"თექის მომთვინიერებელი" მხატვარი - გზაპრესი

"თექის მომთვინიერებელი" მხატვარი

ამბობს, რომ პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, ეს ხელს არ უშლის, სხვა არაერთ შემოქმედებით პროცესში იყოს ჩართული - ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ვორკშოფებსა თუ გამოფენებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომზე, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ღონისძიებას. გარდა ამისა, ის სახელოვნებო სკოლას ხსნის, რომელიც ფუნქციონირებას გაზაფხულზე დაიწყებს...

- ანა, უჩვეულოა, მაგრამ თქვენი ოჯახის ყველა წევრი მხატვარი და არქიტექტორია. მხატვარ-არქიტექტორები ოჯახის წინა თაობის წარმომადგენლებიც ხომ არ იყვნენ?

GzaPress- ჩვენი ოჯახის "შემოქმედებითი ისტორია" ბაბუიდან იწყება. ივანე ლაღიძე მხატვარი გახლდათ. პედაგოგიურ სასწავლებელში დეკანი იყო, ასწავლიდა აკადემიაშიც. ასევე მხატვარი და არქიტექტორი, არაერთი არქიტექტორული წიგნის ავტორი იყო მამა, ნიკო ლაღიძე. მართლაც უცნაურია, მაგრამ იგივე ორ პროფესიას ფლობს დედა და ჩემი ძმა, ვანოც. მე და ვანომ აკადემიაში ერთად ჩავაბარეთ არქიტექტურის ფაკულტეტზე. ახლა ორივე დოქტორანტები ვართ. მე ურბანისტიკის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე სამეცნიერო თემაზე ვმუშაობ, რომელიც თბილისის ლანდშაფტის განვითარებას შეეხება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე ნაშრომის გაკეთება. იმედია, ინტერესს გამოიწვევს. ჩემი ძმა სადოქტოროს პარალელურად ინტერიერის დიზაინზე მუშაობს. დედა ჟურნალ "სტილის" რედაქტორი და არქიტექტორთა ასოციაციის დირექტორია. გახლავთ წიგნის ავტორი, რომელიც თანამედროვე არქიტექტორების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხება.

- ოჯახი "შემოქმედებით საბჭოს" ხშირად აწყობს ხოლმე?

- აუცილებლად (იცინის). როცა ოჯახის რომელიმე წევრი რაღაც ახალს ქმნის, ოჯახის საბჭო იკრიბება და ნამუშევარს აფასებს.

- ესკიზს თავად ქმნი და შემდეგ ნახატი თექაში გადაგაქვს. თუ იცნობ სხვა მხატვარს, ვინც ამას აკეთებს?

- ასეთი მე პირადად არ შემხვედრია. სველი თელვით ხშირად აკეთებენ, მაგრამ მშრალი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, საშუალოდ, ორმეტრიანი ნახატის ყველა წერტილს ნემსით უნდა შეეხო, ძალიან შრომატევადია.

GzaPress- არსებობს იმ საერთაშორისო გამოფენების საკმაოდ ვრცელი ნუსხა, სადაც მონაწილეობა მიგიღია. საქართველოში ბევრი ნიჭიერი მხატვარი არ არის განებივრებული საზღვარგარეთიდან ინტერესით. როგორ გაიჭრა გზა საზღვარგარეთ შენი ნამუშევრებისთვის და რა არის ამ წარმატების მთავარი ფორმულა?

- მთავარი ფორმულა, ალბათ, ჩემი ზოგადი აქტიურობა და ინტერნეტის სწორად გამოყენება გახლავთ. დღე არ გავა, რაიმე არ დავხატო და ელექტრონული ფოსტით რომელიმე გალერეას ან აგენტს არ დავუკავშირდე. მთავარია, ინტერნეტსივრცე სწორად გამოიყენო და არ გაჩერდე. შეიძლება არ იყო დიდი მხატვარი, მაგრამ ვფიქრობ, ინტერნეტის მიზანმიმართულად გამოყენება მთავარია. შეიძლება ერთ დღეს არ დაინტერესდნენ, რამდენიმე დღეში კი იგივე წერილზე დადებითი პასუხი მოგივიდეს. არ უნდა დაგეზაროს ინტერნეტით "ვირტუალური გამოფენების" გამართვა. მე პირადად, მუდმივად ვდებ ახალ ფოტოებს, ნამუშევრებს. ნელ-ნელა კონტაქტები თავისთავად ყალიბდება და დაინტერესებაც იზრდება. შარშან აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიყავი. აზერბაიჯანში მხატვრები იაპონიიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, ალბანეთიდან და ალჟირიდან ჩავიყვანე. ამის ორგანიზება მიმოწერითა და ინფორმაციის ვირტუალური გაცვლით მოხდა. თურქეთში წასულმა რამდენიმე ქართველმა ქალმა მხატვარმა ერთი ჩეხი მხატვარი გავიცანით. მან თავის ქვეყანაში მიმიწვია. სულ სამი მხატვარი ვიყავით - იაპონიიდან, უკრაინიდან და მე - საქართველოდან. მეტად მრავალფეროვანი გამოფენა იყო თავისი კონცერტითა და ვორკშოფით. გამოფენები პრაღასა და ოსტრავაში მოეწყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კომერციული თვალისაზრისითაც - წაღებული ნამუშევრებიდან ყველა შეიძინეს.Aთექაზე მუშაობის სასწავლებლად პრაღიდან ახლაც მაქვს მიწვევა.

- საკმაოდ ახალგაზრდა ხარ. შენი პირველი სერიოზული პერსონალური გამოფენა კი 1997 წელს იყო...

- დიახ, ეს გამოფენა სახელწოდებით "ფერადი სიზმრები" ე.წ. "ცისფერ გალერეაში", ვანოსთან ერთად მქონდა. მას შემდეგ მართლაც ხშირად ვმონაწილეობ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა თუ კონკურსებში. წელს ჩემს პერსონალურ გამოფენას "ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ" დავარქვი. გამოფენილი იყო მშრალი თელვის ტექნოლოგიით თექაში შესრულებული აბსტრაქტული ნამუშევრები. ძირითადად, აბსტრაქციაში ვმუშაობ.

- შენი უახლოესი გეგმები რას მოიცავს?

GzaPress- რა თქმა უნდა, კვლავ იგივე მიმართულებით აქტიურობას... გარდა ამისა, საერთაშორისო სახელოვნებო სკოლას ვხსნი და ახლა მის პროგრამაზე ვმუშაობ, რომელმაც იქ სწავლის ნებისმიერი მსურველის ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს. ყველა ასაკის ადამიანს ექნება საშუალება, ხატვა, ხაზვა, თექა, ლანდშაფტის არქიტექტურა და ხელოვნების ისტორია შეისწავლოს. ამით მინდა ხაზი გავუსვა, რომ არასოდეს არაფერია გვიანი. საგნებს ჩემი ოჯახის წევრები ასწავლიან. სკოლა გაზაფხულზე ან ზაფხულში გაიხსნება. ჩატარდება მასტერკლასები, ხშირად გავიყვან მოსწავლეებს ადგილობრივ, შიდა ყოველსემესტრულ და საერთაშორისო გამოფენებზე.

შორენა ლაბაძე