მარკ ცუკერბერგი - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი - გზაპრესი

მარკ ცუკერბერგი - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი

მაგალითად, 74 წლის კარლოს სლიმს 72 მილიარდის ქონება აქვს, 84 წლის უორენ ბაფეტს - 58 მილიარდის, 78 წლის ამანსიო ორტეგას - 64 მილიარდის, 78 წლის ჩარლზ კოხი კი მხოლოდ 40-მილიარდიან ქონებას "სჯერდება". ერთადერთი გამონაკლისი - სიის სათავეში მყოფი, 79-მილიარდიანი ქონების პატრონი, 58 წლის ბილ გეიტსია, უფრო სწორად - იყო, რადგან იმავე "ფორბსის" 2014 წლის მონაცემებით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა 30 წლის მარკ ცუკერბერგმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ყველაზე დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია და საკუთარი 13,3-მილიარდიანი ქონება ორჯერ და უფრო მეტადაც, კონკრეტულად მარტში - 28,5 მლრდ-მდე, წლის ბოლოსთვის კი უკვე 33,6 მლრდ-მდე გაზარდა.

Microsoft-ის ლეგენდარული დამფუძნებელი აქ კიდევ იმიტომაც ვახსენეთ, რომ ჟურნალისტები მარკ ცუკერბერგს ყველაზე ხშირად სწორედ მას ადარებენ. ოღონდ "ფეისბუკის" დამფუძნებელი "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს. მაგალითად, თუ ბილ გეიტსი 31 წლისა გახდა მილიარდერი, მარკ ცუკერბერგმა ამ ნიშნულს ბევრად უფრო ადრე, 22 წლისამ მიაღწია! და მართალია, ჯერჯერობით ცუკერბერგს გეიტსზე ორჯერ ნაკლები ქონება აქვს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მასზე ორჯერ უმცროსიცაა.

GzaPressდღეს ალბათ, ცოტა ვინმემ თუ არ იცის, ვინ არის მარკ ცუკერბერგი და რას წარმოადგენს მის მიერ შექმნილი, მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook. მართალია, "ფეისბუკი" პირველი სოციალური ქსელი არ ყოფილა, მაგრამ ამ სფეროში ნამდვილი გარღვევა სწორედ რომ მისი და მისი სულისჩამდგმელის დამსახურებაა. სხვათა შორის, 2006 წელს ცუკერბერგმა "ფეისბუკის" 750 მლნ დოლარად გაყიდვაზე უარი თქვა და არც შემცდარა, რადგან 2014 წლისთვის სოცქსელის საბაზრო ღირებულება 150 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

სადღეისოდ მასზე 1,4 მილიარდ აკაუნტზე მეტია დარეგისტრირებული. ცნობისათვის - ამდენი ადამიანი მეჩვიდმეტე საუკუნეში მთელი დედამიწის მოსახლეობა იყო. ხოლო თუ ისევ ჩვენს დროს დავუბრუნდებით, პლანეტის

7-მილიარდიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% "ფეისბუკის" მომხმარებელია, რომელთა ზურგს უკანაც უზარმაზარი მონაცემთა ბაზა დგას. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის უმსხვილესი კომპანიების უმეტესობას "ფეისბუკზე" თავიანთი ვირტუალური წარმომადგენლობები აქვთ და, შესაბამისად, სოციალურ ქსელებში განთავსებული ყოველი მეოთხე რეკლამა სწორედ ცუკერბერგის კომპანიაზე მოდის და მისთვის უზარმაზარი შემოსავლებიც მოაქვს.

მარკ ცუკერბერგი ძალიან ახალგაზრდაა და ამიტომაც, ჯერჯერობით განვლილი წლების რაოდენობით კი არა, მხოლოდ მათი ხარისხით თუ დაიკვეხნის. ის 1984 წლის 14 მაისს, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ უაიტ-პლეინსში დაიბადა. მამა პროფესიით სტომატოლოგი ჰყავს, დედა კი - ფსიქიატრი. ეს პროფესიები ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდშემოსავლიანია, ასე რომ, მომავალი მილიარდერი შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და პრესტიჟულ კერძო სკოლაში - Phillips Exeter Academy - შესაბამისი განათლებაც მიიღო. ამბობენ, რომ "ფეისბუკის" შექმნის იდეაც სწორედ ამ სკოლაში დაიბადა. საქმე ისაა, რომ ახალ მოსწავლეებს მათი ყველა თანაკლასელის ფოტოებისა და კოორდინატების შემცველ ცნობარს ურიგებდნენ და მოსწავლეებიც სწორედ ამ ცნობარს უწოდებდნენ The Facebook-ს, რაც სიტყვასიტყვით, "სახეების წიგნს" ნიშნავს.

ათი წლის ცუკერბერგს მშობლებმა პირველი კომპიუტერი აჩუქეს. მარკმა მისი სერიოზულად გამოყენება გადაწყვიტა, პროგრამირების წიგნებს ჩაუჯდა და მალე სხვადასხვა პატარა პროგრამის დამოუკიდებლად შედგენაც კი დაიწყო. მათ შორის იყო მუსიკალური ფლეერი შყნაპსე, რომელსაც ტრეკების სიის დამოუკიდებლად გენერირება და იმის წინასწარ დამახსოვრება შეეძლო, თუ დღე-ღამის რომელ მონაკვეთში რომელ მუსიკას ანიჭებდა მელომანი უპირატესობას. ცნობილია, რომ "სინეპსის" ყიდვა "მაიკროსოფტმა" მოინდომა, მაგრამ მარკმა ამ უმსხვილეს კომპანიას მარტო თავისი გამოგონების მიყიდვაზე კი არა, თანამშრომლობაზეც ცივი უარი სტკიცა. "სინეპსი" კი მოგვიანებით ნებისმიერი მსურველისთვის სავსებით ხელმისაწვდომი გახადა.

ცუკერბერგს ფრანგულად, ლათინურად, ძველბერძნულად და ივრითზე კითხვა შეუძლია. ცოტა ხნის წინ კი ჩინურის ერთ-ერთი დიალექტიც დაძლია.

სკოლის დამთავრების შემდეგ მარკმა სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულეტზე განაგრძო. ერთხელაც ისე მოხდა, რომ ხელოვნების ისტორიის გამოცდისთვის ხუთასი სურათის ორ დღეში შესწავლა დასჭირდა, რაც ერთი შეხედვით, სრულიად შეუძლებელი ჩანდა. მაგრამ ამ ამოცანის გადაჭრას ცუკერბერგი სრულიად არასტანდარტულად მიუდგა და მიზანსაც მიაღწია. კერძოდ, შექმნა საიტი, სადაც ხუთასივე სურათი გამოფინა და თანაკურსელებს მათი აღწერა სთხოვა. ორი საათის შემდეგ თითოეულ სურათს სტუდენტების ათობით კომენტარი ჰქონდა დართული, ორ დღეში კი მარკმა გამოცდა უპრობლემოდ ჩააბარა.

"ფეისბუკის" ოფოციალურ დაბადების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. მარკ ცუკერბერგის გარდა, მის შექმნაზე კიდევ მისი ოთხი თანაკურსელი - ედუარდო სევერინი, დასტინ მოსკოვიცი, ენდრიუ მაკოლუმი და კრისტოფერ ჰიუზი მუშაობდნენ. პროექტი სკანდალის თანხლებით გაიხსნა. "ფეისბუკის" ამოქმედებიდან ერთი კვირის თავზე კი უფროსკურსელმა სტუდენტებმა - ძმებმა უინკლვოსებმა და დივია ნარენდრამ ცუკერბერგი იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს. ამ ადამიანების თქმით, მათ ცუკერბერგი 2003 წელს სოციალური ქსელის - HarvardConnection.com. - დასასრულებლად დაიქირავეს, მან კი პირობა დაარღვია და საკუთარი შრომის შედეგი საკუთარივე ახალი ქსელის გასახსნელად გამოიყენა. მარკმა ბრალდება უარყო და განაცხადა, - არაფერიც არ დამირღვევია, უბრალოდ, "ჰაერში მოფარფატე" იდეას შევასხი ხორციო; თუმცა, 2009 წელს საქმე სასამართლომდე მივიდა და მის მოსაგვარებლად ცუკერბერგს ოპონენტებისთვის 45 მილიონი დოლარის გადახდა მოუხდა. ამის შემდეგ კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდა, ოღონდ ისე, რომ დღემდე არავინ იცის, მაინც ვის მხარეს იყო სიმართლე.

ეს დიდად არც არავის აინტერესებს, რადგან მოგეხსენებათ, გამარჯვებულებს არ სჯიან.

GzaPressთავიდან "ფეისბუკი" მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების საურთიერთობოდ გამოიყენებოდა, მაგრამ, ინფორმაციის მოძიების სიმარტივისა და ფოტოების ხელმისაწვდომობის გამო, ჰარვარდელებს მალე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ. სწრაფად მზარდი ბიზნესი მარკისგან სულ ახალ და ახალ დაბანდებებს მოითხოვდა, რასაც მშობლების მიერ უნივერსიტეტის დასამთავრებლად მიცემული ფულიც ვეღარ გასწვდა. მაგრამ ცუკერბერგს ამჯერადაც გაუმართლა და ერთხელაც შემთხვევით, ფაილების გადამცვლელი ქსელის - Napster-ის დამფუძნებელ შონ პარკერს გადაეყარა, რომელმაც ის PayPal-ის ონლაინგადახდების თანადამფუძნებელ პიტერ ტილთან დააკავშირა. ტილი მაშინვე მიხვდა, რა "ოქროს საბადოსთანაც" ჰქონდა საქმე და ცუკერბერგის პროექტში ნახევარი მილიონი დოლარი ჩადო. ამის შემდეგ მარკი ჰარვარდში აღარ დაბრუნებულა და დღეს მის მიერ უნიჭიერესი ადამიანებით დაკომპლექტებული "ფეისბუკის" მთელი პერსონალი მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის, რომ მათმა საიტმა "მონიტორისგან წამით მოშორების ნებაც" კი არავის მისცეს.

საკუთარ კომპანიაში მარკ ცუკერბერგს ექსცენტრიკული მილიარდერის იმიჯი აქვს. მას შეუძლია, ძალიან სერიოზულ თემებზე მოლაპარაკებებიც კი დაჭმუჭნილი ტანსაცმლითა და შიშველ ფეხებზე დაუდევრად წამოცმული ფლოსტებით გამართოს, "მაიკროსოფტის" წარმომადგენელს საქმიან თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად შეხვედრა დილის რვა საათზე იმ მიზეზით არ დაანიშვნინოს, რომ "ამ დროს ჯერ კიდევ მძინავს", ანდა კომპანია Yahoo-ს უფლებამოსილ პირს შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ უთხრას უარი, რომ მასთან მეგობარი გოგონა ჩამოდის.

ახალგაზრდა მილიარდერი ძვირფასი მანქანებით კი არა, უწინდებურად, ფეხით ან ველოსიპედით დადის. საყვარელ გოგონა პრისცილაზე, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნო, ეგზოტიკურ კუნძულზე ანდა უმდიდრეს სასახლეში კი არა, საკუთარ უბრალო სახლში, ახლობლებისა და მეგობრების წრეში იქორწინა და, რაც მთავარია, საკუთარი ქონების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავსო. ვერ მიედავები, მართლაც ასეა: 2010 წელს მარკ ცუკერბერგი შეუერთდა ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის ფილანთროპულ კამპანიას, რომელიც მის ყველა მონაწილეს თავისი კაპიტალის 50%-ის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებას ავალდებულებს.

2010 წელს ჟურნალმა თიმე "ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემის შექმნისა და ცხოვრების შეცვლისთვის" მარკ ცუკერბერგი "წლის ადამიანად" დაასახელა. რაღა თქმა უნდა, ცუკერბერგმა და მისმა "ფეისბუკმა" ადამიანების ცხოვრება მართლაც ძალიან და ძირითადად სასიკეთოდაც შეცვალეს.

რუსუდან ლებანიძე