კოლხური ორნამენტის თავისებურება - გზაპრესი

კოლხური ორნამენტის თავისებურება

ორიგინალური ორნამენტებით დამშვენებული კერამიკის ჯამების, ფიალების, ლანგრების, ნაირნაირი ფიგურის, შესანიშნავი ქანდაკებების დათვალიერების პარალელურად, ბატონმა რობერტმა საკუთარ შემოქმედებაზე, კოლხური ორნამენტის თავისებურებაზე, ქანდაკების ხელოვნებასა და ხელოვნებით მომავალი თაობის დაინტერესებაზე გვიამბო.

- 1987 წელს თბილისის სახელმწიფო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე და ეს სახელოსნოც მალევე გავხსენი. კერამიკის ხელოვნება ალდე კაკაბაძემ შემასწავლა, ქანდაკება - გივი მიზანდარმა. მათთან ოჯახებში დავდიოდი და ფაქტობრივად, იქ ვსწავლობდი ყველაფერს. კერამიკოსს სამუშაოდ სახელოსნო ხომ აუცილებლად სჭირდება? სახელოსნოს კი გამართვა უნდა, საამისოდ ან მცოდნე ხალხი უნდა დაიქირავო, ან თავად იცოდე, რა როგორ გააკეთო - ვთქვათ, ღუმელი, დაზგა და ა.შ. აკადემიაში ყველაფერს თეორიულად გასწავლიან და როდესაც ამას პრაქტიკულადაც შეისწავლი, ნიშნავს, რომ საქმე საფუძვლიანად იცი.

- ვხედავ, თქვენს სახელოსნოში თიხის ნამუშევრები ჭარბობს. ვიდრე შეგხვდებოდით, კერამიკის ჯამით დავინტერესდი და თქვენმა მეუღლემ ამიხსნა, - ეს კოლხური ორნამენტიაო...

GzaPress- აქ ვძერწავ, მაგრამ კიდევ ერთი ოთახი მაქვს, სადაც ქანდაკებასა და ფერწერაზეც ვმუშაობ. რაც შეეხება კოლხურ ორნამენტს, ის მკვეთრად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ორნამენტებისგან. ვინც კოლხური კულტურითაა დაინტერესებული, ის პატარა შტრიხებშიც კი დაინახავს კოლხურს. ეს ფიგურული კი არა, ხაზობრივი ორნამენტებია, ზოომორფული. საქმე ის არის, რომ პარარელურად, კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაშიც ვმუშაობდი. ექსპედიციაში აღმოჩენილი ძველი ნივთები გონებასა და გულში აუცილებლად ტოვებს კვალს, მით უფრო - ხელოვანი კაცის გულსა და გონებაზე. გარდა ამისა, დაემთხვა, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს მუზეუმმა არქეოლოგიური ნივთების მინაბაძების დამზადება შეგვიკვეთა. რადგან არქეოლოგიურ ნიმუშებს კარგად ვიცნობდი, მუშაობა არ გამჭირვებია... ჩემი დამზადებული ხალხური სუვენირები ბევრს მოსწონს. უცხოელსაც რა უნდა? საქართველოში რომ მოდის, განსხვავებულს ეძებს და შენც შენი, ქართული უნდა შესთავაზო, შენით გააოცო. როგორც იქნა, მიხვდნენ ქართველები, რომ რესტორნები და სხვადასხვა დაწესებულება უცხოურ სტილში კი არა, საკუთარი, ეროვნული დიზაინით უნდა მოაწყონ.

- თქვენი შემოქმედებისთვის რა არის გამორჩეულად დამახასიათებელი, როგორია თქვენი ხელწერა?

GzaPress- დასავლეთ საქართველოში კოლხურ თემაზე ფაქტობრივად, მხოლოდ მე ვმუშაობ. თბილისშიც იშვიათად მაქვს გამოფენილი ჩემი ნამუშევრები. თბილისურ გამოფენაზე ერთი მხატვრის განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევარი რომ გამოიფინოს, მომდევნო გამოფენაზე სხვების ნამუშევრებში იმ სტილისას 50-ს მაინც წააწყდებით. ცუდი ტენდენციაა, რომ ერთმანეთს ბაძავენ და ამით უნებლიედ, ერთმანეთს აფუჭებენ. მე კი აქ, ზუგდიდში ცალკე ვარ და რადგან ჩემი ნამუშევრები საჯარო არაა, განსხვავდება კიდეც სხვებისგან. რომ იცოდეთ, ქართული ორნამენტების მოდერნისტულად გაშლაც არის შესაძლებელი - ერთი შეხედვით შეიძლება, არც იყოს თვალში მოსახვედრი, მაგრამ აუცილებლად იგრძნობ. მაგალითად, აი ეს ქანდაკება - "ქართული ცეკვა" მოდერნისტულ სტილში გავაკეთე. მითოლოგიაც გამოვიყენე: ქალი თითქოს მამაკაცის ნეკნიდან გამოდის. მამაკაცი კი რაინდია, ქალს მფარველობს. ორნამენტები ისეა ზედ დატანებული, რომ ეროვნულსაც მოიცავს და მოდერნსაც... მაგალითად, ამ ქანდაკებას "კოლხი დედფალი" (კოლხეთში "დედოფალს" არ ამბობენ) ჰქვია. ამ ნამუშევარში კოლხური ექსპედიციის ნიმუშების ელემენტები სრულად გამოვიყენე... ეს ქანდაკება 2008 წელს გავაკეთე და "უფალო, შენ დაიფარე საქართველო" ვუწოდე. ხომ გახსოვთ, პატრიარქმა, განურჩევლად ეროვნებისა, დაჭრილი მებრძოლების გამოსაყვანად ცხინვალში ბერები რომ შეუშვა სანთლებით? ჩემი ქანდაკება - დაჭრილ მეომარს გადაფარებული ბერი სწორედ ამის გამოძახილია.

- მეორე ოთახში მომუშავე თქვენს შეგირდებზე რას მეტყვით, ვინ არიან?

- ხელოვნებაზე შეყვარებული ახალგაზრდები არიან. რამდენიმე მათგანი თავშესაფრიდანაა. ბავშვებს ინტერესისა და უნარის მიხედვით, რომელიმე ხელობას ვასწავლი. ახლა ერთ-ერთს თაბაშირის ჩამოსხმაში ვახელოვნებ.

- უსასყიდლოდ ასწავლით?

- რა თქმა უნდა. რადგან აინტერესებს, ვასწავლი, აბა, რას ვიზამ!

ირმა ხარშილაძე