მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველი ფიზიკოსი - გზაპრესი

მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველი ფიზიკოსი

ამ მიზნით საზღვარგარეთ პირველად 2002 წელს წავიდა. მას შემდეგ, ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორიაში (ცერნი) მიმდინარე ატლასის ექსპერიმენტში მონაწილეობდა და სხვა შრომებთან ერთად ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის თანაავტორი გახლავთ. ამჟამად ბატონი გია გერმანიის ქალაქ მაინცში იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომელია. პარალელურად კი ცერნში მიმდინარე 62 ექსპერიმენტის წევრია. საქართველოში მცირე ხნით ჩამოსულს შევხვდით.

- ბატონო გია, რას იკვლევს ექსპერიმენტი სახელად 62?

GzaPress- ეს ექსპერიმენტი მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროს მიეკუთვნება. ვეძებთ ე.წ. "ახალ ფიზიკას". არსებობს ნაწილაკები, სახელად კაონები, რომლებიც სხვა ნაწილაკებად იშლებიან. კაონების იშვიათი დაშლის რამდენიმე არხი არსებობს, რისი ალბათობა დიდი სიზუსტით არის გამოთვლილი სტანდარტული მოდელის ფარგლებში. N 62 ექსპერიმენტის მთავარ მიზანს ერთ-ერთი ასეთი იშვიათი დაშლის (კაონის დაშლა დამუხტულ იონად და ნეიტრინო-ანტინეიტრინოს წყვილად) ხდომილებების სიხშირის გაზომვა წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა, ეს ხდომილებები სხვა უამრავი მათი მსგავსისგან გავარჩიოთ, რომლებიც ძირითადად, კაონის სხვა არხებით დაშლის შედეგად ხდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს კვლევები თივის ზვინში ნემსის მოძებნის ანალოგიად შეიძლება მივიჩნიოთ. არსებობს ახალი ფიზიკის კონკრეტული მოდელები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, რომ კაონის დაშლის ალბათობა შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე მას სტანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს. თუ დაშლის იმდენი შემთხვევა დასვითვალეთ, რამდენსაც ველით, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ სტანდარტული მოდელი ზუსტი თეორიაა და კარგად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. თუ მოლოდინს გადააჭარბა, გამოდის, რაღაც ახალს მივაგნებთ. იქნებ რომელიმე იმ თეორიათაგანი, რომლებიც ახალ ფიზიკას წინასწარმეტყველებს, მართალია და სწორედ მის გამოვლენას ვხედავთ?! იქნებ სულაც ისეთი ახალი ფიზიკაა, რომლის თეორიაც ჯერ არ არსებობს?! - აი, რა კითხვები გახდება აქტუალური, თუ მართლაც წავაწყდით სტანდარტული მოდელის წინასწარმეტყველებასა და ექსპერიმენტის შედეგს შორის უთანხმოებას.

- როდის და როგორ წახვედით დუბნაში, ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ცენტრში?

- დუბნაში რეკომენდაცია ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგემ, ბატონმა ლერი ქურდაძემ და ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა, ბატონმა სიმონ წერეთელმა გამიწიეს. მინდა, მათ მიმართ ჟურნალის საშუალებით უღრმესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო იმ ამაგისა და ზრუნვისათვის, რომელსაც უამრავი სხვა ახალგაზრდის მიმართაც იჩენენ. ამ ადამიანებისგან, ფიზიკის გარდა, წესიერების, სამართლიანობისა და სიკეთის გაკვეთილებსაც ვიღებდი. მათი მონდომებით შევუერთდი ატლასის ექსპერიმენტს.

- ექსპერიმენტისას თქვენ რა საქმეს ასრულებდით?

GzaPress- ურთულეს და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დეტექტორს ვაგებდით. მე დეტექტორის პროგრამული მოდელირება უნდა გამეკეთებინა, ნაწილაკების დაჯახების პროცესებს პროგრამულად ვამსგავსებდი რეალურს და ამას ვირტუალურ დეტექტორში ვაკვირდებოდი. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია, ვირტუალური ექსპერიმენტის განხორციელება, სადაც დეტექტორი რეალურთანაა მიმსგავსებული. მასში ნაწილაკების დაჯახება ვირტუალურად ხდება, ჩნდება საშუალება, პროცესების განვითარებას თვალი პროგრამულად ადევნო. შედეგად, ვირტუალურ და რეალურ მონაცემებს ვადარებთ და ვიგებთ, რამდენად ემთხვევა ისინი ერთმანეთს. თუ აღმოვაჩენთ განსხვავებას, გამოდის, რაღაც ახალთან გვაქვს საქმე. მომდევნო ნაბიჯი იმის გარკვევაა, მართლაც რაიმე ახლის აღმოჩენის ზღურბლზე ვართ თუ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ მოდელირებაში. ორიოდე წლის წინ მოხდა მსგავსი ფაქტი: ზემოთ უკვე რამდენჯერმე ვახსენე ნაწილაკი ნეიტრინო, რომლის დამზერა ძალიან რთულია. ერთ-ერთმა საერთაშორისო დონის ექსპერიმენტის მესვეურებმა გამოამზეურეს თავიანთი კვლევის წინასწარი შედეგი, რომ თითქოს ნეიტრინოს აღმოაჩნდა გავრცელების იმაზე მეტი სიჩქარე, ვიდრე სინათლეს - ვაკუუმში. დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობის აღმოჩენა. შესაბამისად, ფიზიკოსთა საზოგადოება დიდ, თუმცა, ძირითადად, სკეპტიკურ მოლოდინში გახლდათ. საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ექსპერიმენტული შეცდომა აღმოჩნდა.

- საინტერესოა, რატომ აირჩიეთ მომავალ პროფესიად ფიზიკოსობა. იმ დროს ეს საგანი არცთუ ისე პოპულარული იყო და სკოლებში სწავლების პროცესიც მხოლოდ ფორმულებით შემოიფარგლებოდა...

- დიახ, მე გასული საუკუნის 90-იან წლებში ვიღებდი განათლებას, მაშინ, როცა აუდიტორიაში ხშირად ისევე ყინავდა, როგორც - გარეთ. მიუხედავად ურთულესი პირობებისა, მერწმუნეთ, იმ დროს უფრო იყო ინტერესი და ენთუზიაზმი ფიზიკის სწავლა-სწავლების პროცესში, ვიდრე - ახლა. დიდებული ლექტორები გვასწავლიდნენ! საშუალო სკოლა თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში დავამთავრე. გამიმართლა, რომ ამ სკოლაში არაჩვეულებრივი მასწავლებლები მუშაობდნენ. ჩემი ფიზიკის პედაგოგის, ქალბატონი ციალა ქოქოშვილის დამსახურებაა, რომ არჩევანი ფიზიკაზე შევაჩერე, რადგან სხვა ბევრი საგანი მაინტერესებდა და ვერ ვწყვეტდი, რომელი ამერჩია მომავალ პროფესიად. მშობლებსა და ნათესავებს "სამედიცინო" უნდოდათ, მაგრამ ადამიანის გაჭრასა და შეკერვაზე ფიქრს ვერასოდეს ვბედავდი (იცინის).

- დღესდღეობით, რამდენად არსებობს პერსპექტივა, რომ ახლანდელმა სკოლის მოსწავლეებმა ან აბიტურიენტებმა, რომლებსაც ფიზიკა აინტერესებთ, სამომავლოდ ამ დარგში მიღებული ცოდნის რეალიზება მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრში შეძლონ?

GzaPress- არსებობს აბსოლუტურად რეალური შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ცერნის, არამედ სხვა საერთაშორისო დონის კვლევებში ქართველმა ფიზიკოსებმა, ახალმა თაობამ მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ კადრები თითქმის არ არსებობს. სახელმწიფო მოხელეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყნის მომავალი ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებაზე დგას და ყველანაირად შეუწყონ ხელი ახალგაზრდების მოზიდვას მეცნიერებაში. რატომ დებენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ამხელა ფინანსურ რესურსს სამეცნიერო კვლევებში? იციან, რომ ეს ძალისხმევა, საბოლოოდ, ტექნოლოგიურ განვითარებასა და კვალიფიციური კადრების რაოდენობის ზრდას მოიტანს, კადრების, რომლებიც ნებისმიერ სფეროში შექმნიან რაღაც ახალს. მინდა, იმ მოსწავლეებს მოვუწოდო, ვისაც ფიზიკა აინტერესებთ: ნუ შეეშინდებათ გაურკვეველი მომავლის, აირჩიონ პროფესიად ფიზიკა და გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები.

- ოჯახზე რას გვეტყვით?

- ჩემი მეუღლე ქართველია. ერთმანეთი გერმანიაში გავიცანით. უნივერსიტეტი გერმანული ენის სპეციალობით დაამთავრა. გერმანიაში წასვლის შემდეგ ჯერ ფილოსოფიისა და ისტორიის, შემდეგ კი ფსიქოლოგის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამჟამად სწავლა დროებით შეწყვიტა, რადგან ჩემი სამსახურის გამო სხვა ქალაქში გადასვლა მოგვიხდა. შვილი ჯერ წლისაც არ არის. ჩემი წინაპრები ხევსურები იყვნენ. სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად შევურჩიეთ ბავშვს სახელი და თორღვა დავარქვით. ვისარგებლეთ საქართველოში ყოფნით და რამდენიმე დღის წინ პატარა ქართველი და ვინ იცის, მომავალი ფიზიკოსიც, თიანეთში, არჩილის მონასტერში მოვნათლეთ...

შორენა ლაბაძე