რომელ პერსონაჟს ჰგავს თინა მახარაძე? - გზაპრესი

რომელ პერსონაჟს ჰგავს თინა მახარაძე?

პრეამბულის მაგიერ

- არის თვისებები, რომელიც დროთა განმავლობაში გიყალიბდება და არის ის, რაც უბრალოდ, მოგდგამს. რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობ.

- ოჯახში ხედავდი, როგორ კითხულობდნენ უფროსები და მოგინდა, შენც იგივე გაგეკეთბინა?

- რა თქმა უნდა, ამას ვხედავდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ წიგნებისადმი სიყვარული მხოლოდ ამ ფაქტორმა არ განაპირობა. ჩემები უსმენდნენ მუსიკას, რომელსაც მე არ ვუსმენ, არ მიყვარს.

- ახლა რას კითხულობ?

- ახლა ვკითხულობ სკოტ ფიტცჯერალდის მოთხრობებს ინგლისურ ენაზე, რომელიც არ მქონდა წაკითხული; ფამუქის "მდუმარე სახლს" მეგობრისგან ვითხოვე; ეარსა კიტის ავტობიოგრაფიასა და იაპონურ მინიატიურებს.

- პოეზია?

- მიყვარს და ხშირად ვკითხულობ. რობერტ ბერნსზე ვგიჟდები. მურმან ლებანიძეს იდეალურად აქვს ნათარგმნი. ბერნსის შემოქმედება ორიგინალშიც მაქვს წაკითხული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველ შოტლანდიურ დიალექტზე წერდა. პირველად ორიგინალში კითხვა რომ დავიწყე, ინგლისში ვიყავი. ძალიან რთული მომეჩვენა. იქაურებს ვთხოვე, აეხსნათ, რა რას ნიშნავდა. მათაც უჭირდათ, მაგრამ გამაცნობიერეს. მერე გავიწაფე. ძველ შოტლანდიურ დიალექტურ სიტყვებს ძალიან კარგად ესადაგება ქართული სიტყვები. მაგალითად "კუტი კარის მხრიდან მოდი, არ მოადგე ჭიშკარს". იმდენად ხშირად ვკითხულობ, ზეპირადაც მამახსოვრდება.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ნაბუკოვის "ლოლიტას" ჰუმბერტ ჰუმბერტთან. შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო ტიპია. ასტრიდ ლინდგრენის ყველა პერსონაჟთან ვიმეგობრებდი. არნონ გრუნბერგის სამივე პერსონაჟთან, წიგნიდან - "სტატისტები".

- ქართველი ავტორების გმირებთან არ იმეგობრებდი?

- დოჩანაშვილის პერსონაჟებს ავირჩევდი.

- შენი თავი რომელი პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- ლინდგრენის ჩორვენს ვაგვარ. ერთი პატარა, აუტანელი, მაგრამ საინტერესო გოგოა, რომელიც ბევრს ლაპარაკობს.

- წიგნი მოგიპარავს?

- ბავშვობაში ბათუმში ვისვენებდი. იქ ბალზაკის მოთხრობების კრებულის კითხვა დავიწყე. ჩემი არდადეგები ისე დამთავრდა, ამ წიგნის ბოლომდე წაკითხვა ვერ მოვასწარი და ხელს გამოვაყოლე.

- სადაური წარმოშობის სიტყვაა "ციფრი"?

- არაბული.

- რა ეწერა მსოფლიოში სახელგანთქმული თეატრის - "გლობუსის" თავზე მოფრიალე დროშაზე?

- არ მახსოვს.

- "მთელი მსოფლიო სცენაა". რომელი სასახლე ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ სასახლედ, სადაც მეფეები და დედოფლები ისევ ცხოვრობენ?

- ლოგიკურად რომ ვიმსჯელო, რომელიმე მონარქიულ სახელმწიფოში უნდა იყოს (პაუზის შემდეგ), უინძორების სასახლე ხომ არა?

- დიახ. ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლე.

- ამ ძაღლის ჯიში სად გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც მოხვდა საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის ყურის სანაპიროზე. ამ ჯიშის სახელი ნაწარმოებია ყურის სანაპიროს სახელიდან. დიდი ხნის მანძილზე ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან, დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელე, რომელი ჯიშის ძაღლზეა ლაპარაკი?

- დალმატინელზე.

- 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული.

- პიკასო.

- როგორ კანონებს უწოდებდნენ ძველი ბერძნები დრაკონულს?

- სასტიკს? არა, ვერ გიპასუხებ.

- სისხლით დაწერილს. "თუ მოგატყუებენ, ეცადეთ, რომ უფრო მაგრად მოატყუოთ". საფრანგეთის რომელი მეფე არიგებდა თავის ელჩებს ამ სიტყვებით?

- მაგათ ხომ ბევრი ლუდოვიკო ჰყავდათ.

- ლუდოვიკო XV. "ჩვენ ძველებმა ახლა კალამი ძირს უნდა დავსდვათ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ". ეს სიტყვები...

- ...(მაწყვეტინებს) ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

- დიახ. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი, ჯონ როკფელერი ახალგაზრდობაში ამბობდა: "ორი დიდი სურვილი მაქვს: გამოვიმუშაო მილიონი და ვიცხოვრო 100 წელი". აისრულა თუ არა მან ორივე სურვილი?

- მილიონი კი არა, მილიარდი გამოიმუშავა, 100 წელი იცოცხლა თუ არა? არა.

- 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, მედიცინა - საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისგან, მივდივარ და მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან". დაასახელე ამ სიტყვების ავტორი.

- (იცინის) არ ვიცი.

- ანტონ ჩეხოვი. ცნობილია, რომ მას რუსეთში ფანების საკმაოდ დიდი არმია ჰყავდა. რას ეძახდნენ მათ?

- ანტონოვკებს.

- რომელი ცნობილი ქართველი პოეტი ამბობდა: "ანგელოზი მკარნახობს, თორემ ლექსების წერისთვის სად მცალიაო"?

- გალაკტიონ ტაბიძე.

- ერთ დღეს პარკის ბილიკზე სეირნობისას, გოეთეს შეხვდა კრიტიკოსი, რომელიც მისდამი ცუდად იყო განწყობილი. - მე სულელებს გზას არ ვუთმობ, - განუცხადა კრიტიკოსმა. გოეთეს პასუხით კი კრიტიკოსი გაწბილებული დარჩა. რა უპასუხა მან?

- "მე კი პირიქით".

- მის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. საფრანგეთის მთავრობამ კი მიიღო წერილი, რომელსაც ხელს ინტელიგენციის 40-მდე წარმომადგენელი აწერდა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც შემდგომ მაინც განხორციელდა. ეს იყო...

- ეიფელის კოშკი.

- რომელი ნივთიერება სწევს თოვლის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- მაგ სფეროში ძალიან სუსტი ვარ.

- რთული კითხვა არ არის.

- შეიძლება, მაგრამ პასუხი არ ვიცი.

- მარილი. "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ დამერწმუნებინა ჩემი ცოლი, ჩემზე დაქორწინებულიყო". რომელი ცნობილი ინგლისელი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?

- ვერ ვიხსენებ. მასზე დამატებით რამეს თუ მეტყვი, შეიძლება გამოვიცნო.

- მემუარებში წერდა, რომ მას მშობლები არასდროს მიჰფერებიან. სამაგიეროდ, ძიძას აღმერთებდა და კაბინეტში მისი სურათი ეკიდა. ის იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

- მივხვდი, უინსტონ ჩერჩილზეა ლაპარაკი.

- დაასახელე ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც თეატრში გოგი გეგეჭკორმა, ხოლო კინოში იმედა კახიანმა განასახიერა.

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, დავით კლდიაშვილის პერსონაჟია.

- პლატონ სამანიშვილი.

- რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე დიდხანს: დათვი, კატა, ძაღლი თუ სპილო?

- სპილო.

- რიგში დგას 25 ბავშვი. მერამდენე ბავშვი დგას შუაში?

- როგორ თქვი? (კითხვის გამეორების შემდეგ) მე-13.

- იყო თუ არა ჰიტლერი ვეგეტარიანელი?

- იყო და როგორც ვიცი, ძალიან კარგად ხატავდა.

- რა ჰქვია კათოლიკური ეკლესიის დედათა მონასტრის წინამძღვარს?

- იღუმენი.

- ცდები.

- ვერ ვიხსენებ.

- აბატისა.

- ა! ვიცოდი კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღოლს აბატი ჰქვია.

- მეცნიერულად მას ფილემატოლოგია ჰქვია. რაზეა ლაპარაკი?

- ზუსტად არ ვიცი, სიყვარულისმაგვარ რაღაცაზე?

- კოცნაზე. "...შემდეგ კი თვალყურის დევნება, რომ მეცნიერება არ დარჩეს მკვდარ სიტყვად და მოდურ ფრაზად". - ამ სიტყვებით ბოლოვდება ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი. როგორ იწყება იგი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ამ გამონათქვამის ავტორი ლენინია.

- "სწავლა, სწავლა და სწავლა"... თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"