ადამიანი, რომელსაც "ქართველი და ვინჩი" უწოდეს... - გზაპრესი

ადამიანი, რომელსაც "ქართველი და ვინჩი" უწოდეს...

მისი სახელი და გვარი - ვახტანგ (ვატო) აბაშიძე წესით ყველამ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მას ამ სტატიით გაიცნობს. პროფესიით ექიმი ჯერ მათემატიკამ გაიტაცა, მერე - ხატვამ. დღეს ის 5 000-ზე მეტი ესკიზისა და 11 000-მდე აბსტრაქტული ნახატის ავტორია. ესკიზები კალმით 4 ფორმატის ფურცელზე აქვს შესრულებული. აბსტრაქტულ ნახატებს კი ციფრულ ფორმატში, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით ასრულებს. მას საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ, მსოფლიო რეკორდსმენის სტატუსი მიენიჭა. დარგის სპეციალისტებმა კი "ქართველი და ვინჩი" უწოდეს.

ვატო აბაშიძე პირველი ქართველია, რომელმაც "გუგლის" ახალი პროდუქტის Google Open Gallery-ს პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების გამოფენის უფლება მიიღო. გარდა ამისა, გამოირჩევა ფენომენური მეხსიერებით და ფლობს არაოფიციალურ რეკორდს მრავალნიშნა ციფრების ზეპირ გამრავლებაში. პირველი ქართველია, ვინც გერმანიაში "მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე" მიიწვიეს. ამ ადამიანით (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), საქართველოში არასდროს არავინ დაინტერესებულა. მისი მიღწევები არც მედიით გაშუქებულა.

GzaPressერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მაგრამ ასაკისთვის შეუსაბამო, არაჩვეულებრივი ამბები აინტერესებდა. II კლასში იყო, როცა ადამიანის სხვა პლანეტაზე მოგზაურობის შესახებ მოთხრობა დაწერა. მერე ორნიშნა რიცხვების გამრავლება დაიწყო, მერე - სამნიშნა, ოთხნიშნა, ხუთნიშნა...

ვახტანგ აბაშიძე:

- ზაფხულობით ჭიათურაში ვისვენებდი. ერთ დღეს, ეზოში თანატოლებთან ერთად ვთამაშობდი, მოულოდნელად სახლში შევედი და მათემატიკური გამოთვლები დავიწყე.

- პატარა ბავშვისთვის ორ, სამ და მეტციფრიანი რიცხვების გამრავლება ძნელი არ იყო? ამას როგორ აკეთებდი?

- გონებაში წარმოსახულ "დაფებზე" ვამრავლებდი.

ეს მისთვის იმდენად ბუნებრივი და ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, რომ ოჯახის წევრებს გაკვირვებული ეკითხებოდა, - განა ამის გაკეთება თქვენ არ შეგიძლიათო? მაქსიმუმი 18-ციფრიანი რიცხვის კვადრატი დაუანგარიშებია. სკოლაში რომელი მასწავლებელიც მოსწონდა, მის საგანს უფრო დიდი ინტერესით სწავლობდა. არავის არასდროს არაფერს აძალებს და თავადაც ვერ იტანს, როცა რამეს აძალებენ. სამედიცინოზე მშობლების რჩევით ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების მერე სასერტიფიკაციო გამოცდებში თითქმის 100%-იანი ქულით გავიდა. დღეს ამბობს, რომ პროფესიის არჩევისას, შეცდომა დაუშვა. სტაჟიორად 1 წელი მუშაობდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ექიმობა მისი საქმე არ იყო. მერე სამეცნიერო ლიტერატურამ გაიტაცა. შეუცნობელი მოვლენები, აიტისიახლეები, გამოგონებები, ტექნოლოგია, მარკეტინგი აინტერესებს და დღეში მინიმუმ, 4-5 საათს კითხულობს. ერთ დღეს კი საკუთარ თავში მოულოდნელად კიდევ ერთი ნიჭი აღმოაჩინა.

- 2003 წელს ხატვა სრულიად მოულოდნელად დავიწყე. ავეჯის ესკიზებს ვხატავდი. ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. დღეში 180 ესკიზიც შემიქმნია. დღეს სულ 5 000-მდე ესკიზი მაქვს. ამ დარგის სპეციალისტმა რომ ნახა, მითხრა, ყველას დამზადება შესაძლებელია, წონასწორობის ხაზი დაცული გაქვსო. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ესკიზი არ მეორდება. შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს უკვე დახატული მაქვს. ჩემს გონებას ეს შეუცნობლად ახსოვს.

- განსაკუთრებით შთამბეჭდავია შენი აბსტრაქტული ნახატები.

- ერთი პერიოდი პაუზა მქონდა, აღარაფერს ვხატავდი. დაახლოებით 3 წლის წინ, ფერები სხვაგვარად აღვიქვი და აბსტრაქტული ნახატების შექმნა დავიწყე. კომპიუტერში მაუსით ვხატავ. დღეში 120 ფერადი ნახატიც კი შემიქმნია. 30-35 ნახატის შექმნა სიამოვნებას მანიჭებს. ჯერ 11 000 მაქვს დახატული და მინდა, 30 000-მდე ავიდე.

- რა ხდება შენში იმ დროს, როცა ხატვას იწყებ?

- ამ დროს აუცილებლად ფილმს უნდა ვუყურებდე, სასურველია - კომედიას, რომელიც ჩემში კარგ განწყობას ქმნის და მერე ეს განწყობა ნახატზე გადამაქვს.

- მუსიკას რომ მოუსმინო?

GzaPress- კონცენტრაციას ვერ ვახდენ. ხატვის დროს ნახატსა და ხატვის პროცესზე საერთოდ არ ვფიქრობ და თითქოს ტვინი გათიშული მაქვს. ღამე მუშაობა მიყვარს, დღეც შემიძლია, მაგრამ ღამე ფაქტობრივად არ მძინავს, სულ ვხატავ. დღის საათებში ჩემი გონება ისეთი პროდუქტიული ვერ არის, როგორიც - ღამე. როგორც წვიმის დროს წვიმის წვეთები მოდის, ისე მოდის ჩემთან ფერები, სწრაფ-სწრაფად მოდიან და მათგან ზოგიერთს "ვიჭერ". საერთოდ, მაუსით ხატვა ძალიან რთულია, იშვიათად ხატავენ. კომპიუტერის ფუნჯით არასდროს დამიხატავს.

- ფიგურებსაც წინასწარ ხედავ?

- თითქოს ვხედავ, სიტყვებით იმ მდგომარეობის ახსნა და გადმოცემა ძალიან ძნელია.

- კომედია რომ არ ნახო და რამე საშინელებათა ჟანრის ფილმს უყურო, ვერ დახატავ?

- ვერა. არც არასდროს მიცდია. მხოლოდ დადებითი ემოცია მჭირდება.

- ალბათ ამიტომაა, შენს ნახატებში სიმშვიდე რომ იგრძნობა.

- რა თქმა უნდა. ადამიანებს ვერ ვხატავ. კონცენტრაციას ვკარგავ.

- როგორც ვიცი, სამხატვრო აკადემიაში შეხვედრა მოგიწყვეს.

- დიახ, ბატონი ჯუმბერ ბეჭვაია სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელია. მან მითხრა, შენი ნახატები ერთ-ერთმა სტუდენტმა მაჩვენაო. მერე აკადემიაში სტუდენტებთან შეხვედრაც მომიწყვეს. სასიხარულოა, მაღალ შეფასებას ისეთი დონის პროფესიონალები რომ გაძლევენ, როგორებიც ჯუმბერ ბეჭვაია და ბატონი სოსო ასათიანი არიან. ამ ადამიანების მადლიერი ვარ. ბატონმა სოსომ მითხრა, - ადრე რომ დაბადებულიყავი, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო აბსტრაქციონისტი გამხდარიყავიო. მხოლოდ რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა, მათ მხატვრულ ღირებულებაზე გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნეს, რასაც ჩვენ სტუდენტებს წლების განმავლობაში ვასწავლით, შენ იმას შეუცნობლად აკეთებო. ამ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს დიდი გალერეა, სადაც შენს ნახატებს გამოვფენთ, ქართველებმა შენით უნდა ვიამაყოთო. მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ამდენი ნახატი არც ერთ ავტორს არა აქვს, თან პროფესიით ექიმი ვარ, მხატვრობაში საერთოდ ვერ ვერკვევი, ტერმინებიც კი არ ვიცი.

სარეკორდო ნამუშევრების პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობის ნახატების ინდივიდუალურად შესრულების შემთხვევა მსოფლიო მასშტაბით არასდროს დაფიქსირებულა.

უკვე მოგახსენეთ, რომ ვახტანგ აბაშიძე განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებითაც გამოირჩევა. 2005 წელს ზეპირად გაამრავლა 2 ათნიშნა რიცხვი (2 357 200 314 X 1 463 178 532 = 3 449 004 895 068 459 048), შარშან კი მსოფლიოში უნიკალური, ე.წ. სარკისებური მეთოდით (ამობრუნებულ მდგომარეობაში) 7-ნიშნა ციფრების გამრავლება მოახერხა. ის გერმანიაში "მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე" იყო მიწვეული.

GzaPress- გერმანიაში მათემატიკური ცენტრის ხელმძღვანელმა კონკურსზე მიმიწვია. ვიზა სახლში მომიტანეს. გერმანიაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა. პირობები წინა დღეებში შემიცვალეს და კონკურსზე პროტესტის ნიშნად აღარ წავედი. შემდეგ ანალოგიურ კონკურსზე თურქეთშიც მიმიწვიეს. არც ეს ვიზიტი გამოვიდა. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იმიზეზებდნენ, კერძო ვიზიტიაო. კერძო ვიზიტი როგორ არის, საქართველოს სახელით მივდივარ-მეთქი. მანამდე ჩვენი ქვეყნიდან ამ ცენტრში არასდროს არავინ მიუწვევიათ. აღნიშნულ ცენტრში კონკურსი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. სხვადასხვა ქვეყნიდან 40 ადამიანი ვიყავით შერჩეული.

- ამ კონკურსზე რომ წასულიყავი, როგორი შედეგით დაბრუნდებოდი, რას ფიქრობ?

- მოგვიანებით მონაცემები ვნახე და თავისუფლად შემიძლია გითხრა, რომ IV ადგილზე უეჭველად გავიდოდი. 40 კონკურსანტიდან მე-4 ადგილი ცუდია? ერთხელ ხარისხში 18-ნიშნა რიცხვი ავიყვანე. ეს გონებისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა, მერე თავი მტკივდება.

- სულ ეს არ არის შენი მიღწევა? მიამბე, "გუგლის" რჩეული როგორ გახდი?

- დაახლოებით ერთი წლის წინ "გუგლმა" ხელოვანებისთვის ახალი პროექტი - Google Open Gallery წარმოადგინა. დაიწყეს ხელოვანების შერჩევა, ვისაც შემდგომ "გუგლი" ადგილს დაუთმობდა. ბლოგზე 10 000 სურათი მაქვს ატვირთული. მათ ჩემი მონაცემები გავუგზავნე. პასუხი მომივიდა, რამდენიმე მხატვარს შორის აგირჩიეთ და საშუალება გეძლევათ, ჩვენი პროდუქტით ისარგებლოთო. ძალიან გამიხარდა. "გუგლის" ხელოვნების პლატფორმაზე ჩემი ადგილი მაქვს. ამხელა კორპორაცია შენით რომ დაინტერესდება, ეს მიღწევა არ არის? მე "გუგლის" რჩეული პირველი ქართველი ხელოვანი ვარ. მაშინ "გუგლის" ხელოვნების პლატფორმაზე სულ რაღაც 10-12 გალერეა, რამდენიმე მუზეუმი იყო და 2-3 მხატვარი ვიყავით შერჩეული. ქართული ტელევიზიები ამ ამბითაც არ დაინტერესდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მათ დეტალურად მივწერე. ახლა წიგნს ვწერ ადამიანის ფსიქოლოგიაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი სხვადასხვა მოვლენას.

- ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საკუთარ სამშობლოში არანაირი მხარდაჭერა არ გაქვს. მომავალში რას აპირებ, საზღვარგარეთ წასვლას გეგმავ?

- ძალიან მინდოდა, ჩემი ნიჭის რეალიზება სამშობლოში მომეხდინა, მაგრამ დავრწმუნდი, ეს თითქმის შეუძლებელია. გული მწყდება, "მუზიკ-ბოქსის" გარდა, ჩემით არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესებულა. როცა ქვეყანაში ვინმე მსოფლიო რეკორდს ამყარებს ხელოვნებაში, რაც ძალაინ რთული და იშვიათი მოვლენაა, ხომ შეიძლება, ამ ამბავზე 1-წუთიანი სიუჟეტი მაინც მომზადდეს. სამხატვრო აკადემიაში რომ მიმიწვიეს, არც იქ მოვიდა ვინმე, არადა, ყველა ტელევიზია დაპატიჟებული იყო. შოუების პროდიუსერებსაც მივწერე. სამწუხაროდ, ტელევიზიებისთვის მაშინ უფრო საინტერესო ხარ, როცა ოჯახის წევრზე უზნეო ლექსს დაწერ. საქართველოში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

- როგორია შენი ჩვეულებრივი დღე? თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

- დღეში მინიმუმ 4 საათს ვკითხულობ. თავისუფლი დრო დიდად არც მაქვს, ფილმებს ვუყურებ ან ვსეირნობ. როგორც მეცნიერებმა მითხრეს, ინდიგოების კატეგორიას მივეკუთვნები. მსმენია, ინდიგოები კონტაქტურები არ არიანო. მე კომუნიკაბელური ვარ, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ჩემს აბსტრაქტულ ნახატებთან დაკავშირებით ერთი იდეა მაქვს: ქალაქში 2-3 ადგილზე, დიდ ეკრანზე შეიძლება გაუშვან ჩემი ნახატები. 10 საათი რომ იტრიალოს, არ გამეორდება. ამით ტურისტებიც დაინტერესდებიან. რამდენადაც ვიცი, მსოფლიოში ასეთი რამ არასდროს გაკეთებულა.

სამხატვრო აკადემიაში სტუმრობისას, ვახტანგ აბაშიძის ნახატებს პროფესიონალებმა ასეთი შეფასებები მისცეს:

ჯუმბერ ბეჭვაია, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი:

- ვახტანგ აბაშიძე არის სრულიად გამორჩეული ფენომენური უნარის მქონე ადამიანი. ამაზე მეტყველებს ის მსოფლიო რეკორდი, რომელიც მან დაამყარა. ათასობით აბსტრაქტული გეომეტრიული კომპოზიციის ავტორია და თითოეული მათგანი პრინციპულად განსხვავდება სხვა ნამუშევრებისგან. მსოფლიოში ასეთი რამ ჯერ არ დაფიქსირებულა. ის პროფესიით არ არის მხატვარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპოზიციები არის ქვეცნობიერიდან ამოსული.

სოსო ასათიანი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი:

- 45 წელია, კომპოზიციის საფუძვლებს ვასწავლი. შოკირებული ვარ არა მარტო მისი შექმნილი ნახატების რაოდენობით, არამედ - მისი ნახატების ხარისხით. ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ეს ადამაინი და ვფიქრობ, ის უნდა წარდგეს დიდი აუდიტორიის წინაშე. ის ფენომენია და საჭიროა ამ ფენომენის შესწავლა. მას იმდენად ბევრი ნახატი აქვს შექმნილი, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი დიდი გალერეა და შემდეგ ქართველებმა მისით ვიამაყოთ.

თამუნა კვინიკაძე