შეკრულობა ანუ ყაბზობა - სად ვეძებოთ დამნაშავე და როგორ ვუმკურნალოთ
თუ ადამიანს დეფეკაციის (კუჭის მოქმედების) სიხშირე კვირაში სამზე ნაკლები აქვს, ამასთან, ნაწლავთა მოქმედება დაძაბვას მოითხოვს, განავალი მეტისმეტად მკვრივია და კუჭის მოქმედების შემდეგ არ აქვს სწორი ნაწლავის სრული დაცლის შეგრძნება, მაშინ ექიმები შეკრულობის დიაგნოზს სვამენ და სწორი მკურნალობის დანიშვნის მიზნით იწყებენ მისი მიზეზის ძებნას.
სად ვეძებოთ დამნაშავე
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეკრულობის მიზეზი განავლის წარმოქმნისა და ნაწლავებში მისი გადაადგილების შეფერხებაა, რაც რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედებას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ნაწლავთა კუნთოვანი შრის მოტორიკის (მოძრაობის) მოშლა, დეფეკაციის მოთხოვნილების შესუსტება, ნაწლავისა და მის ახლოს მდებარე ორგანოების ანატომიური ცვლილებები, რაც შიგთავსის ნორმალურ გადაადგილებას აფერხებს. თავის მხრივ, ჩამოთვლილი ფაქტორები შესაძლოა სრულიად სხვადასხვა დაავადებასა და მდგომარეობას უკავშირდებოდეს.
შეკრულობა და ნერვული და ენდოკრინული დაავადებები
ყაბზობის მიზეზად შეიძლება იქცეს ინსულტი, პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის დაზიანება და სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი და სხვა. ჩამოთვლილი ნევროლოგიური დაავადებების დროს ყაბზობას ნაწლავთა ინერვაციის დარღვევა და დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა განაპირობებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფიზიკური აქტივობის მკვეთრი შეზღუდვა და ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი.
ყაბზობას იწვევს ენდოკრინული სისტემის დაავადებებიც. მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი. მნიშვნელოვანი მიზეზია ჰიპოპარათირეოზიც - ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. არცთუ იშვიათია შეკრულობა შაქრიანი დიაბეტის დროს. ჰორმონული მიზეზით, კერძოდ, ესტროგენისა და პროჟესტერონის მაღალი შემცველობით არის განპირობებული ყაბზობა ორსულობის პერიოდში.
საჭმლის მომნელებელი სისტემა და ყაბზობა
ყაბზობა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ანთებითმა დაავადებებმა (ქრონიკულმა კოლიტმა ანუ მსხვილი ნაწლავის ქრონიკულმა ანთებამ და ქრონიკულმა ენტერიტმა _ წვრილი ნაწლავის ქრონიკულმა ანთებამ), ასევე დისბაქტერიოზმა - პათოლოგიურმა მდგომარეობამ, რომლის დროსაც ნაწლავში ირღვევა მიკროორგანიზმების ნორმალური თანაფარდობა და რაოდენობა. ყაბზობას რეფლექსურად იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, დუოდენიტი, გასტრიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი და სანაღვლე გზების დისკინეზია.
მედიკამენტები და შეკრულობა
შეკრულობის გამომწვევი მედიკამენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, რამდენიმე მათგანს დავასახელებთ: ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, ალუმინისა და კალციუმის შემცველი სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები, კალციუმის ანტაგონისტები, რომელთაც ფართოდ იყენებენ არტერიული ჰიპერტენზიისა (მაღალი წნევის) და გულის დაავადებების სამკურნალოდ, სპაზმოლიზური პრეპარატები, პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, რკინის პრეპარატები, შარდმდენები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა.
კვება შეკრულობის დროს
სათანადო დიეტური კვება ყაბზობის წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სწორედ კვების თავისებურებებთან არის დაკავშირებული შეკრულობის სიხშირე იმ ქვეყნებში, სადაც ბოჭკოებით ღარიბ (ე.წ. რაფინირებულ - თეთრი პური, შაქარი და ა.შ.) საკვებს იყენებენ. ბოჭკო მცენარეული საკვების ის ნაწილია, რომელსაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ვერ შლის. მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას - ბოჭკო წყალს შეიწოვს, რის შედეგადაც განავლოვანი მასების მოცულობა იზრდება და ნაწლავთა მოქმედებაც უმჯობესდება. მცენარეული ბოჭკოთი მდიდარია ქატო, ბოსტნეული, შავი პური. ამავე დროს, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ასეთმა საკვებმა შესაძლოა მეტეორიზმი და ტკივილის გაძლიერება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, უმჯობესია, კვების რაციონი ექიმმა და პაციენტმა ერთად დაგეგმონ.
ყურადღება უნდა მიექცეს მიღებული სითხის ოდენობას. თუ პაციენტს სხვა ორგანოები (გული, თირკმელი) ხელს არ უშლის, 1,5-2 ლიტრზე ნაკლები სითხე არ უნდა მიიღოს. საქმე ის არის, რომ ნაწლავის შიგთავსის შეფერხებული გადაადგილების გამო სითხე უკუშეიწოვება, რაც განავლის გამოშრობას იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, ყაბზობას აძლიერებს. ასე რომ, სათანადო ოდენობის სითხის გარეშე მცენარეული ბოჭკოების მიღებას აზრი არ აქვს.
საფაღარათო საშუალებები
სამწუხაროდ, ბევრი მიიჩნევს, რომ ყაბზობის სამკურნალოდ საკმარისია ეფექტური საფაღარათო პრეპარატის რეგულარული მიღება. ეს მცდარი აზრია. საფაღარათო საშუალებების მუდმივი გამოყენება ყაბზობის სამკურნალოდ არამც და არამც არ შეიძლება. ამ ჯგუფის პრეპარატები თავდაპირველად საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ დროთა განმავლობაში ყაბზობა მძიმდება და იმავე შედეგის მისაღებად საჭირო ხდება პრეპარატის დოზის ზრდა, რაც რეცეპტორული აპარატის მგრძნობელობის დაქვეითებისა და ნაწლავის მოტორიკის ანუ მოძრაობის მოშლის შედეგია. ოყნა მხოლოდ მოკლე ხნის განმავლობაში, ნაწლავების ნორმალური მოქმედების აღდგენამდეა რეკომენდებული, უმთავრესად - ოპერაციის შემდგომ პერიოდში, წოლითი რეჟიმის ან სწორი ნაწლავის დაავადებათა გამწვავების დროს, როცა დეფეკაციისას დაძაბვა მიზანშეწონილი არ არის. სხვა შემთხვევებში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყაბზობას არამედიკამენტური მეთოდებით ვუმკურნალოთ.
შეკრულობას თავიდან აიცილებთ, თუ:
* მიიღებთ მცენარეული ბოჭკოთი მდიდარ საკვებს და ნაკლებად გამოიყენებთ რაფინირებულ ნახშირწყლებს;
* საკმარისი რაოდენობით დალევთ სითხეს, ოღონდ არა კოფეინიანს (კოლას, ყავას, მუქ ჩაის) და ალკოჰოლიანს - ასეთი სასმელი სითხის დაკარგვას იწვევს;
* რეგულარულად ივარჯიშებთ, ივლით ფეხით;
* არ დათრგუნავთ დეფეკაციის სურვილს და დროულად წახვალთ ტუალეტში;
* გააცნობიერებთ, რომ ნაწლავთა მოქმედება 2-3 დღეში ერთხელ თქვენთვის შესაძლოა ნორმა იყოს და ბოროტად არ გამოიყენებთ საფაღარათო საშუალებებს.
შეკრულობის დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს:
• 20 გ დაქუცმაცებულ ხეჭრელის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, 30 წუთით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ძილის წინ.
• მიიღეთ 1 ჭიქა ყურძენი ან ყურძნის წვენი დღეში 3-ჯერ: დილით _ უზმოზე, სადილამდე 1 საათით ადრე და საღამოს.
• 180 გ მაწონს კარგად შეათქვიფეთ 10 გ მცენარეული ზეთი და ჩაის კოვზით ნელ-ნელა მიირთვით, ძილის წინ.
• დილით 1 ს/კ თაფლი გახსენით 1 ჩ/ჭ ცივ (ოთახის ტემპერატურის) წყალში და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.
• 150 გ ალოეს წვენს შეურიეთ 300 გ თაფლი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში 2-ჯერ (დილით უზმოზე და ძილის წინ), თან წყალი მიაყოლეთ.
• სპასტიკური შეკრულობის დროს მიიღეთ 1/4-1 ჩ/ჭ ახალი კარტოფილის წვენი.
• საფაღარათო თვისებები აქვს მჟავე კომბოსტოს მარილწყალს. მიიღეთ დღეში 1/2 ჩ/ჭ გამთბარი სითხე.
ნინო ჩარგეიშვილი