ავტომუზეუმის ქუჩის ამბები - გზაპრესი

ავტომუზეუმის ქუჩის ამბები

XX და XXI საუკუნების მიჯნაზე თბილისელმა გიორგი მამულაშვილმა, 1964 წელს გამოშვებული მწვანე ფერის "მოსკვიჩი" შეიძინა გლდანის ატალახებულ, ორმოებადქცეულ მანქანების ბაზრობაზე. ზაფხულის ცხელი დღე იყო, გიორგის კი საკუთარი ავტომობილის ახლით შეცვლა ჰქონდა განზრახული. გერმანიიდან თუ ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანების არჩევანი ნამდვილად დიდი იყო. ამ მწვანე, პატრონის ხელით მზრუნველად გაპრიალებულ "მოსკვიჩს" ზედაც არავინ უყურებდა. - როცა დავინახე, გული შემეკუმშაო, ახლა იხსენებს გიორგი. მივიდა, კარი გამოაღო, ორად მოკეცილი ჩაჯდა მანქანაში. რაკი ჩაჯდომა მოხერხდა, მიხვდა, რომ ამ მანქანის ტარებასაც შეძლებდა, რადგან სივრცე, რომელიც ამ პატარა მანქანის სალონში აღმოაჩინა, სრულიად საკმარისი იყო ხელის, ფეხის, თავის გასამართავად. გასაღები გადაატრიალა. არ ელოდა, რომ მანქანა დაიქოქებოდა, მაგრამ ძრავმა "ჩაახველა" და დაიქოქა. კაცისა და ბედისგან მივიწყებული ეს ავტომობილი, პატროGzaPressნს ელოდა და მიიღო. გიორგის ბაზრობაზე მოსვლის მთავარი მიზეზი დაავიწყდა და 50 წლის "მოსკვიჩის" მფლობელი გახდა, რომლის სახელმწიფო ნომერიც ახლა მოს 403-ია.

როგორც კი ბაზრობის ტერიტორიას მოსცილდა და სამუზეუმო ექსპონატად გამოსადეგი ავტომობილი თანამედროვე მანქანებს შეერია, გიორგიმ აღმოაჩინა, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა. ირგვლივ ადამიანები უღიმოდნენ. გასაოცარი იყო, ბაზრობაზეც ხომ ასეთივე ადამიანები დადიოდნენ, მაგრამ იქ არავინ უღიმოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა ამ წარსულის გადმონაშთს. ღიმილი გადამდები იყო, კეთილი განწყობა - ძალის შემმატებელი. მაშინ გიორგიმ გაიფიქრა, რომ თუნდაც ამ ენერგიის მიღებისათვის ღირდა ამ მანქანის დაპატრონება.

მერე სხვა ბევრ რამესაც მიხვდა... რადგან სრულებით მოუმზადებელი იყო ასეთი შენაძენისთვის, თავიდან მხოლოდ გასეირნებას აწყობდა. მანქანაში ჩასაჯდომად უკვე ყოჩაღად იკეცებოდა, გადაქოქავდა საკუთარი ხელით ნაპრიალებ მანქანას და თბილისის ქუჩებში გამოჰყავდა "ჰაერის ჩასაყლაპად". ირგვლივ ისევ ყველა უღიმოდა, ფარებს უნთებდა მოწონების ნიშნად, უპიპინებდნენ და ეს პიპინი პირველად იყო კეთილგანწყობილი შეძახილი და არა, - "გაიწიე, მე უნდა გავიარო". ჰოდა, ჩვენ ხომ ყველას გვიყვარს ჩვენი ავტომობილები, გიორგისაც შეუყვარდა. სიყვარული კი ზრუნვასაც ნიშნავს. მოს 403-ს ხელოსანი მოუძებნა. იმ პირველი ხელოსნის სახელიც ახსოვს, - სამველა. მანქანისთვის სათადარიგო ნაწილის ძებნასაც შეუდგა. ეს ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან საჭირო ნაწილი აუცილებლად ქარხნული უნდა ყოფილიყო. ძებნა ჯერ საქართველოში, მერე ახლომახლო, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაიწყო, ბოლოს უფრო მოშორებით მყოფ "საბჭოელებსაც" ჩამოუარა. მერე ეს წესად გაიხადა - ყველა ის მანქანა, რომელიც შემდეგი 15 წლის განმავლობაში მის კოლექციაში მოხვდა, ქარხნული ნაწილებით გაცოცხლდა.

თავის "პირველ სიყვარულს" ერთი სრული წელიწადი შეალია. არ ჩქარობდა მისი რემონტის დასრულებას, რადგან ეს პაწაწინა მანქანა მხოლოდ ბედნიერებისთვის "ჰყავდა".

როცა მანქანა ასაკის მიუხედავად, ახალთახალს დაემსგავსა და გიორგის მერსედესის გვერდით დაიკავა ადგილი, იგრძნო, რომ რაღაც აკლდა. ჰოდა, ახალი, ძველი მანქანის ძებნას შეუდგა. მეორე, მესამე, მეოთხე და შემდეგი მანქანები ერთმანGzaPressეთს ბუნებრივად მიჰყვნენ. ყველა ახალ მანქანას მასთან ცოდნა მოჰქონდა. ასე იპოვა წნორელი გიორგი სპანდერაშვილი, - ცხოვრების ბოლო ათწლეულში შეძენილი, ყველაზე ახლო მეგობარი, მისი მანქანების კოლექციის ხელოსანიც, პატრონიც და მცველიც. თითქოს ამ ძველი მანქანებიდან წარსულიც მასთან გადმოვიდა და ძველი მეპატრონეების ენერგიაც. ყველა ახალშეძენილი მანქანის რემონტში თავად მონაწილეობს. როგორც კი დროს პოულობს, დასვენების ნაცვლად, სახელოსნოსკენ გარბის. ბოლო დეტალების მიმაგრება მისი უფლებაა. ეს თამაშია, თეატრალური წარმოდგენა, რომელსაც ის და გიორგი სპანდერაშვილი ერთად ასრულებენ. აუცილებლად იკეთებს ხელთათმანებს, წინსაფარს და საკუთარი ხელით ამაგრებს მანქანაზე ამ დღისთვის "შემონახულ" წვრილმანებს - ნიკელის ნიშნებს, სარკეებს...

GzaPressახლა მის კოლექციაში "გადაშენებული დინოზავრები" და მცირელიტრაჟიანი წითელ-ყვითელი მანქანები ერთად იწონებენ თავს. უნიკალური "ზილ-115", ბრონირებული ავტომობილი, რომელსაც პოლიტბიუროს წევრები დაჰყავდა, "საქმიანობის" გამო მას ზედმეტი სახელით - "წევრმზიდით" მოიხსენიებდნენ. ამ მოდელის მხოლოდ 106 მანქანა გამოვიდა საბჭოეთში, გიორგი მამულაშვილის ავტომუზეუმის ექსპონანტი კი რიგით 102-ე გახლავთ: მას გვერდს ედუარდ შევარდნაძის "ნაცეკასმდივნარი" "ჩაიკა" - "გაზ-14" უმშვენებს; ასლან აბაშიძის ნაქონი "ჩაიკა" "გაზ-13"-იც იქვეა; სხვა ავტომობილებიც: "ვაზ-21"-ის ბაზაზე გაკეთებული პირველი სასწრაფო დახმარების მანქანა, "გაზ-22"; "გაზ-12", "ზიმი"; 1933 წელს გამოშვებული პირველი საბჭოთა პიკაპი, "გაზ-4", რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა და ახლა თითზე ჩამოსათვლელი ექსპონატებიღა დარჩა; "ჟიგული 01"; "ჟიგული 03"; "ზაპოროჟეცები": ზაზ 965, ზაზ 966, ზაზ 968, ზაზ 989; "პობედა", "გაზ-20"; "მოსკვიჩი 401"...

ერთ მშვენიერ დღეს, გიორგის ცხოვრებაში დიდი პრობლემა გაჩნდა - მანქანების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ ჯერ გიორგის ავტოფარეხიდან გამოაძევა მისივე "მერსედესი", შემდეგ კი ყველა ახლობლის მანქანა აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ. ჰო, ავტოფარეხი უნდა მოეძებნა.

- ბატონო გიორგი, ვინ იზიარებდა ყველაზე მეტად თქვენს გატაცებას ამ წლების განმავლობაში?

- ყველა ერთად!..

მაგრამ ყველას ერთად შეწუხება მაინც არ ღირდა და გიორგიმ გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი კედელი შეეკრა, სახურავი დაეფარებინა და მანქანები ერთ სივრცეში მოექცია. ამ ოთხმა კედელმა ბევრი სინათლე, გაშლილი სივრცე, ძვირფასი იატაკი და ნათელი ფერები დაიმატა. მერე ბიზნესმენმა გიორგი მამულაშვილმა საკუთარ თავთან აღიარა, რომ გატაცება უნებურად, საქმიანობად აქცია.

ბატონი შალვა ოგბაიძის საქმეში ჩართვაც ამ ფაGzaPressქტმა გადააწყვეტინა. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის ნახვა ჟურნალისტებს სულ მალე, თბილისობაზე შეეძლებათ, ბიზნესმენ გიორგი მამულაშვილის კერძო ავტომუზეუმში. სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი მუზეუმის ოფიციალური გახსნა. იქ იქნება შესაძლებელი, ჰკითხოთ ბატონ შალვას, თუ როგორი განცდა დაეუფლა, როდესაც გიორგის თხოვნით ამ უცნაური, საკმაოდ ძვირფასი და უნიკალური კოლექციის დასათვალიერებლად მივიდა თბილისის იმ უსახელო ქუჩაზე, რომელსაც საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე მიენიჭა ავტომუზეუმის სახელწოდება. საკრებულომდე ეს ამბავი სწორედ ბატონმა შალვამ მიიტანა. მუზეუმის გახსნაზე კითხვები თბილისის ახალარჩეულ მერსაც შეგეძლებათ დაუსვათ. არც ის ყოფილა გულგრილი, რარიტეტული ავტომობილების მიმართ. თბილისობა დღეს სწორედ მას ექნება პატივი, გიორგი მამულაშვილის მუზეუმი გახსნას და ავტომუზეუმის ქუჩის დაარსებაც აუწყოს თბილისელებს.

მანქანებს წრეებს ვარტყამ, ვცდილობ, ყველა მანქანაში ჩავჯდე, ვიხვეწები, სურათები გადამიღეთ-მეთქი და ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან. მაინც ვცდილობ, სერიოზული კითხვები დავსვა.

- ბატონო გიორგი, თქვენ ესწრებოდით საკრებულოს იმ სხდომას, რომელზეც ქუჩის სახელწოდების მინიჭების საკითხი იყო გატანილი?

- ვესწრებოდის სხდომას... ქუჩის საკითხი ერთ-ერთი ბოლო, რიგით მეცხრე იყო, მაგრამ ის იმ დაძაბული დღის განტვირთვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, საკრებულოს წევრებისთვის. ყოველგვარი ფიქრის გარეშე მიანიჭეს ჩვენს უსახელო ქუჩას ავტომუზეუმის სახელი. დიდი მადლობა მათ, ბატონ შალვას, რომლის მხარში დგომის გარეშეც მე ამ საკითხებს ნამდვილად ვერ მოვაგვარებდი; მერიის თანამშრომლებს, ჩემს მეგობრებს და ყველას, ვინც მოწონება გამოხატა, მხარი დამიჭირა...

გიორგისაც მადლობა! რომ იცოდეთ, როგორი ბედნიერებაა ჟურნალისტისთვის, როდესაც კეთილ ამბავს უამბობს მკითხველს. ქართულ რეალობაში მართლაც დიდებული ამბავი მოხდა, კერძო კოლექციონერმა, ქართველმა ბიზნესმენმა, გიორგი მამულაშვილმა, რარიტეტული ავტომობილების პირველი მუზეუმი დააარსა საქართველოში, რომლის გახსნასაც 25 ოქტომბერს, თბილისობაზე შეგიძლიათ დაესწროთ, ავტომუზეუმის ქუჩაზე... თანაც, ეს ყველაფერი არ არის. გიორგი ამბობს, რომ სულ მალე, მუზეუმში იმის შესაძლებლობაც იქნება, რომ სხვა, მის მსგავს ავტომოყვარულებსაც დაეხმაროს საყვარელი ავტომობილების "გაცოცხლებაში". მუზეუმის ტერიტორიაზე უკვე შენდება სპეციალური სამუშაო "ბოქსები", სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარ რარიტეტულ ავტომობილს დაუბრუნოს პირვანდელი სახე. მერე და მერე ახალი იდეებიც გაჩნდება, ეს ხომ მხოლოდ ამბის დასაწყისია. დეა ცუცქირიძე, ჟურნალი "გზა"