იზოლენტა დეიდა და კაპრონ "პარმენიჩი" ანუ ვის აგინებენ უცნაურსახელიანი ადამიანები - გზაპრესი

იზოლენტა დეიდა და კაპრონ "პარმენიჩი" ანუ ვის აგინებენ უცნაურსახელიანი ადამიანები

რეპორტაჟი სასაფლაოდანაა, ამიტომ ჩემი მასალის პერსონაჟთა გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ და თუ ვინმე მაინც ამოიცნობს თავის ახლობელს, სულგრძელად მაპატიოს და ნუ შემაჩვენებს...

მოკლედ, მეგობარს ქმრის ბებია გარდაეცვალა - 100 წელიწადს მიღწეული პასიკო და მის გასვენებაში გახლდით. სანამ სასაფლაოზე სავალდებულო რიტუალი ტარდებოდა, ცნობისმოყვარეობამ გვერდზე გამახედა და... გვირილა გოგირდის ასულის საფლავი დავინახე. ქალბატონი 1929 წელს დაბადებულა. გვირილა კიდევ ჰო, მაგრამ მამამისს გოგირდი რომ დაარქვეს, ნეტავ თუ იცოდნენ მაშინ ამ ქიმიური ნივთიერების არსებობის შესახებ?

იქვე, 1948 წელს გარდაცვლილი და-ძმის საფლავი აღმოვაჩინე: "დავტირით უდროოდ დაღუპულ და-ძმას - ფრანიკო და ფარნიკო მ-ძეებს". ნეტავ, მათი ნათლია ვინ იყო და საიდან მოიტანა ეს სახელები?!

გვარი რომ არ ჰქონოდა ქართული, ვიფიქრებდი, მომდევნო საფლავში ტყვედ ნამყოფი გერმანელი განისვენებდა. მით უმეტეს, რომ 1945 წელს გარდაცვლილა - ზიგმუნდ ვაგნერის ძე... ის მაინც თუ იცოდა ნათლიამ, რომ ვაგნერი სახელი კი არა, საკმაოდ გავრცელებული გვარია გერმანიაში?

1975 წელს გარდაცვლილი, 15 წლის გოგონასათვის ცუგა დაურქმევიათ. შესაძლოა, მამის პატივსაცემად, რადგან ცუგა ცაგოს ასული ყოფილა, მაგრამ როგორი კარგი მამაც უნდა ყოფილიყო, ძაღლის სახელის მეტი როგორ ვერ გაიმეტეს შვილისთვის?!

სახელი ოქრო გამიგონია და არცთუ იშვიათია, მაგრამ იმ დღეს პირველად ვნახე სახელი ბაჯაღლო და ის 1917 წელს დაბადებულ მამაკაცს ეკუთვნოდა...

კაპრონი პარმენის ძეც საუკუნის წინ დაბადებულა, - 1914-ში და კაპრონის არსებობა თუ იცოდნენ მაშინ, ის ვეღარ გაიგეს, რომ ადამიანის სახელი არ იყო?!

იზოლენტა ბარნაბის ასული 1921 წელს მოვლენია ქვეყანას და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე იზოდ იცნობდნენ ნაცნობ-მეგობრები. როგორი საქმეა, აბა, საყვარელ ადამიანს იზოლენტა დაუძახო?!

...ხალხი იშლებოდა და მარტო ვეღარ დავრჩებოდი სასაფლაოზე, თორემ ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრ "შედევრს" გადავაწყდებოდი. ქალბატონი იზოლენტას საფლავთან მეგობარმა მიპოვა და შორიახლო მიმავალი მსუქანი ქალბატონისკენ გამახედა: - იზოლენტას შვილია და ზურმუხტი ჰქვია, მის ძმას - ველვეტი, ოღონდ ყველა ვალიკოს ეძახის. იზოლენტას დედას დაურქმევია უცნაური სახელები შვილისა და შვილიშვილებისთვისაც. დღემდე აგინებს ვალიკო ბიძია და ამიტომ ვიციო...

P.შ. სხვათა შორის, დღესაც ბევრი არქმევს შვილებს სახელს მექსიკური თუ თურქული სერიალების გავლენით და ჩვენ გვერდით მონიკები, ესმერალდები თუ იაგოები დადიან... ინგა ჯაყელი, ჟურნალი "გზა"