დაბადებამდე მოლაშქრე პატარა გოგონა და ბუნებაზე გადარეული მშობლები - გზაპრესი

დაბადებამდე მოლაშქრე პატარა გოგონა და ბუნებაზე გადარეული მშობლები

ამ მასალის დაწერა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მოლაშქრე წყვილის ორიგინალურმა ფოტომ გადამაწყვეტინა. გოგონასა და ბიჭს საქორწინო სამოსზე სალაშქრო ჩანთები მოეკიდათ და ასე გადაუღიათ სამახსოვრო ფოტო. როგორც გავარკვიე, პატარძალი მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" დამფუძნებელი, ლელა წიკლაური გახლდათ. მისი მეუღლე კი - ამავე კლუბის გიდი, თენგო ღანიშაშვილი. წყვილს ინტერვიუსთვის შინ ვეწვიე და საუბარი მოლაშქრეთა კლუბით დავიწყეთ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს.

ლელა:

GzaPress- კლუბი 2012 წელს დავაარსე. მანამდე ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სამხედრო-სალაშქრო სკოლის კურსებზე დავდიოდი. მაშინ ვიფიქრე, რაღა სხვასთან ვიარო ლაშქრობებზე, ჯობს, საკუთარი კლუბი მქონდეს-მეთქი და "ფენიქსი" დავაარსე.

- მანამდე გქონდა ლაშქრობის გამოცდილება?

- რასაკვირველია. გამოცდილება ბავშვობიდან მაქვს, თუმცა, მაშინ ამას ლაშქრობას არ ეძახდნენ. იმ დროს კარვის გაშლაც კი სირცხვილი იყო, რადგან კარავში ღამენათევ გოგოს ხომ საერთოდ "იმნაირს" ეძახდნენ. დღეს ეს უკვე მოდაშია. ბებიასთან სოფელში რომ ჩავდიოდი, სულ მთებში დავდიოდი, მწვერვალებზე დავლაშქრავდი ხოლმე. ეს საქმე ყოველთვის მიტაცებდა.

თენგო:

- მეც უკვე მეშვიდე წელია, მოლაშქრე ვარ. თუმცა, უფრო აქტიურად 2012 წლიდან, "ფენიქსთან" ერთად ჩავები.

- როგორ მოხვდი ლელას კლუბში?

- სალაშქროდ სვანეთში წავედი, სადაც სხვებთან ერთად ლელაც იყო. იქ გავიცანით ერთმანეთი და მისი კლუბის არსებობის შესახებაც იქ შევიტყვე. თბილისში დაბრუნებული მათთან მივედი და ამ საქმეში აქტიურად ჩავები. ყველა ლაშქრობაში ვმონაწილეობდი.

ლელა:

- მერე მარტოს აღარც მიშვებდა. ყველა ტურში მომყვებოდა. ვითომ მხოლოდ ტური აინტერესებდა. სინამდვილეში, თავს მაჩვევდა.

- როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა?

GzaPress- ბუნებაში - "ბუნებრივად". იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენი ყველა პაემანი ბუნებაში იყო.

- შარდენზე არ ყოფილხართ?

თენგო:

- ვერ ვიტან მაგ ადგილს.

ლელა:

- ერთადერთხელ დამპატიჟა, სწრაფი კვების ობიექტში, ისიც იმიტომ, რომ თვითონ იქ მუშაობს.

თენგო:

- იტყუები, სადაც მე ვმუშაობ, იმ ქსელში არ ვყოფილვართ. სხვაგან წაგიყვანე.

ლელა:

- ეს ადგილი ჩვენთვის ისეთი უხერხული და უჩვეულო იყო, რომ მალევე წამოვედით.

- სიყვარულიც ბუნებაში აგიხსნა?

- არ მახსოვს. მგონი, არც აუხსნია სიყვარული.

თენგო:

- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. თუ სწორად მახსოვს, პირდაპირ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი.

ლელა:

- გამახსენდა, ძამას ხეობაში, ბატეთის ტბაზე, კოცონის პირას გამომიტყდა სიყვარულში. ეს გაცნობიდან თვე-ნახევარში მოხდა.

- ხელი როგორ გთხოვა?

- ეს ძალიან ორიგინალური იყო. ზამთარში, ყინვაში, 14 დეკემბერს, ლომისაზე ასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან მიყვარს ეს ადგილი. ისეთი სიცივე იყო, რომ თმაც კი მეყინებოდა. ბოლომდე რომ ავედით, სწორედ იქ მთხოვა ხელი და მეც დავთანხმდი. აბა, რა მექნა ვიფიქრე, ქსნის ხეობისკენ არ გადამაგდოს-მეთქი. ჩვენმა მეჯვარემ ხელის თხოვნის კადრი ფოტოაპარატით დააფიქსირა.

- თქვენს ალბომში განსაკუთრებით საინტერესო ქორწილის ფოტოა, სადაც საქორწინო სამოსზე სალაშქრო ჩანთები გაქვთ მოკიდებული...

- ჯვრის დაწერაც ლომისაზე გვინდოდა, მაგრამ ოჯახები ამ მოსაზრებას არ დათანხმდნენ, რადგან იქ სტუმრების უმეტესობა ვერ ამოვიდოდა, ამიტომ ჯვარი მცხეთის ჯვრის მონასტერში დავიწერეთ. იდეა გაგვიჩნდა და ჩანთები წავიღეთ, ჩოხასა და კაბაზე მოვიკიდეთ დ სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. ეს ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გასულ ზაფხულს ამ ფოტომ ერთ-ერთ კონკურსზეც გაიმარჯვა.

- როგორც ვიცი, მთელი ორსულობის 9 თვის მანძილზე სალაშქროდ მაინც დადიოდი.

GzaPress- მართალია. თითქმის ყველა ტურზე ვიყავი.

თენგო:

- მხოლოდ ორზე არ ყოფილხარ, როცა ჭიუხებზე წავედით.

ლელა:

- ჰო, ჭიუხებზე და ხვამლის მთაზე არ ვიყავი მხოლოდ, დანარჩენი არც ერთი ტური არ გამომიტოვებია, თუმცა, რასაკვირველია, სალაშქრო ჩანთას არ დავატარებდი.

თენგო:

- ჩვენ რომ ჭიუხებზე ვიყავით, შენ მაშინაც არ დამჯდარხარ სახლში, ყაზბეგში არ წახვედი?

ლელა:

- მართალია. ყაზბეგში შედარებით იოლი ტური მქონდა. ჯგუფში ცოტა ხანდაზმული ქალბატონი გვყავდა. გველეთის ჩანჩქერზე რომ ავდიოდით, ნერვიულობდა, ფეხი რომ არ დამცდენოდა... არასდროს დამავიწყდება.

- გასაგებია, რომ მეუღლეც მოლაშქრეა და არაფერს გეტყოდა, მაგრამ ოჯახის წევრები რას გეუბნებოდნენ, 7-8 თვის ორსული მთებს რომ ლაშქრავდი?

- მხოლოდ იმას მთხოვდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. სხვა არაფერი უთქვამთ, რადგან ცოტა ჯიუტი ვარ და აზრი არ ჰქონდა. მქონდა ჩემი თავის იმედი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

- როგორც ვიცი, არც მშობიარობის მერე გაგჩენია შიში და ლაშქრობებზე ახლა უკვე ბავშვიც მიგყავთ.

- კი. ახლა 6 თვის თაია გვყავს, რომელიც ლაშქრობაში უკვე სამჯერ ბრძანდებოდა. ბოლოს ლაფანყურში ვიყავით. მომავალ კვირას კი დავით გარეჯაში მივდივართ. ჯერ მხოლოდ მარტივ ტურებზე დაგვყავს. ასაკის მატებასთან ერთად, ტურებსაც გავართულებთ. სხვათა შორის, თაია რომ დაიბადა, სამშობიაროში ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა, ვიღაც გიჟები დაბლა კარვებს შლიანო. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემთან იქნებოდნენ. გადავიხედე ფანჯრიდან და მართლაც ჩემი მოლაშქრე მეგობრები აღმოჩნდნენ. სამშობიაროს ეზოში კარვები გაშალეს და "მოგუდული" აქცია მოაწყვეს. მთელი ღამე იქ გაათენეს. ეს არასოდეს დამავიწყდება.

- რთულად სავალ გზებზე ბავშვი როგორ დაგყავთ? ეს რთული არ არის?

- არსებობს სპეციალური, ლაშქრობაში ბავშვის სატარებელი, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მალე აუცილებლად შევიძენთ. მირჩევნია, ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყოს, ვიდრე ვინმეს დავუტოვო. ვერ დავტოვებ, რა ვქნა და ვერც ლაშქრობას მივატოვებ. ეს ჩვენი ცხოვრების წესად იქცა.

- როგორც ვიცი, ლაშქრობა რომ მოგენატრებათ, ოთახში კარავს შლით და იქ იძინებთ. ეს მართალია?

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. პატარა ბინა გვაქვს, სადაც ადგილი არ არის. როცა რომელიმე სტუმარი ჩვენთან რჩება, საძილე ტომარას ვუშლით და იქ ვაძინებთ. რა ვქნათ, აბა? დიდი ბინა რომ გვქონდეს, მეტი საძილე ტომარა და კარავი დაეტეოდა. მგონი, ასე უფრო კომფორტულია.

- მგონია, რომ თქვენი საქმიანობა სასიამოვნოსთან ერთად, საშიშიც არის.

GzaPress- ნამდვილად ასეა, ამიტომ, როცა რთულ ტურს ვგეგმავთ, წამოსვლის მსურველებს წინასწარ გამოცდებს ვუწყობთ. გვაქვს ასეთი გამოსაცდელი ადგილები, სადაც მიგვყავს მოლაშქრე და ვაფასებთ, თუ როგორია, როგორც ფიზიკურად, ასევე, ფსიქოლოგიურადაც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი "გუნდური" იყოს. ისე არ არის, რომ წახვიდე და გაერთო. გარკვეული უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს, რომ ჩვენთან არსებულ წესებს აკმაყოფილებდე.

- ალბათ სწორედ ამ გუნდური პრინციპით შეარჩიე ქმარიც, მეჯვარეებიც და კიდევ არაერთი მეგობარი.

- ნამდვილად ასეა. დღეს მე და თენგო ბავშვს ვასეირნებდით. უამრავმა ადამიანმა ჩამიარა გვერდით. უნებურად, ბევრი მათგანის საუბარს მოვკარი ყური, რომლებიც სულ იმაზე მსჯელობდნენ, რა იყიდონ, ვის როგორი მანქანა ჰყავს და ა.შ. ჩვენთან ასე არ არის. "ფენიქსში" საკმაოდ უბრალო ხალხი დადის და შესაბამისად, მართლაც უამრავი მეგობარი შევიძინე. ღმერთს მადლობა ამისთვის. შარდენზე რომ ადამიანი ერთ ფინჯან ყავაში 20 ლარს გადაიხდის, მე წავალ და იმ 20 ლარად მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში საძილე ტომარას ვიყიდი, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება. ყავას კი სახლში მივირთმევ.

თენგო:

- მართლა მეგობრული ხალხი გავიცანით. ერთხელ რომ მოდიან, მეორედაც აქვთ ჩვენთან ერთად სალაშქროდ წამოსვლის სურვილი.

- უახლოესი ტური რა გაქვთ?

თენგო:

- მაისიდან უფრო რთულ ტურებს დავიწყებთ. ორდღიანი და 5-6-დღიანი ტურებიც გვექნება. ეს საკმაოდ რთული იქნება. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი ვართ. ამ ფედერაციის პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ გადმოგვცა მადლობის სიგელი, ლაშქრობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.

ნათია ჟივიძე