"მეფე ლომი" - ანიმაციური და რეალური სამყარო - გზაპრესი

"მეფე ლომი" - ანიმაციური და რეალური სამყარო

უდაოა, რომ ეს პროდუქტი პროფესიონალებისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობის შედეგად შეიქმნა. ფილმის ბიუჯეტი 45 მილიონი დოლარი იყო. შემოსავალმა კი 987,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 2 მილიონი პერსონაჟების სარეკლამოდ გამოყენებისთვის უფლების გაყიდვამ მოიტანა. ერთ-ერთ საუბარში, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ მითხრა: "მეფე ლომში" ყველა ცხოველის ხასიათი, თვისება თუ მიმიკა ზუსტად არის დაჭერილიო. ამ ინტერვიუში სწორედ ბატონი ზურას, როგორც პროფესიონალი ზოოლოგის, შთაბეჭდილებებსა და პარალელებზე ვისაუბრებთ. ვინაიდან სიუჟეტი აფრიკაში ვითარდება, აფრიკული ცხოვრების რამდენიმე საინტერესო ტრადიციასაც გავეცნობით.

ზურაბ გურიელიძე:

GzaPress- ერთადერთი, რაც ჩემთვის ამ მულტფილმის "ნაკლს" წარმოადგენს, არის ის, რომ მასში აფთრები უარყოფით პერსონაჟებად არიან გამოყვანილი. თუმცა, ვიღაცა ხომ უნდა ყოფილიყო ბოროტი? ჰოდა, ეტყობა, არჩევანიც მათზე შეაჩერეს. ფილმში ისინი ემსახურებიან ბოროტ ლომს, რომელმაც თავისი ძმა - მეფე მოიშორა. აფთრების მიმიკებია საკმაოდ კარგად დაჭერილი, განსაკუთრებით - მათი ღიმილი. თუმცა, სინამდვილეში, ეს ღიმილი როდია. ხალებიანი აფთრები ამგვარად, კბილების დემონსტრირებით აფრთხილებენ მოწინააღმდეგს. აფთარი არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ყბების მქონე ცხოველი. ამაში მხოლოდ ნიანგს თუ ჩამორჩება. რაც შეეხება დანარჩენ პერსონაჟებს, ფილმში შესანიშნავად არის დაჭერილი ბევრი ცხოველის ქცევა თუ ხასიათი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის, ვინც ეს ყველაფერი შეიმუშავა, დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მათ. მაგალითად, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვმოგზაურობდი და იქ შემხვდა ამ ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი - რქაცხვირა (ფილმში ეს გახლავთ ზაზუ), მისი მიმიკები, ქცევა, იდენტური იყო ზაზუს ქცევისა და მიმიკებისა. ის კი არა, ამ მიდამოში მცხოვრებნი უკვე ზაზუდ მოიხსენიებენ რქაცხვირას.

- აფრიკაშიც პოპულარულია ეს მულტფილმი?

- იმდენად პოპულარულია, ძალიან ხშირად ტანზანიელები ამბობენ, რომ მოქმედება ხდება ტანზანიაშიო; ზიმბამბველები - ზიმბამბვეშიო. ეს უკანასკნელნი გაჩვენებენ იმ კლდეს, სადაც ძირითადი მოქმედებები მიმდინარეობს და საიდანაც მეფე ლომი გადმოდგება ხოლმე. თუმცა, გნუების მიგრაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, ტანზანიის, კენიის მიდამოები უფრო უნდა იყოს მასში ასახული. მით უმეტეს, რომ თვითონ ცხოველების სახელწოდებების დიდი ნაწილიც სუაჰილურია.

- სუაჰილის ენაზე ვინ მეტყველებს?

- სუაჰილი ეს გახლავთ აღმოსავლეთ აფრიკული "ინგლიური", რომელზეც ლაპარაკობს - უგანდა, კენია, ტანზანია, რუანდა და ბურუნდი. ოფიციალურად, სუაჰილური მათი საერთაშორისო ენაა. ფილმშიც სუაჰილური სახელები ჭარბობს და არა მარტო სახელები. სიმღერაც - "აკუნა მატატა", ეს გახლავთ ძალიან ცნობილი აფრიკული სიმღერა, რომელიც სუაჰილის ენაზე სრულდება. საერთოდ, 2 ძალიან გავრცელებული ფრაზა აქვთ იქაურებს: ერთია, როგორც მოგახსენეთ, - "აკუნა მატატა", მეორე კი - "პოლე-პოლე". "აკუნა მატატა" ნიშნავს - პრობლემა არაა, "ნო პრობლემ". რაც უნდა დაგემართოს, - ყველაფერზე "აკუნა მატატას" გეუბნებიან.

- "პოლე-პოლე" რაღას ნიშნავს?

- ნელა-ნელა. ადგილობრივები იქ დიდი სისხარტით არ გამოირჩევიან. ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებენ, "პოლე-პოლედ". იმ მიდამოებში მოგზაურობისას, მაისური მაქვს შეძენილი, რომელსაც აწერია: no hare in Afrika, - "არ იჩქარო აფრიკაში" და ქვემოთ აწერია: "პოლე-პოლე".

"აკუნა მატატაზე" სიმღერა არსებობს, რომელიც პირველად კენიას ეძღვნებოდა და ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი. "ჯამბო, ჯამბო, ბუანა, კენია ეტუ აკუნა მატატა", - მღეროდნენ მასში, რაც ასე ითარგმნება: "გამარჯობა, ბატონო (ბუანა უფრო თეთრკანიანი ბატონია), კენიაში ახლა პრობლემები არ არის". ეს ტერმინი მერე მულტფილმის სიმღერაშიც შევიდა, სადაც გენიალურად არის გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ღორს ძალიან სამარცხვინო რაღაცები ემართება, მას ყველაფერზე ეუბნებიან - "აკუნა მატატა".

- გარეული ღორი, - ძალიან სასაცილო და ბრიყვ პუმბას გულისხმობთ არა?

- ეს არ არის გარეული ღორი, - მეჭეჭიანი ღორი გახლავთ, რომელსაც სახელი პუმბა, ასევე სუაჰილის ენაზე ჰქვია. "პუმბა" ნიშნავს სულელს, - მეჭეჭიან ღორს ზუსტად ასე მოიხსენებენ სუაჰილურად.

- სულელი რატომ?

GzaPress- ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მეჭეჭიანი ღორი დიდი ჭკუით არ გამოირჩევა. მაგალითად, ლომი რომ გამოეკიდება, ჩერდება და მდევარისკენ პირისპირ ტრიალდება. სინამდვილეში ეს არ არის ამ ცხოველის სიბრიყვის ნიშანი. ეს მისი რეაქციაა. საერთოდ, მეჭეჭიანი ღორები ჯგუფებად ცხოვრობენ. როდესაც კოლტი განსაცდელშია, მათი ლიდერი იმიტომ კი არ ჩერდება, რომ სულელია, არამედ იმიტომ, რომ დაინახოს, საიდან ელოდება საფრთხე.

- კიდევ რომელი სუაჰილური სახელებია გამოყენებული "მეფე ლომში"?

- სიმბა, - ნიშნავს ლომს. იქ არის კიდევ მაიმუნი რაფიკი. "რაფიკი" მეგობარს ნიშნავს. კოვუ, მუფასა და ყველა დანარჩენი სუაჰილური საკუთარი სახელებია.

- ამ მულტფილმთან დაკავშირებით, ჩემი თქვენთან გასაუბრების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ძალიან შემრცხვა, როცა ჩემმა შვილმა მკითხა ერთ-ერთ პერსონაჟზე - რა ცხოველიაო და ვერ ვუპასუხე. ეს ცხოველი პუმბას მეგობარი, ტიმონია.

- ტიმონი მანგუსტის ერთ-ერთი სახეობაა, - სურიკატია. სურიკატი სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული. სწორედ მისი არსებობა არის სამხრეთ აფიკელებისთვის მთავარი არგუმენტი, როდესაც ამტკიცებენ, რომ ფილმში მოქმედება სამხრეთ აფრიკაში ვითარდება და არა - აღმოსავლეთში. საერთოდ, ძალიან საინტერესოა, როდესაც მულტფილმთან დაკავშირებით ხდება ხოლმე დავა.

- შესწრებიხართ ასეთ დავას?

- პირადად მე არ შევსწრებივარ, თუმცა, როცა გიყვებიან ადგილობრივები, გიდები, საუბარში აუცილებლად მოაყოლებენ, - აი, ისინი თვლიან, რომ ასეა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არისო. არ შემიძლია, თქვენი ყურადღება არ შევაჩერო იმაზე, თუ რამდენად კარგად არის ნაჩვენები ამ მულტფილმში ცხოველების სოციალური სტრუქტურა; ლომების - განსაკუთრებით. ძალიან ხშირად, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა, მოსული ხვადი ლომი აგდებს ადგილობრივს. ყველანაირად ცდილობს, რომ წინამძღოლი გააგდოს, შემდგომ, როგორც წესი, მის ნაშიერებსაც თავს ესხმის. უმეტეს შემთხვევაში - ხოცავს. მაგრამ ძუ ლომს აუცილებლედ იტოვებს. იგივე მოხდა მულტფილმშიც. ფრინველების არსებობაც საინტერესოდაა გადმოცემული. ზაზუ ავიღოთ მაგალითად, რომელიც ლომების ოჯახის ახლობელია. ხშირ შემთხვევაში, რქაცხვირაც და მისნაირი ფრინველებიც, რომლებსაც ლომები საკვებად არ იყენებენ, ლომების ტომთან ახლოს ცხოვრობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერც ტურა და ვერც სხვა რომელიმე მტაცებელი ვერ ბედავს მათზე ნადირობას. ეს მომენტიც ძალიან კარგად არის მულტფილმში გამოყენებული. რაც შეეხება მაიმუნისა და ლომის მეგობრობას, ეს უკვე ცოტა დაუჯერებელია. მსგავსი არც მინახავს და არც ლიტერატურაში შემხვედრია. თუმცა, ძალიან უცნაური ფაქტებიც ხდება ხოლმე, როდესაც მტაცებელი სხვა ცხოველს უმეგობრდება და დიდი ხნის განმავლობაში ერთად არიან. მაიმუნი აფრიკულ ფოლკლორში არის ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველი. ჩანს, ფილმშიც ამ შეხედულებას ეყრდნობიან. მასში მაიმუნი შამანია. უფრო სწორად, აფრიკაში ვიჩ-დოქტორი ჰქვია - ჯადოქარი ექიმი. ხომ შეიძლებოდა შიმპანზე ან სხვა რომელიმე ჯიშის მაიმუნი აერჩიათ პერსონაჟად? მაგრამ მათ არჩევანი გააკეთეს მანდრილზე, რომელიც არის ბაბუინების ერთ-ერთი წარმომადგენელი, მაიმუნებს შორისაც გამორჩეულად ჭკვიანი.

GzaPressფილმში ასახული მომენტებიდან ერთ-ერთი საინტერესოა გნუების მიგრაცია. მე მინახავს ეს პროცესი რეალობაში და შემიძლია გითხრათ, რომ ერთი-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა, რაც შეიძლება, ადამიანმა იხილოს. მილიონობით ცხოველია ამ პროცესის მონაწილე; არ ვაჭარბებ, მართლა მილიონობით, - საშუალოდ იანგარიშება, რომ 2 მილიონამდე გნუ არის იქ, 800 ათასამდე ზებრა, 500 ათასამდე იმპალა. მიგრაციის დროს მტაცებელი არ არის პრიორიტეტი. მიგრაცია ხდება კენია-ტანზანიაში. მდინარე მარა მდებარეობს კენიაში, იქვე არის ძალიან ცნობილი ეროვნული პარკი - მასაი მარა. იქ მასაის ტომის წარმომადგენლები ბინადრობენ. მდინარეზე ხდება სწორედ მიგრანტთა გადასვლა. ამ დროს მათ ერთადერთი რამ ამოძრავებთ, რომ გადავიდნენ მეორე ნაპირზე და არაფერს ეპუებიან. უდარაჯდებიან ნიანგები, ლომები, იწყებენ მათზე ნადირობას, ძალიან დიდი რაოდენობით იღუპებიან, მაგრამ აქვთ აღებული მიმართულება და მიდიან და მიდიან. რაღაც ძალიან ძლიერი მოტივაცია აქვთ. რაც კი წინ დახვდებათ, დიდი ალბათობით, ყველაფერი ნადგურდება. ყოველ შემთხვევაში, ერთი ლომი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდა, მათ წინაშე რომ აღმოჩენილიყო. მულტფილმშიც სწორედ გნუების მიგრაციის დროს იღუპება სიმბას მამა - მუფასა. აფრიკაში ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდება ცხოველებს და ალბათ, ამიტომაც, ძალიან ბევრი რამე იციან მათ შესახებ. მათთან საუბრისას განცვიფრებული დარჩები, ისეთ ამბებს მოგიყვებიან, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველგან, აქაც აქვს ხოლმე ადგილი გადაჭარბებას.

- აქაურ მონადირეებს რომ ახასიათებთ თავის საგმირო საქმეებზე საუბარი, იმ სტილში საუბრობენ ისინიც?

- კი, ხანდახან. თუმცა, ძალიან რთულია, რომ მასაებს არ დაუჯერო. ლომზე ნადირობა ხომ მათი ტრადიციაა. თუ მასაის ტომის წარმომადგენელ მამაკაცს ლომი არა ჰყავს მოკლული, ის ვერ გახდება მორანი ანუ მეომარი. თან, ლომი მოკლული უნდა ჰყავდეს შუბით ან მასაური გრძელი დანით, რომელსაც ჰქვია სიმი - სუაჰილის ენაზე. მნიშვნელოვანია, რომ 13 წლიდან უშვებენ მასაები ბიჭებს სანადიროდ. თუ მამაკაცი მორანი არ გახდა, ის, მასაების ტრადიციის თანახმად, ცოლს ვერ შეირთავს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მასაები ნადირობენ ლომებზე, ისე ლომები - მასაებზე. ძალიან ცნობილი ისტორიაა და ფილმიც არის გადაღებული ამაზე - "წყვდიადი და მოჩვენება", რომელიც რეალურ ფაქტებზეა დამყარებული.

- საინტერესო საუბრით, ახალ, არანაკლებ საინტერესო, ფილმზე გადავედით.

- ეს ისტორია ხდებოდა ცავოში. კენიაში მდებარეობს ეს ადგილი, სადაც რკინიგზის მშენებლობის დროს ლომებმა ბევრი ადამიანი შეჭამეს. 2 ლომი იყო, ორივე ხვადი, რომელთაც დაარქვეს "წყვდიადი" და "მოჩვენება". მათ პირდაპირ ტერორიზებული ჰყავდათ სამშენებლო კომპანია. ახლა რომ ჰკითხოთ აფრიკელებს, გეტყვიან, რომ ისინი იცავდნენ თავიანთ სამშობლოსო. დღესაც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ აფრიკაში სლოგანი: "ცავოს კაციჭამიები გვინდა დაბრუნდნენ".

- ძნელი გასაგებია... რას გულისხმობენ?

- ეს ლომები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ქვეყანაში რკინიგზის მშენებლობისთვის. რკინიგზა ხომ ხელს უწობდა ქვეყნის კოლონიზაციას და ათვისებას. ინგლისელებს რკინიგზის მეშვეობით უადვილდებოდათ ქვეყნის სიღრმეში შესვლა და შემდეგ მისი დაპყრობა. თუ ასე ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ "წყვდიადი" და "მოჩვენება" მართლაც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი ყოფილან. ეს ლომები დღეს კენიაში ლამის ეროვნულ გმირებად ჰყავთ შერაცხული.

- საინტერესო ტრადიცია ახსნეთ - მასაის ტომელი მამაკაცის მორანად ჩამოყალიბების კიდევ რა უცნაური ტრადიციები აქვთ მათ?

GzaPress- ასეთი ტრადიცია ბევრი აქვთ. ისინი ქორწინებისთვის ცოლებს თხების ან ძროხების რაოდენობით ყიდულობენ. ყველა მასაელ გათხოვილ ქალს აუცილებლად თავი აქვს გადაპარსული. სახლები აქვთ საინტერესო. ფიჩხი, მუყაოს ყუთები, თუნუქის ნაჭრები, ყველაფერი რაც კი შეიძლება ხელთ მოხვდეთ, სამშენებლო მასალად იყენებენ. თითო სახლის მშენებლობას დაახლოებით 1 კვირას ანდომებენ. სახლში პირუტყვთან ერთად ცხოვრობენ. მთელი მათი ჩაცმულობა ტანზე შემოხვეული წითელი პლედებია, მორთულნი არიან უამრავი სამკაულით. მასაების ფეხსაცმელია კიდევ ძალიან საინტერესო, რომელსაც ალბათ ადრე ტყავისგან ამზადებდნენ, ახლა ძველი საბურავებისგან კერავენ. სანდლების მსგავსად გამოიყურება.

- სამზარეულო როგორი აქვთ?

- სამზარეულო პრიმიტიული აქვთ. ძირითადად, მოხარშულ ხორცს ან ბოსტნეულს მიირთმევენ. ყველა მასაი ატარებს რძეში შერეულ საქონლის სისხლს, ვინაიდან ნებისმიერ წუთში ელიან მტაცებლის თავდასხმას. მათ სჯერათ, რომ ასეთ დროს თუ რამე შეემთხვევათ, სწორედ ეს სასმელი გადაარჩენთ.

- XXI საუკუნეში ცხოვრობენ პირველყოფილი ტრადიციებით?

- ისინი ამაყობენ ამით, ამბობენ რომ "ცხოვრობენ კულტურაში".

ეკა შავლაძე