თანამედროვე ალისა საოცრებათა ქვეყანაში - გზაპრესი

თანამედროვე ალისა საოცრებათა ქვეყანაში

სოფია 8 წლის იყო, როცა დედამ საცხოვრებლად საბერძნეთში წაიყვანა. სკოლა რომ დაამთავრა, დედას ოცნება გაანდო: ინგლისურის კარგად შესწავლა ინგლისში მინდაო. დედამ არ გააწბილა და 3 წელიწადი ლონდონის სიახლოვეს, პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ. გოგონამ ენაც შესანიშნავად შეისწავლა და ლონდონის ერთ-ერთ კოლეჯში - ტურიზმის ადმინისტრირებისა და სასტუმროებიც მართვის სპეციალობაც. პირველი პრაქტიკა თურქეთის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაიარა, შემდეგ კოლეჯის დიპლომი აიღო და მთავარი ოცნების განხორციელებაზე ზრუნვა - მოგზაურობასთან დაკავშირებული სამსახურის ძებნა დაიწყო...

სოფია მხეიძე:

GzaPress- ტურიზმის პროფესიულად შესწავლა მოგზაურობის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. ამიტომ ვეძებდი ისეთ სამსახურს, ოცნებას რეალობად რომ მიქცევდა. ისეთი ანაზღაურება უნდა მქონოდა, ჩემი მრავალრიცხოვანი (ღმერთმა გვამრავლოს) და უსაყვარლესი ოჯახი მატერიალურად არ დამეზარალებინა, იმავდროულად კი - თვითონაც მიმეღო სიამოვნება. საკმაოდ კარგად ვიცოდი ხუთი ენა: ქართული, რუსული, თურქული, ბერძნული და ინგლისური. ასე რომ, შესაბამისი სამსახურის პოვნა არ უნდა გამჭირვებოდა. გიკვირთ, ქართული რომ კარგად ვიცი (იცინის)? ჯერ ერთი, დაწყებითი კლასები თბილისში გავიარე, შემდეგ დედასთან და ნათესავებთან ურთიერთობა დამეხმარა, 16 წლისამ კი მთელი წელიწადი საქართველოში გავატარე. ფაქტობრივად, სრულად აღვიდგინე და დამატებითაც შევივსე ლექსიკური მარაგი. ასე რომ, სრულფასოვანი ჩV მქონდა და საკრუიზო გემებზე სამსახურის საშოვნელად თამამად ჩავაბარე შესაბამის სააგენტოებს. პირველი შეთავაზება 6 თვეში მომივიდა. როგორ მახსოვს... სულ ერთი წინადადება ეწერა: "წახვალთ თუ არა საბერძნეთში?" მეც დაუყოვნებლივ ვუპასუხე: რა თქმა უნდა, წავალ, ის ჩემი მეორე სახლია-მეთქი და 48 საათში უკვე აეროპორტში ვიყავი. მივფრინავდი საბერძნეთში და წარმოდგენა არ მქონდა, რა გემით უნდა მემოგზაურა, კონკრეტულად რა მევალებოდა და რა ანაზღაურება მექნებოდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ადმინისტრაციაში ვიმუშავებდი. საერთოდ, ჩემი სპეციალობით დამსვენებელთა პასპორტების შემოწმება, რეგისტრაცია, დაბინავება და ინსტრუქტაჟი (რას ნიშნავს გემზე ყოფნა, რა დასჭირდებათ, რა პორტში რისი ნახვა შეუძლიათ და ა.შ.) მევალება. ამასთან ერთად, უნდა ვიყო მეზღვაურიც, თუმცა, პირველ გემზე ასეთი მოთხოვნა არ ჰქონიათ. პირველივე სამსახურმა უდიდესი შთაბეჭდილება დამიტოვა. წარმოგიდგენიათ? ყოველდღე სხვადასხვა პორტში ვიღვიძებდი, საბერძნეთის თითქმის ყველა კუნძული დავათვალიერე, ათას რამეს ვნახულობდი და ამისთვის მე კი არ ვხარჯავდი ფულს, ისინი მიხდიდნენ (იცინის).

- რამდენს გიხდიდნენ?

- იმ გემზე საათობრივად მიხდიდნენ - საათში 8 ევროს, ასევე, მაძლევდნენ პრემიას და რაც მჭირდებოდა, ყველაფერი გემზე მქონდა, ხელფასს კი პორტებში ვხარჯავდი. კიდევ იცით, იმ გემიდან კარგად რა დამამახსოვრდა? - ყოველდღე მჭირდებოდა ხუთივე ენის გამოყენება, რადგან გემის მმართველ აპარატში სულ ბერძნები იყვნენ, სამანქანო განყოფილებაში - რუსები, დამსვენებლები - თურქები, კომპიუტერები და სხვა აპარატურა - ინგლისურად იყო და მომსახურე პერსონალიც, ჩემ გარდა, 2 ქართველი იყო. გაოცებულები მეუბნებოდნენ, როგორ ზუსტად მოხვედრილხარ ამ გემზეო - აბსოლუტურად ჩემს "სი-ვიზე" მორგებული სამსახური იყო. დამენანა, რომ ეს სიამოვნება მხოლოდ სეზონის განმავლობაში ანუ 4 თვეს გაგრძელდა. მერე უკვე სხვა გემით უფრო შორს წავედი, ოღონდ, ისევ ევროპაში. ეს მოგზაურობაც სეზონური გამოვიდა, თუმცა შედარებით ხანგრძლივი. შემდეგ შინ დავბრუნდი, საქართველოში და ასე ვთქვათ, "გამოვიზამთრე". მაგრამ მომეწყინა, რადგან დამოუკიდებელ და დინამიკურ ცხოვრებას მივეჩვიე, უქმად და საკუთარი შემოსავლის გარეშე ყოფნა გამიძნელდა.

GzaPress

- ევროპაში რომელმა პორტმა დაგიტოვა განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ვენეციამ. იქ 75-ჯერ ვიყავი და უნახავიც არაფერი დამრჩენია, ბოლოს ლამის, დანახვაც აღარ მინდოდა (იცინის)... მაგრამ მაინც დაუვიწყარია - ულამაზესი ვენეცია ხომ სიყვარულის ადგილია და ყველანაირად პოზიტიურ ენერგიას გადმოგცემს! აი, შემდეგი საკრუიზო გემი კი "დისნეი" იყო. ჩემმა სააგენტომ დისნეის გემზე მოგზაურობა რომ შემომთავაზა, დაუჯერებლადაც კი მომეჩვენა - ძალიან დიდი კომპანიაა, თანაც - ძალიან შორს და ვშიშობდი, ვაითუ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება არ მეყოს-მეთქი. ინტერნეტით დავათვალიერე, დიზაინით, არქიტექტურით, მულტფილმების გმირებით, ყოველდღიური შოუებით, გართობით ულამაზესი დისნეის გემი "დისნეი დრიმ" უზარმაზარიც იყო - 14-სართულიანი, თითქმის ორჯერ დიდი იმ გემებზე, რითიც მანამდე ვიმოგზაურე. 1 500 ადამიანი მსახურობდა და თითო კრუიზით, რაც 4 დღეს გრძელდებოდა, 4 ათასი დამსვენებელი მოგზაურობდა. ვშიშობდი, მაგრამ უარს როგორ ვიტყოდი! მოკლედ, ჯერ მეზღვაურის დიპლომის ასაღებად ბათუმში გავიარე 2-თვიანი კურსი - გემზე მუშაობა მხოლოდ გართობა ხომ არ არის, საგანგებო განათლება მესაჭიროებოდა; შემდეგ გავფრინდი ამერიკაში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში. სამწუხაროდ, 5 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა მქონდა - იქაურ უსაშველოდ ცხელ, ტროპიკულ კლიმატს ვერ შევეგუე. სწორედ ეს 5 დღე მოგვცეს მომავალ თანამშრომლებს გემზე ასვლამდე, რათა დისნეის მთავარ ოფისში სემინარებს დავსწრებოდით და კომპანია კარგად შეგვესწავლა. იმავე მიზნით, პარალელურად, დაგვათვალიერებინეს დისნეის ყველა პარკი, რაც მთავარია - უფასოდ. ფაქტობრივად, 5-დღიანი დასვენების ისეთი პაკეტი გამომივიდა, სხვებს ათასობით დოლარი რომ დაუჯდებოდათ. ამის შემდეგ ავედი გემზე და იმწამს ამოვთქვი: ვაიმე, რა ლამაზია, მაგრამ ვაიმე, როგორ ცხელა-მეთქი! მეორე, უკვე ხანგრძლივი "ვაუ!" კი გემის დათვალიერებას მოჰყვა. მსგავსი არაფერი მენახა - გრანდიოზულ პორტში იდგა ასევე გრანდიოზული გემი, რომელსაც რაც მეტად ვუახლოვდებოდით, მით უფრო იზრდებოდა და ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ნეტავ, ჩემი კაიუტა სად არის, ამოდენა გემზე როგორ უნდა ვიპოვო-მეთქი? ამჯერად 20-დღიანი ტრენინგი უკვე გემზე გვქონდა და ყოველდღიურად 8-10 საათს გრძელდებოდა. არ ვიცოდი, ამ ხნის განმავლობაში სად ვიყავით, რომელ პორტებში შევდიოდით, მხოლოდ გაკვრით გვითხრეს, რომ კარიბის ზღვაში დავცურავდით. ამის შემდეგ ჩამაცვეს ულამაზესი თეთრი უნიფორმა (ვიყავი ერთხაზიანი ოფიცერი) და სამუშაო ადგილას - მიმღებში გამამწესეს. მევალებოდა ყოველი საკრუიზო რეისის დამსვენებლების ანუ ყოველი 4 ათასი ადამიანის კრუიზის შემდგომი ავიაბილეთების დაბეჭდვა-მოწესრიგება და თითოეული მგზავრის დაკვალიანება, კრუიზის დასრულების შემდეგ, ვინ რა დროს და როგორ წავიდოდა შინ, რამდენი ჩემოდანი ექნებოდა და ა.შ.

- ევროპისა და ამერიკის საკრუიზო გემების მუშაობის სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია?

- ამერიკაში გემებიც განსხვავებულია, მუშაობის კოდექსიც და ადამიანებთან ურთიერთობის სპეციფიკაც. ტემპიც უფრო სწრაფია, მოთხოვნაც მეტია, სამუშაოც - გაცილებით რთული და შრომატევადი. მეორე მხრივ, ხელმძღვანელობას ძალიან სწორი მიმართულება ჰქონდა არჩეული და ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად ისე უნდა გაგეკეთებინა, როგორც ითხოვდნენ, სხვაგვარი შანსი მცირეოდენიც არ გვქონდა.

- ამ გრანდიოზულ გემზე რა გასამრჯელო შემოგთავაზეს?

- თითქმის იგივე. მართალია, მეტი სამუშაო მქონდა, მაგრამ ევროპული გემებისგან განსხვავებით, სამუშაო საათები მქონდა ნაკლები. ზუსტად აქვთ გათვლილი, თითოეული თანამშრომელი რამდენ საათს იმუშავებს, რა საქმეს გააკეთებს, რომელ წუთზე დაისვენებს, რომელ წუთზე შეჭამს, რომელ წუთზე დაიძინებს და ა.შ. მე 10 ან 11 საათს ვმუშაობდი, მაგრამ არა - გადაბმულად. რამდენჯერმე მასვენებდნენ. ყოველ მეოთხე დღეს მორიგი კრუიზიდან ვბრუნდებოდით ორლანდოს პორტში, ვისვენებდით 8 საათს და ახალი 4 000 დამსვენებელი აგვყავდა.

- რა მარშრუტი გქონდათ?

GzaPress- ორლანდოდან მივდიოდით ბაჰამის კუნძულებზე, ჯერ მის დედაქალაქ ნასაუში და შემდეგ დისნეის საკუთარ კუნძულზე - ქასთაუეი ქეიზე (ჩასტაწაყ ჩაყ). იქ მთლიანად დისნეის სამყაროში ხარ და ამ სამყარომდე მხოლოდ დისნეის საკრუიზო გემი თუ მიგიყვანს. ჩვენ კვირაში ორჯერ ვხვდებოდით კუნძულზე.

- ვიდრე ქასთაუეი ქეიზე გვიამბობ, გრანდიოზული გემის ამბები მაინტერესებს: 14 სართულზე რას სთავაზობდნენ დამსვენებლებს, რით ართობდნენ ან თუნდაც შენ როგორ გრძნობდი თავს?

- საერთოდ, საკრუიზო გემებზე ზღვის ავადმყოფობა არაფრით დაგემართება, რადგან ვერც კი გრძნობ, გემზე რომ ხარ. მაგალითად, ფანჯარასთან თუ არ მივიდოდი და წყალს არ გავხედავდი, მავიწყდებოდა კიდეც, გემით რომ მივცურავდი. დისნეის ამ გემზე 1 100 კაიუტა, 3 უზარმაზარი და 4 პატარა რესტორანია. ორ სართულზე განთავსებულია ძალიან დიდი თეატრი; გემზე ასევე არის ორსართულიანი კინოთეატრი. ფაქტობრივად, მთელი ქალაქია. ტკბილად მახსენდება დღეები, როცა დილით მიკისთან და გუფისთან ერთად მივირთმევდით ყავას, უცებ იხვი დონალდი ჩამოგვირბენდა და ხალისიანად მოგვესალმებოდა; მერე კაპიტანი ჰუკი მოვიდოდა და თითების შესაბამისი მოძრაობით ფულს მოგვთხოვდა, - დროზე ჩამოდით, ვიცი, რეცეფციაში ბლომად ფული გაქვთო. ასე გვაყაჩაღებდა. ჩვენ გვქონდა შოკოლადის ოქროსფერი მონეტები და ვუყრიდით ხოლმე, თან ვავალებდით, გემზე მყოფი ბავშვებისთვის დაერიგებინა, მაგრამ არასდროს ურიგებდა - აბა, რისი კაპიტან ჰუკი იქნებოდა, ეს რომ გაეკეთებინა! ღორმუცელა, სულ თვითონ მიირთმევდა ხოლმე (იცინის). ყოველი რეისისას ერთხელ გემზე მეკობრეების საღამო ეწყობოდა ანუ მთელი საკრუიზო გემის დამსვენებლები და მომსახურე პერსონალის დიდი ნაწილი (მსახიობები და რესტორნებში მომუშავენი) მეკობრეების კოსტიუმებში ეწყობოდნენ. უნდა გენახათ, დისნეის გემის "სტაჟიანი" დამსვენებლები რა მომზადებულები ამოდიოდნენ გემზე - მომარაგებული ჰქონდათ შინ საგანგებოდ შეკერილი ტანსაცმელი, ფრთები, ხმლები, სხვა ატრიბუტები და ბავშვებით დაწყებული და ბაბუებით დამთავრებული, ყველანი კბილებამდე შეიარაღებულები დასეირნობდნენ. ლამის მჯეროდა, რომ მეკობრეების გემზე ვიმყოფებოდი. ფორმისა და აქსესუარების ყიდვა გემზეც შეიძლებოდა და ვინც პირველად მოგზაურობდა, ჩვენთან იძენდა. მსურველებს გემზე მაკიაჟის გაკეთებაც შეეძლოთ.

- მეკობრეების საღამო მხოლოდ კოსტიუმებით შემოიფარგლებოდა თუ საგანგებო წარმოდგენაც ეწყობოდა?

- ყველაფერი სადილით იწყებოდა. რესტორანში მეკობრეების ფორმაში გამოწყობილ ოფიციანტებს ნაირ-ნაირად გაფორმებული კერძები მოჰქონდათ და მეკობრეებთან დაკავშირებულ ელემენტებს ნებისმიერ მათგანში აღმოაჩენდი. თავად მენიუც ძველი მონეტებითა და ძველებური საგნებით იყო მორთული. სადილის შემდეგ მეთორმეტე სართულზე, გემის ყველაზე ღია სივრცეში, სადაც აუზიც იყო, იწყებოდა დიდი შოუპროგრამა. მსახიობი მეკობრეები ცეკვა-ცეკვით ისეთ წარმოდგენას აწყობდნენ, გეგონებოდა, გემს ნამდვილი მეკობრები შემოესივნენ და ყველას გაგვიტაცებენო. შოუ ყოველთვის კაპიტანი ჯეკის მოწყობილი ფეიერვერკით მთავრდებოდა...

იცით, ყოველ რეისზე რას ვნატრობდი? - ჩემი ოჯახის ერთი წევრი მაინც მყოლოდა გემზე, რომ მასაც გაეზიარებინა ეს უდიდესი სიამოვნება, დამტკბარიყო ულამაზესი სანახაობით და კიდევ... მეც ასე მარტო არ ვყოფილიყავი. ალბათ ყველაზე რთულიც ეს იყო: ვუყურებდი ამ სილამაზეს, ლამაზ პორტებს, ხალხს და ჩემს განცდებს საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ ვუზიარებდი, უფრო სწორად, მინდოდა, მათაც ის სიამოვნება მიეღოთ, რასაც მე ვიღებდი. მარტოობა ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ასეთ უმშვენიერეს ადგილას ხარ და თანაც - ასე შორს და ამდენი ხნით!

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ირმა ხარშილაძე