ბედი შეიძლება იქ იპოვო, სადაც არ ეძებ!.. - გზაპრესი

ბედი შეიძლება იქ იპოვო, სადაც არ ეძებ!..

წლები კი მისთვისაც ისევე ულმობლად მიქროდა, როგორც სხვა ქალების ცხოვრებაში ხდება და როცა ჯერ უფროსი ძმისშვილები გაზარდა და მერე უმცროსის პატარებს გადაჰყვა თან, ორმოცსაც მიუკაკუნა. რძლებმა ძვირფასი საჩუქრები მიართვეს დაბადების დღეზე, მაგრამ ისეთი რამ უთხრეს, ყველაფერმა უცებ დაკარგა ფასი: რა იქნებოდა, შენს ბედზეც გაჩენილიყო ერთი კაცი, რომ ჩვენს შვილებს არ შერჩენოდი ხელში სარჩენადო?..

რძლებს არაფერი უთხრა, მაგრამ მარტო დარჩენილმა ბევრი იტირა იმ ღამით და თეთრადაც გაათენა: თუ სარჩენად გაუხდებოდა საქმე, იმდენი ამაგი კი ჰქონდა ძმისშვილებზე, რომ ლუკმა არ დაეყვედრებინათ მისთვის, მაგრამ რძლების ნართაული სიტყვების შემდეგ, რისი იმედი უნდა ჰქონოდა?!

იმ დღის შემდეგ ერთი ძმის ოჯახშიც ზედმეტად გრძნობდა თავს და მეორისაც. სადილიც ყელში ეჩხირებოდა. ეგონა, ამის უფლებაც ჩამოართვა ვიღაც უხილავმა. ბედსაც გაებუტა, რომ მისთვის კაცი არ გაიმეტა. ბევრს ეცადა, მაგრამ ერთი კაციც ვერ გაიხსენა ამ ორმოცი წლის განმავლობაში, მისთვის სერიოზულად რომ შეეხედა. ცალკე მოინდომა საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ ძმებს ხომ არ გააყოფინებდა მამა-პაპის დანატოვარ ქონებას (არადა, რატომაც არა?!) და რადგან თავის დროზე უნივერსიტეტში გერმანული ენის სპეციალობით სწავლობდა, სწორედ გერმანიაში გადაწყვიტა სამუშაოდ წასვლა. მემკვიდრეობით მიღებული ოქროულობა გაყიდა, რომელსაც აქამდე რუდუნებით ინახავდა: ძმისშვილები დაქორწინდებიან და ვაჩუქებო (არ გამოდგნენ ღირსები და...)! გაამზადა საბუთები და ჰაიდააა... არც არავის შეუჩერებია. პირიქით, გაუხარდათ კიდეც მის ნათესავებს, - იქნებ ფეხი მოიკიდო და ბავშვებიც წაიყვანოო! დიახ, რძლებმა იმ "ბავშვებზე" უთხრეს, რომელთა სარჩენიც ლელა უნდა გამხდარიყო (ჰმ!)

რადგან ენა იცოდა, უცებ იპოვა სამუშაო: 55 წლის ოტო ბლუმბერგი ავარიაში მოხვედრილიყო და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულის მოვლა არა მარტო მის შვილებს, ცოლსაც არ უნდოდა. უფრო მეტიც, ისევ ქმრის ფულით, საგზური იყიდა და ევროპის გარშემო სამოგზაუროდ წავიდა. ოტო დეპრესიაში იყო და სიკვდილს ნატრობდა:

- ვიდრე ჯანმრთელი ვიყავი, არაფერი მომიკლია ცოლ-შვილისთვის, ავადმყოფი კი ძაღლივით მიმაგდეს. ნეტავ, მოვმკვდარიყავი...

ლელას ცრემლები წამოსცვივდა:

- ე-ეჰ, მეც ეგრე მომივიდა, - ყველას გადია ვიყავი და მერე ლუკმაპური დამაყვედრეს, თორემ ამ გადაკარგულში რა ჩამომიყვანდა?!

ოტომ თავისი თქვა, ლელამ თავისი. იტირეს, მერე ხელი ჩაიქნიეს და გაეღიმათ კიდეც:

- საიდან სად შეგვახვედრა განგებამ ახლობლებისგან ხელნაკრავი ადამიანები ერთმანეთს, ხომ ხედავ?!

დამეგობრდნენ. ლელამ ქართული ხასიათი გამოამჟღავნა - ოტოს მოვლის მეტი არაფერი ევალებოდა, მაგრამ გერმანელი მზარეულის მომზადებული კერძები გვერდზე გასწია და სამზარეულოშიც თავად დატრიალდა. გააგიჟა გერმანელი ოტო ქართული ხაჭაპურითა და შემწვარ-მოხრაკულით. ბოსტანიც კი გააშენა სანაქებო ევროპულ ბაღში, ქართული კიტრი და პომიდორი მოიყვანა, საქართველოდან გააგზავნინა თესლი და ჩითილები...

ოტოც აიყოლია. კაცს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა და სასწაულიც მოხდა: გერმანელმა ჯერ ყავარჯნების დახმარებით გაიარა, მერე - ხელჯოხის და ბოლოს, ისიც გადააგდო, სამსახურსაც დაუბრუნდა. თან, უბრალო კაცი კი არა, ტკბილეულის მწარმოებელი ფაბრიკა-ქარხნების თანამფლობელი აღმოჩნდა...

ქმრის გამოჯანმრთელების ამბავი რომ გაიგო, ოტოს ცოლი შინ დაბრუნდა და ლელას გაშვება დაუპირა, ჩემოდნების ჩალაგება უბრძანა. მხოლოდ საღამომდე მისცა დარჩენის ნება: საბოლოო ანგარიშს ოტო გაგისწორებს და ჩეკსაც გამოგიწერსო...

ლელას გული კი დასწყდა, მაგრამ არ გაჰკვირვებია და მორჩილად შეუდგა ბარგის ჩალაგებას. იმასღა ნატრობდა, - ნეტავ, ახალი სამსახური მალე ვიშოვოო...

ოტოს ეზოში დახვდა. გაუკვირდა კაცს და რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, ხელი მოჰკიდა, შინ შეიყვანა და ცოლს მისი თანდასწრებით უთხრა:

- ლელა არსად წავა. აი, შენ კი შეგიძლია, წახვიდე, რადგან ახლა მე აღარ მჭირდები!

იკამათეს, იჩხუბეს, მაგრამ ცოლი გააგდო და საბოლოოდ, განქორწინებასაც მიაღწია. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი კი დაუჯდა... რაღაც პერიოდის შემდეგ, ლელას სთხოვა ცოლობა... თავი სიზმარში ეგონა საბრალოს - რას, რას და ბედის გახსნას ყველაზე ნაკლებად ელოდა უცხოეთში...

რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს და სულ ცოტა ხნის წინ 59 წლის ოტოს 44 წლის ქალმა ვაჟიც კი გაუჩინა: ალბათ გიხარიათ თქვენი შვილების სარჩენი რომ აღარ ვიქნებიო! - შემოუთვალა რძლებს, რომლებმაც ხმამაღლა ვერაფერი თქვეს, თორემ ვინ იცის, რამდენს ოცნებობდნენ, რომ ლელა მათ შვილებს წაიყვანდა გერმანიაში და ოტო ბლუმბერგის ქონების მემკვიდრეებად გამოაცხადებდა...

ამაზეა ალბათ ნათქვამი: კაცი ბჭობდა და ღმერთი სამართალს ამყარებდაო! ინგა ჯაყელი, ჟურნალი "გზა"