"მთავარი მილიონერობა კი არა, მილიონერივით ცხოვრებაა" - გზაპრესი

"მთავარი მილიონერობა კი არა, მილიონერივით ცხოვრებაა"

მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ისიც გაირკვა, რომ თურმე, მილიონერი კი არა, მილიარდერი ყოფილა და მისი დანატოვარი მემკვიდრეობის ბედის გადაწყვეტა სულ მცირე, ორმოცდაათ ადამიანს მაინც - ადვოკატებს, ხელოვნებათმცოდნეებს, რამდენიმე სამინისტროს ჩინოვნიკს და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტსაც კი მოუხდა.

უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად, პიკასო ყველა დროის ყველაზე პროდუქტიული მხატვარიც იყო და ეს თვისება თითქმის სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ასე რომ, მისი წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ზუსტი რაოდენობის დადგენა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგღა მოხერხდა. თანაც, ეს პროცესი მთელი ექვსი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, მიღებული სია სამხატვრო კატალოგზე მეტად, გინესის რეკორდების წიგნში შესატან ჩანაწერს მოგაგონებდათ. პიკასოს 8974 ნახატი, 1228 ქანდაკება, 30 ათასი გრაფიკული ნამუშევარი, 150 ჩანახატის ალბომი და 3 222 კერამიკის ნაკეთობა დარჩა. ამას ისეთი "წვრილმანებიც" უნდა დაემატოს, როგორებიც საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ორი ციხე-დარბაზი, სამი სახლი, ბინები, სახელოსნოები, ფასიანი ქაღალდები, სხვა მხატვრების ნამუშევრების სერიოზული კოლექცია, 1 მილიონი ფრანგული ფრანკი და 6 მილიონი ფრანკის ღირებულების ოქროა. ერთი სიტყვით, ეს ალბათ, არა მარტო ყველაზე დიდი, არამედ - უგუნურებამდე უცნაური მემკვიდრეობაცაა, რომელთანაც კი საფრანგეთის სახელმწიფოს ოდესმე საქმე ჰქონია.

GzaPressპიკასო ბავშვობიდანვე თითქმის შეუსვენებლად ხატავდა (სხვათა შორის, მამამისმა, რომელიც ასევე მხატვარი იყო, მისი ნამუშევრების ნახვისთანავე პალიტრა და ფუნჯები გადაულოცა და დაიფიცა, რომ თვითონ აღარასოდეს დახატავდა) და ყოფითი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა. თუმცა, ამას მისთვის ოდესმე არც გამაოგნებელი პრაქტიკულობის, არც საღი აზრის, არც ზოგჯერ სადიზმამდე მისული ღვარძლიანობისა და განებივრებული ექსცენტრიკოსის კარგად გათვლილი ჩვევების შენარჩუნებაში შეუშლია ხელი. ყოველ სახლში, რომელსაც მხატვარი ერთდროულად საცხოვრებლად და სამუშაოდ ყიდულობდა, მხოლოდ მანამდე რჩებოდა, სანამ მზა ნამუშევრებით ბოლომდე არ გამოტენიდა. ამის შემდეგ ფაქტობრივად, საწყობად გადაქცეული სახლის კარს მშვიდად გამოკეტავდა ხოლმე და ახლის ძებნას იწყებდა.

ერთ-ერთი სახლიდან კი მაშინვე გაიქცა, როგორც კი შენიშნა, რომ გვერდით თანამედროვე მშენებლობა იწყებოდა. უამრავი ნახატით, სიგარეტის ნამწვით, პირადი ნივთითა და აქეთ-იქით დაუდევრად მიმოფანტული ფულის კუპიურებით გადავსებული სახლი კი წლების განმავლობაში თითქმის უსინათლო ერთადერთი მცველის ამარა ისე იყო მიტოვებული, რომ მისი გაქურდვა ერთხელაც არავის უცდია.

პიკასოს საკუთარი ნახატების გაყიდვა საშინლად არ უყვარდა და ყოველთვის მათ შენახვას ამჯობინებდა, თუმცა, თავად შენახვის პროცესი ფრიად ორიგინალურად ჰქონდა წარმოდგენილი და ამიტომაც, თუ დასრულებულ ნამუშევრებს ალალბედზე გამოკეტილ სახლებში მაინც ტოვებდა, ესკიზებს კიდევ უფრო დაუდევრად ექცეოდა და ხშირად სასმლის გამოუცლელი ბოთლების საცობებადაც კი იყენებდა. სამაგიეროდ, სხვა მხატვრების შემოქმედებას ექცეოდა გულისხმიერად, თანამედროვე ფერწერის საკმაოდ კარგი კოლექციაც ჰქონდა შეგროვილი და ბანკის სეიფში ინახავდა.

ყველაფერში ქაოსისა და უწესრიგობის შემტან ექსცენტრიკულ მხატვარს ინტიმური ცხოვრებაც სრულიად ქაოსური ჰქონდა. უამრავი ქალის გულის მოგება და დაწვრილშვილებაც კი მოასწრო. ბოლოს, 79 წლის ასაკში დაქორწინდა. ასე რომ, მისი ნაბოლარა შვილი და შვილიშვილი - პალომა და პაბლიტო ამ ქვეყანას თითქმის ერთდროულად მოევლინენ.

GzaPressმხატვარი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი, რუსი მოცეკვავე, ოლგა ხოხლოვა 1918 წელს, დიაგილევის დასში აღმოაჩინა. ამ ქალთან პიკასოს ერთადერთი კანონიერი შვილი - პაულო ჰყავდა. მხატვარი ოლგა ხოხლოვას 1935 წელს გაშორდა, მაგრამ მის გარდაცვალებამდე ქორწინება ოფიციალურად არ გაუუქმებია, რასაც მოუცლელობასა და დაუდევრობას აბრალებდა. სინამდვილეში კი ამას მხოლოდ ფრანგული კანონმდებლობის გამო არ აკეთებდა, რომლის თანახმადაც, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეებს შორის ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო. ანუ პიკასოს ყოფილი ცოლისთვის 1918 წლიდან დაგროვილი ქონების ნახევარი უნდა დაეთმო. ასე რომ, ოფიციალურად ოლგა ხოხლოვას მეუღლედ რჩებოდა, სატრფოებს კი უწინდელივით ლამის ერთმანეთის მიყოლებით იცვლიდა. ორმა მათგანმა - მარია ვალტერმა და ფრანსუაზა ჟილომ ქალ-ვაჟი გაუჩინეს. ოლგა ხოხლოვას შემდეგ პიკასო ოფიციალურად 1961 წელს, ჟაკლინ როკეზე დაქორწინდა და ამ ქალს სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაშორებია. ჟაკლინთან მხატვარს შვილები არ ჰყოლია.

პაბლო პიკასოს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან 91 წლისაც 20 წლის ყმაწვილივით დაუდევარი იყო და არათუ საკუთარი ქონების, მასზე დამოკიდებული ადამიანების ბედსაც არაფრად აგდებდა. მეტიც, სიკვდილის შემდეგ მათთვის პრობლემების შექმნა მგონი, ერთგვარად ართობდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ერთხელ თავისიMმეგობრისა და საქმეთა რწმუნებულის, როლან დიუმასთვის ნამდვილად ღვარძლნარევი სიამოვნებით უთქვამს, ჩემი სიკვდილისთანავე ისეთი ალიაქოთი ატყდება, მთელი ცხოვრება რომ არ გინახავსო და ცამდე მართალიც აღმოჩნდა. პიკასოს ქონება რომ უზარმაზარი იქნებოდა, ამაზე არავინ დაობდა, მაგრამ მისი რეალური მასშტაბები თურმე, თვით სამხატვრო ექსპერტებსა და საგადასახადო ინსპექციასაც კი ვერ წარმოედგინათ. საგადასახადო ინსპექცია ვახსენეთ და აქვე ისიც უთუოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საფრანგეთის მთავრობამ, რომელსაც პიკასოს სიცოცხლეში მისი ერთი ნამუშევარიც კი არ შეუძენია, მხატვრის გარდაცვალებისთანავე მისი მემკვიდრეობისადმი ცხოველი ინტერესი გამოიჩინა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან კანონით, ქვეყნის საგადასახადო უწყებას პიკასოს მთელი ქონების 20% ეკუთვნოდა. მისი გამოთვლა და, მით უმეტეს, მიღება კი ძალიან გაჭირდა, რადგან მხატვრის ქონებას ძირითადად ხელოვნების ნიმუშები წარმოადგენდა, რომლებიც არასდროს არავის აღუწერია და შეუფასებია. თანაც, ისინი მთელ საფრანგეთშიც, დაახლოებით ათ სახლში მაინც იყო გაბნეული.

მაგრამ სახელმწიფომ შესაშური ოპერატიულობაც გამოიჩინა და პიკასოს ქონების განმკარგველად საკუთარი წარმომადგენელი, რწმუნებული პიერ ცეკრი დანიშნა, რომელსაც ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველასა და ყველაფერზე - პიკასოს საყვარელი ძაღლებით დაწყებული და

GzaPressექსპერტ-ხელოვნებათმცოდნეებით დამთავრებული - მოუხდა ზრუნვა და ჰონორარის სახით 20 მილიონი ფრანკიც გამოიმუშავა. დაახლოებით ამდენივე მიიღო პარიზელმა გალერისტმა მორის რეიმსმაც, რომელმაც მხატვრის ნამუშევრების გაერთიანებული კატალოგი შეადგინა. პიკასოს ქონების შემფასებლებმა ექვსი წლის განმავლობაში მთელი საფრანგეთი შემოიარეს და ყველა იმ სახლსა თუ ბინაში პირადად შევიდნენ, სადაც თავად პიკასო უკვე წლობით არ იყო ნამყოფი და არც იქ დატოვებული ნამუშევრებით ინტერესდებოდა.

პიკასოს ქონების შეფასების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის არმიას პიერ ცეკრის განკარგულებაში დაჯავშნული სატვირთო მანქანების ერთი ღამით გადაცემა დაავალა. ამ გზით პიკასოს ნამუშევრების მთელ ქვეყანაში მოგროვება და ეროვნული ბანკის საცავში გადატანა მოხერხდა. მთებად დახვავებული მხატვრის ყველა ქმნილების ერთად ხილვამ აღფრთოვანების ნაცვლად, შიში მოჰგვარა. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა კი დასკვნის გამოტანა ყველას დაასწრო და განაცხადა, რომ მსგავსი რამ საფრანგეთში აღარასოდეს განმეორდებოდა.

როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ამ თანხის 20% საფრანგეთის რესპუბლიკის ხელში უნდა გადასულიყო და მისი ხაზინა 350-400 მილიონი ფრანკით შეევსო. მაგრამ სახელმწიფო ხაზინის ჩინოვნიკების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ფულის ნაცვლად ხელში ნახატები, ქანდაკებები და ესკიზები შერჩათ.

მართალია, სახელმწიფო ხაზინამ თავისი წილის თავიდანვე ბანკნოტების ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საბანკო ჩეკის სახით მიღება მოითხოვა, მაგრამ გაირკვა, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხები უკვე მთლიანად (ძირითადად, ექსპერტების ჰონორარებზე) გახარჯული იყო. ასე რომ, ხაზინას კუთვნილი ფულის მისაღებად პიკასოს ნამუშევრების საერთაშორისო აუქციონზე გატანა მოუწევდა. მაგრამ გატანაცაა და გატანაც. საკმარისი იყო ერთი, თუნდაც გენიოსი მხატვრის ამდენი ნამუშევარი აუქციონებზე ერთად მოხვედრილიყო, რომ მთელი მისი შემოქმედების ფასი უნუგეშოდ დიდი ხნით დაცემულიყო, მისიMმემკვიდრეები კი მემკვიდრეობის მიღებამდე გაკოტრებულიყვნენ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ხაზინამ არტ-ბიზნესის ესოდენ მოწყვლად დეტალებში ჩაღრმავება და, მით უფრო, მათი გათვალისწინება მაინც არ ისურვა (ანდა ვერ შეძლო) და საქმეში ქვეყნის პრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ დ,ესტენის ჩარევა გახდა საჭირო. ჰოდა, ხელოვნების ზედმიწევნით დახვეწილი დამფასებელი და განათლებული საფრანგეთის პრეზიდენტიც მართალია, არატრადიციული, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილების მიღებაზე - მემკვიდრეობის გადასახადის ხელოვნების ნიმუშებით გასტუმრებაზე დათანხმდა. ოღონდ სახელმწიფომ ერთგვარი "პირველი ღამის" ანუ პიკასოს ნამუშევრების მის მემკვიდრეებში გადანაწილებამდე არჩევის უფლება მაინც დაიტოვა. რაც შეეხება მემკვიდრეებს, ერთმანეთი რომ მთელი გულით სძულდათ და პიკასოს სიცოცხლეში ერთმანეთთან შეხვედრას ყველანაირად ერიდებოდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ "ოჯახური თავყრილობები" ძალზე უასიამოვნო აუცილებლობადაც კი ექცათ. თანაც ყველა, ვისაც პიკასოს გვარი ჰქონდა, მსგავს შეხვედრებზე პირადი ნოტარიუსის, ადვოკატის ან სამხატვრო ექსპერტის თანხლებით ცხადდებოდა.

GzaPressთავიდან ყველაფერი თითქმის ნორმალურად აეწყო და პიკასოს პირველი ქორწინებიდან შეძენილ ვაჟს, პაულოს მისი ქონების ძირითადი ნაწილი, მეორე კანონიერ ცოლს, ჟაკლინს კი დანარჩენი ერგოთ. მხატვრის ქორწინების გარეშე შეძენილი შვილები - მაია, პალომა და კლოდი კი ხელცარიელები დარჩნენ. მაგრამ სანამ პაულო და ჟაკლინი უკვე იმაზე შეთანხმებოდნენ, კონკრეტულად რომელს რა უნდა რგებოდა, პიკასოს დანარჩენმა შვილებმა საფრანგეთის სასამართლოები საჩივრებით აავსეს. მათ ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ: ისინიც პიკასოს კანონიერ მემკვიდრეებად ეცნოთ და პაოლოსა და ჟაკლინის საბოლოო შეთანხმების გასაჯაროებამდე ცნეს კიდეც.

ამის შემდეგ, პიკასოს ოჯახის წევრები ძირითადად ადვოკატებისა და პრესის მეშვეობითღა ურთიერთობდნენ და, ბაზრის მოვაჭრეებს დამსგავსებულნი, მოჩვენებითი ღირსების შენარჩუნებაზეც კი აღარ ფიქრობდნენ. და როცა პიკასოს ნამუშევრებისა და უძრავი ქონების ამჯერად უკვე ხუთად გაყოფა რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც თითქმის დასრულდა, პაულოს წამოსცდა, მამაჩემის დახატული ჩემი ბავშვობის პორტრეტის ჩემთვის დატოვება მსურსო. დაიტოვე, ოღონდ გაითვალისწინე, რომ პორტრეტის ღირებულება მემკვიდრეობის საერთო თანხაში შევაო, თვალიც კი არ დაუხამხამებით, ისე უპასუხეს დანარჩენებმა. მაგრამ სუსტი ნერვებისა და ჯანმრთელობის მქონეPპაულო ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, რასაც ტანჯვით დადებული მეორე ხელშეკრულების გაბათილება მოჰყვა. პაულოს ორი ქორწინებიდან ორი შვილი, მარინა და ბერნარი დარჩა. თანაც, არასრულწლოვანი ბერნარისგან განსხვავებით, სრულწლოვანი მარინას არსებობა მანამდე საერთოდ არავის "გახსენებია". ასე იყო თუ ისე, მემკვიდრეების რიცხვი უკვე ექვსამდე გაიზარდა, რასაც ადვოკატებისა და სამხატვრო ექსპერტების რაოდენობის გაზრდაც ავტომატურად მოჰყვა. კომპრომისის ძიება კი კიდევ ოთხი წელი გაიწელა, რადგან ახლა უკვე მარინამ დაიწყო მხოლოდ მისთვის სასარგებლო მოთხოვნების წამოყენება და თანაც ისე, რომ საქმის მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ შემობრუნების უმცირესი საფრთხის გაჩენისთანავე მისი ადვოკატი ყველაფრის თავიდან დაწყებას ითხოვდა.

1980 წელს პიკასოს ოჯახის წევრები უკანასკნელად შეიკრიბნენ და როგორც იქნა, ხელი მოაწერეს საბოლოო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მხატვრის ქვრივს, ჟაკლინ როკე-პიკასოს პიკასოს ქონების თითქმის 30%, 350 მილიონი ფრანგული ფრანკი, კანონიერ შვილიშვილებს, მარინასა და ბერნარს კი 20-20% ერგოთ, ქორწინების გარეშე შეძენილი სამი შვილი: მაია, პალომა და კლოდი ერთად მხოლოდ 10%-ს ანუ 100 მილიონ ფრაკზე ოდნავ მეტს დასჯერდნენ.

GzaPressპაბლო პიკასო დღემდე მეოცე საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად რჩება, რაც მის მემკვიდრეებს უწინდებურად ათასგვარ თავსატეხს უჩენს, რომელთაგან მთავარი მაინც "პიკასოს ბაზარზე" წონასწორობის შენარჩუნება და ამ მიზნით ათასნაირი საზოგადოებისა თუ შემთანხმებელი კომისიის შექმნაა. მხატვრის შვილიშვილმა მარინა პიკასომ, რომელიც თავის წილ მემკვიდრეობას ძირითადად მიუსაფარი ბავშვების დახმარებას ახმარს, დაწერა წიგნი "ბაბუა", რომელშიც საკუთარ უბედურ ბავშვობას იხსენებს და ამ უბედურების მთავარ მიზეზს, პიკასოს ბოროტ გენიოსს უწოდებს. პიკასოს დანატოვარ მილიონებს მისი ახლობლებისთვის ბედნიერება მართლაც არ მოუტანია. რამდენიმემ (მათ შორის პიკასოს მთავარმა მემკვიდრე ჟაკლინ როკემ) სიცოცხლე თვითმკვლელობითაც დაასრულა. როგორც ჩანს, "ბოროტი გენიოსი" არ ცდებოდა და მთავარი მართლაც მილიონერობა კი არა, მილიონერივით ცხოვრებაა...