უმარილო მადლი - გზაპრესი

უმარილო მადლი

მეგობარს გავყევი ბაბუის დაკრძალვაზე. შალიკო პაპა ოთხმოცს გადაცილებული ბერიკაცი იყო და არც გამკვირვებია, ტირილით რომ არავინ იოსებდა თავს. პირიქით, ისე თავისუფლად და ზედმეტად უდარდელადაც აგვარებდა ჭირისუფალი ქელეხთან დაკავშირებულ პრობლემებს, გეგონებოდათ, საიქიოში კი არა, საქორწინო მოგზაურობაში უშვებდნენ საყვარელ ადამიანს და გული მომეწურა, ფილოსოფიურმა აზრებმა შემომიტია და ეს განწყობა ვერც მანჩოსთან დავმალე:

- სხვების დასანახავად მაინც გამოიღე ყურსასმენები და ნუ აალაპარაკებ სოფელს, რომ უმადური და უზრდელი შთამომავლობა დატოვა ცხონებულმა...

- მუსიკას ხომ არ ვუსმენ, მობილურის სასმენებია, ყოველწუთს მირეკავენ ქმარიცა და შვილებიც...

- ეგ ვინ იცის, მერე, შენ გარდა?! - ისევ გავაგრძელე ნოტაციები: - თანაც, არა მგონია, შალო პაპა ისეთი ცუდი კაცი ყოფილიყო, რომ შავი კაბის ღირსი მაინც არ იყო შენგან...

- ლურჯი ხომ მაცვია და საერთოდაც, რა წაიღე გული ბუზღუნით? ბაბუაჩემს ვმარხავთ, ბაბუაშენს ხომ არა? - უკმაყოფილოდ მომიშორა თავიდან და ჭირისუფლებს შორის დაიკავა ადგილი. ეზოში ჩავედი და საგანგებოდ გაშლილი სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი, ასაკოვანი ქალბატონების გვერდით და უნებურად გავხდი მათი საუბრის მოწმე:

- ე-ეჰ, არც მდიდარი იცის სიკვდილმა და არც ღონიერი. შალიკოს სიკვდილს რა მაფიქრებინებდა და თავადაც უკვდავი ეგონა თავი ცხონებულს. სამი სახლი ააშენა მარტომ და ფერმა, წისქვილი და მაღაზია კი შვიდი თუ რვა ჰქონდა... კომუნისტების დროსაც მილიონერი იყოო, - ამბობენ და არც ახლა დაუტოვებდა ნაკლებს შვილებს...

- მიტო იკლავენ თავს ტირილით და კუბოს თავს ახლიან! - ირონიულად წაისისინა ასაკოვანმა ქალბატონმა, რომელსაც მაშინვე ჩამოართვა სიტყვა მსუქანმა დედაბერმა:

- მაგის ქონებასა და უქონლობას ერთი ფასი ჰქონდა ყოველთვის. ბავშვობიდანვე ძუნწი და წუწურაქი იყო. ერთ კლასში ვსწავლობდით და ყველას გვიჭირდა, განსაკუთრებით - ომის წლებში. ეგ მოიტანდა ლობიანს თუ ხაჭაპურს და გამოაჩენდა. მშიერ ბავშვებს სუნზე გული მიგვდიოდა და ლუკმას არ გვიწილადებდა, სანამ პირობას არ ჩამოგვართმევდა, რომ სანაცვლოდ ყანაში ან ვენახში მივეხმარებოდით, მის საქონელს მოვმწყემსავდით. არავის გვიყვარდა, მაგრამ მეტი გზა არ გვქონდა და "ვემეგობრებოდით". ერთხელ ფეხსაცმელი გაიხადა (მაშინ არც თავად ჰქონდა ბევრი) და მისცა ჩემს ბიძაშვილს, რომელსაც ცოლი მოჰყავდა და ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა. ფეხშიშველი ხომ არ დაჯდებოდა ქორწილში ნეფედ და სანაცვლოდ ორი წელიწადი დღიურ მუშად უდგა ყველა საქმეში, სადაც დასჭირდებოდა...

- მეც გამიგია ეგ ამბები! - ამოიხვნეშა სანდომიანმა მოხუცმა, ასაკს ნაოჭები რომ გაემრავლებინა მის სახეზე, მაგრამ სილამაზე მაინც ვერ წაერთმია: - საკუთარ და-ძმებსა და მერე შვილებსაც სისხლს უშრობდა და ლუკმა პურს არ შეარგებდა, თუ სანაცვლოდ რაღაცას არ გააკეთებინებდა. ვერავინ გაიხსენებს მასთან სათხოვარით მისულიყო და უარით გამოესტუმრებინოს, - არც ფულზე გეტყოდა უარს და არც პურზე, მაგრამ ვაი ასეთი ხელის გამართვას, სამუდამოდ თავის მოვალედ გთვლიდა და სანაცვლოდ რას აღარ გაკეთებინებდა. თურმე, შვილებსაც სულ ასე დათვლილად უზოგავდა თითოეულ ლუკმას და ამიტომაც ვერ ტირის ალბათ ვერც ერთი. სტუმარი მაგათ ვერ მოჰყავდათ სახლში თავისუფლად და ახლობელი, რადგან შეიძლებოდა, სუფრის გაშლის ნებაც არ მიეცა, - საქეიფო ჯერ არაფერი გაგიკეთებიათო...

- უფროსი შვილი ისე გაამწარა თურმე, გასვენებაში ძლივს ჩამოვიდა, თორემ ბოლო ოცი წელიწადი მოგიკრავთ მისთვის თვალი სოფელში?!

- ვითომ მადლს აკეთებდა, მაგრამ მარილს არ მოაყოლებდა. არ ჰქონდა მაგასთან გატეხილ ლუკმას გემო არასოდეს...

...მივხვდი, რასაც ემართლებოდნენ გარდაცვლილს ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შემეცოდა და დაკრძალვის შემდეგ, როცა მარტო დავრჩი მეგობართან, ვერ მოვითმინე და ვუსაყვედურე:

- თან ხომ არ წაუღია ის ქონება ბაბუაშენს, თქვენ დაგიტოვათ და როგორც გინდათ, ისე მოიხმართ. ბევრს წვალობდა და ენანებოდა გასანიავებლად...

- კარგი, რა! - ისევ არ ამომაღებინა ხმა: - ბაბუა იყო და მიყვარდა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული და შეუნდოს ცოდვები, მაგრამ... მაგას რომ მილიონები გაუფუჭდა ბანკში და გამოტანა ვეღარ მოასწრო, იცი, ეს როდის მოხდა? - მამაჩემი რომ სტუდენტი იყო და გამოსაცვლელი შარვალი არ ღირსებია. მე და ჩემი ძმა კი, ვიდრე დედა საზღვარგარეთ წავიდოდა სამუშაოდ, მამა რომ ავადმყოფობდა, ერთად ვაგროვებდით ჯართს და ისე ვშოულობდით პურის თუ წამლის ფულს. მამას რომ ეთხოვა, განა, არ მისცემდა, მაგრამ იმდენჯერ დააყვედრიდა მერე და იმდენს იწუწუნებდა, თავის მოკვლას აფიქრებინებდა... ერთი რამ ვერ გაიგო საწყალმა ბაბუაჩემმა, რომ ფული და სიმდიდრე არაფერია ადამიანურ ურთიერთობებთან შედარებით. კანფეტი არ უყიდია არასოდეს შვილიშვილებისთვის და შენ მთხოვ, შავები ჩავიცვა და ცხარე ცრემლით ვიტირო?!

- მაინც მეცოდება! - ცრემლმა ამიწვა თვალის უპეები.

- ნამდვილად შესაცოდებელია, რადგან არავის უნდა მისი დანატოვარი არც სახლები, არც წისქვილი, არც მაღაზია და არც ფერმა. ერთმანეთს აძალებენ შვილები, უპატრონე და რაც გინდა, ის უყავიო. როცა სჭირდებოდათ, მაშინ არაფერს იმეტებდა მამა მათთვის და ახლა თავისიც აქვთ, თანაც - დაუმადლებელი...

ინგა ჯაყელი, ჟურნალი "გზა"