რისთვის მიიწვია ზურა ვადაჭკორია მაროკოს მეფემ? - გზაპრესი

რისთვის მიიწვია ზურა ვადაჭკორია მაროკოს მეფემ?

ქეიფის დროს ვერ უსმენს კლასიკას, დასვენების პერიოდში კი მძიმე ლიტერატურას ვერ კითხულობს.

პრეამბულის მაგიერ

- ბოლო დროს ვცდილობ, საინფორმაციო გამოშვებებს მშვიდად ვუყურო. ერთმა ჩემმა ახლობელმა მირჩია, - ყველაფერი გულთან ნუ მიგაქვს, ფილოსოფიურად შეხედეო. პოლიტიკოსებს რომ უსმენ, დააკვირდი, რამდენ ტყუილს ამბობენ, როგორ გვაბოლებენ, გვატყუებენო. მას შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებსა და პოლიტიკურ შოუებს ვუყურებ, როგორც რეჟისორი, რომელიც მსახიობს ამოწმებს. ვაანალიზებ, ვინ როგორ იტყუება, ვინ არის კარგი მოთამაშე და მიცემულ როლს თავს ვინ როგორ ართმევს.

- ყველაზე შთამბეჭდავი ტყუილი რა გახსენდება?

- სულ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ უკვე ნატოში შევდივართ.

- ლიტერატურული პერსონაჟებიდან გამორჩეულად რომელიმე თუ გიზიდავს?

- ვაჟა-ფშაველა ძალიან მიყვარს. მისი პერსონაჟები საინტერესო ადამიანები არიან. უცხოელი ავტორების ბევრი გმირი შეიძლება გავიხსენო. რობინზონ კრუზო საინტერესო არ იყო? მინდა, ჩემ გვერდით, შინაგანად მასავით ძლიერი მეგობრები მყავდეს. ვაჟკაც ხალხთან ურთიერთობა მიყვარს და სულით ძლიერ ადამიანებს პატივს ვცემ.

- ასეთი ადამიანები ცხოვრებაში რამდენად ხშირად გხვდებიან?

- ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ჩემი ბიძაშვილი, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. მან თავისი ავადმყოფობის შესახებ ყველაფერი იცოდა. აქეთ მანუგეშებდა, - არ ინერვიულო, მაინც უნდა მოვკვდე და რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები, ახლა ამაზე რომ ვინერვიულო, პროცესს კიდევ უფრო დავაჩქარებო. ხშირად მოვიკითხავდი ხოლმე. ერთ დღეს მითხრა, - იმდენად ხშირად მეკითხები როგორ ხარო, უკვე მრცხვენია, ცოცხალი რომ ვარ... ძალიან ძლიერი კაცი იყო.

- მონოპოლია ბერძნული სიტყვაა. როგორ ითარგმნება?

- ბაზარს მარტო ერთი რომ განაგებს. მონოპოლისტი პატარა დიქტატორია.

- ითარგმნება - "მარტო ვყიდი".

- ჰო, რა, ვთქვი და ვერც ვთქვი.

- ის საქართველოში XVII საუკუნეში, თურქეთიდან შემოვიდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოჩენისთნავე ომი გამოუცხადეს. შაჰ-აბას დიდის ბრძანებით, ვისაც "ამას" აღმოუჩენდნენ, ტუჩებსა და ცხვირს აჭრიდნენ. რუსეთში ის ინგლისიდან გავრცელდა. რაზეა ლაპარაკი?

- ნივთიერებაა?

- მცენარეა.

- (ფიქრობს)

- 2 სიტყვით მიგანიშნებთ - მავნე ჩვევა.

- თამბაქოს მოწევაზე?

- გამოიცანით. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეერთებული სამეფოს ისტორიაში ვინ იყო პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი?

- მარგარეტ ტეტჩერი.

- "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო". დაასახელეთ პიროვნება, რომელმაც ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს წარმოთქვა.

- ნოე ჟორდანია.

- მისი ნამდვილი სახელი და გვარია გორდონ მეთიუ ტომას სამნერი, ხოლო ფსევდონიმი მას შემდეგ მიიღო, როცა სცენაზე ყვითელ და შავზოლიანი პულოვერით გამოჩნდა. დაასახელეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- ჩვენ ფსევდონიმით ვიცნობთ?

- დიახ. საქართველოშიც არის ნამყოფი.

- არ ვიცი.

- სტინგი. რომელი დაბაა გუდამაყრის არაგვსა და მთიულეთის არაგვის შესართავთან?

- ფასანაური.

- რომელი მწერლის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი კახეთშიც, ქართლშიც და დედაქალაქშიც?

- ილია ჭავჭავაძის.

- ვინ თამაშობს მთავარ როლს "რომაულ არდადეგებში"?

- ოდრი ჰეპბერნი.

- არც ისე დიდი ხნის წინ, ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გაიხსნა მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის შეხვდებით რეაქტიულ სკუტერს, მოტოციკლს ვერტმფრენის ტურბინით, შავ "ვოლგას", ტანკ "ტ-55"-ს... მითხარით, ვის ეძღვნება ეს მუზეუმი?

- გთხოვთ, ექსპონატები გამიმეორეთ (გამეორების შემდეგ) ალბათ ჯეიმს ბონდს ეძღვნება.

- დიახ, სხვადასხვა ფილმებში გამოყენებული ტრანსპორტია. რომელ დრამატურგს ეკუთვნის ცნობილი ოპერები "სამგროშიანი ოპერა" და "გალილეო"?

- ბერტოლდ ბრეხტს.

- "ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,/ რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს/ რომ საქართველო ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს".

- (მაწყვეტინებს) მირზა გელოვანს ეკუთვნის. შექსპირის სონეტებიდან ერთ სტროფს გეტყვით, თუ გამოიცნობთ, ვინ თარგმანა: "ცხოვრებისაგან გადაღლილი მე სიკვდილს ვნატრობ/ კეთილშობილის როცა ვხედავ გამათხოვრებას./ პატიოსნება ილახება როდესაც ვატყობ,/ ან უვარგისი როგორ იხდენს კარგად ცხოვრებას..."

- შექსპირის სონეტები რეზო თაბუკაშვილის თარგმანი მაქვს წაკითხული. ეს განსხვავებულია.

- კოტე ყუბანეიშვილის ნათარგმნია.

- მამაკაცებმა ეს საქმიანობა 3 000 წლის წინ, თავად მოიგონეს, დღეს კი ეს ქალების საქმედ ითვლება. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებთ.

- ქსოვაზე. კონფუცი ცუდ მმართველად მას მიიჩნევდა, ვინც ხალხს სძულდა, ცოტა უკეთესად - ვინც ხალხს უყვარდა. ვის მიიჩნევდა იგი საუკეთესო მმართველად?

- არ ვიცი.

- ვისი სახელიც ხალხმა არ იცოდა.

- ღმერთმა იცის, ეს ქვეყანა ისე როდის დალაგდება, რომ ყველა პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკებს. ყველაფერი პოლიტიკამ მოიცვა - გაზეთი, ტელევიზია, ჟურნალი... არ შეიძლება, საქმე ისე აკეთონ, რომ პოლიტიკოსებმა შოუებში და ინტერვიუებზე არ ირბინონ?

- ხალხს ხომ უნდა უთხრან, რის გაკეთებას აპირებენ.

- ხომ შეიძლება, ერთი ბრიფინგი გამართონ და ყველა ტელევიზია დაპატიჟონ. სავალდებულოა, დღე და ღამე ამაზე ილაპარაკონ? მერე ბევრი საქმე გაუკეთებელი რჩება.

ღირსეული ადამიანები თავიანთ დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ. თუ ჰპირდები და არ აკეთებ, ე.ი. ღირსეული არ ხარ. ეს სიტყვები დეპუტატებმა წაიკითხონ.

- ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 29 რიცხვი?

- თებერვალში.

- დარწმუნებული ხართ?

- აბა, არა? 29 რიცხვი კიდევ რომელ თვეშია?

- დაფიქრდით.

- რაზე დავფიქრდე, ნუ გამაგიჟეთ. როგორ თქვი (პაუზის შემდეგ)? უჰ! ყველა თვეშია.

- საქართველოს ისტორიაში არაერთი მეფეა მეტსახელით ცნობილი. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII უზომო ჭამა-სმით იყო ცნობილი. რა მეტსახელით შემორჩა ის ისტორიას?

- ზაქიჭამია.

- ეს ინგლისელი მწერალი ქალი I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. მას დეტექტიური ჟანრის 60-მდე ნაწარმოები აქვს შექმნილი. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ, მისი ნაწარმოებების მთავარი გმირი ერიკიულ პუაროა.

- აგათა კრისტი. მინიშნების გარეშე ვერ გიპასუხებდი.

- რომელი ცნობილი ფრანგი იმპერატორი ამბობდა: "ყველა ჩემი ჯარისკაცის ზურგჩანთაში მარშლის კვერთხი დევს"?

- ფრანგი იმპერტორი? ნაპოლეონი იტყოდა.

- დაასრულეთ ჩარლი ჩაპლინის ცნობილი გამონათქვამი: "ჩემი გულის ტკივილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილის მიზეზი, არასოდეს იქნება ვინმეს გულის...

- "...ტკენის მიზეზი". მომეწონა. მეც ვარ ერთი გამონათქვამის ავტორი, რომელიც ავტორთა საზოგადოებამ აღიარა: "პოპულარობით კი არ უნდა გახდე შემოქმედი, შემოქმედებით უნდა გახდე პოპულარული".

- დაბოლოს, გკითხავთ, თქვენს საქმიანობაში რა სიახლეა?

- ახლახან მაროკოში მეფის მიწვევით ვიყავი. 1 თვე ვიმუშავე. მეფემ უპატრონო ბავშვებისთვის საქველმოქმედო საღამოები ჩაატარა. მაროკოში ჩემთან ერთად ბახვა წერედიანი იყო. ის თოჯინებით მუშაობდა. თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"