მობუტუ სესე სეკო - ქურდბაცაცა მილიარდერი - გზაპრესი

მობუტუ სესე სეკო - ქურდბაცაცა მილიარდერი

თუმცაღა, სხვადასხვა გამოთვლებით, 4-დან 9 მილიარდამდე დოლარის პირადი ქონების პატრონი იყო, რის წყალობითაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანის ტიტულის ტარების თუ არა, უმდიდრესი ადამიანების პირველ ასეულში ყოფნის უფლება მაინც უნდა ჰქონოდა. მაგრამ არ კი არგუნეს, რადგან თავისი მილიარდები არც შთამომავლობით მიუღია და არც წარმატებული ბიზნესოპერაციების განხორცილებით უშოვია, უბრალოდ მოიპარა. თუმცა, სანამ ესოდენ მასშტაბურ ქურდბაცაცობაზე მოგიყვებით, ერთი სახალისო ამბავი უნდა გავიხსენოთ.

ერთხელ დაბა კაპ მარტის (საფრანგეთის რივიერა) პატარა მაღაზიაში შავკანიანი ბიჭუნა შევიდა, გამყიდველს საღეჭი რეზინის შეკვრა სთხოვა და ხუთასფრანკიანი გაუწოდა. "უკაცრავად, ყმაწვილო, მაგრამ ცოტა უფრო წვრილი ფული ხომ არ გექნებათ?" - ჰკითხა მას გამყიდველმა. "როგორ? - ალალად გაუკვირდა ბიჭუნას. - ამაზე უფრო წვრილი ფულიც არსებობს?"

არსებობს რომელიაო, იტყვის ალბათ, გაგულისებული მავანი, მაგრამ იმ ბიჭუნასთვის, მთელი მისი მრავალრიცხოვანი სანათესავოსა და, განსაკუთრებით, ბაბუამისისთვის 500 ფრანკი ფული მართლაც არასდროს ყოფილა. ბაბუას მობუტუ სესე სეკო ერქვა და ის მთელი 32 წელი ზაირის რესპუბლიკას ანუ იმ ქვეყანას პრეზიდენტობდა, რომლის ყველაზე მსხვილი ქაღალდის კუპიურა - 100.000 ზაირი სულ რაღაც 60 ამერიკული ცენტის ეკვივალენტი იყო.

GzaPressუზარმაზარი ფული ამ ადამიანს 1960-იანი წლების ბოლოს ჩაუვარდა ხელში და მას შემდეგ მხოლოდ მის კიდევ უფრო გამრავლებასა და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე თუ ზრუნავდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1930 წლის 14 ოქტომბერს ლისალაში (ბელგიის კონგო) დაიბადა ეთნიკურად ნგბანდი (კონგოს მოსახლეობის ერთ-ერთი ეთნოსი) ჯოზეფ დეზირე მობუტუ, რომელიც მალე ბელგიელმა მისიონერმა იშვილა და კათოლიკური განათლებაც მიაღებინა. სწავლის დამთავრების შემდეგ მობუტუ ჯერ ბელგიის კოლონიურ ჯარში მსახურობდა, მერე კი ლეოპოლდვილის ყოველდღიურ გაზეთში L'Avenir - ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. დაახლოებით ამავე დროს გაიცნო კონგოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი პატრის ლუმუმბა და თავადაც ამ მოძრაობის წევრი გახდა.

1960 წელს კონგომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყნის მთავრობის მეთაური პატრის ლუმუმბა გახდა და მაშინვე ქვეყანაში სოციალიზმის აშენების თაობაზეც გამოაცხადა. მაგრამ სანამ საბჭოთა კავშირის დიდი მეგობარი ლუმუმბა ამ მიზნის მისაღწევად კრემლისგან მსხვილ ფინანსურ დახმარებას ელოდა, კონგოში ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტურამ და სოციალიზმის სხვა დაუძინებელმა მტრებმა სამხედრო გადატრიალების გზით მარტო მისი დამხობა-დაპატიმრება კი არა, მოკვლაც მოახერხეს. თანაც, ამ საქმეში, პირველ რიგში, სწორედ ლუმუმბას მიერ დაწინაურებულმა, კონგოლეზიის არმიის გენშტაბის მეთაურმა, 29 წლის პოლკოვნიკმა მობუტუმ გამოიდო თავი და ამით კონგოში ესოდენ რიხიანად დაწყებული სოციალიზმის მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში სამუდამოდ დაასრულა. თუმცა, ესოდენ წარმატებული ოპერაციის საბოლოო შედეგებმა მისი უშუალო შემსრულებელი ყველაზე ნაკლებად დააკმაყოფილა, რადგან ქვეყნის მართვის სადავეები სხვებს ერგოთ, ხოლო თავად კიდევ ხუთი წელი მოუხდა ლოდინი. ამ წლების განმავლობაში კონგოში ხელისუფლება ბარე ათჯერ მაინც შეიცვალა და ბევრმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლუმუმბას ბედიც გაიზიარა. ასე რომ, 1965 წლისთვის სანუკვარი მიზნისკენ მიმავალი გზა უკვე იმდენად იყო მოსუფთავებული, რომ მთავარსარდალ ჯოზეფ დეზირე მობუტუს საკუთარი თავის ქვეყნის "დემოკრატიულად არჩეულ" პრეზიდენტად, რეალურად კი - დიქტატორად გამოცხადება ოდნავაც არ გასჭირვებია.

ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსვლის შემდეგ მობუტუმ "ჭეშმარიტი ზაირული ნაციონალიზმის" კამპანია წამოიწყო, კონგოს სახელი ზაირის რესპუბლიკად გადაუკეთა, მის დედაქალაქ ლეოპოლდვილს კინშასა უწოდა, თავად კი მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგა (რაც მის მშობლიურ ნგბანდის ენაზე "თავის გზაზე ცეცხლის კვალის დამტოვებელ გამარჯვებისკენ მავალ უშიშარ მებრძოლს" ნიშნავს) დაირქვა. ოდნავ მოგვიანებით "უშიშარმა მებრძოლმა" უკვე ზაირისა და უგანდის საზღვარზე მდებარე ალბერტის ტბაც აღარ "დაინდო" და სახელი მობუტუ-სესე-სეკოდ გადაუკეთა.

ქვეყნის მოსახლეობას მობუტუმ შვილებისთვის მხოლოდ ძირძველი აფრიკული სახელების დარქმევა უბრძანა, ეკლესიის მსახურებს კი ბავშვების ქრისტიანული სახელებით მონათვლისთვის ციხეში ჩასმით დაემუქრა. აკრძალა ევროპული კოსტიუმები. მათ ნაცვლადაც ყველას ფრენჩის მსგავსი სერთუკები, აბაკოსტები (არადა, თავად სახელი "აბაკოსტი" ფრანგული ლოზუნგის - A bas le costume-ს - "ძირს კოსტიუმი!" შემოკლებული ფორმა იყო) უნდა სცმოდა. თავად მობუტუს, როგორც პრეზიდენტის, ახალი კოსტიუმის ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი კი ლეოპარდის ბეწვის (მისგან დამზადებულ სამოსს ტრადიციულად მხოლოდ ბელადები ატარებდნენ) პატარა ქუდი გახდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ, ბევრი სხვა დიქტატორის მსგავსად, მობუტუც პირველ რიგში, სწორედ მისგან დაჩაგრულ-დამცირებულმა ხალხმა გააღმერთა და მხოლოდ "ერის მამად და მხსნელად" თუ მოიხსენიებდა. დიქტატორის პორტრეტები ქვეყნის თითქმის ყველა დაწესებულებაში იყო გამოფენილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები კი მის გამოსახულებიან სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ. ფულის ყველა ბანკნოტზეც მხოლოდ ის იყო გამოსახული.

GzaPressგანსაკუთრებით დაუნდობლად მობუტუ მაინც პოლიტიკურ ოპონენტებს ექცეოდა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე მათ მიზანმიმართულ განადგურებას შეუდგა.

1966 წელს ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე, მათ შორის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ევარისტ კიმბა და კიდევ სამი ყოფილი მინისტრი ჩამოახრჩობინა. თანაც, სხვა დიქტატორებისგან განსხვავებით, ადამიანების საჯარო დასჯასაც არ ერიდებოდა და ზემოთ ნახსენები ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამოხრჩობას 50 000-ზე მეტი ადამიანი დაასწრო. 1968 წელს ლუმუმბას მთავრობის დროინდელი განათლების მინისტრი პიერ მულელე ემიგრაციიდან ზაირში შეწყალების პირობით დააბრუნა, მაგრამ მაშინვე შეიპყრო და ისიც სიკვდილით დასაჯა. შემდგომში დიქტატორმა ტაქტიკა შეცვალა და, ოპონენტების ფიზიკური განადგურების ნაცვლად, მათი მოსყიდვა დაიწყო. ზაირის მრავალწლიანი მართვის მანძილზე მობუტუ სესე სეკოს არაერთი ამბოხისა თუ აჯანყების სისხლში ჩახშობა მოუხდა, რაშიც ხშირად საზღვარგარეთიდანაც ეხმარებოდნენ. კერძოდ, 1977 წელს სამხედრო დახმარება საფრანგეთმა, 1978 წელს კი ბელგიამ, საფრანგეთმა და ჩინეთმა გაუწიეს. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული და 1997 წლის 18 მაისს მობუტუ ამბოხებულებმა მაინც დაამხეს. ქვეყნიდან მისი გაქცევის შემდეგ კი ზაირს ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდეს.

მობუტუ სესე სეკოს 32-წლიანი ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში ზაირის ეკონომიკური ცხოვრებაც პოლიტიკურზე არანაკლებ უცნაური და ფრიად საინტერესო მოვლენებითაც იყო გაჯერებული. კერძოდ, დასავლეთმა მობუტუს მსოფლიო კომუნიზმთან ბრძოლაში პირადი დამსახურება ნამდვილად არ დაუვიწყა და, როგორც კინშასაში ამერიკული დაზვერვის ყოფილი რეზიდენტი ჯონ სტოკუელი იხსენებს, 1960-იან წლებში მან მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 20-25 მილიონი დოლარი მიიღო. მართალია, ამერიკელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ფულს მობუტუ აფრიკაში საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარდა, მაგრამ "უშიშარმა მებრძოლმა" ის უბრალოდ ჩაიჯიბა. მეტიც, ზუსტად ასევე მოიქცა ზაირის ეკონომიკის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი მსხვილი კრედიტებისა და პოლიტიკური პარტიების, კომერციული ბანკებისა თუ უბრალოდ კერძო პირების მიერ მისთვის, როგორც "აფრიკულ კონტინენტზე კომუნიზმის იდეებთან მთავარი მებრძოლისთვის", გაწეული სერიოზული ფინანსური დახმარებების სახით უზარმაზარი თანხების მიღების დროსაც. და მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში მალევე მიხვდნენ, მობუტუ კრედიტების უკან დამბრუნებელი არ იყო და სხვა ფინანსური დახმარებების უდიდეს ნაწილსაც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას ახმარდა, იქიდან წამოსული ფულის ნაკადი მაინც არ შეწყვეტილა და ზაირის საერთაშორისო ფინანსური დახმარების წლიური მოცულობა უწინდებურად, 300-დან 900 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.

როგორც კი საბჭოთა კავშირის არცთუ უმნიშვნელო დახმარებისა და მხარდაჭერის შედეგად ზაირის მეზობელი ანგოლის ხელისუფლებაში ანგოლის "გამათავისუფლებელი სახალხო არმია" მოვიდა, მასთან საბრძოლველად ოპოზიციური მოძრაობა "უნიტას" ხელმძღვანელობას დასავლეთმა მილიონი დოლარი გამოუყო. ეს ფული ადრესატამდე მობუტუს დახმარებით უნდა მისულიყო, მაგრამ უკვალოდ გაქრა. და მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე "უნიტას" წარმომადგენელმა არაერთხელ დაიჩივლა, მობუტუსადმი დასავლეთის ნდობა და სიყვარული მაინც ვერაფრით გააქარწყლა. ასე რომ, შიმშილის პირას მისული ანგოლისგან განსხვავებით, ზაირს, უფრო სწორად კი მის გაუმაძღარ პრეზიდენტს ფულით კიდევ კარგა ხანს და უხვად ამარაგებდნენ და ისიც მილიონებიდან უკვე მილიარდების მოპარვაზე გადავიდა. მაგრამ შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში მობუტუსთვის ძალზე უსიამოვნო მოვლენები მოხდა და კომუნიზმის კრახის, საბჭოთა კავშირის დაშლისა და "ცივი ომის" დასრულების შემდეგ "მგზნებარე აფრიკელი ანტიკომუნისტი" დასავლეთის ქვეყნებისთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. რაღა თქმა უნდა, დაფინანსებაც მაშინვე შეუწყვიტეს.

GzaPressისე, მობუტუს უკიდეგანო სიხარბე რომ არა, თეორიულად, ზაირს ალბათ, დასავლეთის ხელგაშლილი დახმარების გარეშეც შეეძლო, მდიდარი ქვეყანა ყოფილიყო. მას ხომ ალმასის მსოფლიოში უდიდესი საბადოს გარდა, სპილენძის, კობალტის, თუთიის, მარგანეცისა და ოქროს საკმაო მარაგებიც აქვს, რომელთა ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა მობუტუს ხელში სხვადასხვა გამოთვლით, 11-დან 20 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მობუტუს მმართველობის დროს ზაირში მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი და გადამმუშავებელი ყველა საწარმო სახელმწიფოს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, ამ დარგიდან შემოსული მთელი შემოსავალიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო, სინამდვილეში ასე სულაც არ ხდებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აფრიკის განყოფილებას ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზაირის საგარეო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში დაბრუნების ნაცვლად, ევროპისა და აშშ-ის კომერციული ბანკების სპეციალურ ანგარიშებზე ილექებოდა. 1978 წელს სპილენძისა და ნიკელის მოპოვებითა და გასაღებით დაკავებული ზაირის უმსხვილესი კომპანია Gecamines-ის ყველა სავალუტო რეზერვიც (მილიარდ დოლარზე მეტი) სწორედ ერთ-ერთ ასეთ ანგარიშზე ჩაირიცხა. ამ ანგარიშებიდან ფულის მოხსნა კი მხოლოდ მობუტუს ანდა მისი პირადი ნებართვის საფუძველზე იყო შესაძლებელი. თუმცა, მას ზაირამდე რის ვაი-ვაგლახით ჩაღწეულ ფულზეც ადვილად მიუწვდებოდა ხელი, რადგან ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეკონომიკაში საინვესტიციოდ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 30-დან 50%-მდე (წელიწადში დაახლოებით 65 მილიონი დოლარი) პრეზიდენტის იმ სპეციალურ ფონდებში ირიცხებოდა, რომელთა საქმიანობის თაობაზე მობუტუ ანგარიშს არავის აბარებდა. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მობუტუს უშუალო კონტროლს ექვემდებარებოდა მის მიერვე დაფუძნებული "რევოლუციის სახალხო მოძრაობის" პარტიაცა და საქველმოქმედო ფონდიც, რასაც გაუმაძღარი დიქტატორისთვის წელიწადში კიდევ 172 მილიონი დოლარი მოჰქონდა. ამასთან, "მცირედი" თანხა (წელიწადში 15 მილიონი დოლარი) პრეზიდენტის პირადი საჭიროებებისთვის ცალკე იყო გამოყოფილი. დაბოლოს, ზაირის მრავალჭირნანახ ბიუჯეტში კიდევ ერთი პუნქტიც - "სხვადასხვა საქონლის შესაძენი და მომსახურების ხარჯები" (წელიწადში 209 მილიონი დოლარი) იყო მითითებული. და ეს ყველაფერი ხდებოდა ქვეყანაში, რომლის ჯანდაცვაზეც წელიწადში 1,2 მილიონი დოლარი ანუ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ოთხი ამერიკული ცენტი იხარჯებოდა.

ქვეყნიდან გატანილ ფულს მობუტუ რომ დასავლეთის და, პირველ რიგში, შვეიცარიულ ბანკებში ინახავდა, კარგა ხნის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ ამაზე ასევე კარგა ხანს ლაპარაკიც კი მიუღებლად ითვლებოდა. გაზეთ Financial თიმეს-ის ცნობით, ჯერ კიდევ 1982 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ზაირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის, ერვინ ბლუმენტალისგან საიდუმლო მოხსენება მიიღო. მასში ის ცნობილი ბანკები (Paribas-ი, ჩრედიტ ჩომმერციალე, Banque Indo-Suez-i, Midland Bank-ი და Union Bank of Switzerland-ი) იყო მოხსენიებული, რომელთა ანგარიშებზეც ზაირის სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტით მიღებული შემოსავლები იყო განთავსებული. თუმცა, დღეს ყველა ეს ბანკი იმასაც ჯიუტად უარყოფს, რომ მობუტუ ოდესმე მისი კლიენტი იყო.

1991 წელს აშშ-ის, საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებმა თავიანთ ქვეყნებში "მობუტუს ფულის არსებობის" შემოწმება გადაწყვიტეს, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ აშშ-მა და საფრანგეთმა, აქაოდა, "ძალიან მცირე თანხებზეა" საუბარიო, მობუტუს აქტივების გაყინვაზე საერთოდ უარი თქვეს, ბელგიამ კი ასეთივე გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სახსრების კონფისკაციისთვის მის კანონმდებლობაში შესაფერისი მუხლი ვერ მოიძებნა.

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მობუტუს ფულის უდიდესი ნაწილი მაინც შვეიცარიაშია, რომლის სახელგანთქმულ ბანკებშიც ის მილიარდებს ინახავდა და ძვირფასი საათების მოსაპირკეთებლად ზაირული ალმასების გამომყენებელი სახელგანთქმული საათების ფირმის აქციების დიდი პაკეტიც კი ჰქონდა ნაყიდი. მაგრამ "ციურიხელი გნომები" (ასე მოიხსენიებენ შვეიცარიელ ბანკირებს მსოფლიო საფინანსო სფეროში) თავიანთი ქვეყნის ბანკების ანგარიშებზე ზაირის დიქტატორის ფულადი სახსრების არსებობას ჯიუტად უარყოფენ. საათების ფირმის აქციების ყიდვის ამბავი კი საერთოდაც, "ჟურნალისტების მონაჩმახად" მიაჩნიათ.

ისე, კაცმა რომ თქვას, მობუტუს დასავლეთში პირადი მსხვილი საბანკო ანგარიშები შესაძლოა, მართლაც არ ჰქონოდა და ასეთ ანგარიშებს ოფიციალურად ზაირული და სხვა ბანკები, კომპანიები და ფონდები ფლობდნენ, თავად კი მხოლოდ მათი ერთ-ერთი აქციონერი იყო. არც ისაა გამორიცხული, რომ მობუტუს მილიარდები სულაც რომელიმე კერძო პირის ანგარიშზე იყოს აკუმულირებული. ასეთ ადამიანთან ზაირის ყოფილი პრეზიდენტის მარტო კარგი ნაცნობობის ან თუნდაც ახლო ნათესაობის ფაქტის არსებობით კი ბევრს ვერაფერს დაამტკიცებ.

ზაირის ესოდენ "დამაშვრალ" პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლო წლები წინამდებარე ჯირკვლის კიბომ ჩაუმწარა. მაგრამ საკუთარ ცხოვრებას ფუჭად ჩავლილად ალბათ, მაინც არ თვლიდა, რადგან ამ ცხოვრებით მარტო თვითონ კი არ იხეირა, შვილების სახითაც "ღირსეული ცვლა" აღზარდა. და აი, ამის ერთი კონკრეტული მაგალითიც: ერთხელ მობუტუს ვაჟიშვილმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად 5 მილიონი დოლარი სთხოვა. რაღა თქმა უნდა, მამამ მონდომებულ შვილს გული არ დასწყვიტა და ფული მისცა. მაგრამ როცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჰკითხა, ბიზნესის საქმე როგორააო, - რა ბიზნესი, რის ბიზნესიო? - მხრები დაუდევრად აიჩეჩა შვილმა. "ხუთი მილიონი სადღაა?" - მაინც ჩაეძია მამა. "რომელი ხუთი მილიონი?" - თავი ბოლომდე მოისულელა "ღირსეული" მამის კიდევ უფრო "ღირსეულმა" შვილმა.

მობუტუ სესე სეკოს ეპოქა კარგა ხანია, დასრულდა, მაგრამ მისი საარაკო სიმდიდრის შესახებ დღემდე ლეგენდები დადის. დასავლეთის წამყვან ბანკებში დაცულ მილიარდებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ახლა კი მის სხვა ქონებასაც "ჩამოვუაროთ". მართალია, მშობლიურ ქვეყანაში ნაშოვნ-ნაშენები უძრავ-მოძრავი ქონების ძირითადი ნაწილი (უძვირფასესი სასახლეები, ძვირად ღირებული მანქანების პარკი, პირადი ორთქლმავალი თუ სხვა მრავალი სიკეთე) მის პოლიტიკურ მტრებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ მობუტუ ამით ნამდვილად არ გაღატაკებულა და დამხობისა და ქვეყნიდან გაქცევის შემდეგაც კი მისი ქონება ზედმიწევნით სოლიდურად გამოიყურებოდა. კერძოდ, მის განკარგულებაში დარჩა: სახლები იოჰანესბურგში, დაკარსა და აბიჯანში, ფაზენდა და ყავის პლანტაცია ბრაზილიაში, რვა საცხოვრებელი სახლი და ერთი ცათამბჯენი ბრიუსელის შემოგარენში; შვეიცარიაში, ლოზანის მახლობლად მდებარე შალე, სიდედრის სახელზე გაფორმებული უმდიდრესი ვილა ესპანეთში, სახლი მადრიდში და რამდენიმე სასტუმრო მარბელიეში; პარიზში, ფოშის ავენიუზე მდებარე სახლი, 82 186 კვადრატული მეტრი(!) საერთო ფართობის მქონე უზარმაზარი სახლი პორტუგალიაში, ალგარვეს პროვინციაში, რომლის თითოეული საძინებელი (სულ 12 აქვს), არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის მოედნის ხელაა...

ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დევნილად ქცეულ მობუტუ სესე სეკოს პოლიტიკური თავშესაფრის პოვნა საკმაოდ გაუჭირდა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ ცივი ომის დასრულების შემდეგ გაუფუჭდა ურთიერთობა, თან - იმდენად, რომ იქ პერსონა ნონ-გრატადაც კი გამოაცხადეს. ყოფილ დიქტატორს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში კი არა, მეზობელ ტოგოშიც უარი უთხრეს და საბოლოოდ მაროკოშიღა შეძლო დარჩენა.

1997 წლის 7 სექტემბერს მობუტუ სესე სეკო მაროკოს დედაქალაქ რაბათში გარდაიცვალა და იქაურ ქრისტიანულ სასაფლაოზეა დაკრძალული. ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, მის მარმარილოს სარკოფაგს პატრის ლუმუმბას თაყვანისმცემლები "პატივსა და ყურადღებას" დღემდე არ აკლებენ.