რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში? - გზაპრესი

რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ბერიძეები, კაპანაძეები და გელაშვილები, თუმცა, მათ ტოლს არ უდებენ მამედოვები და ალიევებიც - ეს კარგად ჩანს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებიდან. სწორედ ეს გვარები ქმნიან ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ხუთეულს საქართველოში, თუმცა, დღეს ჩვენ ყველაზე უჩვეულო და იშვიათ გვარებზე ვისაუბრებთ, რომლებიც თითქმის გაქრობის პირასაა მისული. ამ საკითხის გასაშუქებლად თსუ-ის პროფესორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ზურაბ ჭუმბურიძეს მივმართეთ, რომელიც ფიქრობს, რომ მცირერიცხოვან გვარებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

GzaPress- ვიდრე მთავარი საკითხის განხილვაზე გადავალთ, უპრიანია ზოგადად, გვარზე ვისაუბროთ. საქართველო მაინცდამაინც დიდი ქვეყანა არ არის და აქ ძალიან მრავალრიცხოვანი გვარები არ გვხვდება. გვარი, როგორც პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტი, მსოფლიოში შედარებით გვიან გაჩნდა, თუმცა, ქართველებს ეს ატრიბუტი გაცილებით ადრე ჰქონიათ. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ გვარის ცნება საქართველოშიც გვიან გაჩნდა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს მეფეებსა და მთავრებს საუკუნეების წინათ ჰქონდათ გვარები, თუმცა, მასობრივად გვარების დარქმევა გვიან დაიწყო.

- ბატონო ზურაბ, პირველი გვარის დასახელება თუ შეიძლება ჩვენი ისტორიიდან?

- ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პიროვნება, რომელსაც გაბრიელ დაფანჩულს უწოდებდნენ და რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვიამბობს. ყველას გვახსოვს, გრიგოლ ხანძთელი თავის მოწაფეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდა, იქ მას მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი აზნაური, გაბრიელ დაფანჩული დახვდა. ავტორი ანუ გიორგი მერჩულე ამბობს, რომ დაფანჩულები საქართველოში საუკუნის შემდეგაც ცხოვრობდნენ. სწორედ ეს არის გვარი - წოდება, ერთგვარი მახასიათებელი, რომელიც ადამიანმა შთამომავლობით, მემკვიდრეობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. ასე რომ, გვარის საუკეთესო ნიმუში არის სწორედ გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები პერსონაჟი - დაფანჩული, რომელიც მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა. მსოფლიოში გვარის ცნება XIV-XVI საუკუნეში გაჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში - XIX-XX საუკუნეებში.

- ყველას გვყოლია სულ ცოტა, ერთი ნაცნობი მაინც, რომელიც სხვებისგან გამორჩეული, უჩვეულო გვარის გამო ყველას ყურადღებას იპყრობდა. მოგვიყევით ასეთ გვარებზე.

- საერთოდ, მცირერიცხოვან გვარად მიჩნეულია ისეთი გვარი, რომლის წარმომადგენელთა რიცხვი ოცზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ეს გვარი განწირულია გასაქრობად. ამიტომ, რაც უფრო მცირერიცხოვანია გვარი, მით უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.

- ალბათ ამითაც აიხსნება, რომ ჩვენს წინაპრებს ბიჭის დაბადება განსაკუთრებით უხაროდათ.

- დიახ, ეს შემთხვევითი სულაც არ არის: ბიჭის დაბადება ნიშნავდა და დღესაც ნიშნავს, რომ ამქვეყნად გვარის გამგრძელებელი გაჩნდა, რომ გვარს გადაშენება არ უწერია. საქართველოში არსებულ ყველაზე მრავალრიცხოვან გვარებს შორის ლიდერობენ ბერიძეები, მაისურაძეები, გელაშვილები, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ საქართველოში გაქრობის პირას მისული გვარებიც არსებობს.

- რომელ გვარებს გამოარჩევდით მათ შორის?

- არის ასეთი გვარი - ბაბადიში. ეს არის კახელი თავადების გვარი. ეს გვარი იმ დროს დაწინაურდა, როდესაც კახეთში სპარსელები ბატონობდნენ. ბაბადიშებს რწმენა შეცვლილი ჰქონიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ. გადმოცემის მიხედვით, ბაბადიშები მესამე თუ მეოთხე ცოლის შთამომავლები იყვნენ. ერთი შეხედვით, ბაბადიში უცხო სიტყვების კომპოზიციაა, მაგრამ სიტყვა "ბაბა" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბაბუას ნიშნვს, ზოგან კი - მამასაც ეძახიან. "ბაბა დიდი" კი ნიშნავს "დიდ მამას" ანუ - "პაპას". ეს ძალიან მცირერიცხოვანი გვარია. XX საუკუნის დამლევს, კახეთში სულ რამდენიმე ბაბადიში ცხოვრობდა, თანაც უმეტესად - ქალები. როდესაც გვარი ასეთ მდგომარეობაშია, თუ რომელიმე ქალი შვილს თავის გვარს არ დაუტოვებს, მაშინ გვარი გადაშენების საფრთხის წინაშე დგება. უიშვიათესი გვარია ეშქერიძეც. ძალიან კარგად მახსოვს, 2005 წელს გაზეთ "თბილისში" დაიბეჭდა სტატია, სადაც ამ გვარის წარმომადგენელი - შვედეთში დაბადებული და გაზრდილი მზეგულ ეშქერიძე გაგვაცნეს. მისი ბაბუა მენშევიკების დროს ემიგრაციაში წასულა და ევროპაში ცხოვრობდა, თუმცა, სამშობლოს ვერ ივიწყებდა და შთამომავლობაც ქართულად აღუზრდია. სამწუხაროდ, ასეთი გვარების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

- ბატონო ზურაბ, ზოგიერთი გვარი ჟღერადობით უცხოურს ჰგავს, თუმცა, მისი ძირი ქართულია.

- თუ უფრო ღრმად გამოვიძიებთ და დავაკვირდებით, ეს მართლაც ქართული წარმოშობის გვარებია. მაგალითად, ცოტა არ იყოს, უცხოდ ჟღერს სიტყვა "ჯოლბორდი", რაც ძველად ისრის მსროლელს ნიშნავდა. ეს იგივეა, რაც - ჩუბინი. ჩუბინიძეები საქართველოში შედარებით მრავლად არიან, აი, ჯოლბორდი კი - იშვიათი გვარია. ერთი შეხედვით, უცხოდ ჟღერს გალოგრეც, თუმცა, ეს ქართული წარმოშობის გვარია. გალოგრეები წარმოშობით გურიიდან არიან. ძალზე იშვიათი გვარია ჯაკონიაც, რაც სიტყვა "დიაკვნისგან" მოდის. გადმოცემის მიხედვით, ჯაკონიები დიაკვნის შთამომავლები არიან. იშვიათი გვარია სეტიელიც. სეტიელები ამჟამად სვანეთში არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი გვარის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი სვანები უნდა ყოფილიყვნენ. სეტი - ასე ჰქვია მესტიაში ერთ-ერთ უბანს. სეტი - ეს იგივეა, რაც სვეტი და იქ განდგომილი ბერი ცხოვრობდა. ამჟამად სეტიელების გვარიდან სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. როგორც წესი, ასეთი გვარები მცირერიცხოვანია, ამიტომ გვეჩვენება, რომ ის უცხოა, თუმცა, ბევრი ქართული გვარი სწორედ უცხოური წარმოშობის სიტყვებისაგან არის წარმოქმნილი. იშვიათი გვარია ქალანთარი. ეს სიტყვა სომხურშიც გვხვდება, "კალანტარის" ფორმით და ქალაქის მეთაურს ნიშნავს. რაც შეეხება ტარყაშვილებს, მათი გვარი "ტარუღასაგან" მოდის, ეს სპარსული სიტყვაა და "ქალაქის მოურავს" ნიშნავს.

- თუმცა, ზოგიერთი გვარის ფუძე ძალზე ადვილად იშიფრება...

GzaPress- დიახ, ასეთი გვარი იყო მაგალითად, ენაკოლოფაშვილი. მეც ვიცნობდი ამ გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელს. ენაკოლოფაშვილების წინაპარი საიდანღაც ყოფილა ჩამოსახლებული და ბევრი ენა სცოდნია, ამის გამო დაარქვეს ენაკოლოფა. როგორც ვიცი, ახლა ეს გვარიც გამქრალია. არანაკლებ "მეტყველი" გვარია ცალქალამანიძე. ცალქალამანიძეები აზნაურები იყვნენ. იმ პერიოდში ისეთი გაჭირვება ყოფილა, რომ მაყრები ქორწილშიც კი ფეხშიშველები მიდიოდნენ, ამიტომ, ვიღაცას ცალი ქალამანიც რომ სცმოდა, ის უკვე შეძლებულად მიაჩნდათ. ასე გაჩნდა გვარი ცალქალამანიძე. საკმაოდ ცნობილი გვარია გვერდწითელი, რომლის ეტიმოლოგია სარგის ცაიშვილს აქვს ახსნილი: ქარელის რაიონში არის ასეთი სოფელი - გვერძინეთი, რომელიც ციციშვილების საკუთრება იყო. როგორც ჩანს, ამ გვარის წარმომადგენელს თავდაპირველად გვერძინეთელს ეძახდნენ, მერე კი, ამ სიტყვამ თანდათან იცვალა ფორმა და ასე წარმოიშვა ჩვენში კარგად ცნობილი გვარი - გვერდწითელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გვარს ადამიანები ქმნიან. შეიძლება გვარი სულაც არ იყოს საჩინო და მოსაწონი, მაგრამ როდესაც ამ გვარში ვინმე გამოჩენილი და თვალსაჩინო ადამიანი გამოერევა, მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება.

- ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოქმნილი გვარებიც ბლომად გვაქვს.

- დიახ, ასეთი გვარებია სრესელი, სხიერელი, მეტეხელი, ხირსელი, მათურელი და ა.შ... ასევე ბევრია რაღაც უარყოფითი თვისების გამომხატველი გვარებიც, რომლებიც მეტსახელების მიხედვით შეიქმნა, მაგალითად: კელენჯერიძე - წარმოქმნილია სიტყვისაგან "კელენჯერი", რაც ჯიუტს ნიშნავდა. "ლოჩო" მშვიდსა და წყნარს ნიშნავს, აქედან წარმოიშვა გვარი ლოჩოშვილი. ლაფაჩი თურქული წარმოშობის სიტყვაა და სუსტს, დონდლოს ნიშნავს. ასევეა მძინარიშვილი, საძაგლიშვილი, უჯმაჯურიძე. "უჯმაჯური" მოუსვენარსა და უკუღმართს ნიშნავდა, მაგრამ დღესდღეობით ამ გვარის ხალხს სულაც არა აქვს ისე საქმე, რომ თავიანთი წარმოშობისა უნდა რცხვენოდეთ. კვანჭილაშვილი - კახეთში "კვანჭილა" ნიშნავს კაცს, რომელიც კოჭლობს და სიარულის დროს დაიკვანჭება. დოლენჯიშვილი სულაც არ არის ცუდი გვარი, მაგრამ "დოლენჯი" თურქულად მათხოვარს ნიშნავს. დაახლოებით ასეთივე ძირი აქვს ლუტიძეს: "ლუტი - კაცი უსახლკარო და უქონელი" - ასეა განმარტებული ლუტიძის ძირი ძველქართულად. კიკნაძე - "კიკნა" პატარას ნიშნავდა, მნიშვნელობით ეს იგივე პატარიძეა... ძალიან იშვიათი გვარია კიუტი, რომელიც სამეგრელოში გვხვდება. "კიუტი" მეგრულად ანგარებას ნიშნავს. ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული ნიმუშებისგან განსხვავებით, საკმაოდ ცნობილი გვარია კეკელიძე, რომლის ფუძეც სიტყვა "ლამაზს" ეფუძნება. "კეკელა" ძველქართულად ლამაზს ნიშნავდა. სხვათა შორის, XIX საუკუნეში აღწერა რომ ჩატარდა, იქიდან ჩანს, რომ მაშინ კეკელა ისეთივე პოპულარული სახელი იყო, როგორიც დღეს ნანა, ნინო ან თამუნაა. "კეკელა" ლამაზს ნიშნავდა და ბევრ ქალს ერქვა. მათ შორის - თავადის ქალებსაც. საკმაოდ იშვიათი გვარებია - პატარძლიშვილი, დედაბრიშვილი, ასევე - ქალის სახელისაგან მიღებული გვარები - ეთერია, ელისაბედაშვილი, მარიამული, მზექალაშვილი, შუშანაშვილი. სამეგრელოში ბაბო და გოგო კაცებსაც ერქვათ და სწორედ აქედან მოდის გვარები - ბაბუციძე, გოგოძე, გოგობერიძე, გოგოხია. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, რომლის ამოწურვაც ერთ სტატიაში ვერ მოხერხდება. ერთადერთი, რაც დანამდვილებით უნდა ითქვას, არის ის, რომ ყველა ქართული გვარი თავისებური და განუმეორებელია, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული გაფრთხილება უნდა, რომ არ გაქრეს და არ გადაშენდეს!

ხათუნა ჩიგოგიძე