უსათაურო - გზაპრესი

უსათაურო

ატყდება ახლა ამბავი: არ გინდივართ და წადი, შენი ასე და ისეო...

ჯერ ნუ განმსჯით, იქნებ მიზეზი მაქვს?!

არადა, მაქვს! თანაც, ორი მიზეზი, ორი საპატიო მიზეზი!!!

პირველი: შვებულებაში ვარ სხვა სამსახურებიდან და "გზას" ფეხებზე ჰკიდია ჩემი შვებულება, მაინც უნდა ვაგზავნო ამ გვერდის მასალა და მეორე (უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი): წინა ორი "პროვოკაცია".

შეგახსენებთ: ორი კვირის წინ, შევარდნაძის დაკრძალვაზე დავწერე, - არა უშავს, თუკი მიწას მიაბარებენ, საფლავს ყველა იმსახურებს-მეთქი და მკითხველთა დიდმა ნაწილმა "მოქკავშირელობა" დამაბრალა; წინა კვირას კი ვწერდი, - სააკაშვილის დანაშაულებებისა მეც მჯერა, მაგრამ კარგი იქნება, თუკი სასამართლო ისე დაამტკიცებს ამას, რომ ვერავინ შეედავოს-მეთქი. აუუუ! - შენ ოჯახზე გამოგეცადა ცოცხები და მაშინ აღარ იქნებოდი "მიშისტიო"... ძალიან ვინერვიულე იმის გამო, რომ თურმე, ამდენი შტერი კითხულობს ამ გვერდს...

აი, ბატონებო (ობიექტურ მკითხველს მივმართავ), ხომ მქონია მიზეზები, რომ ცოტა ხნით დასვენება მინდოდეს თქვენგან?..

კარგი, მიზეზი მიზეზად, აზრი არ აქვს, მაინც უნდა ვიმუშაო, მაგრამ ახლა ყოველ სიტყვას ავწონ-დავწონი, რომ არც მწვადი დავწვა და არც - შამფური. "ჩიხურა"-"ნეფთჩის" თამაშზე ვილაპარაკებ; "რუსთავი 2"-ის "სკანდალურ" ინტერვიუზე ვისაუბრებ (კოდუასთან ჩაწერილ ინტერვიუს ვგულისხმობ); ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ათი წლის წინანდელი დანაშაულის გახსნაზე ვიმსჯელებ... გავლანძღავ ისევ "ნაცებს" და ვიქნები ისევ "სამართლიანი" და "ჩვენი საყვარელი" პროვოკატორი...

ჰა? რას იტყვით? საინტერესო იქნება?

კი, ბატონო, ვისაუბროთ ისევ ამ ამბებზე და კიდევ სამი ან ხუთი წელი ვლანძღოთ "ნაცები", მიშა, ვანო, ახალაიები და სხვა პოლიტიკური გვამები ან "საგვამედ გამზადებულები".

მერე, პრინციპი?! ჩვენი პრინციპია (ვისაც ახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, "გზის" პირველი ნომრიდანვე), რომ ამ გვერდზე, ყველამ პირში წყალი რომ ჩაიგუბოს, ნებისმიერი მთავრობისას, დაიწეროს ხელისუფლების სამართლიანი კრიტიკა (ცხადია, არა მხოლოდ ეს) და არავითარ შემთხვევაში მაამებლური მარაზმი!

დავიკიდოთ? და ამ დროს სხვები დაწერენ უფრო საინტერესო და აქტუალურ ამბებს: გურამ ოდიშარია რომ პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა (დეჟა-ვუ: მოხსნილი მინისტრების მთლად ულუკმაპუროდ არდატოვების "ტრადიცია"); კიდევ უფრო "უკეთესი" დანიშვნები თბილისის გამგებლებად (დედას გეფიცებით, მაგათგან ერთმა წერა-კითხვა მთლად კარგად არ იცის, დიდი ხანია ვიცნობ); თბილისის თითქმის ყველა უბანში დენისა და წყლის, ხოლო სოფლებში მხოლოდ დენის (რადგან წყალი ისედაც არ არის) გახშირებულ-გახანგრძლივებული გამორთვები; საღორეებად ქცეული და რემონტშეჩერებული საავადმყოფოები, სადაც "მამა-პაპური ტრადიციისამებრ", სანიტრები "სუდნოს" არ აღირსებენ პაციენტს, ხოლო ექთანი სიცხეს არ გაუზომავს, ვიდრე "ჯიბეში არ ჩაუცურებ" და ფეხებზე ჰკიდიათ, რომ რამდენიმე ათასი გადახდილია საყოველთაო დაზღვევის მიერ (ვინმეს ხმა არ გავიგო საწინააღმდეგოდ, ახლა, ამ მომენტში, ამ დღეებში საკუთარ ნანახ-გაგონილზე გესაურებით) და ა.შ.

არ ვისაუბროთ ამაზე? კარგი, შევთანხმდით: წავედით შევარდნაძის ამოსათხრელად და მერე იქიდან გამოვიაროთ მოსამართლესთან მადლობის სათქმელად, რომ სააკაშვილზე სანქცია გასცა! და გვეშველება! (???)

ჰო, მართლა: სათაურს არ ვაწერ დღევანდელ "პროვოკაციას" - შვებულებაში ვარ და რაღაცაში ხომ უნდა "ვიშეღავათო"?!

P.S. იმედია, იმ წინა ორი "პროვოკაციის" კომენტატორები ისევ არ გააგრძელებენ სულელურ კომენტარებს და ზემოთ მოყვანილ უტრირებულ ახსნა-განმარტებაზე არ გადაირევიან: შევარდნაძეზე ეგრე კი არა, ასე თქვი და სააკაშვილის დაჭერაზე კი - ისეო!

მათ ვურჩევ, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი "პროვოკაციები" მოიძიონ და მერე ირტყან გულზე მჯიღი (საჯარო ბიბლიოთეკაშია "გზის" ყველა ნომერი, თან, გრილა იქ და სხვა სასარგებლო რამის წაკითხვაც შეიძლება).