მგლოვიარე... - გზაპრესი

მგლოვიარე...

და მაინც, სულ მიკვირდა, ასეთი ქალი გაუთხოვრად რომ დაბერდა და შემორჩა წუთისოფელს. ეს ბიცოლაჩემთან რომ ვთქვი, დედამისს დააყარა ქოქოლა:

- იმ სულწაწყმედილის ბრალია ყველაფერი. ამ ერთი გოგოს შემყურე იყო და უნდოდა, ყველაფერი განსაკუთრებული ჰქონოდა მის შვილს. ვერ წარმოედგინა, თუ მისი ტოლი და შესაფერი ბიჭი ადვილად მოიძებნებოდა სადმე. განათლებასაც ითხოვდა მომავალი სიძისგან, გამართულ ცხოვრებასაც სოფელ-ქალაქში და ბევრ ფულსაც, რათა ყველა მისი სურვილისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება შესძლებოდა. თავი განსაკუთრებული ეგონა და მეზობლებსაც კი არ იახლოებდა. იმის ნატვრაში ამოხდა სული, რომ მის მზეთუნახავ მარიამს რომელიმე მილიონერი უფლისწული მოაკითხავდა, ცხრა მთას იქით წაიყვანდა და არც მას დატოვებდა უყურადღებოდ. უამრავი მთხოვნელი დაუფრთხო შვილს თავისი მწარე ენითა და უმსგავსი საქციელით.

- მარო რატომ ემორჩილებოდა? თავად მიეხედა საკუთარი თავისა და მომავლისთვის. ნუთუ, არავინ ჰყვარებია?!

- როგორც ჩანს, თავადაც დედამისივით ფიქრობდა და ამიტომაც უჯერებდა, რაღაც განსაკუთრებულს ელოდებოდა, თორემ ყველამ ვიცოდით მაგისა და გაღმაუბნელი გიორგის სიყვარულის ამბავი. ისიც ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, მაგრამ სწავლა არ უნდოდა და სკოლაშიც იძულებით დადიოდა. მწყემსები იყვნენ მისი წინაპრები და მამამისსაც უამრავი ცხვარ-ძროხა დაუდიოდა ყოველთვის. შვილები ეხმარებოდნენ, თორემ მარტო რას გაუმკლავდებოდა საქმეს და ჩვენს სოფელში ყველა დროში მაგათზე შეძლებული ოჯახი არავის ჰქონია...

სკოლა რომ დაამთავრა მარომ, მის ოჯახს სწორედ მაშინ მიადგა გიორგი, მშობლებთან ერთად და გოგოს ხელი ითხოვა. პირობა დადო, რომ არც სწავლაში შეუშლიდა ხელს და ფუფუნებაშიც აცხოვრებდა, მაგრამ ჩამოსაჯდომად სკამიც არ შესთავაზა ენატარტარა ელისაბედმა: როგორ იფიქრეთ, რომ ჩემი ლამაზი და ჭკვიანი შვილი თქვენს უგვანო და უცოდინარ გვარს და ჯიშს გაამრავლებდა? აქედან მომწყდით და თქვენი ტოლი ეძებეთო...

გულდაწყვეტილი გიორგი მაროს მიუბრუნდა თურმე: ნუთუ, შენც ასე ფიქრობ და ჩვენს სიყვარულს დაასამარებო?!

- დედამ უკეთ იცის, რაც ჩემთვის ჯობია! - უპასუხა თურმე თვალცრემლიანმა და სახლში შევიდა...

მის ჯიბრზე, ერთ თვეში შეირთო ცოლი გიორგიმ - უბრალო და მშრომელი გოგო, რომელმაც ოთხი საუკეთესო შვილი გაუჩინა და გაუზარდა ქმარს. დღემდე თვალებში შესციცინებს და არ იცის, როგორ ასიამოვნოს. მარო კი მარტო შემორჩა წუთისოფელს. ვიდრე დედამისი ცოცხალი იყო, მის ჭკუაზე იარა, ხოლო როცა მშობელი გარდაეცვალა, უკვე ორმოცს იყო გადაცილებული და აღარც გამოსჩენია მთხოვნელი...

- დედას დაუღუპავს და შავებს როგორ ატარებს ამდენ ხანს, მის სახელზე?! - წამომცდა გაბრაზებულს.

- მერედა, ვინ გითხრა, რომ დედას გლოვობს?! - გაეცინა თალიკო ბიცოლას: - ოთხი თუ ხუთი წლის წინ, ახალ წელს ნასვამი გიორგი მიადგა თურმე კარს, როცა მარო მარტო ეჯდა გაშლილ სუფრას და მასთან მისასვლელად არავის ეცალა. ღვინომ თუ გაათამამა, თორემ ისე ძალიან მორიდებული კაცია. მაროსთვის უთქვამს: არ შემეძლო, არ მეთქვა, რასაც ამდენი ხანია, გულით ვატარებ, - ან მე რას მერჩოდი და ან საკუთარი თავი რად დაღუპე, როცა სიყვარულზე უარი მითხარი და დედაშენს დაუჯერე? ჩემს ცოლსა და შვილებს შემოვლებია ჩემი სიცოცხლე, მათ გარეშე ერთი დღეც ვერ გავძლებ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შენ გაგელამაზებინა ჩემი წუთისოფელი და ჩვენს ლამაზ შვილებსაც ევლოთ ამ დალოცვილ მზისქვეშეთში?.. ერთ კითხვაზე მიპასუხე მხოლოდ - არ გენანება სისულელით უარყოფილი სიყვარული და მარტოობაში დაღუპული წუთისოფელიო?!

თურმე, ლაპარაკი ვერ შეძლო მარომ და მოთქმით ატირდა. სულ თავში იცემდა ხელს. მეორე დღეს კი ჩაიცვა შავები და თავი მგლოვიარედ გამოაცხადა: ჩემს დაკარგულ სიყვარულსა და დანგრეულ ცხოვრებას მივსტირიო...

ახლაც, თავის მოსწავლეებს სულ იმაზე ელაპარაკება სკოლაში, რომ სიყვარულზე და ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველას ურჩევს - არავის მოუსმინონ, საკუთარი გულის გარდა და თუ ვინმე შეუყვარდებათ, არავის დაუთმონ მის გვერდით ყოფნის ბედნიერება. ინგა ჯაყელი , ჟურნალი "გზა"