ფოტოგრაფის განსხვავებული თვალი - გზაპრესი

ფოტოგრაფის განსხვავებული თვალი

- იცით, რა შეგრძნებაა, როცა მთის წვერზე ახვალ და შენს ქვეყანას გადმოხედავ?

- ვიცი.

- მერე ამ განცდას რამე შეედრება? - ასე დაიწყო ჩემი და ბადრი ვადაჭკორიას (ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, დიპლომატი და როგორც თავის თავს უწოდებს, სულით რეპორტიორი) დიალოგი. ამ ადამიანთან შესაძლოა უამრავ თემაზე ილაპარაკო, საინტერესო მოსაუბრეა, მაგრამ ჩვენი შეხვედრის მიზეზი, მისი რიგით მე-14 ალბომია, - "ეს საქართველოა". ალბომი, რომელშიც სწორედ ის ჟრუანტელი იგრძნობა, ადამიანს მთის წვერიდან გადმოხედვისას რომ ეუფლება; რომელიც ზურგჩანთას აგაღებინებს და ხეტიალის სურვილს გაგიჩენს. ამ ქვეყანაში კი სანახავს რა დალევს?

GzaPress- ბავშვობაში ვოცნებობდი, კინორეჟისორი ან ჟურნალისტი გამოვსულიყავი. როცა არჩევანის წინაშე დავდექი, ჟურნალისტიკამ გადასძალა. მოგეხსენებათ, მწერალი ჟურნალისტი ვარ, "ოქროს ფრთითაც" დამაჯილდოვეს, მაგრამ ჩემს ნაწერებზე მეტად ფოტოები ჩანს. ადამიანებს ფოტოები მეტად ამახსოვრდებათ. ფოტოს შექმნა გაცილებით რთულია, ვიდრე სტატიის დაწერა. ინფორმაცია შესაძლოა, ტელეფონითაც მიიღო, ფოტოს კი თუ ადგილზე არ მიხვალ, ვერ გადაიღებ.

- პირველ ფოტოს მართლა პირველ კოცნას ადარებთ?

- კი, დაახლოებით 40 წლის წინ, სადღაც წავიკითხე, ადამიანებს პირველი კოცნა მაშინაც კი გვახსოვს, როცა უკანასკნელი დიდი ხნის დავიწყებული გვაქვსო. ფოტო რით არის საოცარი, იცით? იმ სურნელს, ანტურაჟს, ადამიანებსაც კი მახსენებს, რომელიც იმ კადრის გადაღებისას, ჩემთან ერთად იყვნენ. თუ აპარატს უაზროდ არ აჩხაკუნებ, ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს. ჩემს ფოტოს ყოველთვის ვცნობ. არა მხოლოდ - მე, სხვებიც ცნობენ. ყველა ფოტო თავისებურ განწყობას მიქმნის.

- გამორჩეულად რომელი ფოტოს ისტორია გახსოვთ?

- იმ ფოტოების რაოდენობა, რომლებიც ძალიან მიყვარს, ცოტა არ არის. ბევრი ამ ახალ ალბომშიც არის შესული. მახსოვს ფოტოები, რომლებსაც ლამის ჩემი სიცოცხლე შეეწირა.

- გადაღებას ხიფათიც ახლავს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ უფალი ჩემთანაა. როშკის წყალს რომ ვიღებდი, ჩავირბინე ნაპირზე და ჭაობში ჩავვარდი, არ ვიცოდი, რომ დაჭაობებული იყო. დიდ ლოდს დავეჯახე და მხარი დამიზიანდა. მოტეხილობის გამო, ხელს დიდხანს ვერ ვამოძრავებდი.

- საქართველოში გამორჩეულად რომელი მხარე გიზიდავთ?

- თუშეთი. მიუხედავად იმისა, რომ შვეულმფრენით ამ მხარეში 8-ჯერ ვიყავი, 2 წლის წინ, ჩემი მანქანით წავედი. ეს სულ სხვა შეგრძნება იყო, ადრენალინით სავსე მოგზაურობა. თუშეთის გზა, მსოფლიოს ურთულესი გზების ჩამონათვალში, პირველ ათეულში შედის. 7-8 საათი ვიარე, ყოველ 50 მეტრში ვაჩერებდი, რომ კადრები გადამეღო, იქ ისეთი სილამაზეა, გულგრილად ვერ ჩაუვლი. მოულოდნელად ისეთი ყვავილები, ჩანჩქერები შემოგეფეთება, დაგატყვევებს.

- თუ არის ადგილი საქართველოში, სადაც არ ყოფილხართ?

GzaPress- რა თქმა უნდა, არის ადგილები, რომლის მონახულების და გადაღების ბედნიერებაც წინ მაქვს. ამ დროს ისიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. ეს ქვეყანა ხომ პატარაა, მაგრამ საოცრად მრავალფეროვანი, ლამაზი და მიმზიდველია. მით უმეტეს მაშინ, როცა გინდა, სილამაზე დაინახო და არა ისე, როგორც 2009 წელს მოხდა. ცნობილი ფოტოგრაფები რომ ჩამოიყვანეს და ქვეყნის საიმიჯო ალბომის გადაღება დაავალეს. ეს პროექტი ჩავარდა. იმ ფოტოგრაფებს ხომ საქართველო არ უყვარდათ. მათ ჰონორარი აინტერესებდათ. 10 ფოტოგრაფი ჩამოიყვანეს და თითოეულს 2 კვირაში 50 000 ევრო გადაუხადეს. მართალია, პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ქვეყნის საიმიჯო ალბომი არ გამოუვიდათ. მათი ფოტოებით ქვეყანა ცუდი კუთხით არის წარმოჩენილი. სინათლე არსად ჩანს. ეს არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის საიმიჯო ალბომი.

- თქვენს ახალ ალბომზე რას გვეტყვით, მასში რამდენი ფოტოა შესული?

- "ეს საქართველოა" რიგით მე-14 ალბომია, 370-მდე ფოტოა შესული. სასაცილო ის არის, რომ მე-13 ალბომი არ არის ჯერ დაბეჭდილი, მაგრამ გამზადებულია... 2007 წელს პატრიარქის კურთხევით გამოვეცით ალბომი, "ქართული სული ბადრი ვადაჭკორიას თვალით" - პირველი ტომი, რომელიც უცხოეთში არსებულ (ტაო-კლარჯეთი, ირანი აზერბაიჯანი, ეგვიპტე, ისრაელი...) ქართულ ძეგლებზე, სიწმინდეებსა და იქ მცხოვრებ ქართველებზეა. რიგით მე-13 ალბომი გახლავთ "ქართული სულის" მეორე ტომი, სადაც შევიდა ძირითადად ევროპულ ქვეყნებში (საბერძნეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, იტალია, ნიდერლანდები და სხვ.) განთავსებული ძეგლები და სიწმინდეები იმედი მაქვს მალე გამოიცემა. ქვეყნის საიმიჯო ალბომს კი მაღალი შეფასება მოჰყვა. ვთვლი, რომ ეს ყველაზე მეტად ლამაზია, რაც კი აქამდე გამომიცია. ყველა ჩემი ალბომი თურქეთში, სტამბოლში იბეჭდება. იქ პირობებიც კარგია, ურთიერთობის საკითხიც მოწესრიგებულია. რაც საბოლოო ჯამში ხარისხზე აისახება.

- ფოტოების დიდი ნაწილი შვეულმფრენიდანაა გადაღებული, ამის საშუალება ყველა ფოტოგრაფს არ აქვს. ასეთი ძვირად ღირებული ალბომების გამოცემას როგორ ახერხებთ?

- სამაგიეროდ თურქული სტამბის ვალი, 11 000 დოლარი მაქვს. თუ კონკრეტულად შვეულმფრენიდან გადაღებული კადრები გაინტერესებთ, გეტყვით: მაშინ ვიღებ, როგორც კი საშუალება მომეცემა. როცა სხვა ჟურნალისტებს სძინავთ, მე ვმუშაობ. ასეთი შემთხვევებით ვსარგებლობ. დღეს თუშეთში უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ წავედი. ჩემზე ხშირად სხვებს უფრო აქვთ ამის საშუალება, მაგრამ ვერ იყენებენ.

- თავისებურად საინტერესო იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა. მთაში უშუალობით, სილაღით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს.

- გეთანხმებით, თუშები ყველაზე "რბილი" ხალხია. მათთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. როცა შენ შენი ქვეყანა გიყვარს, შენს ხალხს პატივს სცემ და თბილად ეპყრობი, არ არსებობს, ეს გულწრფელობა არ იგრძნონ.

- კონკრეტული ამბავი შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელიც მთაში მცხოვრები ადამიანების ბუნებას წარმოაჩენს?

GzaPress- ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. სადაც არ უნდა მიხვიდე, მაშინვე სუფრა იშლება, თუშეთში დათვის ხინკლითაც გამიმასპინძლდნენ. ერთხელ რაჭაში ვიყავი ხვამლის მთაზე უნდა ავსულიყავი. არავინ მახლდა, ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა. არ ვიცოდი, ზუსტად რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი და გზად შემხვედრი მანქანა გავაჩერე. ახალგაზრდა კაცი ოჯახთან ერთად იყო. თან გადამყვა, ამიხსნა, როგორ უნდა მევლო. მიმასწავლა, ამა და ამ ადგილზე მიდი და მამაჩემი დაგხვდებათო. სახელი და გვარი რომ ვუთხარი, გიცნობთ, თქვენი ფოტოები ნანახი მაქვს, მე ლევან ზალკანიანი ვარო. რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო პროკურორი გამიჩერებია. ეს ადამიანი ძალიან თბილად მომექცა, მოინდომა, დამხმარებოდა და დამამახსოვრდა. ზოგიერთი ფეხითაც მომყვება და მეგზურობას მიწევს.

- ყველაზე დიდი მანძილი, რომელიც ერთი კადრისთვის გაგივლიათ.

- ფეხით? ყველაზე მეტი აბუდელაურის ტბებზე მივლია, მწვანე ტბა, ლურჯი ტბა... ფოტოები ამ ალბომში არის შესული. მანქანით სოფელ როშკამდე ადიხარ, მერე 9 კილომეტრი ციცაბო აღმართზე უნდა იარო. როშკა ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, სადაც ზამთარ-ზაფხულ ხალხი ცხოვრობს... საოცარია ჯუთა, ყველამ უნდა ინახულოს. იქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. საქართველოში იცი რამდენი რამ არის სანახავი? თან ისეთი ადგილებია, სადაც მისვლა ადვილია. ჯუთაში მანქანით მიდიხარ. ფეხით მხოლოდ 3-4 კილომეტრია გასავლელი. ამასაც თავისებური ხიბლი აქვს. ჭიუხებში ჩაიხედავ, ველურ ბუნებაში ჯიხვები, მელაკუდები და დათვებიც კი გადამიღია.

- დასანანია, რომ ალბომში, რომელსაც "ეს საქართველოა" ჰქვია, არ არის ფოტოები აფხაზეთიდან...

- აფხაზეთში ომის პერიოდში ვიყავი. სანამ ჩვენ იმაზე მეტად მომხიბვლელი ქვეყანა არ გავხდებით, ვიდრე რუსეთია, მანამდე ასე ვიქნებით, ეს რეალობაა.

- თქვენ პატრიარქის მემატიანე ხართ.

- 8 წელია, პატრიარქის მემატიანე ვარ, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ ვემსახურები. პატრიარქს ეძღვნება ჩემი მე-13 ალბომი. პირველი ალბომი "ქართული სული" აღსაყდრების 30 წლისთავს მივუძღვენი. პატრიარქი მოსალოცად სადაც კი მიბრძანდება, ყველგან თან ვახლავარ კვიპროსში, წმინდა მიწაზე, რუსეთში, უკრაინაში და ყოველ ჯერზე მის დიდებულებაში ვრწმუნდები. უნდა ნახოთ, მისდამი როგორ მოწიწებას და პატივისცემას გამოხატავენ. გამორჩეულად მახსოვს რუსეთისა და უკრაინის პირველ პირებთან შეხვედრები, მათი მოწიწება პატრიარქისადმი. უნდა გენახათ, როგორ ეპყრობოდნენ.

- თქვენს გადაღებულ ფოტოებზე რას გეუბნებათ?

- სახეზე ღიმილი შეეპარება ხოლმე. "ეს საქართველოა" პირველად პატრიარქს დაბადების დღეზე მივართვი. მან იცის საქართველოს ფასი. მე მის ზედმეტად შეწუხებას ვერიდები. ბევრი კარგი პორტრეტი მაქვს გადაღებული. ის ამ დროს თავის სამყაროშია.

- საოცნებო კადრი თუ გაქვთ, რომელიც დღემდე ვერ გადაიღეთ.

- ერთხელ შვარცნეგერს ჰკითხეს, თქვენი ოცნება რა არისო? მან "ფერარი" დაასახელა. ხომ შეგიძლიათ, იყიდოთო? კი შემიძლია, მაგრამ მერე ოცნება აღარ მექნებაო. სულით რეპორტიორი ვარ, ვცდილობ, საუკეთესო კადრი შექმნილი სიტუაციიდან ავარჩიო. ის სხვაა, როცა გეგმით მიდიხარ, თუნდაც საზღვარგარეთ და იცი, რომ ჩახვალ, რა უნდა გადაიღო. მე მაინც ვთვლი, რომ საოცნებო კადრი წინ მაქვს.

- პორტრეტების გადაღება არ გიყვართ?

- ყველა ფოტოს ჩემი სიამოვნებისთვის ვიღებ, უცხო არც ერთი ჟანრი არ არის. მერე აღმოჩნდება ხოლმე ის, რაც მე მსიამოვნებს, სხვებისთვისაც სასიამოვნოა. მე დაყენებული კადრები არ მიყვარს. შემთხვევით გადაღებისას ადამიანი უფრო კარგად სჩანს. კამერის წინ პოზირებისას კი ხშირად ღირებული რაც არის, ის იკარგება. ამიტომ არ მიყვარს, სარეკლამო ფოტოების გადაღება, სადაც 80% კომპიუტერზეა დამოკიდებული, ჩემთვის ეს უინტერესოა. მომავალში შეიძლება ცალკე ალბომი ქართველების პორტრეტები გამოვცე. ბავშვების გადაღება გამორჩეულად მიყვარს.

- ამ ალბომში რამდენიმე ადამიანის პორტრეტია შესული, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი არ გაქვთ, რატომ? თქვენ ხომ მეგობრობთ?

- წლებია ვმეგობრობთ, როგორც თვითონ ამბობს, ერთადერთი კაცი ვარ მსოფლიოში, ვისი ვალიც აქვს.

- რა ვალზეა ლაპარაკი?

GzaPress- ეს ვალი რა თქმა უნდა, არამატერიალურია. ჩვენ ერთმანეთს ლვოვში შევხვდით. ის 21 წლის იყო, მე ტელევიზიაში ვმუშაობდი, იქ ჩემი მანქანით მივლინებით ვიყავი ჩასული. ერთმანეთი მაშინ გავიცანით. ის ნათესავებთან ერთად იყო, მაგრამ იმ ადამიანებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც თავი დამამახსოვრა.

- რით დაგამახსოვრათ?

- ქცევებით, მოხერხებულობით, განათლებით... ეს ადამიანი მაშინვე გულთან ახლოს მოვიდა. ამ ერთი შეხვედრით, თავი თანამოაზრეებად ვიგრძენით. მას შემდეგაც ერთმანეთს არაერთხელ შევხვდით საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც... ალბომის პრეზენტაცია რომ მქონდა, მართალია მოვიპატიჟე, მაგრამ ვიცოდი, თბილისში არ იყო და არ ველოდებოდი. სპეციალურად ამ დღისთვის ბათუმიდან ჩამოვიდა და პრეზენტაციის დაწყების წუთიდან დამთავრებამდე ჩემს გვერდით იყო. საოცრად თბილი ადამიანია, ნდობას იმსახურებს, როცა გელაპარაკება, თვალებში გიყურებს, გულწრფელია, არც თავად გეტყვის ტყუილს და არც შენ გათქმევინებს. ის დღემდე იმ კარგ ბიჭად რჩება 1980 წელს რომ გავიცანი. ლვოვიდან ჩემი მანქანით ერთად ჩამოვედით, თავგადასავლებიც გვქონდა.

- მიამბობთ?

- თუნდაც ის რომ სასტუმროში ღამის გასათევი ფული არ გვქონდა და მანქანაში გვეძინა. ამ ადამიანის გვერდით თავს ლაღად ვგრძნობ. ერთხელ ვუთხარი, ბატონო ბიძინა-მეთქი და შენიშვნა მომცა. ჩემი ფოტოებიდან "მდინარის დაბადება" მოეწონა და ვაჩუქე. მე მისთვის ალბათ ნოსტალგია ვარ. რამდენჯერ უთქვამს, ყველაზე ბედნიერი იმ წლებში ვიყავიო.

- ინტერნეტში თქვენი ფოტო ვნახე მილა იოვოვიჩთან ერთად.

- ფოტო 2006 წელს არის გადაღებული. მილა დედასთან ერთად უკრაინაში იყო. რამდენიმე კადრი გადავუღე. თავად მთხოვა, ერთ ფოტოს თქვენთან ერთადაც გადავიღებო და(იცინის)... ამ ფოტოს გამო მეუღლემ მისაყვედურა, ბადრიკო, ასეთი ლამაზი ქალია შენზე ჩახუტებული და არ გრცხვენია? თავი რატომ მომჭერი, შენს ჩინჩიან ჩანთას რას ჩააფრინდიო?

- ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფია, დიპლომატია რომელი უფრო თქვენია?

- ჟურნალისტიკა და ფოტოგრაფია, სულით რეპორტიორი ვარ. სოციალურ თემებზე ბევრს ვმუშაობდი. რთული სამუშაოა. ხალხიც დაიღალა. თან ამ დროს, ვერც ვერაფერს შველი და შენზე მოქმედებს. ჩემს ფოტოებში არაფერია გამოგონილი და შელამაზებული. იმ რაკურსით ვიღებ, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მომავალში იქნება მე-15, მე-16, მე-17 და ა.შ. ალბომი. საქართველო, თბილისი, სოლოლაკი, თითოეული ადამიანი ამოუწურავი თემაა. სამუშაოზე მეტი რა არის?!.

თამუნა კვინიკაძე