"ჩაწყობილი რომ არ მქონოდა, "ორიანს" მივიღებდი" - გზაპრესი

"ჩაწყობილი რომ არ მქონოდა, "ორიანს" მივიღებდი"

რუბრიკის სტუმარი გოჩა თანდარაშვილი გახლავთ.

პრეამბულის მაგიერ

- ინტერნეტში დიდ დროს ვატარებ, ძირითადად ინფორმაციას ვიღებ. მხატვრული ლიტერატურის გასაცნობად დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ახლახან ბინა გამოვიცვალე, გადაბარგების პროცესში ვარ. ძველი წიგნები ვნახე, რომლებიც მომნატრებია და მათი გადაკითხვით ვარ დაკავებული.

- სოციალურ ქსელში ფოტო ვნახე. ჩათვლის წიგნაკიც ამ გადაბარგებისას იპოვე, რომელშიც ხელს გიო ახვლედიანი (აკა მორჩილაძე) აწერს?

- კი, I კურსის ჩათვლის წიგნაკია. გიო ახვლედიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ისტორიას მასწავლიდა. მანამდე, ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში მის სვეტს ვკითხულობდი. ლექციაზე რომ შემოვიდა, ვერ მივხვდი, ის გიო ახვლედიანი თუ იყო. არ ვიცოდი, ისტორიკოსი თუ იყო.

- წიგნებს როგორ დაუმეგობრდი?

- პირველ რიგში ეს მშობლების დამსახურებაა. კითხვა მათ შემაყვარეს. ბოლნისში, მამიდასთან რომ ჩავდიოდი, საინტერესო ლიტერატურას მამიდაც მირჩევდა. კითხვა 3 წლის ასაკში დავიწყე. სანამ სკოლაში შევიდოდი, რუსულადაც ვკითხულობდი. მამას სულ რუსულენოვანი სპორტული გაზეთები მოჰქონდა. მხოლოდ "ლელოს" წაკითხვა არ მაკმაყოფილებდა და იძულებული გავხდი, რუსული ანბანიც მესწავლა. ნოდარ დუმბაძე და ასტრიდ ლინდგრენი ჩემთვის დღემდე გამორჩეულად საყვარელ ავტორებად რჩებიან. მათ ნაწარმოებებს ამ ასაკშიც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ალექსანდრე დიუმას შიკოსთან. ის მეფის მასხარაა, რომელიც მთელ საფრანგეთს მართავს. ეს არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, მეფეს ნებისმიერი რამ უთხრას. სასწაული იუმორისა და სხარტი გონების მქონე, საინტერესო პერსონაჟია. ერთი პერიოდი შერლოკ ჰოლმსზე ვიყავი გადარეული. კარლსონთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- მგონია, რომ შიკოს ვგავარ. ჩვენ შორის ის განსხვავებაა, რომ საფრანგეთს ვერ ვმართავ.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- ახლა - აღარ. წლების წინ ყველაფერი გაცილებით ადვილად მამახსოვრდებოდა. სამაგიეროდ, წიგნში მოთხრობილი რაიმე ეპიზოდი შემიძლია გითხრა, ფურცლის რომელ ნაწილზე ეწერა თავში, ბოლოში თუ შუაში. შეიძლება პერსონაჟის სახელი არ მახსოვდეს, მაგრამ ემოცია მამახსოვრდება. საკმაოდ სწრაფად ვკითხულობ.

- ამ რუბრიკას რესპონდენტები ხშირად გამოცდაზე გასვლას ადარებენ.

- მართლა ასეა. თან ყველა საგანში ერთდროულად გვაბარებინებ (იცინის). უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზე რომ გავედი, დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე უნდა მელაპარაკა და 2 სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟები ერთმანეთში ავურიე. ჩაწყობილი რომ არ მქონოდა, "ორიანს" მივიღებდი. კომისიაში ახლობელი მყავდა. არადა, მათემატიკაში და უცხო ენაში უმაღლესი შეფასებები მქონდა.

- სანამ კითხვარზე გადავალთ, "სოციალურ ცელზე" რას იტყვი?

- იდეა "რუსთავი 2"-მა შემოგვთავაზა. ფორმატი ჩვენ მოვიფიქრეთ. ვეცადეთ, სხვა გადაცემებს არ დამსგავსებოდა. ხალისიანი და მხიარულია. რაც ყველაზე მთავარია, გვსაყვედურობენ, მალე რატომ მთავრდებაო? კარგია, ამ საყვედურებს სიამოვნებით ვისმენთ.

- "ეს არის ფითილი, რომლის ერთ მხარეს ცეცხლია, ხოლო მეორე მხარეს დგას სულელი". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს ბერნარდ შოუ?

- მისი ბევრი გამონათქვამი მაქვს წაკითხული და ეს არ მახსოვს (პაუზის შემდეგ), ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ. რაღაც ჩვევასთან არის დაკავშირებული.

- ა! მარტივია, სიგარეტზე ამბობდა.

- "ყურადღება, თქვენ გელით აქამდე არნახული სანახაობა". ამ სარეკლამო აბრის წყალობით, ფილმის პროდიუსერებმა დიდი შემოსავალი ნახეს. ნაჩვენები იყო "ჯაზის მომღერალი". რით იყო ეს ფილმი მნიშვნელოვანი?

- შეგიძლია მითხრა, რომელ წელს იყო გადაღებული?

- 1927 წელს.

- პირველი ფერადი ფილმი?

- ცდები.

- მაშინ პირველი ხმოვანი ფილმი იქნებოდა.

- გამოიცანი. რომელ ოკეანეშია ფიჯის კუნძულები?

- წყნარ ოკეანეში.

- ერთ-ერთ გალერეაში დამთვალიერებელი პორტრეტს უყურებს და ამბობს: - ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრია. ვინ იქნება მისთვის პორტრეტზე გამოსახული მამაკაცი?

- დედის ძმა (ფიქრობს)? გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), სწორად ვთქვი, ბიძა გამოდის.

- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "20 წლის გოგონა კარგი ოჯახიდან, რომელსაც გააჩნია 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს". როგორც მოგვიანებით გაირკვა, განცხადების ავტორი გოგონა უბრალო კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?

- საფოსტო მარკების შემგროვებელი იქნებოდა, ჭკვიანური სვლა გაუკეთებია. ასეთი შინაარსის განცხადებას, არაერთი ადამიანი გამოეხმაურებოდა.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა მზიანი მინდი იქნება?

- 48 საათის შემდეგ ისევ ღამე იქნება (იცინის).

- რომელია დედამიწაზე ყველაზე პატარა კონტინენტი?

- ავსტრალია.

- ავტომობილებში კარგად ერკვევი?

- ზომიერად.

- "ბენტლი", "იაგუარი", როლს-როისი", "ლენდ როვერი" - რომელი ქვეყანა აწარმოებს ამ ავტომობილებს?

- დიდი ბრიტანეთი.

- რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- ლომების გუნდს?

- "ბორჯღალოსნები".

- როგორ გითხრა, ეს სწორი პასუხი არ არის-მეთქი? მორაგბე "ბორჯღალოსნები" მართლა ლომები არიან.

- ესპანელ მორაგბეებსაც "ლომები" ჰქვიათ.

- ამ შემთხვევაში სწორი პასუხია - პრაიდი. რა ნათესაური კავშირი არსებობდა ქართლის მეფე ლუარსაბ II-სა და გიორგი სააკაძეს შორის?

- მეფეს სააკაძის და ჰყავდა ცოლად.

- "ქართველებს უყვართ სტუმარი. სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მივედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ... საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა". ვკითხულობთ ინგლისელი ქართველოლოგის მოგონებებში. დაასახელე ეს პიროვნება.

- მარჯორი უორდროპი.

- ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ რამდენი სამეფო ჩამოყალიბდა?

- ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები.

- ჭოროხი, მტკვარი, ენგური, თერგი - ამ მდინარეებიდან რომელი მიედინება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე?

- ენგური.

- რა ჰქვია ძვირფასი ქვების წონის ერთეულს?

- კარატი.

- ეს გენიალური გერმანელი ფიზიკოსი 1863 წელს ტექნიკური სკოლიდან იმის გამო გარიცხეს, რომ არ დაასმინა თანაკურსელი, რომელმაც მასწავლებლის კარიკატურა დახატა. ვისზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- რენტგენზე. ნაპოლეონ ბონაპარტე საკუთარ თავს ბედნიერების ქმარს ეძახდა, ხოლო ძალაუფლებას...

- მამას, შვილს...

- საყვარელს. "პატარაობიდანვე ვოცნებობდი, კოსმონავტი გავმხდარიყავი, მაგრამ ამას საკმაოდ ბევრი მეცადინეობა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი". ამერიკის რომელი პრეზიდენტია ამ სიტყვების ავტორი?

- ჯორჯ ბუში.

- ისააკ ნიუტონის 300 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

- ნიუტონის ვაშლი.

- ვარაუდობენ, რომ მილიონობით ხე ამ ცხოველის დარგულია. ოდესღაც დამალა კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდა. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ციყვზე.

- ადამიანის ეს ორგანო ადამიანის წონის 3%-ს შეადგენს, მაგრამ მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს და მიღებული კალორიების 20%-ს მოიხმარს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?

- ტვინზე.

- ვისი სახელობის იყო თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა?

- ლენინის.

- კარლ მარქსის სახელს ატარებდა. დაბოლოს, დაასრულე ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯონ ლოკის ცნობილი გამონათქვამი: "განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა..."

- "...ადამიანთა შორის". თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"