთხრობილი. მოვლენები დღევანდელი ფედერალური მიწების - რაინლანდ-პფალცის ტერიტორიაზე ვითარდებოდა, ბურგუნდიელ მეფეთა დინასტიის დასალიერს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, გუნტერას სამემკვიდრეო შემოგარენში კარგად ეკიპირებული განძის მაძიებელთა დანაყოფები გაჩნდა, რომლებიც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურთა წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. მითის მიმართ ამგვარი "რწმენის" ახსნა მარტივია: როცა მოკავშირეთა ხელში ორგანიზაცია "ანენერბე" ("წინაპართა მემკვიდრეობა") არქივები მოხვდა, გაირკვა, რომ ფიურერს გაგიჟებით სურდა "ნიბელუნგების ოქროს" პოვნა. გამორჩეულად კი უნდოდა ზიგფრიდის ლეგენდური ხმალი, რომელიც "ბალმუნგის" სახელით იყო ცნობილი. საინტერესო ფაქტია, რომ ისტორიკოსებმა ქაღალდის მთები დააყენეს იმის აღწერისას, თუ როგორ სურდა ჰიტლერს "საბედისწერო ლახვრის" "ძველთაძველი ზეიარაღის" აღმოჩენა.

GzaPress"ანენერბეს" მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ ლეგენდარული სამარხის სავარაუდო ადგილმდებარეობა, თუმცა, მხოლოდ სამარხის და არა - ხმლის.

თუ XVIII ს-ში რესტავრირებულ "სიმღერა ნიბელუნგებით" ვრწმუნდებით, რომ ჰაგენმა საბედისწერო ოქრო ან ხეობაში, ფლატეს ქვეშ გადამალა, ან რომელიღაც ხვრელში, რაინის ნაპირებთან. სწორედ ასე შეიძლება გადმოითარგმნოს სიტყვა Lოცჰ ("ლოხ"), რომელიც 1755 წლიდან ეპოსის ხელახალ გამოცემებშიც ჩნდება. "ანენერბეს" მეცნიერებმა კი "წმიდათაწმიდაში" შეიხედეს - განცალკევებული ორიგინალებში, რომლებიც XII საუკუნით თარიღდება - და დააზუსტეს, რომ საქმე ეხება არა Lოცჰ-ს, არამედ Lოცჰე-ს. გამოდის, რომ ათობით მეცნიერს, რომელიც XII ს-ის მანუსკრიპტის რესტავრაციით იყო დაკავებული, "გამორჩა" ასო "ე". რის შედეგადაც დასახლებული პუნქტი "ლოხე", რომელიც ბურგუნდიელ მეფეთა საგვარეულო მამულთან 20 კილომეტრში მდებარეობს, "ხვრელად" მიიჩნიეს? არსებობდა თუ არა ფარული შეთანხმება, რომ "ნიბელუნგების ოქროს" შენახვის ადგილი იმდროინდელი საზოგადოებისთვის დაეფარათ? ეს ალბათ კონსპიროლოგთა განხილვის საგანია. ყურადღებას იქცევს ფაქტი: მოკავშირეთა "სპეცარქეოლოგები" სწორედ "ჰაგენის ხევის" გამოკვლევას შეუდგნენ, რომელიც V საუკუნიდან მოყოლებული ცნობილი იყო, როგორც ლოხე, შემდეგ - როგორც ლოხაიმი, ხოლო დღეს უკვე აღარ არსებობს.

"ბენი-ს"-ს და არქეოლოგიის "ჯეიმს ბონდები"

დღეისთვის რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწებზე განძის მაძიებელთა მიმართ ყველაზე მკაცრი კანონები მოქმედებს. თუ ვინმე შემთხვევით რაიმე სიძველეს წააწყდა, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ზედმეტი მოძრაობა ნიჩბით და - სიძველეთა მაძიებელი ქურდად ჩაითვლება, მასზე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, დაეკისრება ჯარიმა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთაც ელის.

როცა ომის შემდგომ პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოკავშირეთა მხრიდან "ნიბელუნგების ოქროს" საძიებელი გათხრების შესახებ შეიტყო, მაშინვე დაფაცურდა და შესაბამისი კანონები აამოქმედა, რის შედეგადაც ამერიკელი და ბრიტანელი "სპეცარქეოლოგები" უკუგდებულნი აღმოჩნდნენ. ყოველივედან გამომდინარე, ინფორმაციის გაჟონვა მაინც მოხდა და 1950-იან წლებში, მიუხედავად მკაცრი ადგილობრივი კანონებისა, რაინლანდ-პფალცის მიწა ოქროსმაძიებელთა მექად გადაიქცა. ადამიანებმა იცოდნენ, რისთვის მიდიოდნენ რისკზე. ყოფილი ლოხეს მიდამოებში ზედიზედ პოულობდნენ ოქროს მონეტებს და სამკაულებს, რომლებიც სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნებოდა, რასაც "სიმღერა ნიბელუნგებზე" მოუთხრობდა. მოარული ხმებით, ეს განძი ვორმსიდან ბედშავ "ხვრელში" გადატანისას ოთხთვალებიდან ჩამოუცვივდათ.

2014 წლის გაზაფხულზე, როცა მოყვარულმა განძის მაძიებელმა, ვინმე "ბენი-ს"-მ აღნიშნულ ტერიტორიაზე განძეულის მთელი გროვა აღმოაჩინა (ოქროსა და ვერცხლის მოსართავები, რიტუალური ნივთები, სხვადასხვა ფიგურა, რომლებიც V საუკუნით თარიღდება), ნაწილი ოსტატურად იქვე, მიწაში ჩამალა, ნაწილი კი სახლში წაიღო და ამის შესახებ მთელ ინტერნეტს აუწყა. მან Yოუ თუბე-ზე განათავსა ვიდეო, სადაც თავს იწონებდა როგორც ისტორიული საგანძურის აღმომჩენი. ამგვარად, ინფორმაცია "ნიბელუნგთა ოქროს" აღმოჩენის შესახებ პირველად გერმანული კიბერპოლიციის მონაპოვრად იქცა, შემდეგ - რაინლანდ-პფალცის ხელისუფლების. აღმომჩენს ციხე და ჯარიმა ემუქრება, რომელსაც ის ალბათ ვერასდროს გადაიხდის, რადგან ბენის აღმოჩენის საფასური, ექსპერტთა გამოთვლებით, რამდენიმე ათეული მილიონია.

GzaPressრაინლანდ-პფალცის მთავარი არქეოლოგი, დოქტორი აკსელ ბერგი დარწმუნებულია: "საგანძურის ადგილმდებარეობა და ასაკი შეესაბამება გერმანულ ეპოსში აღწერილ ნიბელუნგთა განძეულს".

კიდევ ერთი ირიბი ფაქტი, რომელიც შარშან გაზაფხულზე რაინზე მომხდარ სენსაციას მეტ სიმძაფრეს მატებს: განსხვავებით სხვა გერმანელი ოქროს მაძიებელთაგან, "ბენი-ს"-ის ნამდვილი მონაცემები საზოგადოებისათვის დაფარულია და შეიძლება ითქვას - გასაიდუმლოებულიც. "იღბლიანი ბენის" პორტრეტიც ყველა გერმანული ონლაინ-გამოცემიდან (რომლებიც თავიდან მას ხალისით აქვეყნებდნენ) უსწრაფესად გაქრა.

ზიგფრიდის საუნჯე

"ნიბელუნგების ოქროს" ყველა დროში ჰყავდა მისი არსებობის დამცველებიცა და სკეპტიკოსებიც. რაც მთავარია, ორივე მხარეს კარგად გათვითცნობიერებული პიროვნებები იდგნენ. მაგალითად, ერთ-ერთ კრიტიკოსად გამოჩენილი გერმანელი პოეტი ჰაინრიხ ჰაინე გვევლინება, რომელმაც თავის რამდენიმე თხზულებაში დაცინვით მოიხსენია ე.წ. "ოქროს გვირგვინი". აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნიდან მოყოლებული, როცა გერმანელები ზიგფრიდის განძის ძიებას შეუდგნენ, ადგილობრივი ავანტიურისტები ქარაგმულად მას სწორედ "ოქროს გვირგვინად" მოიხსენიებდნენ, რადგან ნამდვილი სახელის წარმოთქმა სახიფათოდ ითვლებოდა. ადამიანებს სწამდათ, რომ განძეულის ნამდვილი სახელით მოხსენიება უბედურების მომტანი იყო და მის პირველ დასტურად თავად ზიგფრიდის ბედი მიიჩნეოდა.

საქმე ისაა, რომ ჰაინე საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგომი მასონი გახლდათ, რომელიც ამ საგანძურის აქტიურად მაძიებელთა საძმოს მიეკუთვნებოდა. ასე რომ, მის ირონიას შეიძლება, ორმაგი მნიშვნელობაც ჰქონდა: ან მართლა იცოდა, რომ მსგავსი არაფერი არსებობდა, ან, როგორც "თავისუფალი ქვისმთლელის" ავტორიტეტის მქონე პერსონა, მრავალრიცხოვან კონკურენტს ამ გზით იშორებდა.

გამოჩენილი კომპოზიტორი რიჰარდ ვაგნერი კი ჭეშმარიტად დარწმუნებული იყო ზიგფრიდის საგანძურის რეალურობაში. როგორც ცნობილია, მან ამ თემაზე ცნობილი ოპერა "რაინის ოქრო" დაწერა. ამ შემთხვევაში, კომპოზიტორის რწმენა სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებზე იყო დაფუძნებული, რომელიც გერმანელ ტრადიციონალისტებს ჰქონდათ. ვაგნერი მათთან მეგობრობდა. გერმანელ ტრადიციონალისტთა გამოკვლევებმა, რომლებმაც კომპოზიტორის შთაგონება გამოიწვია, დღევანდელ გერმანიაში მეორე სიცოცხლე პოვა.

ისტორიკოსთა ვარაუდები

ისტორიკოსი ულრიხ ჰიმელმანი, რომელიც თავის მხრივ სკეპტიკურად ეკიდება "ბენი-ს"-ის მიერ მაინცდამაინც ზიგფრიდის განძის პოვნის საკითხს, ამასთან ვარაუდობს, რომ გერმანიის წიაღში შესაძლებელია, არანაკლები მნიშვნელობის საგანძური ინახებოდეს, რაც დასაშვებია, იმ ისტორიულ პერიოდს განეკუთვნებოდეს, რომელზეც "სიმღერა ნიბელუნგებზე" მოგვითხრობს. ის ამბობს: "რომის დაცემის პერიოდში გერმანელები ყოფილი რომის მიწებზე შეიარაღებულრ აზმებად დაიარებოდნენ. ისინი რომაელებსაც ძარცვავდნენ და ერთმანეთსაც. შემდეგ ამ ძვირფასეულობას მალავდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მას მშვიდობიან დროს გამოიყენებდნენ.

ამ ვერსიას ქალაქ მაინცის მკვიდრი, ისტორიკოსი და არქეოლოგი ჟანს იორგ იაკობიც იზიარებს. მან ცხოვრების 73 წლიდან 40 წელი სწორედ "ნიბელუნგების ოქროს" ძიებას შეალია. არქეოლოგი ემხრობა აზრს, რომ ლეგენდური ჰაგენი ერთ-ერთი რაზმის რეალური წინამძღოლი იყო, რომელიც რომაელებს ძარცვავდა. მაშასადამე, "ზიგფრიდის განძი" იმ ძვირფას ნივთებს მიეკუთვნება, რაც გერმანელებმა რომაელებისგან ალაფის სახით მოიპოვეს.

გერმანელ ისტორიკოსთა აზრით, ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ მრავალ რარიტეტს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციამ ოდესმე ამოიღო (მათ შორის, უმთავრესად "ბენი-ს"-გან, მაგალითად, ცერემონიისთვის განკუთვნილ ვერცხლის ლანგარს), ჩეხის ნიშნები აქვთ, რაც საბრძოლო ცულის დარტყმით იყო მიყენებული. სწორედ ასე "სამართლიანად" იყოფდნენ ძველი გერმანელები ნადავლს.

რაინი რამდენჯერმე ხელისუფალთა ხელშეწყობითაც გამოიკვლიეს. საქმეში პროფესიონალი მყვინთავები ჩართეს, მაგრამ - ამოდ. ჰანს იორგ იაკობი რაინში თავდაპირველი სამხედრო სამუშაოების უნაყოფობას ასე ხსნის: "გასული საუკუნეების მანძილზე ლანდშაფტი ძლიერ შეიცვალა. ასე რომ, თუკი განძი ოდესმე მაინც მდინარეში შეინახეს, ახლა, რაინის მიმართულების ცვლილების გამო, ის ხმელეთზე, ჩემი მონაცემებით, სადმე 25 მეტრის სიღრმეზე უნდა ვეძიოთ".

გერმანიის სიმბოლიკაში ჩადებული იდეა

როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე წარმოიშვა დღევანდელი გერმანიის ნაციონალური დროშის შავი-წითელი-ყვითელი ფერები?

რომანტიკოსმა მხატვრებმა (როგორიც იყო, მაგალითად, მორიც ფონ შვინდი) იმ წლებში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ერთიანი გერმანული სახელმწიფო, შეიმუშავეს ნიბელუნგების საგანძურის სიმბოლიკა - ხსენებული "ოქროს გვირგვინი", შავი-წითელი-ყვითელი ტილოს ფონზე და ის ერთიანი იმპერიის ნიშნად გადაიქცა.

XIX ს-ის შუახანს მას ფართოდ იყენებდნენ იმდროინდელი რევოლუციონერებიც, რომლებიც გერმანიის დანაწევრების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ახლა საშუალო სტატისტიკურ გერმანელს ეს ნაკლებად ახსოვს და ვარაუდობს, რომ მის ნაციონალურ დროშაზე გამოსახული ფერები სიმბოლიზებს "კეთილდღეობას, რომელიც ბრძოლითა და დაჟინებული შრომით მიიღწევა".

მოამზადა ირინა ჯანდიერმა