პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პროექტიდან "პირველები საქართველოში" - გზაპრესი

პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პროექტიდან "პირველები საქართველოში"

ამ პროექტის წყალობით საზოგადოება გაიცნობს ადამიანებს, რომლებიც პირველები იყვნენ თავიანთ საქმეში. ყურადღება არა მარტო ადამიანებს, არამედ მოვლენებსაც ექცევა. "ძიების საინტერესო პროცესი ჯერ არ დაგვისრულებია. ეს მხოლოდ დასაწყისია. საზოგადოებას პერიოდულად ბევრ საინტერესო მასალასა და ფოტოს მივაწვდით", - ამბობს იდეის ავტორი ნინო სიხარულიძე და განაგრძობს:

- ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდისთვის ისტორიული კალენდრის მომზადებაზე ვმუშაობდი. მასალის ძიების პროცესში ბევრი საინტერესო ინფორმაცია შემხვდა. ყველამ ვიცით, რომ რეზო ამაშუკელი პირველი კინოოპერატორი იყო, ქებურია - პირველი მფრინავი. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, მემუშავა პროექტზე "პირველები საქართველოში". თავიანთი სფეროების მიხედვით ვინ იყვნენ პირველები. განყოფილებამ, სადაც ვმუშაობ, ნება დამრთო, მუშაობა დამეწყო. ინფორმაციისა და ფოტოების მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ახლახან ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "ჯეოსელთან" ერთად შექმნა "ციფრული ფოტომატიანე", სადაც "პირველების" შესახებ ბევრი ფოტომასალა "ამოვიდა". თავიდან, კალენდარი შევადგინეთ, რომლისთვისაც 12 ადამიანი შევარჩიეთ. ფოტოებს თან მცირე ინფორმაციაც ერთვის. მაგალითად, პირველი რეჟისორი ქალი გახლდათ გამრეკელი-თორელი, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. მუზეუმებში, ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერჯერობით არ წავსულვართ. ინფორმაციის ძიება საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

- არა მარტო ადამიანებზე, არამედ მოვლენებზეც ამახვილებთ ყურადღებას, ხომ?

GzaPress- დიახ. საიტერესოა - როდის შემოვიდა პირველი კონკა, თბილისის პირველი საფოსტო მარკა, რომელსაც უნიკა ერქვა. გარდა ამისა, საქართველოში მოღვაწეობდნენ ძმები სიმენსები, რომლებმაც სატელეფონო კავშირის განვითარებას შეუწყვეს ხელი. პირველი მსახიობი ქალი ბარბარე ავალიშვილი გახლდათ. ჩვენს პროექტში ჯერჯერობით 30-მდე მოვლენა და პიროვნებაა თავმოყრილი.

- მუშაობისას ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ? რა იყო თქვენთვის აღმოჩენა, მოულოდნელობა?

- ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი აკაკი ჭანტურია პირველი ქართველი მოგზაური ყოფილა, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. საინტერესოა საქართველოში რეკლამის ისტორიაც. მაგალითად, სარაჯიშვილის კონიაკის რეკლამას ბაბო ბაგრატიონი უწევდა, ამის ფოტოც არსებობს. პირველი მოქანდაკე ქალი ნინო წერეთელი იყო. მერი შერვაშიძე კი კოკო შანელის პირველი ქართველი მოდელი გახლდათ.

- სამომავლოდ ამ ადამიანების შთამომავლობასთან დაკავშირებას აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ძიების საინტერესო პროცესი ჯერჯერობით არ დაგვისრულებია. ეს მხოლოდ დასაწყისია. საზოგადოებას პერიოდულად, ბევრ საინტერსო მასალასა და ფოტოს მივაწვდით.

აკაკი ჭანტურიას შესახებ ნინო სიხარულიძემ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:

აკაკი ჭანტურია პირველი ქართველი იყო, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. ის 1881 წელს, სოფელ ჩქვალერში, მღვდელ ივანე ჭანტურიასა და ხანძე შამუგიას ოჯახში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. პატარა აკაკი ოჯახის მე-5 ბიჭი იყო და ის ძმებმა გაზარდეს. პირველადი განათლება ახალსენაკის 4-კლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. რადგან სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა, უფლება ჰქონდა, თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩარიცხულიყო, მაგრამ მატერიალურად მთლიანად ოჯახს რომ არ დასწოლოდა, ბათუმში, როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, პარალელურად, ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო. ინგლისში გასამგზავრებლად ფულს აგროვებდა. ამაში მას დახმარებას როტშილდის ქარხანაში მომუშავე, ერთ-ერთი ინგლისელი უწევდა. მან აკაკის ლონდონში სარეკომენდაციო წერილიც გაატანა.

მისი ძმისშვილის, ნინა ჭანტურიას მოგონებებში ვკითხულობთ: "1904 წელს ლონდონში ჩასვლისას აკაკი ერთ-ერთ ოჯახში აუყვანიათ რუსულის მასწავლებლად. ბიძია გვიამბობდა, ამ ოჯახის უფროსი ძალიან ყურადღებიანი კაცი აღმოჩნდაო. მისი ხელშეწყობით აკაკი ლონდონის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე შევიდა. ინგლისში ყოფნისას აკაკიმ, იმისთვის, რომ თავი ერჩინა, მასწავლებლობა დაიწყო. მან გამოთალა ქართული ჩონგური. ალბათ ესეც აძლევდა შემოსავალს".

როგორც მოგონებებიდან ირკვევა, ის ხშირად გამოდიოდა ხალხური შემოქმედების საღამოებზე. ერთ საღამოზე მას ჯილდოდ ნაპოლეონის ფოტოსურათიც მიუღია, რომელიც საქართველოში დაბრუნებისას თან წამოუღია. პრიზით კი ჩონგურზე შესრულებული მეგრული სიმღერისთვის დაუჯილდოებიათ.

ლონდონში ყოფნისას, აკაკი ჭანტურიას შეუსწავლია არქეოლოგია, სამუზეუმო საქმე, ეთნოგრაფია, კარტოგრაფია... მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და ტრადიციულ შემოქმედებით დათვალიერებებში. სწორედ ამ პერიოდში უნდა ემოგზაურა მსოფლიოს გარშემო. გემით სამოგზაუროდ წასული ჭანტურია სავარაუდოდ, თან ახლდა ლონდონის გეოლოგიურ ექსპედიციას. პირად ანკეტაში ჩამოთვლილია შემდეგი ადგილები: ევრაზიის თითქმის ყველა სახელმწიფო, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აზია, არქიპელაგი, ინდოეთი, არაბეთი, პალესტინა. ჭანტურია ყოფილა "ცეცხლოვან მიწაზეც".

უცნობია, რომელ წელს დაიწყო ჭანტურიამ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა. მისი ნამსახურების ბარათში მოგზაურობის დროდ, უცხოეთში ყოფნის პერიოდი, 1904-1920 წლები აქვს მითითებული. ცხადია, რომ აკაკი ჭანტურია იყო პირველი ქართველი, ვინც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.

ამ მოგზაურობის შესახებ, მის საოჯახო არქივში საინტერესო ცნობა ინახება. მისი ნათესავი, კონსტანტინე ჭანტურია წერს: მე მინახავს მის მიერ ინგლისიდან ჩამოტანილი ფოტოსურათები, სადაც აღბეჭდილი იყო მისი ყოფნა ჩრდილოეთ აფრიკაში. სურათი კოლექტიური იყო, მოჩანდა მთაგორიანი ადგილები, სადაც წერაქვებით ნიადაგს ჩიჩქნიდნენ. აკაკი გვიხსნიდა, რომ ამ ადგილებში თვითნაბადი ოქროს და ალმასის საბადოები არის. აქ ჩამოსული ფულიანი ინგლისელები, საბადოს ფართობს იჯარით ყიდულობენ და შავ მუშებად ადგილობრივ მცხოვრებლებს ქირაობენ. ისინი დახელოვნებულნი არიან წიაღისეულის ძებნაში და ასევე, ვირტუოზები არიან ნაპოვნის მოპარვაში. მუშაობის დასრულების შემდეგ, თითოეულ მუშას ჩხრეკენ და რენტგენზე აშუქებენ, გადაყლაპული რომ არ ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ კუჭ-ნაწლავში რენტგენი რამე საეჭვოს აღმოაჩენს, დამნაშავეს სახლში არ უშვებდნენ, სანამ გადაყლაპულ ძვირფასეულობას არ დააგდებინებდნენო.

GzaPressაკაკი ჭანტურია საქართველოში 1912 წელს დაბრუნდა. მან სამეგრელოში შეაგროვა დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, დაახარისხა და მამაპაპისეული ოდის დიდ დარბაზში მოაწყო სანიმუშო გამოფენა. 1919 წელს ამერიკაში გაემგზავრა და 1 წელიწადში საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში. პროფესორი მიხეილ კანკავა იგონებს: "აკაკი ჭანტურიას პირველად შევხვდი, როდესაც იგი ინგლისიდან დაბრუნდა. ეს იყო ქალაქ ზუგდიდში. ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა და მისი მეუღლის თავისებურმა ჩაცმულობამ და უჩვეულო ჩემოდნებმა".

აკაკი ჭანტურიას მეუღლე, ინგლისელი კეით უოლტერ ბოლი, საოცრად მომხიბვლელი გარეგნობისა და ხასიათის ქალბატონი აღმოჩნდა. მან ქართველები ძალიან შეიყვარა. აკაკი ჭანტურია სოფელ ჩქვალერში დასახლდა. ინგლისელ მეუღლეს ქართული და მეგრული ენა შეასწავლა. ჭანტურიას პირადად შეხვედრია ნოე ჟორდანია და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეუთავაზებია. ამ წინადადებაზე უარი უთქვამს. მისი ოცნება მუზეუმის დაარსება ყოფილა. ამ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მუზეუმი, რომელსაც "სამეგრელოს მუზეუმი" (დღევანდელი ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი) ეწოდა, 1921 წლის მაისში გაიხსნა. დადიანების ქონება, ზუგდიდის გარდა, სალხინოსა და ჭკადუაში - პრინც მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთები მცველების დახმარებით, ურმებით გადმოიტანეს.

1937 წლიდან აკაკი ჭანტურიას დევნა დაიწყო. 1940 წლის 23 ივლისს დადიანების სასახლეში აკაკი ჭანტურიას ეპოქა დასრულდა. მეცნიერმა სიძველეთსაცავი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძური გაიძარცვა.

აკაკი ჭანტურიას პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

თამუნა კვინიკაძე