რიჩარდ ბრენსონი - დიდი ბიზნესის ფეხში ჩაჭედებული ლურსმანი - გზაპრესი

რიჩარდ ბრენსონი - დიდი ბიზნესის ფეხში ჩაჭედებული ლურსმანი

რომლის დღევანდელი ქონებაც 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მარტო მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენელი კი არა, თავისი არასტანდართული საქციელებით - მაგალითად, სისწრაფეში მსოფლიო რეკორდების მოხსნის არაერთგზის მცდელობით გამორჩეული, ძალზე საინტერესო პიროვნებაცაა. საზოგადოებაში მას როგორ აღარ - მოიხსენიებენ: ჰიპი-მილიარდერად, ეპატაჟის დიდოსტატად, დიდი ბიზნესის ფეხსაცმელში ჩაჭედებულ ლურსმნად, ავაზაკად, მეკობრედ, ბიზნესის ჭუჭყისგან გამწმენდ რაინდად და თვით მოსიარულე ლოგოტიპადაც კი.

GzaPressსერ რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონი 1950 წლის 18 ივლისს ლონდონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბლეკჰიტში, შთამომავლობითი არისტოკრატის, ედვარდ ჯეიმს ბრენსონის ოჯახში დაიბადა. რიჩარდ ბრენსონის წინაპრები ძალიან შეძლებული ადამიანები იყვნენ. მათი ოჯახური ტრადიციის გაგრძელება მხოლოდ მამამისმა ვერ შეძლო, რადგან ადვოკატი ვერ გახდა. თანაც, ყველასთვის მოულოდნელად, თვითმფრინავის ბორტგამცილებელიც შეირთო ცოლად და მთელი თავისი საგვარეულო საბოლოოდ აიმხედრა.

რიჩარდის დედა, მომხიბვლელი და ავანტიურისტული თავგადასვლების მოყვარული ივეტ ფლინტი თავიდანვე ავიაციაში მუშაობაზე ოცნებობდა და, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ქალებს მფრინავის პროფესიაზე ლამის ოცნებაც ეკრძალებოდათ, უკან დახევა არც უფიქრია და სანუკვარ მიზანს მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმულმა მიაღწია. ცოტა მოგვიანებით კი უკვე საერთაშორისო ავიახაზებზე ბორტგამცილებლადაც ისე დაიწყო მუშაობა, რომ არც უცხო ენები იცოდა და არც შესაბამისი სამედიცინო განათლება ჰქონდა.

ივეტ ფლინტის საკმაოდ წარმატებული კარიერა ადვოკატობაში ხელმოცარულ ედვარ ბრენსონზე გათხოვებამ დაანგრია. ცაში ლაღად ფრენას მიჩვეული ქალი ოჯახის სარჩენად უკვე არანაირ საქმეს აღარ თაკილობდა და, ქმრისა და ოთხი შვილის მოვლის პარალელურად, ხან კალათებს წნავდა, ხან ხალიჩებს ქსოვდა, ხანაც სხვადასხვა საქონლის შესაფუთ კოლოფებს ღებავდა.

GzaPressრიჩარდი ოჯახში უფროსი შვილი იყო. ივეტი პირმშოს გაჩენისთანავე მიხვდა, რომ მას რაღაც ცუდი სჭირდა და არც შემცდარა: ექიმებმა ბავშვს ახლომხედველობისა და დისლექსიის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ დისლექსიით დაავადებული ადამიანები ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე წერა-კითხვასაც კი ვერ სწავლობენ, ივეტი ბედს მაინც არაფრით დანებდა, შვილს რეალურ ცხოვრებასთან შეგუებაში ყველანაირად ეხმარებოდა და დროდადრო თავისებურ გადარჩენის ტესტებსაც კი უტარებდა. რიჩარდი ოთხი წლის არც იქნებოდა, ივეტმა სახლიდან რამდენიმე მილის მოშორებით მანქანიდან რომ ჩამოსვა და უთხრა: "შინ გაიქეცი, პატარავ, და მამიკო მოძებნე". ბიჭუნამ საკუთარ სახლს მხოლოდ შეღამებულზე მიაგნო. თერთმეტი წლის რიჩარდი დედამ იანვრის ერთ ადრიან დილას გააღვიძა, პაკეტში საგზლად რამდენიმე ვაშლი და ბუტერბროდი (წყურვილის მოკვლაზე ბიჭუნას თვითონ უნდა ეზრუნა) ჩაუდო, ველოსიპედზე შესვა და 50 მილით დაშორებულ მეზობელ ქალაქში, ნათესავებთან გაგზავნა. ამ "ოდისეას" ზრდასრული რიჩარდ ბრენსონი ყოველთვის ზედმიწევნით მხატვრულად აღწერდა ხოლმე. განსაკუთრებით კი იმის ხაზგასმა უყვარდა, თუ დავალების პირნათლად შესრულების შემდეგ, შინ ძალიან ამაყი და უსაშველოდ დაღლილი როგორ დაბრუნდა. დედამ კი გაუღიმა და უთხრა: "ყოჩაღ, რიკი! ხომKკარგად იმხიარულე? ჰოდა, ახლა მღვდელთან უნდა გაიქცე: შეშა აქვს დასაჩეხი და შევპირდი, რიკი წუთი-წუთზე გამოჩნდება-მეთქი".

ივეტ ბრენსონი დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიჭუნა არათუ ყველა პრობლემას გაუმკლავდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც კი გახდებოდა და ამისთვის თავად მართლაც ყველაფერს აკეთებდა. ერთ-ერთ თავის ბიოგრაფიულ წიგნში რიჩარდ ბრენსონი წერს: "ადრეული ბავშვობიდანვე დედაჩემის მიერ ჩატარებულმა მსგავსმა გაკვეთილებმა მაქცია დამოუკიდებელ ადამიანად, დამოუკიდებელი ფიქრი და საქმის საკუთარი ხელით კეთება მასწავლა. სხვა მშობლებიც ჩემსას რომ ჰგვანებოდნენ, ეგებ, ყველანი ენერგიული ადამიანები გავმხდარიყავით".

საკუთარი ბიზნესის დაწყება რიჩარდ ბრენსონმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას სცადა და ხან საშობაო ნაძვის ხეებს, ხანაც თუთიყუშებს ზრდიდა და ყიდდა. მართალია, მის წამოწყებებს მშობლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს, მაგრამ მოგება მაინც არა და არ ჩანდა. "ყმაწვილო, თქვენ ან ციხეში ამოჰყოფთ თავს, ანდა მილიონერი გახდებით", - უწინასწარმეტყველა ბრენსონს კერძო პრივილეგირებული სკოლის - შტაწ-სცჰოოლ-ის დირექტორმა. "ყმაწვილი" მაშინ თხუთმეტი წლის იყო და ოქსფორდში ჩასაბარებლად კიდევ რამდენიმე წელი უნდა ესწავლა. მაგრამ ჩათვალა, რომ წინ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ელოდა და ლონდონს მიაშურა, სადაც ჟურნალ "სტუდენტის" გამოცემა გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპების მოძრაობით შთაგონებული ბრენსონის ახალი ბიზნესიდეა ბევრს სრულ აბსურდად ეჩვენებოდა, 1968 წელს "სტუდენტის" პირველი ნომერი მაინც გამოვიდა. რიჩარდმა მასში თანამშრომლობაზე მარტო სახელგანთქმული მხატვარი ჯერალდ სკარფი კი არ დაითანხმა, არამედ ჯონ ლენონსა და მიკ ჯაგერს უფასო სტატიებიც დააწერინა. ასე რომ, ჟურნალის პოპულარობამ დიდხანს აღარ დაახანა და რეკლამის განთავსების მსურველთა სერიოზული ყურადღებაც მიიპყრო.

"სტუდენტის" ფეხზე დაყენებისთანავე ბრენსონს თავში ახალი იდეა მოუვიდა, ცნობილი შემსრულებლების გრამფირფიტების 10-15%-იანი ფასდაკლებით გაყიდვას მიჰყო ხელი და მალე ოქსფორდ-სტრიტზე გრამფირფიტების ორი მაღაზიაც გახსნა. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ბრენსონის ფირმის სახელწოდებაც - Virgin (უბიწოება), რაზეც მაშინ უკვე გვარიანად თავაშვებულმა რიჩარდმა და მისმა ძმაკაცებმა კარგა ხანს იხალისეს.

ამჟამად Virgin-ი თითქმის ხუთასამდე სხვადასხვა ბიზნესმიმართულების, მათ შორის მუსიკალური დისკების მაღაზიების, ავია- და სარკინიგზო კომპანიების, რადიოსადგურებისა და გამომცემლობების გამაერთიენებელი უნიკალური ბრენდია. როგორც ამბობენ, თავის უზარმაზარ ბიზნესიმპერიაში შემავალი ფირმების ზუსტი რაოდენობა თავად ბრენსონმაც არ იცის და ეს დიდად არც ანაღვლებს, რადგან თვლის, რომ მთავარი რაოდენობა კი არა, მათი გაწეული მომსახურების ხარისხია.

GzaPress

სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, რიჩარდ ბრენსონი და მისი ესოდენ სახელგანთქმული ბრენდი სხვა არაფერია თუ არა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ბრიტანეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საგრძნობლად შერყეული ქვეყნის ეკონომიკური იმიჯის აღსადგენად ბრწყინვალედ განხორციელებული სახელმწიფო პროექტი. ამავე მოსაზრების თანახმად, ბრიტანეთის უწინდელი დიდების აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ანუ ოპერაცია კოდური სახელწოდებით "ბითლზი" შედეგების თვალსაზრისით უპრეცედენტო აღმოჩნდა და პლანეტის ყველა კუთხეში ბრიტანეთის ტოტალური ეთნოკულტურული დომინირება ათწლეულებითაც უზრუნველყო. მეორე ნაბიჯად ბიზნესექსპანსია იქცა. ოღონდ ის პირდაპირი ეკონომიკური ზეწოლით კი არა, უნიკალური "თავისუფალი მეწარმეობის ბრიტანული მოდელის" ექსპორტის სახით განხორციელდა, რომლის პიონერიც სწორედ სერ რიჩარდ ბრენსონი და მისი Virgin-ი გახლავთ.

სანამ მავანი და მავანი რიჩარდ ბრენსონის, როგორც ბიზნესმენის, უნიკალურობის ახსნას ათასნაირი ლეგენდის შეთხზვითა თუ უკვე შეთხზულის მოშველიებით ცდილობს, თავად ბიზნესმენი დედამიწაზე ვეღარ ეტევა და კოსმოსში გაჭრაზე ფიქრობს. უფრო სწორად კი, "მაიკროსოფტის" თანადამფუძნებელ პოლ ალენთან ერთად, პროექტ Virgin Galactic-ზე მუშაობს, რომლის ფარგლებში აშენებული კოსმოსური სადგური უახლოეს მომავალში კოსმოსში ნებისმიერი მსურველის "სასაცილო ფასად" გაგზავნას შეძლებს. რიჩარდ ბრენსონის ახალი წამოწყებით დაინტრიგებული მსოფლიო საზოგადოება ამჯერადაც მოუთმენლად ელის იმის გაგებას, თუ რა გამოუვა თავისი უზარმაზარი ბიზნესით ჯერაც ბავშვივით მოთამაშე დაუდეგარ ბიზნესმენს.

რუსუდან ლებანიძე