პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი? - გზაპრესი

პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი?

მანამდე არავის აინტერესებდა, რა ერქვათ მსახიობებს, რომლებიც ე.წ. "იქს-კატეგორიის" ფილმებში მონაწილეობდნენ. "ღრმა ხახა" - პირველი პორნოგრაფიული ფილმი ფართო გაქირავებაში ჩაუშვეს. ის ფერად, 35 მმ-იან ფირზე, ნორმალური სტუდიური განათების პირობებში იყო გადაღებული. ფილმი მაყურებელთა რეკორდულმა რაოდენობამ იხილა და შემქმნელებს კარგი მოგებაც მოუტანა. ზუსტი თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ გარკვეულ წყაროებში 100-დან 600 მილიონამდე ვარირებს.

GzaPressუნდა ითქვას, რომ ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათასი დოლარით შემოიფარგლებოდა. არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი გაცილებით სოლიდური იყო და ის 22 ათას დოლარს უდრიდა. ფილმი მაფიის ფულით გადაიღეს. ის ერთ-ერთი "წვრილფეხა ნათლიის" - ლუ პერეინოს საკუთრება იყო და გაქირავებისას, ნარკოტიკების გაყიდვითა და პროსტიტუციით ნაშოვნი ფულის გათეთრება ხდებოდა. დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფილმი ექვს დღეში გადაიღეს. თვით ლინდას ჰონორარი მხოლოდ 1250 დოლარს შეადგენდა.

რა თქმა უნდა, ფილმმა მას სახელი გაუთქვა, მაგრამ ფულის ნაკადმა მის მიღმა ჩაიარა. სახელიც სპეციფიკური გახლდათ - ყველაზე გარყვნილი ქალი მთელ ამერიკაში. მაშინ ლინდა ამ სახეს ინარჩუნებდა და მასზე მუშაობდა კიდეც; ამას არა მარტო გადაღებებზე, არამედ ინტერვიუების მიცემისას აკეთებდა, რის გამოც ფემინისტებიმა მას "ქალების მტერი #1" შეარქვეს. ის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას სახეს კულტივირებდა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

ფილმის გადაღებიდან 18 წლის შემდეგ, ლინდა კვლავ ცნობილი გახდა, ოღონდ იმით, რომ მთელი თავისი განვლილი ცხოვრება "ანათემას გადასცა".

მისი ნამდვილი გვარი ბორმენი იყო, ლავლეისი კი ფსევდონიმი გახლდათ, რომელიც სიტყვათა შეთანხმებით - Love (სიყვარული) და Lace (მაქმანი) არის წარმოებული. ერთად კი, რაღაც "სასიყვარულო მაქმანის" მსგავსს ვიღებთ. აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ იყო ლინდა ფოტოებში მაქმანებიან საცვლებში შემოსილი (თუკი საერთოდ შემოსილი იყო).

ეს ფსევდონიმი გოგონას ჟერარ დამიანომ, "ღრმა ხახის" რეჟისორმა გამოუნახა. მას სურდა, პორნო-ვარსკვლავის ინიციალები - LL - ასოცირებულიყო 1970-იანი წლების სექსსიმბოლოსთან იმგვარადვე, როგორც ეს 1950-იან წლებში - MM-სა (მერილინ მონრო) და 1960-იანებში - BB (ბრიჟიტ ბარდოს) შემთხვევაში მოხდა.

ლავლეისისგან სექსსიმბოლო, ამ სიტყვის ფართო გაგებით ანუ ეპოქის ყველაზე სასურველი ქალი არ გამოვიდა; მასში არ იყო ის მუხტი, რაც განუმეორებელ და დაუვიწყარ ქალად აქცევდა. მხოლოდ უსირცხვილობა, რასაც ის ხშირად ეკრანიდან და ინტერვიუებში დემონსტრირებდა, საამისოდ საკმარისი არ იყო.

თავის დროზე ლინდას მშობლები მკაცრად ზრდიდნენ. ის ბიჭებზე სულაც არ ფიქრობდა. უფრო მეტიც, სკოლაში სწავლის პერიოდში მონაზვნობასაც კი აპირებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდული სამოსის ბუტიკში მუშაობდა, შემდეგ - ფირფიტების მაღაზიაში. სწავლის გაგრძელებას არ გეგმავდა, რადგან გათხოვება სურდა. უნდოდა ჰქონოდა საკუთარი სახლი, ოჯახი, შვილები... "როგორც წესი იყო". მაგრამ "წესის მიხედვით" არ გამოვიდა. თუკი ლინდას მემუარებს ვერწმუნებით, პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში ეწვია და ეს ამბავი ფეხმძიმობით დასრულდა. დაბადებული ბიჭუნას მამა უცნობად დარჩა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბავშვის მამა ჩარლზ ტრეინორი იყო, მისი მომავალი ქმარი, ასევე - პროდიუსერი, სუტენიორი და ლინდას ბოროტი გენია. ახალშობილი გააშვილეს. ლავლეისი ამტკიცებდა, რომ დედამისმა ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა - მოტყუებით აიძულა ქალიშვილი, რაღაც დოკუმენტებზე მოეწერა ხელი.

GzaPress1970 წელს ლინდა ბორმენი ნიუ-იორკში გაემგზავრა და რადიოელექტრონიკის ინსტიტუტში ჩააბარა, რათა ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ მალე, საავტომობილო ავარიაში მოჰყვა, რომლის დროსაც კინაღამ დაიღუპა: გატეხილი ჰქონდა ყბა, რამდენიმე ნეკნი, გაუსკდა ღვიძლი; დასჭირდა სისხლის გადასხმა, რომლის დროსაც ჰეპატიტით დაასნებოვნეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მშობლებთან დაბრუნდა. ამ დროს, როგორც თვითონ ამბობდა, მის ცხოვრებაში ჩაკი გამოჩნდა - იგივე ჩარლზ ტრეინორი, "იქს-კატეგორიის" ფილმების მსახიობი (შესაძლოა, ის უბრალოდ, ლინდას ცხოვრებაში დაბრუნდა).

მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ერთკვირიანი შეხვედრების შემდეგ დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს და 1971 წლის 4 სექტემბერს, 22 წლის ლინდა და 34 წლის ჩაკი შეუღლდნენ.

ტრეინორი - კაცი მძიმე მუშტითა და მბრძანებლური ხასიათით, "მაჩოთა" კატეგორიას მიეკუთვნებოდა. თუმცა, ზოგჯერ ცოლთან გულისხმიერების გამოჩენაც შეეძლო. ახალგაზრდა ქალს კი ბავშვობიდან აკლდა სითბო და ცემა-ტყეპას ისედაც მიჩვეული იყო (მას ხომ მშობლებიც სცემდნენ). ე.წ. "მოზრდილთა კინოინდუსტრიაში" სწორედ ჩაკმა ჩააბა; დაარწმუნა, რომ პოპშოუსთვის მოკლე, უხმო ფილმში მიეღო მონაწილეობა. მალე ლინდა მორევში ჩათრეული აღმოჩნდა. ტრეინორი ხან მუშტით, ხან ქამრითა და ხან უფრო რბილი ხერხებით აიძულებდა, კავშირი დაემყარებინა მათთან, ვინც კარგად გადაიხდიდა. ამ წესით ის საქმიან პარტნიორებს იძენდა.

ერთ-ერთ ამგვარ პარტნიორად ჩაკისთვის პორნოფილმების "სერიოზული" რეჟისორი, ჟერარ დამიანოც გამოდგა. ცოლი მასთან მიიყვანა და უბრძანა, მთელი თავისი "ცოდნა" გამოევლინა, შემდეგ კი ქალი სპონსორებს გადასცა - მაფიოზების ჯგუფს, ლუ პერეინოს თავკაცობით. მართალია, პერეინო ყოველთვის ფაფუკმკერდიან ქერათმიან ლამაზმანებს ეტანებოდა, მაგრამ ლინდამ განსაკუთრებულად მოხიბლა. აღტაცებული დამიანო კი მასზე ამბობდა: "ყველაზე საოცარი ლინდაში ის არის, რომ ის მაშინაც უცოდველად გამოიყურება, როცა უხამსობას სჩადის".

მოგვიანებით, წლების შემდეგ, ლინდამ პორნოგრაფიის წინააღმდეგ "ჯვაროსნული ომი" წამოიწყო. მაშინ ის გამოტყდა, რომ ჩაკმა აიძულა, კამერის წინ სექსით დაკავებულიყო; მისი ფეხები დალურჯებული იყო ცემით და თუ კადრებს კარგად დააკვირდებოდით, შენიშნავდით, რომ თვალის უპეები და სხეულის ზოგიერთი ადგილი სქელი გრიმით ჰქონდა დაფარული.

GzaPressპორნოგრაფია აკრძალული იყო. სტუდიებს გადაღებებისთვის მიტოვებულ შენობებში, სარდაფებსა და სხვენებში აწყობდნენ; აყენებდნენ დაცვას, ეშინოდათ სამართალდამცველთა თავდასხმის. საკმარისი იყო ერთი ზარი პოლიციაში და გადაღების ყველა მონაწილე გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. თუმცა, მაფიის მიმართ შიშისა და ვალდებულების ფაქტორიც არსებობდა. "ღრმა ხახის" პრემიერის შემდეგ, ინტერვიუში ლინდა ამბობდა: "მე ფილმზე მუშაობისას სიამოვნებას ვიღებდი. ვიმედოვნებ, ყველა, ვინც ფილმის სანახავად მოვა, საკუთარი შინაგანი ტაბუსგან გათავისუფლდება".

პრემიერა 1972 წლის ივნისში, ნიუ-იორკში შედგა. ფილმი ერთადერთ კინოთეატრში გადიოდა, შემდეგ გაქირავება აიკრძალა. ფილმის ჩვენებამ ქალაქის ფემინისტური მოძრაობის პროტესტიც გამოიწვია. მასზე სერიოზულ კინოჟურნალებშიც დაიწერა. კამათი ავტორიტეტულმა კინოკრიტიკოსებმა წამოიწყეს. შემდეგ ცნობილი მსახიობები, მხატვრები და მწერლები ჩაებნენ. ყოველივეს შედეგად კი მისი ჩვენება მთელ ამერიკაში დაიწყეს. ფილმი ღირსშესანიშნავ მოვლენად გადაიქცა; ხოლო მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა - ცნობილი გახდა.

ლინდა ვარაუდობდა, რომ ამგვარი პოპულარობა მას სერიოზული კინოინდუსტრიისკენ გზას გაუკვალავდა. მას ხომ "ახალი ესთეტიკის განსახიერება" უწოდეს. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ლავლეისს არც ერთი სოლიდური შეთავაზება არ მიუღია.

ლინდა განსაკუთრებული ტალანტით არ ბრწყინავდა, არც განსხვავებული სილამაზით გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, მაყურებელს მისი ცოცხლად ხილვა სურდა. ამიტომაც, ის დადიოდა ქალაქებში, გამოდიოდა სცენაზე, ასრულებდა მარტივ სტრიპტიზს, პასუხობდა შეკითხვებს - და ამას უფრო მეტი შემოსავალი მოჰქონდა, ვიდრე პორნოფილმში გადაღებას.

1973 წელს გამოვიდა წიგნი - "ლინდა ლავლეისის შიგნით", რომელიც ბესტსელერად იქცა. წიგნის შექმნას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა: ჟურნალისტი ლინდას კითხვებს უგზავნიდა, ის კი პასუხებს მაგნიტოფონზე იწერდა. "მე ეს განვიცადე, მე ეს დავწერე და არავის ბოდიშს არ ვუხდი", - ასე იწყებოდა წიგნი, რომელიც მკითხველს მოუთხრობდა, როგორ ისწავლა მიეღო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში იყო. წიგნი ფოტოებით გახლდათ ილუსტრირებული. მალე გამოვიდა მეორე წიგნიც - "ლინდა ლავლეისის ინტიმური დღიური". აქ კიდევ უფრო მეტი "გულახდილობის" დემონსტრირება ხდებოდა და ტირაჟიც უფრო მაღალი იყო. ამას კიდევ, "წესები ქალებისთვის" მოჰყვა. პორნოვარსკვლავი საკუთარ თავს უკვე მწერალს უწოდებდა.

ლავლეისის წიგნების უზარმაზარი ტირაჟებით ჟურნალებიც დაინტერესდნენ და 1973 წლის ჟურნალ შერეწ-ს ივნისის ნომერში გაჩნდა სტატია სათაურით - "საიდუმლოდ, ლინდა ლავლეისის შესახებ". ამ სტატიის შემდეგ, კიდევ ერთი წიგნის - "მთელი ლინდა ლავლეისი" ავტორმა, ერიკ დენვილმა საპასუხო სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "ჟურნალმა თავის ყოფილ "ოქროს გოგონაზე" უხამსობა დაწერა, როცა მის პირველ ფილმზე და სილიკონის ინიექციებზე ქილიკით მოუთხრო მკითხველს; ასევე, მისი ნამდვილი გვარიც გაამხილა".

ჟურნალში წერდნენ, რომ პორნოვარსკვლავი საკუთარი ქმრის - ჩაკ ტრეინორის ხელში მხოლოდ სათამაშო იყო. იქვე გამოთქმული გახლდათ ვარაუდი, რომ ყველა მისი წიგნი შეიძლება, ჩაკის პროექტი ყოფილიყო.

ლინდას მისი "კარიერის" ამგვარმა ინტერპრეტაციამ შოკი მოჰგვარა. ჟურნალ Playboy-ს იმავე წლის ნომერში ის შეეცადა დაემტკიცებინა, რომ საკუთარ ბედს მხოლოდ თვითონ განაგებდა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ ჩაკმაც მისცა ინტერვიუ, სადაც ირწმუნებოდა: "მისი განცხადებები იმდენად სასაცილოა, რომ ყოველივე ამასთან სერიოზული მიდგომაც არ შემიძლია... როცა მას შევხვდი, ის იმდენად მორცხვი იყო, გახდილი კაცისთვის შეხედვაც რცხვენოდა... ლინდა ლავლეისი მე შევქმენი და ამით ყველაფერია ნათქვამი".

ეს ამბავი წყვილის განქორწინებით დასრულდა. ლინდა საცხოვრებლად ქმრის კოლეგასთან, პროდიუსერ დევი ინტერსთან გადავიდა, რომელმაც ის ეროტიკულ კომედიაში - "ლინდა ლავლეისი - პრეზიდენტად!" - გადაიღო. ფილმი ჟურნალ Variety-მ სასტიკად გააკრიტიკა.

1974 წლის იანვარში ლავლეისი კოკაინისა და ამფეტამინის შენახვისთვის დააპატიმრეს. მას "გამამხნევებელ ნივთიერებთან" დაკავშირებით იმხანად დიდი პრობლემა ჰქონდა, ნარკოტიკების გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. როცა 1976 წელს მსხვილბიუჯეტიან ეროტიკულ ფილმში ("ლაურა") მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს, რამდენიმე სინჯის შემდეგ, პროდიუსერმა ოვიდიო ასონიტისმა მას უარი უთხრა - ნარკოტიკებზე ზედმეტი მიჯაჭვულობის გამო. ლინდამ ეს ღვთიურ ნიშნად მიიღო და განაცხადა, რომ ლავლეისი აღარ არსებობდა და ცხოვრებას ამიერიდან მხოლოდ ლინდა ბორმენი გააგრძელებდა. მან დევიდ ინტერსთან კავშირიც გაწყვიტა და მებათქაშე ლარი მარჩიანოს გაჰყვა ცოლად. წყვილს ქალ-ვაჟი შეეძინა. ქმარს დასაქმების პრობლემა ჰქონდა, სვამდა, ოჯახი ერთხანს უმუშევართა შემწეობით არსებობდა; ზოგჯერ, ლინდას ინტერვიუებშიც უხდიდნენ ჰონორარს, მაგრამ გაჭირვებას ეს არ შველოდა... და ყოფილი პორნოვარსკვლავი საბოლოოდ ალაპარაკდა. მან უკვე დაუფარავად გამოუცხადა ომი ჩაკ ტრეინორს. როცა რეპორტიორები გაოცებულები ეკითხებოდნენ, - რატომ ადრე არ უჩივლა მას სასამართლოში? - ლინდა სევდიანად პასუხობდა: "ჩვენს საზოგადოებაში მსხვერპლისთვის კანონი არ არსებობს"...

GzaPressცხოვრებისეულმა პერიპეტიებმა ლინდას ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა და 1987 წელს ქალს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, რისთვისაც ფულს სახალხოდ უგროვებდნენ. გადარჩა, მაგრამ მისი ცხოვრება წარმატებულად აღარ გაგრძელებულა. 1996 წელს ქმარს დაშორდა. განქორწინების შემდეგ მრავალი მცირეანაზღაურებადი სამსახური გამოიცვალა: დაჰქონდა წერილები; დამლაგებლადაც კი უმუშავია, ჟურნალისტებმა და ფემინისტებმაც მიივიწყეს. მხოლოდ 2002 წლის აპრილში გაიხსენეს, როცა საავტომობილო ავარიაში მოყვა და უმძიმესი ტრავმები მიიღო. 22 აპრილს, ახლობელთა თანხმობის საფუძველზე, 53 წლის ლინდა ბორმენს ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამოურთეს. მანამდე ლინდაზე ამდენი არასდროს დაუწერიათ. ასევე მოხდა ჩაკ ტრეინორის შემთხვევაშიც, რომელიც ლინდას გარდაცვალების შემდეგ სამ თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

P.S. 2012 წელს რეჟისორმა პიტერ სარსგარდმა გადაიღო ფილმი - "ლავლეისი", რომელშიც მთავარ როლს ამანდა სეიფრიდი ასრულებს, ხოლო ლინდას დედის როლში შერონ სტოუნი გვევლინება.

ირინა ჯანდიერი