თბილისური "მზესუმზირები" - გზაპრესი

თბილისური "მზესუმზირები"

ერთხელ ადრესატს 19-ფურცლიანი წერილი მისწერა და ბოლოს დასძინა: მაპატიე, დროის უქონლობის გამო ამდენი რომ მოგწერე; დრო რომ მქონოდა, "მზესუმზირასავით" ბარათს გამოგიგზავნიდიო...

როგორც მზესუმზირას ვაკნატუნებთ, ისევე სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით იკითხება მოკლე თბილისური ამბები, რომლებსაც გთავაზობთ.

"ვითამაშოთ ის ქაჯები და ვიყოთ ასე!.."

კომუნისტების მმართველობის პერიოდში "საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოება" არსებობდა. ერთხელ, იქ მიმდინარე თათბირზე ბატონმა რეზო ჩხეიძემ (მაშინ კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი გახლდათ) ბრძანა: - "ქართული ფილმი" ესპანელ კოლეგებთან ერთად, "დონ-კიხოტის" გადაღებას აპირებსო.

თათბირის მონაწილეებს შორის იყვნენ ნოდარ დუმბაძე და ერთი ცნობილი ინგლისელი კინორეჟისორი. სტუმარმა გაოცება გამოთქვა: თუ კლასიკის გადაღება გნებავთ, შორს სადღა მიდიხართ, თქვენი ბრწყინვალე "ვეფხისტყაოსანი" გადაიღეთო!

ბატონმა რეზომ დიპლომატიურად, ღიმილით მიუგო:

- "ქართული ფილმი" ჯერ ვერ გრძნობს თავს საკმაოდ მომზადებულად ასეთი დონის ნაწარმოების ეკრანიზაციისთვის.

- ჩვენ კი ისე გავთავხედდით, - განაგრძო ინგლისელმა, - "ქართულ ფილმთან" ერთად, ამ ნაწარმოების გადაღება გვინდა და მსახიობებიც კი უკვე შევარჩიეთ!

- ვინ არიან ეს მსახიობები, თუ საიდუმლო არ არის? - ჰკითხა ბატონმა რეზომ.

- ვინ და... თინათინი - ოდრი ჰეპბერნი, ნესტან-დარეჯანი - სოფი ლორენი, ტარიელი - პიტერ ო"ტული, ავთანდილი - ალენ დელონი... ბრიჟიტ ბარდო, ენტონი ქუინი...

- რაღა ერთობლივი ფილმია? თქვენ გადაგიღიათ და ეგ არის! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ. - საკითხავია, ჩვენ ვინღა ვითამაშოთ?

- როგორ თუ ვინ? - ჩაერია საუბარში ნოდარ დუმბაძე. - იმდენ ქაჯს თამაში არ უნდა?.. ვითამაშოთ ეს ქაჯები და ვიყოთ ასე!..

ატყდა ხარხარი. ინგლისელ სტუმარს ბატონი ნოდარის ნათქვამი რომ უთარგმნეს, იმდენი იცინა, კურცხალ-კურცხალ სდიოდა ცრემლები.

"თქვენ შეგიძლიათ თაგვების დაჭერა?!"

სოფიო ჟოზეფი თავის დროზე ცნობილი ცირკის მსახიობი იყო. მან 1923 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი ივანე პერესტიანის ფილმში "წითელი ეშმაკუნები" (ამ ფილმმა თავისებური რეკორდიც დაამყარა - მას 35 წლის მანძილზე უჩვენებდნენ საბჭოთა კავშირის კინოთეატრებში). მსახიობს თურმე ჰყოლია კატა სახელად დუნია. ჟოზეფის გმირსაც "წითელ ეშმაკუნებში" დუნია ერქვა. ერთხელაც დეკემბრის დამლევს სოფიო ჟოზეფს ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა:

- ძალზე ვწუხვარ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი კატა ჩემი მანქანის ბორბლების ქვეშ ჩავარდა. მზად ვარ, ეს დანაკარგი აგინაზღაუროთ.

ქალბატონმა სოფიომ გამომცდელად შეათვალიერა სტუმარი, შემდეგ კი შეეკითხა:

- როგორ, თქვენ შეგიძლიათ თაგვების დაჭერა და შესანსვლა?

"არ დაგავიწყდეს ჩემი სადღეგრძელოს დალევა"

ერთხელ სახაზინო თეატრში (დღევანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი) კონცერტის შემდეგ, თეატრის მახლობლად დიდ მომღერალს, ფეოდორ შალიაპინს მანდილოსანმა მიმართა:

- ბატონი შალაპინი ბრძანდებით?

- მე გახლავართ, ქალბატონო.

- რატომღაც არ ჩანს ჩემი "იზვოსჩიკი". დაიძახეთ, გეთაყვა, ხმამაღლა - "ნიკოლოზ"!

- ოცდაათი მანეთი, - მიუგო შალიაპინმა.

- რა ოცდაათი მანეთი? - იკითხა გაოცებულმა ქალბატონმა.

- ამ თანხას თქვენგან მივიღებ არა თეატრში, არამედ ქუჩაში მუშაობისთვის, - გაიცინა შალიაპინმა.

- თანახმა ვარ.

- ნი-კო-ლოზ! - მთელი ხმით დაიძახა შალიაპინმა.

გამოჩნდა ქალბატონის ეტლი. რომ მოახლოვდა და გაჩერდა, შალიაპინმა მეეტლეს მიმართა:

- მიიღე შენი ქალბატონისგან ოცდაათი მანეთი და არ დაგავიწყდეს სადმე დუქანში ჩემი სადღეგრძელოს დალევა.

"ტყვია შუბლში!"

ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს - ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

- იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

- კი, ჰგავხარ, - დაუდასტურა გალაკტიონმა.

- რითი ვგავარ?

- სიმაღლით.

- კიდევ?

- სიგანით, წვერ-ულვაშით.

- ახლა ის მითხარით - მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

- ტყვია შუბლში!

GzaPressპენალტი პოეტ-აკადემიკოსის "შესრულებით"

თბილისის "დინამოს" კრიზისული პერიოდი ჰქონდა. ირაკლი აბაშიძემ იხუმრა: აღარ შეუძლია ამ "დინამოს" და რამდენიც უნდა იძახონ ტრიბუნებმა - "დინამო"-"დინამო" - მაინც არაფერი გამოვა; ჩემმა ცოლმა რომ იმეოროს - "ირაკლი-ირაკლი" - შემიძლია ახლა რამეო?!.

გავიდა ხანი და მაღალჩინოსანმა, თან, ერთობ მოხდენილმა ქალბატონმა ამ ხუმრობით აღფრთოვანება გამოთქვა. ბატონმა ირაკლიმ კომპლიმენტი მოისმინა და სერიოზული სახით მიუგო: მაგი, ჩემო ძვირფასო, ჩემს ცოლზე ვთქვი, თორემ შენ კი "დაგირტყამდი ერთ პენალტს".

სცენიდან ჩუმად ნათქვამი

GzaPressმიხეილ თუმანიშვილს კარგად მოეხსენებოდა ეროსი მანჯგალაძის იუმორი, იმპროვიზაციის უნარი და ფანტაზია, ამიტომაც არასოდეს საყვედურობდა, თუკი ეროსის, მისდა უნებურად, პერსონაჟის ტექსტის გარდა, სხვა სიტყვებიც წამოსცდებოდა. "ერთხელ, - იგონებდა ბატონი მიხეილი, - "ესმერალდას" წარმოდგენის დროს შუქი გამოირთო. გაისუსნენ სცენაზე მსახიობები, დარბაზში - მაყურებელი. ამ სიჩუმეში ვანიჩკა საყვარელიძე ეუბნება: განვაგრძოთ, განვაგრძოთო. ეროსის ხმა მოგეხსენებათ... მანაც ჩუმად უპასუხა, მაგრამ მთელმა დარბაზმა გაიგონა: "რადიო ხარ, შე შობელძაღლო?!" - მაყურებელს ხარხარი აუვარდა".

ვანო ტაგანაშვილი