მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი
თუმცა, ისტორია არაერთ დიდ ქართველზე მოგვითხრობს, რომელმაც ამა თუ იმ იმპერიის, ქვეყნის ან მსოფლიო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ამჯერად გთავაზობთ ვერსიას, რომელიც რუსული ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელდა. ალბათ, ადრეც გსმენიათ პეტრე პირველის "ქართველობის" შესახებ...
არსებობს საკმაოდ საინტერესო ამბავი: როცა გამოჩენილი მწერალი ალექსეი ტოლსტოი თავის რომან "პეტრე პირველზე" მუშაობდა, წააწყდა დოკუმენტურ მასალას, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის უდიდესი მონარქის, რომანოვთა გვარის სიამაყის განსხვავებული წარმომავლობა. მტკიცდებოდა, რომ მას რუსეთის სამეფო გვართან და საერთოდ, რუს ეროვნებასთან არაფერი აკავშირებდა!
ამ ფაქტმა მწერალი უზომოდ ააღელვა და გადაწყვიტა, რჩევის მისაღებად, თავისი დროის უდიდესი დიქტატორისთვის მიემართა. მით უმეტეს, ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, ბელადისთვის "ახლობელი" უნდა ყოფილიყო - ისიც ხომ წარმოშობით ქართველი იყო. ეს ინფორმაცია ერთი მხრივ, საკმაოდ პროვოკაციულიც გახლდათ, რადგან სტალინი თავს რუსად მიიჩნევდა. ამიტომ ალექსეი ნიკოლაევიჩმა დიქტატორს დოკუმენტი მიუტანა.
წერილი ადასტურებდა, რომ დიდი რუსი რეფორმატორი სინამდვილეში... ქართველი გახლდათ!
გაოცება გამოიწვია იმან, რომ სტალინს ასეთი არაჩვეულებრივი აღმოჩენა სულაც არ გაჰკვირვებია. უფრო მეტიც - დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ტოლსტოის სთხოვა, ეს ფაქტი არ გამოემზეურებინა. საკუთარი სურვილის დასაბუთება კი საკმაოდ უბრალოდ მოახერხა: "დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი" მაინც, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ!" მწერალს აგრეთვე, ისიც ურჩია, ეს დოკუმენტი გაენადგურებინა.
ამ შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია წესით, სამუდამოდ უნდა დამარხულიყო, მაგრამ ალექსეი ტოლსტოი, ისევე როგორც ბევრი მწერალი, ძალზე კომუნიკაბელური ადამიანი გახლდათ და ამიტომაც, ეს ამბავი ჯერ საახლობლო წრეს გაანდო, შემდგომ კი მისმა აღმოჩენამ მთელი ინტელიგენცია მოიცვა.
რა წერილი იყო ასეთი, რომელიც უნდა გამქრალიყო?
სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა დარია (დარეჯან) არჩილის ასულ ბაგრატიონ-მუხრანელის (იმერეთის მეფე არჩილ II-ის ქალიშვილის) წერილს, რომელიც ნათესავს - სამეგრელოს თავად დადიანის ქალიშვილს სწერდა. წერილში საუბარია რაღაც წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ქართველი დედოფლისგან მოუსმენია: "დედაჩემი მომიყვა ვიღაც მატვეევზე, რომელმაც თურმე წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. მას გამოეცხადა წმინდა გიორგი და ამცნო: შენ მოწოდებული ხარ იმისთვის, რომ მეფეს გააგებინო - მოსკოვში "მეფეთა მეფე" უნდა დაიბადოს, რომელიც მას უდიდეს იმპერიად აქცევს. დაბადებით კი ის ჩამოსული, ივერიელი, მართლმადიდებელი მეფისგან უნდა იშვას, დავითის მუხლიდან, საიდანაც ღვთისმშობელიც წარმოდგება, და კირილ ნარიშკინის სუფთა გულის მქონე ქალიშვილისგან. თუ ამ ნებას წინ აღუდგებიან, იქნება ჟამიანობა. ღმერთის ნება უზენაესია".
წინასწარმეტყველება არაორაზროვნად მიანიშნებდა ასეთი ქმედების აღსრულების აუცილებლობაზე. თუმცა, მსგავსი მოვლენისკენ შემობრუნებას, შესაძლოა, რეალურად სულ სხვა პრობლემამ შეუწყო ხელი.
რომანოვთა გვარის დასასრულის დასაწყისში
რეალურ მიზეზებში გასარკვევად აუცილებელია, მივმართოთ ისტორიას და გავიხსენოთ, რომ მოსკოვის სამეფო იმ დროს, პრაქტიკულად უთავო სამეფოს წარმოადგენდა; ხოლო მეფის მოვალეობებს - ალექსეი მიხაილის ძე ვერ ასრულებდა. ქვეყანას ფაქტობრივად, მართავდა სამეფო ინტრიგებში ჩაფლული, გაიძვერა და ავანტიურისტი თავადი მილოსლავსკი. ალექსეი მიხაილოვიჩი სუსტი, უძლური ადამიანი გახლდათ. მის გარშემო ძირითადად, საეკლესიო პირები ტრიალებდნენ, რომელთა აზრსაც ანგარიშს უწევდა. ერთ-ერთი ასეთი იყო - არტამონ სერგეევიჩ მატვეევი, რომელიც მეფეზე დიდი ზემოქმედების უნარს ფლობდა. მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით, მატვეევი არსებითად, მართავდა მონარქს. ეს ისტორიული პიროვნება, "რასპუტინის მაგვარი" პერსონაჟი გახლდათ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ მეორის კარზე უსაზღვრო გავლენით სარგებლობდა. მატვეევის გეგმა მარტივი იყო: მას აუცილებლად მიაჩნდა, მეფეს დახმარებოდა იმაში, რომ მილოსლავსკების ნათესაობისგან სამუდამოდ გათავისუფლებულიყო და ტახტზე "თავისი" მემკვიდრე აეყვანა...
1669 წლის მარტში, როცა ალექსეი მიხაილოვიჩის ცოლი, მარია ილიას ასული მილოსლავსკაია გარდაიცვალა, მატვეევმა მეფეს ყირიმელი თათრების თავადთა წარმომადგენელი - ნატალია კირილოვნა ნარიშკინა გაურიგა (ის ყირიმელ თათართა მურზის, ისმაილ ნარიშის ქალიშვილი იყო, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ადგილობრივთათვის კი, უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, სახელად კირილს ატარებდა). ამის შემდგომ მხოლოდ მემკვიდრის საკითხის მოგვარებაღა რჩებოდა. პირველი ცოლისგან დაბადებული შვილები ისეთივე სუსტები და უძლურები იყვნენ, როგორიც თავად მეფე. მატვეევის აზრით, ისინი მემკვიდრეებად არ გამოდგებოდნენ.
სხვაგვარად რომ ითქვას, როგორც კი მეფეს ნარიშკინა შერთეს, მაშინვე მემკვიდრის საკითხი დადგა. რადგან იმ მომენტისთვის მეფე მძიმედ ავად იყო და ფიზიკურად ძალზე დასუსტებული ბრძანდებოდა, თან ისიც ცხადი იყო, რომ მას სულ სუსტი შვილები გამოსდიოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება - მისთვის შემცვლელი მოეძებნათ და... აი, სწორედ ამ დროს, შეთქმულებს ხელში ქართველი თავადი ჩაუვარდათ.
ვინ არის პეტრეს მამა?
თეორია ორგვარია. პეტრეს მამად ივარაუდება ორი დიდი ქართველი ბაგრატიონთა გვარიდან. ესენი არიან:
არჩილ II (1647-1713) და ერეკლე I (1637 ან 1642-1709).
მცირე ისტორიული კვლევა-ძიების შემდეგ, ზოგიერთი მკვლევარი იხრება აზრისკენ, რომ ეს, მეტი ალბათობით, ერეკლე პირველი (იგივე ნაზარალ-ხანი) უნდა ყოფილიყო. არგუმენტად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ჩასახვის მომენტისთვის მოსკოვში სწორედ ის იმყოფებოდა, არჩილ მეორე (იმერეთის მეფე) კი მოსკოვში მხოლოდ 1681 წელს გადავიდა.
მეფისწული ერეკლე რუსეთში იქაურებისთვის უფრო მოსახერხებელი სახელით - ნიკოლაი დავიდოვიჩით იყო ცნობილი. ის ძალზე დაახლოებული გახლდათ ალექსეი მიხაილოვიჩთან და ნარიშკინასთან მეფის ჯვრისწერის დროს, საქორწინო ღონისძიებების მთავარ განმკარგულებლადაც დაინიშნა.
ამ თანამდებობის პირისთვის მოვალეობად ითვლებოდა - ახალდაქორწინებულთა ნათლიობაც ეკისრა. მაგრამ, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, ბედისწერის ძალით, ქართველი უფლისწული მეფეს არა მხოლოდ მემკვიდრის სახელის შერჩევაში დაეხმარა, არამედ, დიდი ალბათობით, მის ჩასახვაშიც.
1672 წელს ერეკლემ თავისი მოვალეობა შეასრულა და ნათლობისას ბავშვს უწოდა სახელი - პეტრე. ხოლო 1674 წელს რუსეთი დატოვა და კახეთის ტახტი დაიკავა. თუმცა, ამ ტიტულის მისაღებად, მას მაჰმადიანობის მიღებამ მოუწია.
მეორე ვერსია
ამ ვერსიის მიხედვით, მომავალი თვითმპყრობლის მამა 1671 წელს გახდა იმერეთის მეფე - არჩილ მეორე, რომელიც პრაქტიკულად აიძულეს, შესულიყო თავადის ქალის საძინებელ ოთახში. არჩილი იმ მოსაზრების წნეხის ქვეშ მოექცა, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო ღვთაებრივი ნების აღსრულება და მასში - "ამ ღვთისთვის მოსაწონ საქმეში" - მისი უშუალო მონაწილეობა. უნდა ჩასახულიყო ის, "ვისაც ელოდნენ".
შესაძლოა, სწორედ მატვეევის (მაშინ იგი პრაქტიკულად წმინდანად მიაჩნდათ) სიზმარმა აიძულა კეთილმორწმუნე მეფე, მსგავსი მოქმედება ჩაედინა და დედოფლის საძინებელში შესულიყო.
არჩილთან პეტრეს ნათესაობა შეიძლება, შემდეგი ფაქტითაც გამყარდეს: ქართველი მონარქის ოფიციალური მემკვიდრე - თავადი ალექსანდრე, რუსული არმიის პირველი, ქართული წარმოშობის მქონე გენერალი გახდა; პეტრესთან ერთად, შესაქცევარ პოლკებშიც (ბრძოლების იმიტაციისთვის ჩამოყალიბებული ქვედანაყოფები) მსახურობდა და იმპერატორის გამო, შვედეთის ტყვეობაშიც აღესრულა. არჩილის დანარჩენმა შვილებმა: მათემ, დავითმა და დარეჯანმა (დარია) პეტრესგან საჩუქრად მიწები მიიღეს; ისინი მისგან დიდად დაფასებულნი იყვნენ. ცნობილია ასეთი ფაქტიც: პეტრე, ერთ-ერთი დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, სოფელ ვსესვიატსკოეში (ახლანდელი სოკოლის რაიონი) საკუთარ დასთან - დარიასთან (იგივე დარეჯანთან) წავიდა.
ქვეყნის ცხოვრებაში ეს პერიოდი მოსკოვში ქართული ელიტის მასობრივი მიგრაციის ტალღას უკავშირდება. ქართველი მეფე არჩილ მეორისა და პეტრე პირველის ნათესაური კავშირის კიდევ ერთ დამამტკიცებელ საბუთად ასახელებენ არჩილის წერილს, რომელიც მან დედოფალს (ნარიშკინას) მისწერა. იქ ასეთ კითხვას ვაწყდებით: "როგორ გრძნობს თავს ჩვენი ცელქი ბიჭი?" მართალია, "ჩვენი ცელქი ბიჭის" სახელით შესაძლოა, მეფეს სხვა მემკვიდრეებიც ეხსენებინა, მაგრამ... ამ ვერსიის მხარდამჭერთა აზრით, ფრაზას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.
რაც მთავარია, პეტრე საოცრად ჰგავდა იმერეთის მეფე არჩილ მეორეს: ორივე, იმ დროისთვის გიგანტური აღნაგობის იყო; ჰქონდათ მსგავსი სახის ნაკვთები და ხასიათშიც მსგავსებით გამოირჩეოდნენ.
თუმცა, ეს ჩამონათვალი შეიძლება პირველ მტკიცებულებათა შემთხვევაშიც გამოვიყენოთ, რადგან ქართველ თავადებს ერთმანეთთან პირდაპირი ნათესაობა აკავშირებდათ. სამართლიანობა მოითხოვს, ისიც აღინიშნოს, რომ პეტრე ძალიან ჰგავდა დედამისს - ნატალია კირილოვნა ნარიშკინასაც.
ყველამ იცოდა და ყველა დუმდა
მეფის წარმომავლობისა და მისი ნათესაობის შესახებ, როგორც ჩანს, მაშინ ყველამ იცოდა. დედოფალი სოფია ასე წერდა თავად გოლიცინს: "არ შეიძლება, ძალაუფლება მიეცეს ურჯულოს!" პეტრეს დედა, ნატალია ნარიშკინა ასევე შეშინებული იყო იმით, რაც დააშავა და არაერთხელ უთქვამს: "მას მეფობის უფლება არა აქვს!"
ვიზუალური მსგავსება
ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და ისე განსაჯოთ. გავიხსენოთ ისტორია - არც ერთი მოსკოველი მონარქი (ივანე მრისხანეს გარდა) არ გამოირჩეოდა გამორჩეული აღნაგობით, სიმაღლით; ასეთი მხოლოდ პეტრე გახლდათ: ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ის ახლანდელი კრიტერიუმებითაც კი ძალიან მაღალი ადამიანი იყო - ორ მეტრამდე. ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს მისი ფეხის ზომაა - 38; ტანისამოსს 48 ზომისას იყენებდა! თითქოს აღნაგობას ასეთი ზომები არ უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ეს თავისებურებანი თურმე მის ქართველ ნათესავებსაც ჰქონიათ. ასე რომ, ყველა ეს დეტალი, ექსპერტთა აზრით, მან მემკვიდრეობით ბაგრატიონებისგან მიიღო.
პეტრე მენტალურად სუფთა ევროპელი გახლდათ. როგორც უნდა განვსაჯოთ, არც ვიზუალურად და არც ხასიათით ის არ ეკუთვნოდა რომანოვების საგვარეულოს. თავისი ყველა გამოხდომით, მართლაც კავკასიელს უფრო ჰგავდა. მოცემულ სურათზე შეგიძლიათ, თავად დარწმუნდეთ, რამდენად ჰგვანან მამა (სურათზე ციფრებით - 2 და 5) და შვილი (დანარჩენი გამოსახულებები).
დასკვნა
დიახ, მან მემკვიდრეობად მოსკოველი მეფეების წარმოუდგენელი სისასტიკე მიიღო. ერთი ფაქტიც კმარა: 1718 წლის ივლისში, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში პეტრე პირველის ვაჟი, უფლისწული ალექსეი გარდაიცვალა; ოფიციალური ვერსიით - ბუნებრივი სიკვდილით, თუმცა, არაერთი ფაქტით დადასტურდა, რომ იგი მტანჯველი, მოძალადეობრივი სიკვდილით აღესრულა, რომელიც მამის მიერ იყო ნაბრძანები. ყველაზე საზარელი კი ის არის, რომ შვილის მოკვდინებიდან მეორე დღეს, პეტრე პოლტავის ბრძოლის წლისთავს ზარ-ზეიმით აღნიშნავდა.
პეტრე პირველი წარმომავლობით რუსი არ იყო - არც მამით და არც დედით (მთელი მათი გვარი უფრო მეტად, თათრული იყო, ვიდრე - სლავური), მაგრამ მიუხედავად თავისი "არასწორი" წარმომავლობისა, მაინც სამეფო გვარის გახლდათ. შესაძლებელია, სწორედ ხასიათის თავისებურებებმა შეაძლებინა მას, სამაზრო ურდო ძლევამოსილ იმპერიად გარდაექმნა.
ირინა ჯანდიერი