მობუტუ სესე სეკო - ქურდბაცაცა მილიარდერი - გზაპრესი

მობუტუ სესე სეკო - ქურდბაცაცა მილიარდერი

ამ ანგარიშებიდან ფულის მოხსნა კი მხოლოდ მობუტუს ანდა მისი პირადი ნებართვის საფუძველზე იყო შესაძლებელი. თუმცა, მას ზაირამდე რის ვაი-ვაგლახით ჩაღწეულ ფულზეც ადვილად მიუწვდებოდა ხელი, რადგან ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეკონომიკაში საინვესტიციოდ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 30-დან 50%-მდე (წელიწადში დაახლოებით 65 მილიონი დოლარი) პრეზიდენტის იმ სპეციალურ ფონდებში ირიცხებოდა, რომელთა საქმიანობის თაობაზე მობუტუ ანგარიშს არავის აბარებდა. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მობუტუს უშუალო კონტროლს ექვემდებარებოდა მის მიერვე დაფუძნებული "რევოლუციის სახალხო მოძრაობის" პარტიაცა და საქველმოქმედო ფონდიც, რასაც გაუმაძღარი დიქტატორისთვის წელიწადში კიდევ 172 მილიონი დოლარი მოჰქონდა. ამასთან, "მცირედი" თანხა (წელიწადში 15 მილიონი დოლარი) პრეზიდენტის პირადი საჭიროებებისთვის ცალკე იყო გამოყოფილი. დაბოლოს, ზაირის მრავალჭირნანახ ბიუჯეტში კიდევ ერთი პუნქტიც - "სხვადასხვა საქონლის შესაძენი და მომსახურების ხარჯები" (წელიწადში 209 მილიონი დოლარი) იყო მითითებული. და ეს ყველაფერი ხდებოდა ქვეყანაში, რომლის ჯანდაცვაზეც წელიწადში 1,2 მილიონი დოლარი ანუ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ოთხი ამერიკული ცენტი იხარჯებოდა.

GzaPressქვეყნიდან გატანილ ფულს მობუტუ რომ დასავლეთის და, პირველ რიგში, შვეიცარიულ ბანკებში ინახავდა, კარგა ხნის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ ამაზე ასევე კარგა ხანს ლაპარაკიც კი მიუღებლად ითვლებოდა. გაზეთ Financial Times-ის ცნობით, ჯერ კიდევ 1982 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ზაირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის, ერვინ ბლუმენტალისგან საიდუმლო მოხსენება მიიღო. მასში ის ცნობილი ბანკები (Paribas-ი, Credit Commerciale, Banque Indo-Suez-ი, Midland Bank-ი და Union Bank of Switzerland-ი) იყო მოხსენიებული, რომელთა ანგარიშებზეც ზაირის სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტით მიღებული შემოსავლები იყო განთავსებული. თუმცა, დღეს ყველა ეს ბანკი იმასაც ჯიუტად უარყოფს, რომ მობუტუ ოდესმე მისი კლიენტი იყო.

1991 წელს აშშ-ის, საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებმა თავიანთ ქვეყნებში "მობუტუს ფულის არსებობის" შემოწმება გადაწყვიტეს, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ აშშ-მა და საფრანგეთმა, აქაოდა, "ძალიან მცირე თანხებზეა" საუბარიო, მობუტუს აქტივების გაყინვაზე საერთოდ უარი თქვეს, ბელგიამ კი ასეთივე გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სახსრების კონფისკაციისთვის მის კანონმდებლობაში შესაფერისი მუხლი ვერ მოიძებნა.

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მობუტუს ფულის უდიდესი ნაწილი მაინც შვეიცარიაშია, რომლის სახელგანთქმულ ბანკებშიც ის მილიარდებს ინახავდა და ძვირფასი საათების მოსაპირკეთებლად ზაირული ალმასების გამომყენებელი სახელგანთქმული საათების ფირმის აქციების დიდი პაკეტიც კი ჰქონდა ნაყიდი. მაგრამ "ციურიხელი გნომები" (ასე მოიხსენიებენ შვეიცარიელ ბანკირებს მსოფლიო საფინანსო სფეროში) თავიანთი ქვეყნის ბანკების ანგარიშებზე ზაირის დიქტატორის ფულადი სახსრების არსებობას ჯიუტად უარყოფენ. საათების ფირმის აქციების ყიდვის ამბავი კი საერთოდაც, "ჟურნალისტების მონაჩმახად" მიაჩნიათ.

ისე, კაცმა რომ თქვას, მობუტუს დასავლეთში პირადი მსხვილი საბანკო ანგარიშები შესაძლოა, მართლაც არ ჰქონოდა და ასეთ ანგარიშებს ოფიციალურად ზაირული და სხვა ბანკები, კომპანიები და ფონდები ფლობდნენ, თავად კი მხოლოდ მათი ერთ-ერთი აქციონერი იყო. არც ისაა გამორიცხული, რომ მობუტუს მილიარდები სულაც რომელიმე კერძო პირის ანგარიშზე იყოს აკუმულირებული. ასეთ ადამიანთან ზაირის ყოფილი პრეზიდენტის მარტო კარგი ნაცნობობის ან თუნდაც ახლო ნათესაობის ფაქტის არსებობით კი ბევრს ვერაფერს დაამტკიცებ.

ზაირის ესოდენ "დამაშვრალ" პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლო წლები წინამდებარე ჯირკვლის კიბომ ჩაუმწარა. მაგრამ საკუთარ ცხოვრებას ფუჭად ჩავლილად ალბათ, მაინც არ თვლიდა, რადგან ამ ცხოვრებით მარტო თვითონ კი არ იხეირა, შვილების სახითაც "ღირსეული ცვლა" აღზარდა. და აი, ამის ერთი კონკრეტული მაგალითიც: ერთხელ მობუტუს ვაჟიშვილმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად 5 მილიონი დოლარი სთხოვა. რაღა თქმა უნდა, მამამ მონდომებულ შვილს გული არ დასწყვიტა და ფული მისცა. მაგრამ როცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჰკითხა, ბიზნესის საქმე როგორააო, - რა ბიზნესი, რის ბიზნესიო? - მხრები დაუდევრად აიჩეჩა შვილმა. "ხუთი მილიონი სადღაა?" - მაინც ჩაეძია მამა. "რომელი ხუთი მილიონი?" - თავი ბოლომდე მოისულელა "ღირსეული" მამის კიდევ უფრო "ღირსეულმა" შვილმა.

GzaPressმობუტუ სესე სეკოს ეპოქა კარგა ხანია, დასრულდა, მაგრამ მისი საარაკო სიმდიდრის შესახებ დღემდე ლეგენდები დადის. დასავლეთის წამყვან ბანკებში დაცულ მილიარდებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ახლა კი მის სხვა ქონებასაც "ჩამოვუაროთ". მართალია, მშობლიურ ქვეყანაში ნაშოვნ-ნაშენები უძრავ-მოძრავი ქონების ძირითადი ნაწილი (უძვირფასესი სასახლეები, ძვირად ღირებული მანქანების პარკი, პირადი ორთქლმავალი თუ სხვა მრავალი სიკეთე) მის პოლიტიკურ მტრებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ მობუტუ ამით ნამდვილად არ გაღატაკებულა და დამხობისა და ქვეყნიდან გაქცევის შემდეგაც კი მისი ქონება ზედმიწევნით სოლიდურად გამოიყურებოდა. კერძოდ, მის განკარგულებაში დარჩა: სახლები იოჰანესბურგში, დაკარსა და აბიჯანში, ფაზენდა და ყავის პლანტაცია ბრაზილიაში, რვა საცხოვრებელი სახლი და ერთი ცათამბჯენი ბრიუსელის შემოგარენში; შვეიცარიაში, ლოზანის მახლობლად მდებარე შალე, სიდედრის სახელზე გაფორმებული უმდიდრესი ვილა ესპანეთში, სახლი მადრიდში და რამდენიმე სასტუმრო მარბელიეში; პარიზში, ფოშის ავენიუზე მდებარე სახლი, 82 186 კვადრატული მეტრი(!) საერთო ფართობის მქონე უზარმაზარი სახლი პორტუგალიაში, ალგარვეს პროვინციაში, რომლის თითოეული საძინებელი (სულ 12 აქვს), არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის მოედნის ხელაა...

ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დევნილად ქცეულ მობუტუ სესე სეკოს პოლიტიკური თავშესაფრის პოვნა საკმაოდ გაუჭირდა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ ცივი ომის დასრულების შემდეგ გაუფუჭდა ურთიერთობა, თან - იმდენად, რომ იქ პერსონა ნონ-გრატადაც კი გამოაცხადეს. ყოფილ დიქტატორს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში კი არა, მეზობელ ტოგოშიც უარი უთხრეს და საბოლოოდ მაროკოშიღა შეძლო დარჩენა.

1997 წლის 7 სექტემბერს მობუტუ სესე სეკო მაროკოს დედაქალაქ რაბათში გარდაიცვალა და იქაურ ქრისტიანულ სასაფლაოზეა დაკრძალული. ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, მის მარმარილოს სარკოფაგს პატრის ლუმუმბას თაყვანისმცემლები "პატივსა და ყურადღებას" დღემდე არ აკლებენ.