ლაშქრობაში შემოვლილი ქვეყანა და წესები, რომელსაც თავად ბუნება გიდგენს - გზაპრესი

ლაშქრობაში შემოვლილი ქვეყანა და წესები, რომელსაც თავად ბუნება გიდგენს

მოლაშქრეობა ფათერაკისა და თავგადასავლის მაძიებელი ან სულაც ველური ბუნების მოყვარული უამრავი ადამიანისთვის საყვარელ გასართობად, გნებავთ - საქმიანობადაც იქცა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ არსებობს წესები, რომლის დაცვაც ლაშქრობისას აუცილებელია. ამიტომ, იმ ადამიანებმა, ვინც სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსეს, ჩამოაყალიბეს წესდება, რომლის დაცვაც ყველა მოლაშქრისთვის სავალდებულოა. რა სირთულეები ახლავს ამ სასიამოვნო საქმეს, ამის შესახებ ერთ-ერთი კლუბის "სტაფი", მირიან თედორაძე გვიყვება:

- ლაშქრობებში ბავშვობიდან დავდივარ. თავიდან უბრალოდ, მაინტერესებდა და მხოლოდ ვერთობოდი, შემდეგ "სტაფშიც" ამიყვანეს და ახლა ეს ჩემი სამსახურია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასიამოვნოს ვუთავსებ სასარგებლოს - ძალიან მიყვარს ბუნება და ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ ჩემი საქმე ორმაგად მიყვარს.

- თუმცა, ამ საქმეს ალბათ სირთულეებიც ახლავს...

GzaPress- რა თქმა უნდა, ადამიანებთან ურთიერთობა იოლი არ არის. პირველი პრობლემა დაუმორჩილებლობაა. ურჩევ, - ასე არ მოიქცე, ეს არ გააკეთო და მაინც ამას აკეთებს. ეს ნაკლებად ეხებათ უცხოელებს, რომლებიც ასაკისა და სქესის მიუხედავად, ყველაფერს გიჯერებენ და თვალებში გიყურებენ, რადგან გენდობიან. იმავეს ვერ ვიტყვი ქართველებზე; ამიტომაც, გავითვალისწინეთ რა, ეს ყველაფერი, ჩვენმა მოლაშქრეთა კლუბმა შეიმუშავა წესდება, რომელსაც ყველა მოლაშქრე ვალდებულია, დაემორჩილოს. დრო ყველა დეტალისთვის წინასწარ განსაზღვრული გვაქვს და ამ დროში გეგმის მიხედვით უნდა ჩავეტიოთ. სანამ ღონისძიებაზე წავალთ, ლაშქრობის ყველა მსურველს ვაცნობთ გეგმას, - სირთულეს, კილომეტრაჟს, მაგრამ აქვე წერია, რომ გზა არის რთული, აღმართი, ნაშალი ქვებით, თოვლია. ასევე ის, რომ გზაში ჭამა არ შეიძლება, რადგან კუჭის მუშაობის დაწყებისთანავე ადამიანი დუნდება და სიარული უჭირს. წყლის, სითხის მიღება აუცილებელია და სხვა. ყველა ტურს მიჰყვება სამი "სტაფი", - ერთი მათგანი წინ მიდის ანუ ჯგუფს მიუძღვება, მეორე - შუაში და მესამე - ბოლოს ანუ ჯგუფის ჩამკეტია და ვინ იქნება ის, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიძლება ვიღაც დაიღალოს, დასასვენებლად ჩამოჯდეს, ჯგუფს ჩამორჩეს და დაიკარგოს. ასეთი შემთხვევები გვქონია. ამიტომ, როდესაც ვინმე დაიღლება, ბოლოს მომავალი თანამშრომელი, მასთან ერთად ისვენებს და შემდეგ ერთად ვაგრძელებთ გზას.

- შუა "სტაფი" რა საჭიროა?

- მასაც იგივე ევალება, ჯგუფის კონტროლია. არაერთხელ ყოფილა, შუა გზიდან გადაუხვევიათ, სადღაც წასულან შესასვენებლად ან იქაურობის დასათვალიერებლად და დაკარგულან. ხანდახან გზა იწელება, ყველა ერთნაირად ვერ დადის, ზოგს მეტი შეუძლია, ზოგი მალე იღლება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჯგუფს თავში, შუასა და ბოლოში გავყვეთ, ყველა მათგანი თვალთახევდის არეში რომ გვყავდეს, ჩვენ კი, ერთმანეთს რაციის საშუალებით ვუკავშირდებით... საერთოდ, ტურის ყველა დეტალს მისი სირთულის მიხედვით წინასწარ ვგეგმავთ, იმის მიხედვით, სად მივდივართ, რამდენი დღით და როგორ...

- თავად "სტაფი" როგორ ემზადება ლაშქრობისთვის?

- თავიდან, როდესაც "სტაფში" ახალი აყვანილი ვიყავი, გათენებამდე 5 საათით ადრე მეღვიძებოდა და ვიწყებდი მზადებას, რომ არაფერი გამომრჩენოდა. შემდეგ, გამოცდილებამ თავისი ქნა და თანდათან შევეჩვიე. ახლა უბრალოდ, დროულად ვიღვიძებ და ვემზადები; ზურგჩანთაში ვალაგებ ბარგს აუცილებლობის მიხედვით - გამოსაცვლელ ფეხსაცმელს და ტანსაცმელს, "პარალონს" ანუ ქვეშაგებს, რომელსაც კარავში ვაფენთ, "საძილე ტომარას", თუ რამდენიმე ღამით მივდივართ, სხვა ნივთებიცაა საჭირო, რაც "სტაფს" გადანაწილებული გვაქვს. ისე კი, ზურგჩანთის ჩალაგებას ასევე ცოდნა უნდა, - მძიმე ნივთები ქვემოთ უნდა ჩალაგდეს და ხერხემალთან ახლოს უნდა იყოს, რათა ზურგი არ გატკინოს და რაც მთავარია, ჩანთაში მხოლოდ ის ნივთები უნდა ჩაალაგო, რომელიც აუცილებელია, რადგან გრძელ გზაზე, ისედაც ყველაფერი მძიმდება. ამის ახსნა გოგონებისთვის ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია, - მათ მოაქვთ ათასნაირი ნივთი, პარფიუმერია, უამრავი ტანსაცმელი, ფოტოებში რომ მრავალფეროვნად გამოიყურებოდნენ. ისეთი მოლაშქრეებიც მახსოვს, ქუსლიანი ფეხსაცმელებით წამოსულან... არადა, 4-5 დღე მთაში რომ ხარ, მაკიაჟი ვიღას ახსოვს უკვე, - ყოფილა შემთხვევა, რომ ცოტათი უმი ხორციც ძალიან გემრიელად გვიჭამია. ერთხელ, რამდენიმედღიანი ლაშქრობისას, შავი პური ვჭამე, რბილად რომ ვთქვათ, დასაბანი ხელებით და ჩემს ცხოვრებაში ასეთი გემრიელი არაფერი მახსენდება. ეს ხიბლი აქვს ლაშქრობას. იქ არაფერი გავნებს და გაწყენს... მეორე-მესამე დღეს, უკვე გოგონებიც სხვანაირები ხდებიან ანუ გარემოს ეჩვევიან და ველურ ბუნებას ისინიც ერწყმიან. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით... საერთოდ, ვცდილობთ, რომ კარვები მდინარის ან ტბის პირას გავშალოთ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ადგილებია, სადაც წყალი არ არის და უნდა მოიპოვო. ასევე თავისი წესი აქვს ცეცხლის დანთებას. განსაკუთრებით, უამინდობაში, წვიმისა და ქარის დროს, ვანთებთ ისეთ ცეცხლს, რომელიც არ ქრება...

- ცეცხლი, რომელიც ქარისა და წვიმის დროს არ ქრება - ეს ფანტასტიკის სფერო არ არის?

GzaPress- არა, ეს რეალობაა. წამოდით ჩვენთან ერთად ლაშქრობაში და საკუთარი თვალით ნახავთ.

- ფოტომოყვარულ მოლაშქრეებს როგორ უმკლავდებით? ამ ბოლო დროს "სელფი" საყოველთაო სენად იქცა...

- ფოტოები მეც ძალიან მიყვარს... ფოტომოყვარულებს ვაცდით და სახიფათო ადგილებისკენ თუ აიღეს გეზი, მერე უკვე სიმკაცრესაც ვიჩენთ. თუ საჭიროა, ხმასაც ვუწევთ... ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს არ დაეჯერებინა, თუმცა, გაგვძალიანებიან. ამ მხრივ გოგონების დაყოლიება მართლაც არ არის ადვილი. კარგი ფოტოს გამო, მსხვერპლზე წასვლა შეუძლიათ.

- მოლაშქრეებს საკვები თავად მოაქვთ?

- გააჩნია ტურს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში თავად მოაქვთ, რადგან ზოგი მარხვაზეა, ზოგი ვეგეტარიანელია, მაგრამ ჭამით, მთელი ჯგუფი ერთად ჭამს. ერთად ვამზადებთ, შემდეგ ვშლით სუფრას და მივირთმევთ. თუ ღამე ვრჩებით, დილასაც, წამოსვლამდეც ერთად ვსაუზმობთ და მოვდივართ. ეს წესდებაში შეტანილი დეტალებია, რაც ჯგუფში მეგობრული გარემოს შექმნაში გვეხმარება. იმისათვის, რომ ტური საინტერესო გამოვიდეს, მხოლოდ ადგილის შერჩევა არ არის საკმარისი, - აუცილებელია კარგი, მეგობრული გარემოს შექმნა. ეს კი ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. თუ ადამიანმა კომფორტულად არ იგრძნო თავი უცხო გარემოში, რაც უნდა კარგი ადგილები აჩვენო და მშვიდობით მოატარო, კმაყოფილი მაინც არ დარჩება... გზაში ერთმანეთს, უფრო ხშირად - გოგონებს ვეხმარებით.

- ალკოჰოლი თყა დაშვებული?

- არა... ვიღაცას პირიდან ჭიქას არ გამოვაცლით, მაგრამ დათრობის საშუალებას არ ვაძლევთ, რადგან ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და არ მივცემთ უფლებას, რომ გადააჭარბოს. თუ ვინმე ძალიან გაჯიუტდება, ალბათ ტურსაც შევწყვეტთ, რადგან მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის სიამოვნებას ვერ მოვერგებით. ადმიანები ოჯახებით მოდიან, პატარა მოლაშქრეებიც გვყავს და ყველას აზრი გასათვალისწინებელია.

- ყველაზე პატარა მოლაშქრე რამდენი წლის გყოლიათ?

- 4 წლის მოლაშქრე გვყავდა, ორდღიანში. ჩემი მეგობრის შვილია და მისი მშობლები მუდმივად დადიან. არის შემთხვევები, რომ პატარების ტარება ჩვენ გვიწევს, რათა შეუჩვეველ მშობელს გზის სირთულე შევუმსუბუქოთ. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ "სტაფმა" ყველაფერი უნდა აიტანოს... როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მივალთ, უცებ ყველანაირი დაღლილობა გვეხსნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ... კი, ბატონო, უნდა გავერთოთ, გიტარაც მიგვაქვს, ვმღერით და ვხუმრობთ კიდეც, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერს ვაკონტროლებთ, რადგან ეს მხოლოდ გართობა არ არის ჩვენთვის, - მათ უსაფრთხოებაზე საკუთარი თავით ვაგებთ პასუხს.

- რას აკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ რამე ფიზიკური დაზიანება მიიღო?

- თან გვაქვს პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველანაირი მედიკამენტი და ნივთი. გარდა ამისა, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, დათო ცაბოშვილი საავადმყოფოში გადიოდა აუცილებელ სწავლებას და არის ფედერაციის ექიმი. ასე რომ, მოტეხილობის, დაჟეჟილობისა და მსგავსი ტიპის დაზიანებების შემთხვევაში, დროული დახმარების აღმოჩენა შეუძლია... როგორც გითხარით, ეს მხოლოდ გართობა არ არის. ყველა იმ ადგილის ისტორიას წინასწარ ვეცნობით და მას ჯგუფის წევრებს ვუყვებით. ინტერესი, როგორც ადგილობივ, ისე უცხოელ ტურისტებში ძალიან დიდია. ერთი სიტყვით, ყოველ ტურზე ვიზრდებით და ახალ-ახალ რამეს ვსწავლობთ.

- რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ვიდეო, სადაც ტურისტსა და გიდს შორის უსიამოვნო საუბარია ასახული. რას ფიქრობთ ამაზე?

- კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტურისტის მიმართ, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის და რამდენჯერ არის ნამყოფი საქართველოში ან რა ჩანაფიქრი აქვს. ვინც უნდა იყოს და როგორც უნდა იქცეოდეს, გიდის მხრიდან ასეთი საუბარი. მსგავსი რამეების აღსაკვეთად, უამრავი მექანიზმი არსებობს და უკიდურესი გამოსავალია ტურის შეწყვეტა. ასეთ სიტუაციამდე ტურის ხელმძღვანელმა არ უნდა მიიყვანოს საქმე. მან ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ სიტყვიერი შელაპარაკება არ მოხდეს, არათუ ამ ტონით საუბარი. წესდებაში, რომელსაც მოლაშქრე წამოსვლამდე ეცნობა, წერია, რომ აკრძალულია საუბარი პოლიტიკაზე, რელიგიაზე და ასევე - უნდა დავუჯეროთ "სტაფს"... გასულ ზაფხულს ტობავარჩხილზე ვიყავით, სამეგრელოში. ეს იყო 5-დღიანი ტური ანუ მოლაშქრეებს ფეხით 60 კილომეტრამდე მანძილის გავლა უწევდათ. ჩვენ მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციაში შემავალი კლუბი ვართ და მსურველი ისე ვერ წამოვიდოდა, თუ რეკომენდაცია არ ექნებოდა.

- რას ნიშნავს ეს?

- ეს ნიშნავს, რომ ასეთ რთულ ტურში ისეთი ადამიანები ვერ წამოვიდოდნენ, ვისაც მთაში სიარულის გამოცდილება არ ჰქონდა. ისეთ ადამიანებს გავუწიეთ რეკომენდაცია, ვინც ორ-სამდღიან ტურებზე იყო ნამყოფი ანუ სიარული შეეძლო, რათა სხვა მოლაშქრეებისთვის არ შეექმნა დაბრკოლება. არ შეიძლება, ახალბედა წაიყვანო 2 ან მეტდღიან ტურში, ის სხვასაც შეაფერხებს, ისეთს, ვინც გრძელმანძილიან ტურში გამოცდილია, გზაში არ "წვება" ანუ მალე არ იღლება და პრეტენზიულიც არ არის.

- როგორ წესი, პრეტენზიებს სუსტი სქესის წარმომადგენლები გამოთქვამენ?

GzaPress- როგორც წესი, ორივე, - ძლიერ სქესიც არ აკლებს (იცინის). მოწუწუნე გოგონაც შემხვედრია და ბიჭიც. თუმცა, ისეთებიც ყოფილან, ვისზეც მიფიქრია, - ამან როგორ უნდა იაროს-მეთქი, მაგრამ ძალიან გმირულად აუტანია ყველანაირი დაბრკოლება. ასევე ყოფილან ისეთებიც, ვინც პირდაპირ აცხადებს, რომ დაიღალა და სიარული აღარ შეუძლია. ასეთ შემთხვევებში, სიმკაცრესაც ვიჩენთ ხოლმე. ისე კი, ლაშქრობებზე უმეტესობა გოგონები დადიან და მართლაც საოცარ ამტანობასა და გამძლეობას ავლენენ.

- გოგონებს კარავში ღამისთევა არ უჭირთ?

- არა. გააჩნია კარავს და ადგილს, თუ სად მივდივართ. გვაქვს 4-სეზონიანი კარავი, რომელსაც წელიწადის სეზონის მიხედვით ვირჩევთ, ასევე, 4-სეზონიანი საძილე ტომარა, რომელიც ყველა სეზონში კომფორტული უნდა იყოს. არის აგრეთვე შემთხვევები, როდესაც მთაში მივდივართ, ვქირაობთ სახლს და იქ ვრჩებით. მაგალითად, რაჭაში... თუმცა, კარავს სხვა ხიბლი აქვს. ამას გოგონებიც აღიარებენ, რადგან ლაშქრობის გემოს ასე იგებ. თავიდან შეიძლება, ცოტათი ეხამუშებათ, მაგრამ როდესაც ისეთ ადგილზე ხარ, ღრუბლებს ზემოდან უყურებ, ვარსკვლავების დათვლა შეგიძლია, მზე თითქოს კარავში შემოდის და მასთან ერთად იღვიძებ, - ამ სილამაზის აღქმა სწორედ კარავში შეგიძლია. თანაც, დაძინებამდე კარგად ვერთობით, ვმღერით, ვცეკვავთ, ვხუმრობთ და რაღაც წვილმანებზე ფიქრისა და წუწუნისთვის უბრალოდ, დრო არ გვრჩება.

- მირიან, ჯარიმებისა და პრევენციის მიუხედავად, მაინც ვაწყდებით დანაგვიანებულ გარემოს. "ცხელი წერტილები" განსაკუთრებით საქეიფო ადგილებში გვხვდება. თქვენ ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ასეთი ადგილი.

- დიახ, ამიტომაც, ჩვენი წესდების პირველი პუნქტია - არ დაანაგვიანო! არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა სხვისი დაყრილი აგვილაგებია. ხელთათმანები არ გვქონია და პარკები გადაგვიკრავს ხელებზე და ზურგჩანთამოკიდებულს, პარკებით ნაგავიც გვითრევია.

ლალი პაპასკირი