ყველაზე უტყუარი გზა ნამდვილი თაფლის ასარჩევად - გზაპრესი

ყველაზე უტყუარი გზა ნამდვილი თაფლის ასარჩევად

სპობს მავნე ბაქტერიებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმზე სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს. ცნობილია ისიც, რომ სამასამდე სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ასე რომ, თაფლი დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. სპეციალისტების აზრით, თაფლი ენერგიის უშრეტი წყაროა, მისი ერთი კოვზიც კი ძალიან სწრაფად გადადის სისხლში და ადამიანის ორგანიზმს ენერგიით ავსებს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს მაღაზიებში ხშირად შეხვდებით ფალსიფიცირებულ თაფლს, რომლის ნამდვილისაგან გარჩევა ძალიან რთულია, თუმცა, კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით ნატურალურს ვერც კი შეედრება. ამიტომაც არის საჭირო, რომ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის ერთმანეთისაგან გარჩევა შეგვეძლოს. მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელსაც ჯაბა ჭეიშვილი გვთავაზობს. მათი გამოყენება დაგეხმარებათ, რომ არ მოტყუვდეთ და ნამდვილის ნაცვლად ყალბი თაფლი არ შეიძინოთ:

1. შეიძინეთ დაფასოებული თაფლი

GzaPressფალსიფიცირების მრავალგვარი ხერხი არსებობს. მე არასოდეს გამომიყენებია, მაგრამ ვიცი, რომ თაფლის მისაღებად იყენებენ შაქარწყალს, ლიმონმჟავას, კარტოფილის ფქვილსა და სხვა ნივთიერებებსაც. კანონის მიხედვით, თაფლი უნდა იყოს დაფასოებული, ჰქონდეს ეტიკეტი და ეწეროს წარმომავლობა. ეტიკეტს უნდა ეწეროს მეფუტკრის ვინაობა და მისი რეკვიზიტები. ამ მონაცემებს ყურადღებით უნდა გაეცნოთ. იშვიათად, მაგრამ შეიძლება, დაფასოებული თაფლიც იყოს ფალსიფიცირებული, ამიტომ ის ფრთხილად უნდა შეარჩიოთ: ერთადერთი, რასაც ფალსიფიკატორები ვერ აყალბებენ, თაფლის სუნი და არომატია. ფალსიფიცირებულ თაფლს არომატი საერთოდ არ აქვს ან - ძალიან უმნიშვნელო. უნდა დავაკვირდეთ ფერსაც - ამღვრეულია თუ არა თაფლი. შეიძლება ის ამღვრეულიც იყოს, მაგრამ არ იყოს ფალსიფიცირებული, ამიტომ, მათ გასარჩევად სხვადასხვა ხერხის გამოყენება დაგჭირდებათ.

2. შეისწავლეთ თაფლის სურნელი და არომატი

შეიძლება თქვენც შეგიმჩნევიათ: როდესაც ქილა თაფლით არის სავსე და გადმოვაბრუნებთ, იქ კვერცხის ფორმის მრგვალი სიცარიელე ჩნდება, რომელიც ზემოთ მიემართება. ეს არის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი, რომ თაფლი ნატურალურია. ფალსიფიცირებულ თაფლში ერთი სიცარიელე არ გაჩნდება, მასში მრავალი დაშლილი "ბუშტი" მოჩანს. თანაც, ნამდვილი თაფლი წებოვანია, რის გამოც ჭამის დროს ენას ეწებება, ხოლო ფალსიფიცირებული - სრიალებს. არის კიდევ ერთი ხერხი: როცა თაფლს კოვზიდან ჩამოვასხამთ და მისი ნაკადი გაწყდება, ნატურალური თაფლის შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც კოვზზე რჩება, თითქოს ზემოთ მიიწევს, რაც არ ხდება ფალსიფიცირებული თაფლის შემთხვევაში. როდესაც თაფლს არც არომატი აქვს, არც სუნი და არც გემო, ის უკვე ფალსიფიცირებულია. ნამდვილი თაფლი განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა, რომელიც არც მეტისმეტად მძაფრია და არც მეტისმეტად სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არა აქვს, ხოლო მისი გემო შაქრიანი წყლისას წააგავს. ნატურალური თაფლი ტკბილია, მაგრამ მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს. ამავე დროს, ნამდვილი თაფლი პირში ჩადებისას მაშინვე არ დნება.

3. თუ თაფლი ჩაშაქრდა, ესე იგი, ის ნამდვილია

საერთოდ, ფალსიფიცირებული თაფლი არ შაქრდება და თუ ჩაშაქრდა, არათანაბარ მასას მივიღებთ, რომლის ზემოთ წყლის მსგავსი ნივთიერება მოჩანს. თუ თაფლი ჩაშაქრდა, ესე იგი, ის ნამდვილია, რადგან ფალსიფიცირებულ თაფლს ასეთი რამ არ ახასიათებს. უნდა ვიცოდეთ, რომ თაფლის შეძენა არ შეიძლება იქ, სადაც ქიმიური დაბინძურებაა შესაძლებელი - მაგალითად, საავტომობილო გზასთან, ან სარკინიგზო ხაზთან ახლოს. ფუტკრის სკა სულ ცოტა, 5 კილომეტრით უნდა იყოს მოშორებული რკინიგზასა და ავტომაგისტრალს, რომ კარგი ხარისხის თაფლი მივიღოთ და ჩვენი ორგანიზმი ტყვიისა და მძიმე მეტალებისგან დავიცვათ. ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს, ამიტომ თუ ქაღალდზე დავაწვეთებთ, სველ ლაქას არ წარმოქმნის, ფალსიფიცირებული თაფლი კი - ქაღალდს დაასველებს. შეგიძლიათ, ასეთი ხერხიც გამოიყენოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და 10-12 წუთი გააჩერეთ. მერე ამოიღეთ. თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, ხოლო თუ ფალსიფიცირებულია - დარბილდება.

4. ყველაზე უტყუარი ხერხი

GzaPressკიდევ არსებობს რამდენიმე გზა, ნატურალური თაფლის გამოსაცნობად: ამოიღეთ თაფლი კოვზით. თუ იგი ნატურალურია, წარმოიქმნება ერთგვარი ძაფი, რომელიც დიდხანს არ გაწყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში. ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს. თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით - თხევადი თაფლი ზამთარში იშვიათობაა, რადგან ძალიან ცოტაა თაფლის ისეთი სახეობა, რომელიც გაზაფხულამდე თხევადი რჩება. თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს ოდნავ დაბურული ფერიც არ გადაჰკრავს, ის ხელოვნურია. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. ასეთი თაფლი არ გავნებთ, მაგრამ სამკურნალო თვისებებიც აღარ ექნება. სასურველია, თაფლი შეინახოთ ბნელ, გრილ ადგილას, მინის ჭურჭელში და აუცილებლად თავდახურული, ვინაიდან ის იოლად იწოვს უცხო სუნს. თუ ჩაშაქრებული თაფლი არ გიყვართ, სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ, არა უმეტეს 40 გრადუსი ტემპერატურის წყალში და დაელოდეთ. ცოტა ხანში ის პირვანდელ სახეს მიიღებს. დაბოლოს, ყველაზე უტყუარ ხერხსაც გაგანდობთ: თუ გსურთ, მართლაც ნატურალური თაფლი შეიძინოთ, ნამდვილ მეფუტკრეს მიმართეთ. ამ გზით უფრო ადვილად აიცილებთ თავიდან ფალსიფიცირებული თაფლის შეძენას. ასეთი "თაფლი" კი, არც წამლად გამოგადგებათ და არც - საკვებად.

ხათუნა ჩიგოგიძე