მიხეილ ცაგარელის უცნაური რელიკვიები - გზაპრესი

მიხეილ ცაგარელის უცნაური რელიკვიები

მაგალითად, ერთ ოჯახში უძველესი და ძვირფასი იარაღი კედელზე ეკიდა და ამით ამაყობდნენ კიდეც. ოჯახის უფროსისგან გავიგე მათი პრობლემების შესახებ: მის შვილებს მოკვლით ემუქრებოდნენ. საგვარეულო ხაზის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ იარაღით სამი თაობის წინ, ბაბუას ბებია მოუკლავს. ჩემი რჩევით, ენერგოდაბინძურებული თოფი მუზეუმს ჩააბარეს" - ამბობს ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი.

ბაბუას ნაქონი ოქროს საათი

GzaPress- მე ისეთი რელიკვიები არა მაქვს, რომლებიც ჩემზე უარყოფითად იმოქმედებენ. ჩემთვის ძვირფასია ბაბუას ნაჩუქარი ოქროს საათი, რომელიც თავის დროზე მას თანამშრომლებმა აჩუქეს. ბაბუა საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთი თავკაცი, დამსახურებული და ღვაწლმოსილი პიროვნება იყო. ნივთს ძალიან ვუფრთხილდები, ერთხანს ვატარებდი კიდეც. როცა საათს მაძლევდა, მითხრა: ამასთან ერთად ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავიარე, 20 წელი მეკეთა ხელზე. ეს ჩემი თილისმაა, კარგად დავცადე მისი ტარება და მინდა, შენ გაჩუქოო. სამი წლის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა.

გიტარა

- პოლონეთში მეგობარი მყავს, მრავალი წელია, ოჯახებით ვმეგობრობთ. კარგი ტრადიცია გვქონდა, ერთმანეთს ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე. ზედიზედ სამი წელი (1977, 1978, 1979) მასთან ზღვისპირა ქალაქ გდანსკში, ძალიან ლამაზ ვილაში გავატარე. ყოველ ჩასვლაზე სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის ბილეთებს მჩუქნიდა, სადაც საკმაოდ საინტერესო მუსიკოსები გამოდიოდნენ. იგი რეგიონის მთავარი არქიტექტორი და პატივსაცემი პიროვნება იყო. იცოდა მუსიკისადმი ჩემი ინტერესის შესახებ, იქ ყოფნისას მის გიტარაზე ვუკრავდი ხოლმე. 1978 წელს სოპოტის ფესტივალის ჟიურის წევრი იყო და გაცილების საღამო მუსიკოსებს თავის ვილაზე მოუწყო. პოლონელი ვარსკვლავები - მარილია რადოვიჩი, ჩესლავ ნემენი მოვიდნენ. ორივემ და ასევე ამერიკული ჯგუფის, სოული მუსიკის ვარსკვლავებმა "თემფ თეიშენის" შესანიშნავმა მუსიკოსებმა ამ პოლონელის გიტარაზე დაუკრეს. ამის შემდეგ ეს გიტარა ისე შემიყვარდა, რომ ხშირად ვეხვეოდი. მეგობარი მეკითხება, - რა გჭირსო? ამ გიტარაზე ისეთი ხალხი უკრავდა, მინდა, იმათი აურა ჩემზე გადმოვიდეს-მეთქი. გაიცინა და მითხრა, - შენი იყოს, გჩუქნიო. დაახლოებით 40 წლის გიტარაა. საქართველოში მანანა თოდაძე, ირმა სოხაძე, ბესო კალანდაძე, ზურა მანაგაძე და სხვა ჩემი მეგობრები უკრავდნენ, მღეროდნენ და ამდენად, გიტარა მათი აურის მატარებელიც არის. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია მისი გამოცვლა მინდა, მაგრამ ვერ ველევი. დავუშვათ, მარტო ვარ, განწყობაზე არა ვარ, გიტარას ვიღებ და მიუხედავად იმისა, რომ თითები ისე კარგად აღარ მუშაობს და რაღაც აკორდები დამავიწყდა კიდეც, როგორც ამბობენ, ჩემს ჭიას ვახარებ. თუნდაც ნახევარსაათიანი დაკვრა საკმარისია, უკვე კარგ ხასიათზე ვდგები. ასე რომ, ამჟამად გიტარას ჩემთვის თერაპიული დანიშნულება აქვს.

წიგნი - ავტორის წარწერით

- ბრწყინვალე გეოლოგისა და მინერალოგის, ზაურ ქოქრაშვილის წიგნი - "ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ", მისი წარწერით შენახული მაქვს. მან თავის დროზე ასტროლოგიისა და ჩვენი რელიგიის ერთიანობის შესახებ დიდი მასალა მოიძია. მახსოვს, მთელი დღეები და ზოგჯერ ღამეებიც, ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ცივ ოთახებში იჯდა და მუშაობდა. მან აღმოაჩინა XII საუკუნის ქართული საეკლესიო წიგნი, სადაც ერთი თავი სურათებით, მთლიანად ასტროლოგიას ეთმობა. ეს სენსაცია იყო. ბატონმა ზაურიმ ეს წიგნი პატრიარქს მიართვა. მისი მიკვლეულია გიორგი მთაწმინდელის ფრაზა, ათონის მთაზე მოღვაწეობისას დაწერილი წიგნიდან: "ჩვენ არ გვაქვს უფლება, მღვდელმთავრები მათი პირადი ასტროლოგიური რუქების განხილვის გარეშე ავირჩიოთ". ეს ტელევიზიით როცა გამოვაცხადე, მღვდლებმა მითხრეს, ხალხს ატყუებო. მათ მივუთითე ზაურ ქოქრაშვილის მიერ მოძიებული წიგნი, გვერდი, აბზაცი და ამის მერე, ბოდიში მოიხადეს. ამ პიროვნებამ კუროს გამოსახულება (კუროს ნიშანი ვარ) მაჩუქა. ეს არის კუროს ძველი იბერიული XII საუკუნის ბარელიეფი-ფიგურა, რომელიც დგას ქართული აქატის ქვაზე.

ტიბეტური ზარები

- რელიკვიაა ჩემთვის ტიბეტური ზარები და სანდალოზის ხისგან დამზადებული გულსაკიდი, ოშოს სურათით. მოგეხსენებათ, ოშო (ბჰაგვან შრი რაჯნიში) XX საუკუნის ინდოეთის დიდი სულიერი ოსტატია. იგი ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო, რომელიც თავის ცენტრში ე.წ. რაჯნიშ პურამი, გასაოცარ მედიტაციებს ატარებდა. კოლექტიური მედიტაციისთვის კი ბუდა-ჰოლი არსებობდა. ახლაც, მისი საფლავის გარშემო, ალბათ ხუთ-მეტრიანი მონაკვეთი იქნება, არნახული ენეგეტიკული ველია. სხვათა შორის, საფლავს საინტერესო წარწერა აქვს: "ოშო რაჯნიში, ამ წლიდან ამ წლამდე, დროებით იმყოფებოდა დედამიწაზე". ხალხი, ვინც ამ ადგილზე მიდის, რა ემართება, ვერ ხსნის, მედიტაციურ მდგომარეობაში ვარდებიან. სიცოცხლეში მას ისეთი ძლიერი ენერგეტიკა ჰქონდა, ზოგი ადამიანი მასთან მიახლოებისას ყვირილს იწყებდა. ამის მომსწრე თავად ვარ. დიდმა ოსტატმა ტიბეტური ზარები მაჩუქა. მისგან მივიღე გულსაკიდიც, როცა მოძღვრება სანიასა გავიარე. იმ ხმის ვიბრაციას, რომელიც ამ ზარებს აქვთ, უარყოფითი ენერგიის განდევნის საოცარი უნარი გააჩნიათ. ნანახი მაქვს, ამას თვითონ როგორ იყენებდა მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს და ოთახში აურას ასუფთავებდა. მისი წიგნი, "მდოგვის მარცვალი" მუდამ გაოცებს. ის განსაკუთრებულად საინტერესოა, თუმცა ოსტატის 650-ზე მეტი წიგნია გამოცემული. ოშო წიგნებს თავად არ წერდა, მოსწავლეები მისი ლექციების მიხედვით გამოსცემდნენ. ამ არაორდინალური პიროვნების დავიწყება შეუძლებელია.

მწვანე ქრიზოპრაზი

GzaPressჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა ასტროლოგიაში, რუსმა მეცნიერმა აკადემიკოსმა ალექსანდრე ზარაევმა სხვადასხვა მინერალი მაჩუქა. მან ქვებთან მუშაობის ტექნიკა მაჩვენა. ქვებიდან განსაკუთრებით, მწვანე ქრიზოპრაზი მომწონს. მისგან გავიგე, რომ ამ ქვას მთვარის ენერგიის აკუმულაციის უნარი აქვს და მასთან ღამე უნდა იმუშაო. რატომ? მწვანე ქრიზოპრაზი ღამე ანათებს. ეს არცერთ წიგნში არ წერია. უნდა ნახოთ, რა სასწაულია. ნათებისგან ქვა თეთრი ხდება, თეთრად ანათებს. რაც მთავარია, ცალ მხარეს ანათებს, მეორე მხარე ჩაბნელებულია. სასიკეთო ენერგია განათებული მხრიდან მოდის და ის მხარე უნდა მივმართოთ ადამიანისკენ. ეს სამკურნალო ქვა გამწმენდია, ინტუიციასა და წინათგრძნობის უნარს აძლიერებს.

ცნობილი ადამანების წერილები

1994-1996 წლებში, ტელევიზიის მეორე არხზე გადაცემების სერია - "ჰოროსკოპი" გავაკეთე, სადაც რესპონდენტები ცნობილი ადამიანები იყვნენ. ყოველი ჩაწერის ბოლოს, თითოეულ მათგანს ვთხოვდი დაეწერათ, რას უსურვებდნენ გადაცემას. ის ფურცლები შენახული მაქვს. მათ შორისაა კახი კავსაძის, გივი ბერიკაშვილის, ლია ელიავას, ელგუჯა ამაშუკელისა და სხვათა ნაწერები. მიმაჩნია, რომ ბატონი ელგუჯას კალიგრაფია შედევრია - ძველი ქართული სტილის მსგავსი ულამაზესი ხელნაწერია. ქართული დამწერლობა ასეთი უნდა იყოს. როცა ამ ნაწერებს გადავხედავ, ყოველთვის დადებითი ემოციები მიჩნდება, ყველა სასიკეთო რამეს მიწერს. რადგან წლების წინ არის დაწერილი, გარკვეულად რელიკვიას წარმოადგენს.

ფირსაკრავი

მელომანი ვიყავი და ხშირად, საზღვარგარეთიდან ფირფიტები ჩამომქონდა. ვინილის სუნზე ვგიჟდებოდი. ჩვენი თაობისათვის ეს სასწაულის ტოლფასი იყო. ჩვენ ხომ მაგნიტურ ფირზე მეხუთე და მეექვსე გადანაწერს ვუსმენდით. თან ვისაც ეს გვქონდა, უბანში პირველები ვიყავით. როცა პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და სხვა ქვეყნებიდან ფირფიტების ჩამოტანა დავიწყე, მაშინ ნამდვილად პირველი კაცი გავხდი. ხელში ფირფიტა რომ გიჭირავს, ეს სხვა ენერგეტიკაა. ჯერ გარეკანის გაფორმება, მერე შიპის ანუ ნემსის შიშინის თავისებური ხმა, ოო რა სასწაულია! ამას დღევანდელი ახალგაზრდა ვერ გაიგებს. ისინი იფიქრებენ, რა სჯობს თანამედროვე დისკებს, არც შიშინებს და არც არაფერი. ჩვენთვის ის ამბავი მთელი ცერემონია და რელიკვია იყო. თითოეულ ფირფიტას თავისი ისტორია აქვს - საიდან ჩამოვიტანე? რამდენად ვიყიდე? ვის რაში გავუცვალე? მახსენდება ის ოფლი და წვალება, რაც ზოგიერთის მოძიებაში დავხარჯე, მაგრამ ის სიამოვნებაც მახსენდება, რომელსაც მეგობრებთან ერთად მოსმენისას განვიცდიდი. როგორ ვაანალიზებდით კომპოზიციებს, მერე პარტიტურა გიტარაზე გადაგვქონდა და განხილვას ვიწყებდით. ჰარმონიულ მხარეს და რითმულ ხაზს ვიხილავდით. მაგალითად, ბადი რიჩმა ერთ სიმღერაში რიტმი 16-ჯერ რომ შეცვალა, საოცრება იყო, ხელები ავწიეთ. მოკლედ, მთელი აკადემია გავიარეთ და ნელ-ნელა ვიხვეწებოდით. როცა ნოსტალგიურ ხასიათზე ვარ, ფირფიტას ძველ ფირსაკრავზე ვდებ, რომელიც ისევ ჩვეულებრივად მუშაობს, სიამოვნებით ვისმენ და ახალგაზრდობაში გადავდივარ.

ნანული ზოტიკიშვილი