არისტოტელე ონასისი: გემებსა და ქალებს გადაყოლილი "ბერძენი" - გზაპრესი

არისტოტელე ონასისი: გემებსა და ქალებს გადაყოლილი "ბერძენი"

მუქ სათვალეს იშვიათად იხსნიდა და საკუთარი აფორიზმის, - ძნელი მხოლოდ პირველი ხუთი ათასი დოლარის შოვნააო, - ხშირ-ხშირად გამეორება უყვარდა.

მაღალი საზოგადოების მექრონიკეები ფამილიარულად "არიდ" ანდა უბრალოდ "ბერძნად" მოიხსენიებდნენ, რაც ონასისს ალბათ, დიდად როდი სიამოვნებდა, მაგრამ გარეგნულად მაინც არაფერს იმჩნევდა, რადგან პრესასთან ურთიერთობის გაფუჭებას ყველანაირად ერიდებოდა. სწორედ ამიტომაც იყო, როცა მის მეორე ცოლსა და ამერიკის ყოფილ პირველ ლედის, ჟაკლინ (ჯეკი) კენედი-ონასისს სახელგანთქმულ და ზედმიწევნით აბეზარ პაპარაცისთან, რონ გალელოსთან პრობლემა შეექმნა, სკანდალი არ მოუწყვია, ჟურნალისტი უბრალოდ, გვერდზე გაიხმო და მშვიდად ჰკითხა: "მისმინე, ყმაწვილო, მართლა ასე ძალიან მოგწონს ჩემი ცოლი? მაშინ ახლავე უნდა გაგაფრთხილო, რომ ეს ძალზე ძვირი დაგიჯდება". თუმცა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯიბეზე ხელის გაკვრა მაინც მაგნატს მოუხდა, რადგან კამერა, რომელიც გაცოფებულმა ჯეკიმ გალელოს დაუმტვრია, სასამართლომ ასი ათას დოლარად შეაფასა. საერთოდ კი ონასისი პრესას ფულს, ძირითადად, გაზეთებისა და ბულვარული გამოცემების პირველ გვერდებზე გამოჩენის, თანამედროვე კაზანოვას რეპუტაციის შექმნისა და ყველაზე პოპულარული ქალების საყვარლობისა თუ ქმრობის აფიშირებისთვის უხდიდა.

GzaPressარისტოტელე ონასისი 1906 წლის 20 იანვარს, ბერძნულ ქალაქ სმირნაში (დღევანდელი თურქული იზმირი), თამბაქოს დილერების საკმაოდ მდიდარ ოჯახში დაიბადა. ასე რომ, ღატაკი ბავშვობა, რომელზეც მისი ბიოგრაფები ხშირად წერდნენ, სინამდვილეში მაგნატს არ გამოუვლია. სწავლითაც თავიდანვე პრივილეგირებულ სკოლაში სწავლობდა და სპორტსაც ასეთსავე პრივილეგირებულ სპორტულ კლუბში მისდევდა.

1922 წელს, თურქების მიერ სმირნის გადაწვისა და მისი მოსახლეობის ჟლეტის შემდეგ, ონასისები საბერძნეთში გაიქცნენ. ოჯახმა ქონება თითქმის მთლიანად დაკარგა და მალე არისტოტელე იძულებული გახდა, უკეთესი ცხოვრების საძებნელად საბერძნეთიდან არგენტინაში გადახვეწილიყო. ბუენოს-აირესში ჩასულ ახალგაზრდა ბერძენს არც ფული ჰქონდა და არც ენა იცოდა, ამიტომ თავიდან ძალიან გაუჭირდა და ხან ხილის ჩამოტარებით, ხან ჭურჭლის რეცხვით და ხანაც ხელის ბიჭობით ირჩენდა თავს. თუმცა, ფხიანი ახალგაზრდა წელში მალევე გაიმართა და მშობლების მეგობრის დახმარებით აწყობილი თამბაქოს იმპორტით პირველი დიდი ფულიც იშოვა. ასე რომ, 1926 წელს არისტოტელე უკვე მარტო მდიდრულ Alvear Palace Hotel-ში კი არ ცხოვრობდა, მოდურ კლუბებსაც ხშირად სტუმობდა და ფრანგული და ინგლისური ენების პედაგოგებიც კი ჰყავდა დაქირავებული. მალე ონასისმა, მართალია, მეორადი, მაგრამ პირველი "როლს-როისი" იყიდა და პირველი სასიყვარულო კავშირის გაბმის უფლებაც მისცა თავს. მისი პირველი საყვარელი ანა პავლოვას დასის საკმაოდ ნიჭიერი ბალერინა იყო. ამიტომაც, პავლოვამ არისტოტელე პირადად ინახულა და სთხოვა, გოგონას წარმატებული კარიერისთვის ხელი არ შეეშალა. "მგონი, ერთმანეთი მოგვეწონა", - ასე იხსენებდა უდიდეს ბალერინასთან შეხვედრას თავად ონასისი, რომელსაც სახელგანთქმული ქალებისადმი თავიდანვე განსაკუთრებულად მთრთოლარე დამოკიდებულება ჰქონდა.

წარმატების მიუხედავად, თამბაქოს ბიზნესს ონასისი დიდხანს მაინც არ შერჩენია, რადგან ბუნებით ტემპერამენტიანი და რისკიანი მოთამაშე იყო და ყოველდღიურ, თუნდაც კარგი ფულის მომტან რუტინულ შრომას ვერ იტანდა. როგორც ყველა ჭეშმარიტ ელინს, მასაც ყოველთვის და ყველაფერზე მეტად ზღვის სტიქია იზიდავდა, ფულის შოვნაში უკვე საკმაოდ გაქნილი ტვინი კი იმასაც ზუსტად კარნახობდა, ეს სტიქია სათავისოდ როგორ უნდა გამოეყენებინა. გემთმშენებლობით, კონკრეტულად კი - სატვირთო გემების შეძენით საფუძვლიანად დაინტერესებული ონასისის პირველ გემსPროტოპაპას-ი ერქვა და მის მომავალ სუპერტანკერებთან შედარებით, პატარა ნავად თუ ჩაითვლებოდა, მაგრამ ბუნებით სასტიკი და იმავდროულად ზედმიწევნით სენტიმენტალური ბიზნესმენი მას ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობით იხსენებდა.

ზღვის სტიქიას საფუძვლიანად შეჭიდებულმა ელინმა თავისი პირველი სერიოზული რომანიც გემთმშენებლობას დაუკავშირა და მიზანში ნორვეგიელი სოციალისტი ინგებორგ დედიხი ამოიღო, რომელიც "შემთხვევით" უმსხვილესი სკანდინავიელი გემთსაშენის მფლობელის, ინგენვალდ ბრიულის ქალიშვილიც აღმოჩნდა. ამ გზით ონასისმა ნავთობტანკერების მეპატრონეთა იმ ზედმიწევნით რჩეულ წრეში შესვლა მოახერხა, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე საწვავის მიწოდებას მონოპოლიურად აკონტროლებდა.

GzaPressსხვათა შორის, ონასისი ქვანახშირთან შედარებით, ნავთობის, როგორც საწვავის უპირატესობას სხვებზე ბევრად ადრე მიხვდა და თავისი ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი - სან-ფრანცისკო-იოკოჰამის ჩარტერული რეისიც მაშინვე ააწყო. სულ ახალ-ახალი გემებით შევსებული ონასისის ფლოტილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ დაბომბვებსაც უდანაკარგოდ (საბერძნეთის ფლოტილიის 450 გემიდან 360 ისე ჩაიძირა, რომ მათ შორის ონასისის ერთი გემიც კი არ მოხვედრილა) გადაურჩა და ომის დამთავრებისთვის მისმა პირადმა კაპიტალმა უკვე 30 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა მაღალ საზოგადოებაში შესაბიჯებლად სავსებით საკმარისი იყო და ბიზნესმენმაც ნიუ-იორკში, ოთხმოცდამეათე ქუჩაზე, საკუთარი ოფისი გახსნა და კიდეც დაოჯახდა.

ონასისის პირველი ცოლი, 17 წლის თინა ლივანოსი გემების მეპატრონის ქალიშვილი იყო. ახალშეუღლებულები მაშინვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. გაზეთები ათასნაირად ამკობ-ალამაზებდნენ ბრილიანტის სამკაულებს, რომლებიც არისტოტელემ თინას ქორწილში აჩუქა. განსაკურებით დამაინტრიგებლად კი " T.I.L.Y."-მონოგრამიანი (რაც სინამდვილეში უბრალოდ, "Tina I love you"-ს ნიშნავდა) სამაჯური ეჩვენებოდათ. თუმცა, ეს რომ ქალებთან მარტივი და უგერგილო ურთიერთობით გამორჩეული ონასისის დიდი შთაგონება-მიგნების შედეგი არ ყოფილა, თუნდაც იმით გამოჩნდა, რომ მომავალში მისმა საყვარელმა, სახელგანთქმულმა ოპერის მომღერალმა მარია კალასმა და მეორე ცოლმა, ჯეკი კენედიმაც მისგან ზუსტად ასეთივე მონოგრამიანი (ოღონდ, პირველასოშეცვლილი) სამკაულები მიიღეს. თინა ლივანოსმა არისტოტელეს ქალ-ვაჟი - კრისტინა და ალექსანდერი გაუჩინა, მაგრამ ამან მათი ოჯახი დანგრევას მაინც ვერ გადაარჩინა.

1940-1950-იანი წლების განმავლობაში ონასისის იმპერია განუხრელად იზრდებოდა და 1950-იანი წლების შუახანებისთვის მაგნატმა ერთ წელიწადში 17 ახალი ტანკერი იყიდა. საბრძოლო ფრეგატი შტორმონტ-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ იახტადაც სწორედ იმ პერიოდში გადააკეთა და თავისი ქალიშვილის პატივსაცემად, "კრისტინა" დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელეს არაერთი სხვა საცხოვრისი, მათ შორის, პარიზში მრავალოთახიანი ბინა, ათენის მიდამოებში კი ვილა ჰქონდა, საკუთარ სახლად მაინც მხოლოდ "კრისტინას" თვლიდა.

GzaPressლაზურიტისბალუსტრადებიან და ოქროსონკანებიან "კრისტინას" კნოსოსის ანტიკური სასახლის სტილში შესრულებული მოზაიკიანი აუზი, ვარდისფერი მარმარილოს სააბაზანოები და სტუმრების ჩემოდნების შესანახი, ტყავგადაკრული კარადები ჰქონდა. მასპინძლის სამუშაო კაბინეტს კი ელ გრეკოს ტილოები და ბუდას ერთ-ერთი უძველესი სტატუეტი ამშვენებდა. იახტას 60 კაცი: მოსამსახურეები, მასაჟისტები, პარიკმახერები და ფრანგულ და ბერძნულ სამზარეულოებში დახელოვნებული ორი მზარეული ემსახურებოდნენ.

"კრისტინაზე" გამართულ წვეულებებს უინსტონ ჩერჩილი, კონრად ადენაუერი, გრეტა გარბო, უინძორის ჰერცოგი და მისი მეუღლე, ავა გარდნერი, ელიზაბეტ ტეილორი, იუგოსლავიის ყოფილი მეფე პეტრე, ეგვიპტის ყოფილი მეფე ფარუქი რიგრიგობით და ხანაც ერთად ესწრებოდნენ. 1959 წლის ივლისში სტუმრებს შორის მარია კალასი და მისი იმპრესარიო და მეუღლე ჯოვანი ბატისტა მანიაინიც აღმოჩნდნენ. ასე დაიწყო ონასისისა და კალასის რომანი, რომელთაც შმაგი ტემპერამენტის გარდა, საერთო თითქმის არაფერი ჰქონდათ. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამ არისტოტელეს სიხარულით აუწყა, რომ ფეხმძიმედ იყო. გამძვინვარებულმა "ბერძენმა" მასზე უგონოდ შეჰყვარებულ ქალს ბავშვის დაუყოვნებლივ მოშორება მოსთხოვა და მიზანსაც მიაღწია. არადა, მანამდე ყველა ოცნების ასრულებასა და ცოლად მოყვანასაც კი ხშირ-ხშირად ჰპირდებოდა.

1968 წლის ოქტომბერში არისტოტელე ონასისმა მართლაც მოიყვანა ცოლი, ოღონდ მისი რჩეული მარია კალასი კი არა, ჟაკლინ კენედი გახდა. ქორწილი იმავე, კუნძულ სკორპიოზე გაიმართა, რომლის ჩუქებასაც ონასისი ოდესღაც მარიას ჰპირდებოდა. ამ ქორწინებამ მთელი ამერიკა აღაშფოთა. ქვეყნის ჟურნალ-გაზეთები მაშინვე ბოღმანარევი სათაურებით - "ჯეკი, ეს რა გააკეთე?", "ჯონ კენედი მეორედ მოკლეს", "ეს სრულიად შეუფერებელი წყვილია" - აჭრელდა. "ის მეტისმეტად ტანმორჩილი და მეტისმეტად უცხოელია". - მწარედ გაჰკრა კბილი ონასისს "ნიუ-იორკ თაიმსმაც". მაგრამ წყვილი სხვების აზრს უკვე არაფრად აგდებდა, რადგან ამ ქორწინებით ერთმა უდიდესი ამბიცია და ვნება დაიკმაყოფილა, მეორემ კი მილიონობით დოლარი ჩაიგდო ხელში.

საქორწინო ხელშეკრულების თანახმად, ჯეკის სამი მილიონი დოლარი ონასისზე დაქორწინებისთანავე უნდა მიეღო, თითო-თითო მილიონს მის შვილებს გამოუყოფდნენ, მაგნატის სიკვდილის ანდა განქორწინების შემთხვევაში კი ყოველწლიურად კიდევ 200 ათას დოლარს მიიღებდა. "ვითომ, ეს ძალიან დიდი თანხაა?" - ჰკითხა ონასისმა თავის პირად მდივან ლინ ალფა სმიტს ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე. "არც ისე, - ყველაფერი უცბად გამოთვალა ლინმა. - მართალია, ამ ფულით ერთი კარგი ტანკერი მოგივიდოდათ, მაგრამ ტანკერის ყიდვის შემთხვევაში დაზღვევის ფულის გადახდაც მოგიწევდათ". ამის შემდეგ ონასისის ოფისში ჟაკლინს მხოლოდ "სუპერტანკერად" თუ იხსენიებდნენ.

GzaPressმილიონერის ქალიშვილი, ჯერ მულტიმილიონერის, მერე კი მილიარდერის ცოლი ჟაკლინ კენედი-ონასისი საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენელი გახლდათ, სადაც ყველაზე მეტად ფული და ძალაუფლება ფასობს. ონასისი კი თვლიდა, რომ სწორედ ასეთი ცოლი სჭირდებოდა და ამაში ფულის გადახდისთვისაც მუდამ მზად იყო. მაგრამ ფულიცაა და ფულიც. მალე ჯეკის მიერ გაწეულმა ხარჯებმა ლამის ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია. ის ყველაზე ძვირად ღირებული და მოდური კუტიურიეების ტანსაცმლის მთელ კოლექციებს, კონტეინერობით ფეხსაცმელსა და თეთრეულს ყიდულობდა, ანგარიშებს კი ონასისის ნიუ-იორკის ოფისის მისამართზე გზავნიდა. "მაინც სად მიაქვს ამდენი რამე? - უკვე დაუფარავად წუწუნებდა მაგნატი. დღეები ისე გადის, მის ტანზე სვიტერისა და ჯინსის გარდა ვერაფერს ვხედავ".

ჯეკიმ ონასისის შვილებთანაც ვერ გამონახა საერთო ენა. უფრო მეტიც, ფიქრობდა, რომ მისთვის სრულიად მიუღებელი, კრისტინას ცხოვრების წესი მის გოგონაზეც უარყოფითად აისახებოდა. "აშარ" დედინაცვალს არც გერები უდებდნენ ტოლს. "იქნებ მამაჩემს მართლაც სჭირდებოდა ახალი ცოლი, მაგრამ მე როგორმე გავძლებ ახალი დედის გარეშე", - ხშირ-ხშირად იმეორებდა ალექსანდერი.

ოჯახური პრობლემებით გაბეზრებულ არისტოტელეს გამოსავალი დიდხანს ნამდვილად არ უძებნია, ისევ მარია კალასთან განაახლა რომანი და პარალელურად, ახალ პროექტში - ზემძლავრი ბერძნული ავიახაზების შექმნაშიც მთელი ძალებით ჩაერთო. საბერძნეთში "შავი პოლკოვნიკების" გადატრიალების შემდეგ არისტოტელე ონასისი ამ ქვეყნის პოლიტიკასა და ბიზნესში იმდენად საკვანძო ფიგურა გახდა, რომ ერთხანს პრეზიდენტობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ.

1970-იანი წლები ონასისისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ჯერ მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს საცოლედ აღიარებული მისი საყვარელი ქალიშვილიKკრისტინა მოულოდნელად, 48 წლის ორცოლგანაშვებ ფლეიბოი ჯო ბოკლერს გაჰყვა ცოლად, ორი წლის შემდეგ, 1973 წლის 22 იანვარს კი მისი ერთადერთი ვაჟი და მემკვიდრე ალექსანდერი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. იმავე წლის შემოდგომაზე თავის პარიზულ ბინაში ტრანკვილიზატორების გადამეტებული დოზის მიღების შემდეგ გარდაიცვალა მისი პირველი ცოლი თინაც.

ამის შემდეგ კრისტინა უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა, მამაჩემისა და მთელი ჩვენი ოჯახისთვისაც უბედურება სწორედ "შავ ქვრივ" ჯეკის მოაქვს, რომელმაც ჯერ კენედების კლანი დაშალა და ახლა ჩვენ გვღუპავსო. ჯეკიმ გერის სიტყვებს მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა და ჯერ კუნძულ სკორპიოზე მდებარე სასახლის ინტერიერი განაახლა, მერე კი ქმარს აკაპულკოში ახალი სახლის ყიდვაც მოსთხოვა, რაზეც ცივი უარი მიიღო. უფრო მეტიც, განრისხებულმა არისტოტელემ სწორედ ამის შემდეგ დაწერა ანდერძი, რომელშიც თავისი მილიარდიანი ქონების მემკვიდრედ, ცოლის გარდა, თითქმის ყველა მოიხსენია.

არისტოტელე ონასისი 1975 წლის მარტში გარდაიცვალა. ის კუნძულ სკორპიოზე, შვილის გვერდით დაასაფლავეს. ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წუთებში მაგნატი მხოლოდ მისგან უარყოფილ და ბოლომდე მაინც მის ერთგულ მარია კალასს ახსენებდა. ჟაკლინს კი... ის სულთმობრძავი ქმრის გვერდით საერთოდ არ ყოფილა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი პირველ რიგში, ცნობილ მოდელიერ ვალენტინოს დაურეკა და სამგლოვიარო კაბების მთელი კოლექცია შეუკვეთა...

რუსუდან ლებანიძე