ვირტუალური რეალობა - იქნებ მთელი სამყარო კომპიუტერია და ყველა მატრიცაში ცხოვრობს?.. - გზაპრესი

ვირტუალური რეალობა - იქნებ მთელი სამყარო კომპიუტერია და ყველა მატრიცაში ცხოვრობს?..

ანტონ ჩეხოვის "ჩანაწერთა წიგნაკები" თუ წაგიკითხავთ, იქ ასეთ ფრაზას აღმოაჩენდით: "ჩვენი სამყარო შესაძლოა, რაღაც ურჩხულის კბილის ქვეშაა მოქცეული". იქნებ მწერალი არც ხუმრობდა და ამ ფრაზაში ღრმა აზრია დაფარული? აბა, რა ვიცით სამყაროს შესახებ?.. ურჩხულის კბილზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იქნებ მატრიცაში ვცხოვრობთ?

როგორც ციფრული ტექნოლოგიების ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, სამყარო მართლაც კომპიუტერული პროგრამაა. ხოლო კომპიუტერული პროგრამა, მოგეხსენებათ, შეფერხებების გარეშე არ ფუნქციონირებს. იქნებ სწორედ ამით აიხსნება მოვლენები, რომლებიც საზოგადოებაში ხდება, მაგრამ არაფრით თავსდება ჯანსაღი აზრის კონტექსტში? მაგალითად, უაზრო ომები, გაუმართლებელი ძალადობა და მკვლელობები...

მრავალი მკვლევარი უკვე აღარ ეჭვობს, რომ ის დღეც დადგება, როცა ვირტუალური რეალობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

GzaPressუფრო მეტიც, ფუტუროლოგები გვპირდებიან, რომ ჩვენთვის რთული გახდება განვასხვაოთ სინამდვილეში კომპიუტერისგან მოდელირებული რეალობისგან. თანაც, იმასაც ეჭვის ქვეშ დააყენებენ - არსებობს თუ არა ის - ანუ "ნამდვილი" რეალობა? იქნებ ისიც მოდელირებულია?

ვირტუალობასთან შერწყმა

გასული საუკუნის 90-იან წლებში, მკვლევარმა ჯარონ ლანიემ გააკეთა პროგნოზი, რომ ახლო მომავალში ადამიანები არა მარტო ითამაშებენ, არამედ იცხოვრებენ კიდეც ვირტუალურ რეალობაში.

დღეისთვის, უკვე ერთდროულად რამდენიმე კომპანია დაკავებულია ისეთი სისტემის შემუშავებით, რომელიც შესაძლებელს გახდის ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებას სპეციალური გარნიტურის დახმარებით. გადამცემები, რომლებითაც აღჭურვილია ასეთი გარნიტურა, რეალური მოქმედებებისა და შეგრძნებების სრულ ილუზიას ქმნის. ასე, ისინი არა მხოლოდ ვირტუალური სამყაროს დანახვის საშუალებას იძლევიან, არამედ მასში გადაადგილების - სირბილის, ხტომის, მიპარვის, ხოხვის ასოციაციასაც იწვევს. მაგალითად, შარშან ბრიტანული კომპანია Dreams ორიენტირებულია ახალი ტიპის თამაშებზე, რომლებშიც გამოიყენება არა უწინდელივით, ჩვეულებრივი მონიტორი და მანიპულატორები, არამედ ვირტუალური რეალობის გარნიტურები. კომპანიის გენერალური დირექტორი, პატრიკ ო,ლუანაი თვლის, რომ 2015 წლის ბოლოსთვის სამგანზომილებიანი ვირტუალური თამაშები, "დასწრების სრული ეფექტით", იმდენად გავრცელებულ მოვლენად იქცევა, რომ მათში ვერაფერს განსაკუთრებულს ვეღარ დაინახავენ.

ახლა თამაშებს თავი დავანებოთ და ცოტათი უფრო სერიოზულ საკითხებს ჩავუღრმავდეთ. სამხრეთ კაფონიის უნივერსიტეტის სამედიცინო ვირტუალური რეალობის განყოფილების დირექტორი, ალბერტ რიცო და მისი კოლეგები ახლა სწავლობენ "ვირტუალობის" გამოყენების შესაძლებლობას ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ისეთი ბავშვების დახმარებას შეეცდებიან, რომლებსაც ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვთ. ასევე, მეთოდი შეიძლება ქმედითი აღმოჩნდეს ომის ვეტერანთათვის, რომლებიც პოსტტრავმული სინდრომით იტანჯებიან (საომარი მოქმედებების ყოფილ მონაწილეს, რომელსაც გადატანილი მოვლენების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება არაფრით გამოსდის). ასეთ ადამიანებს ვირტუალურად იმავე სიტუაციას დაუქვემდებარებენ, რომელმაც ოდესღაც ტრავმა მიაყენა. ის ხელახლა "გადაიტანს" მას და შეეცდება სხვადასხვა ვარიაციით დასძლიოს იგი. ამგვარად, მისი ტრავმის სიმძიმე შემსუბუქდება.

მატერია - ეს ინფორმაციაა?

...და ვინ დაამტკიცა, რომ ის, რაც ჩვენ სინამდვილე გვგონია, არ არის ასევე ვირტუალური? 2003 წელს, შვედმა ფილოსოფოსმა - ტრანსჰუმანისტმა, ნიკ ბოსტრომმა თავის სტატიაში "ჩვენ ყველა კომპიუტერულ სიმულაციაში ვცხოვრობთ", - სწორედ ეს იდეა განავითარა. ის ვარაუდობს: "თეორიულად, კაცობრობას ძალუძს, იმდენად ძლევამოსილ ცივილიზაციად გარდაისახოს, რომ მას რეალობის გლობალურ მასშტაბებში მოდელირება შეეძლოს. ამიტომაც, არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სამყაროც რაღაც ცივილიზაციის ნაშიერი ანუ კოლოსალური "მატრიცა" არ არის".

2007 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა პროფესორმა ჯონ ბეროუმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ "მატრიცის" არსებობის დადასტურებად შეიძლება აღმოჩენილი, სამყაროსეული სისტემის "სასაკლაო" გახდეს. სწორედ 1999 წელს, როცა ეკრანებზე ამერიკული ბლოკბასტერი "მატრიცა" გამოვიდა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფუნდამენტური სიდიდეები სინამდვილეში ასეთებად სულაც არ ითვლება. მაგალითად, 10 მილიარდი წლის წინ, თხელი სტრუქტურის მუდმივა (ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების ინტენსივობის მაჩვენებელი) დაახლოებით ათასწილადი პროცენტით უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა. იქნებ ჩვენმა "პროგრამამ" გვიღალატა?..

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტმა - ჯიმ ელვიჯმა აღმოაჩინა ნიშნები, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ სამყარო სინამდვილეში კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც ციფრული კოდის მეშვეობით ფუნქციონირებს. მისი თქმით, ობიექტთა უმრავლესობა სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი სივრცე. "ეს რაღაც იმის მსგავსია, - ამბობს ელვიჯი, - ჩვენ რომ კომპიუტერის ეკრანზე პიქტოგრამებს "ვკლიკავთ", თითოეულის მიღმა რაღაც მოცემულობა იმალება, მაგრამ ეს ყველაფერიც ხომ პირობითია... ყველაფერი, რასაც მატერიად მივიჩნეთ, უბრალო მონაცემებია. ელემენტარული ნაწილაკების სფეროში შემდგომი გამოკვლევები საბოლოოდ იმის გაგებამდე მიგვიყვანს, რომ ყველაფრის მიღმა რითიც ვართ გარემოცულნი, კომპიუტერული პროგრამის მსგავსად, რომელიღაც ბინარული (ორმაგი) კოდი იფარება. შესაძლოა, ისიც გაირკვეს, რომ ჩვენი ტვინი - მხოლოდ "ინტერფეისია", რომლის დახმარებითაც "სამყაროსეულ "ინტერნეტში" წვდომის შესაძლებლობა გვეძლევა. ჩვენი ტვინის ფუნქცია ინფორმაციის დამუშავებაა, ინფორმაცია კი შეიცავს უნარს - ინახებოდეს იქ, როგორც კომპიუტერული "ბრაუზერი" ინახავს "ქეშში" ჩვენ მიერ "ინტერნეტსერფინგის" დროს მონახულებულ "საიტთა" მონაცემებს".

ელვიჯს თუ ვერწმუნებით, შეგვიძლია იმ მონაცემებსაც ჩაწვდეთ, რომლებიც ჩვენი ტვინის საზღვრებს მიღმა ინახება. ამიტომაც, ისეთი მოვლენები, როგორიც ინტუიცია ან ნათელხილვაა, სულაც არ არის ცარიელი სიტყვები - "კოსმოსურ ინტერნეტში" ჩვენს მოთხოვნებზე პასუხების მიღებაც შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია დახმარების თხოვნაც, რომელიც ადამიანებისგან ან ჩვენი რეალობის შემქმნელთაგან შეიძლება მოგვევლინოს...

თუ ჩვენი ცნობიერება სიმულაციაა, მაშინ სიკვდილიც მხოლოდ ამ სიმულაციის წყვეტად მოგვევლინება. ამგვარად ადამიანის ცნობიერება სრულიად თავისუფლად შეუძლიათ შეასახლონ სხვა "სიმულატორში", რაც რეინკარნაციის ფენომენსაც ამოხსნის.

სამყარო პიქსელებისგან შედგება...

GzaPress2012 წელს, ბონის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, საილას ბინმა, რომელიც ადრეული სამყაროს მიკრონაწილაკთა ურთიერთმიმართებას იკვლევდა, განაცხადა, რომ - თუ სამყარო კომპიუტერული მოდელის მსგავსადაა შექმნილი, მაშინ ის ცალკეულ უბნებად "პიქსელებად" შეიძლება დაიშალოს. თეორიულად შესაძლებელია მოდელის დახვეწა და, ადრე თუ გვიან, გონიერ არსებებს დაებადებათ კითხვა: ხომ არ არის მათი სამყარო ხელოვნური და როგორ შეიძლება ამის შემოწმება?"

ბრიტანელი მეცნიერები კი ვარაუდობენ: თუ სამყაროს სტრუქტურა დაყოფილია ცალკეულ უჯრედებად - "პიქსელებად", მაშინ ყოველი ასეთი უჯრედის შიდა პროცესები მისი სიდიდით განისაზღვრება. ეს კი ნიშნავს, რომ რაც უფრო მცირეა უჯრედი, მით უფრო მაღალია მის ნაწილაკებში შემავალი ენერგიების დონე. სხვათა შორის, ასტრონომიული დაკვირვებების თანახმად, კოსმოსური გამოსხივების ენერგიასაც, რომელიც ჩვენგან მოშორებით მყოფი გალაქტიკებიდან აღწევს, ასევე, საკუთარი ზღვარი აქვს, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ ეს გალაქტიკებიც კომპიუტერული რეალობის ნაწილია, მაშინ გამოთვლები აჩვენებს: ასეთი უჯრედების "ამოხსნა" დაახლოებით 1011-ჯერ აღემატება "პიქსელთა" პარამეტრებს, რომლებიც თანამედროვე ფიზიკოსთა მიერ ყველაზე სრულყოფილი მოდელის შემთხვევაში შეიძლება იყოს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი სამყარო ცალკეული "პიქსელებისგანაა" შეკოწიწებული და არ წარმოადგენს ერთიანობას, მაშინ ეს ნაწილაკთა ტრაექტორიაზე უნდა ისახებოდეს - სიმეტრიულად უნდა იმეორებდნენ საწყისი მოდელების ფორმას. ამგვარად მტკიცდება თეორია პარალელურ განზომილებათა შესახებ.

"მატრიცას" თეორიის მიმდევარნი თვლიან, რომ არ ღირს იმედის დამყარება სამყაროს მოდელის იდეალურობაზე და დასაშვებია, რომ "შემქმნელებს" დეტალები "გაეპარათ". ადრე თუ გვიან, ეს "შეცდომებიც" ცხადი გახდება. ასე რომ, თუკი მზის სისტემა, ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიკროდონეზე მოდელირებული ყოფილიყო, მაშინ ვინ შეძლებდა იგივე დაემტკიცებინა სამყაროს სხვა ობიექტებთან მიმართებაში, - მაგალითად, შორს მყოფი ვარსკვლავებისა და გალატიკების შესახებ? თანამედროვე კვანტური სუპერკომპიუტერები კი დროთა განმავლობაში შეძლებენ გამოავლინონ ეს ჩავარდნები.

თავისუფალი ნება ილუზიაა!

აი, "მატრიცის თეორიის" კიდევ ერთი ირიბი დადასტურება: ამას წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორმა, მარკუს დიუ სოტოიმ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც თითქოს უარყო ადამინის თავისუფალი ნების გამოვლინება. BBC-ს არხზე გადაღებების მსვლელობისას მან სთხოვა პროფესორ ჯონ დილან ჰაინსს (ბერნსტაინის ნეიროინფორმატიკის ცენტრიდან), მოეხდინა მისი ტვინის სკანირება მაშინ, როცა თვითონ ხელს დააჭერდა მოწყობილობის ღილაკს. მას უნდა აერჩია, რომელი ხელი გამოეყენებინა ამ მოქმედების შესასრულებლად. სკანირებამ უჩვენა, რომ გადაწყვეტილების გაცნობიერებამდე 6 წამით ადრე, ტვინში ცალკეული უბნები გააქტიურდა; ამასთანავე, მარჯვენა და მარცხენა ხელის არჩევის შემთხვევაში აქტივობის ზონები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. გამოვიდა, რომ გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა არაცნობიერების ანუ თვით ჰაინსის საკუთარი "მე"-ს მიერ, არამედ ტვინის "რუხი ნივთიერების" მიერ. დაასკვნა: იქნებ ჩვენ საერთოდ არ ძალგვიძს მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ამას ჩვენ მაგიერ "მოდელის" ავტორები აკეთებენ?

რაღა თქმა უნდა, არ გვინდა გვჯეროდეს, რომ მხოლოდ მარიონეტები ვართ ვიღაცის ხელში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შეიძლება, ეს ჰიპოთეზაც ანგარიშში არ მივიღოთ; ისე მაინც, ყოველი შემთხვევისთვის...

ირინა ჯანდიერი