პერსონაჟები, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ განცდებით, ემოციებით, შეცდომებით...
პრეამბულის მაგიერ
- ვიცი, ბევრ ადგილზე მუშაობ, კითხვას როდისღა ასწრებ?
- (იცინის) ვეღარ ვითვლი, 5 ადგილზე ვმუშაობ. მიუხედავად ამისა, წიგნის წასაკითხად ყოველთვის ვპოულობ დროს. ვერასდროს გავუგებ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, როდის წავიკითხო, დრო არ მრჩებაო. 15-20 წუთით შესვენების დროსაც შეიძლება წაიკითხო, ძილის წინ კითხვა ძალიან მიყვარს. ახლა აკა მორჩილაძის ნაწარმოებებზე ვარ გადართული.
- პირველი შთაბეჭდილება რომელმა წიგნმა მოახდინა?
- ბავშვობაში "კრაზანა" მომეწონა ძალიან, მასზე ადრე - "ბიძია თომას ქოხი".
- წიგნი მოგიპარავს?
- კი, ბიბლიოთეკაში ხშირად შევდიოდი. ერთი წიგნი, რომელიც მითოლოგიაზე იყო, ისეთ ადგილზე იდო, ვიფიქრე, ჩემთან "უკეთესად იქნებოდა" და წამოვიღე. ვერავინ გაიგო.
- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- მეფე არტურის პერიოდის რაინდებთან და კარლოს კასტანედას პერსონაჟ დონ ხუანთან ვიმეგობრებდი. მეორე ხაზზე მყოფი დადებითი პერსონაჟები მხიბლავენ. ასევე ძალიან მომწონს თუნდაც სუსტი, მაგრამ ადამიანური პერსონაჟები, თავისი განცდებით, ემოციებით, შეცდომებით. მათი შინაგანი ვნებათაღელვა მაინტერესებს.
- თავად როგორი მეგობარი ხარ?
- მოსიყვარულე და ერთგული. მაგრამ მეგობრებს უყურადღებობის გამო ბოდიშასაც ხშირად ვუხდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასაჭირში რამეზე უკან დავიხევ, უბრალოდ, მოსაკითხად ხშირად ვერ ვიცლი ხოლმე.
- ლექსების გარდა კინოსცენარებსაც წერ, ხომ?
- დიახ, ახლახან გაიმართა ფილმის - "გადაკარგულები" ჩვენება, რომელიც ჩემი სცენარის მიხედვით გადაიღეს. ფილმი ნიუ-იორკის კინოაკადემიის პროდუქციაა. რეჟისორი გახლავთ ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ბესო თურანაშვილი. ის თავად დამიკავშირდა, ქართველ სცენარისტთან მუშაობა უნდოდა. დიდი გამოცდილება მივიღე. თინა დალაქიშვილი და პაატა ინაური თამაშობენ. მსახიობების გარდა ფილმზე ამერიკულების გამოცდილმა ჯგუფმა იმუშავა. სცენარს თავიდან ინგლისურად ვწერდი, მაგრამ პროდიუსერმა მოითხოვა ქართულად, ქართული ამბავი დამეწერა. გვინდა, ამ ფილმის ჩვენება ფესტივალ "პრომეთეზე" შედგეს.
- ამ რუბრიკაში სტუმრობას რესპონდენტები გამოცდაზე გასვლას ადარებენ. შეგიძლია, გამოცდებთან დაკავშირებული, სახალისო თავგადასავალი გაიხსენო?
- გამოცდებზე გასვლა არასდროს დამზარებია, ამ დროს მეტად თავდაჯერებული ვარ და ეს მომწონს. ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში მოვხვდი. "თეატრალურში" ტურები უკვე გავლილი მქონდა და ეროვნულ გამოცდებზე უნდა გავსულიყავი. აბიტურიენტებს მეთვალყურეები გვყავდა. ერთ-ერთი ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო. შემოგვთავაზა, თუ გინდათ, საღეჭ რეზინს მოგცემთ, გონებას ააქტიურებსო. ეს ქართული ენის გამოცდაზე მოხდა, მეორე გამოცდა უნარებში მქონდა. ვიფიქრე, საღეჭ რეზინს კიდევ მას ხომ არ გამოვართმევ-მეთქი? და ჩემი წავიღე. ისეთი მკაცრი მეთვალყურე შემხვდა, ლამის გარეთ გამომაგდო. მთხოვა, გადააგდეო. რომ ავდექი, თურმე ისეთი ადგილები გავიარე, შემეძლო, პასუხებში ჩამეხედა. ძალიან გაცხარდა. ამ უწყინარმა საღეჭმა რეზინმა ლამის 1 წლით სასწავლებლის გარეთ დამტოვა.
- სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებს, კიდევ რას არ იცვლის იგი სიცოცხლის განმავლობაში?
- ბუდეს.
- ის იმდენად პატარა ჩიტია, ხშირად ობობას ქსელში ეხვევა და თავს ვეღარ აღწევს. რომელ ჩიტზეა ლაპარაკი?
- კოლიბრიზე.
- ცნობილი ფიზიკოსი ნილს ბორი წარმატებული სპორტსმენი იყო. რომელი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდა ის მეკარედ?
- დანიის ნაკრებში, ხომ?
- დიახ. რას ნიშნავს სიტყვა ოდიოზური?
- არასასურველი, უსიამოვნო...
- რა ერქვა ჩუქჩების საცხოვრებელ სახლს, რომელიც ირმის ტყავებით იყო დაფარული?
- იარანგი.
- ესკიმოსების საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ყინულის აგურებისგან აშენებენ?
- ვიცოდი და ვერ ვიხსენებ.
- იგლუ. არსებობს თუ არა საქართველოში დინოზავრის ნაკვალევი?
- დიახ წყალტუბოშია აღმოჩენილი.
- ერთ-ერთ გალერეაში დამთვალიერებელი პორტრეტს უყურებს და ამბობს: ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრია. რა იქნება მისთვის პორტრეტზე გამოსახული მამაკაცი?
- (ფიქრობს) გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ) რა გამოდის, დიდი ბაბუა?
- დაიბენი.
- მართლა დავიბენი, რა ჩახლართული კითხვაა (იცინის). არ მითხრა, თავად უნდა გამოვიცნო (პაუზის შემდეგ) ბიძა.
- რომელ ოკეანეშია ფიჯის კუნძულები?
- წყნარ ოკეანეში.
- "მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამ ქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავ და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მაგრამ მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასდროს მიღალატია". - კონსტანტინე გამსახურდიას რომელი გმირი ამბობს ამ სიტყვებს?
- მეფე გიორგი.
- 1895 წელი კინემატოგრაფიის დაბადების წელია. რომელ ქალაქში შედგა პირველი კინოსეანსი?
- პარიზში.
- პირველად ამ კალენდრის გამოშვება ინგლისელმა ფრენს მეიერმა დაიწყო. დღეს ეს კალენდარი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული, მათ შორის - საქართველოშიც. დაასახელე, რომელ კალენდარზეა ლაპარაკი?
- ასტროლოგიური ხომ არა?
- დიახ. ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.
- ავსტრალია.
- მას ეს ფსევდონიმი ძლიერი ხასიათის გამო შეარქვეს, რადგან მიაჩნდათ, რომ მართლაც ფოლადივით მტკიცე იყო.
- სტალინი.
- დაალაგე სიტყვები ისე, რომ ანდაზა გამოვიდეს: კარი, ტკბილი, გააღებს, რკინის, ენა.
- "ტკბილი ენა რკინის კარს გააღებს".
- რომელი იმპრესიონისტი მხატვრის შთაგონების წყარო იყო ბალეტი?
- ედგარ დეგას.
- ადამიანის ორგანიზმის რომელ ნაწილში ხდება ნაწლავიდან შეწოვილი მავნე ნივთიერებების გაუვნებლება?
- ღვიძლში.
- ისააკ ნიუტონის 300 წლისთავის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?
- ვაშლი.
- ვინ დაწერა ქართული ენის საგალობელი - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"?
- იოანე ზოსიმემ.
- ეს მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა. მანამდე სასურველად არ ითვლებოდა. პირიქით, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. ექიმები ამბობდნენ, ჯანმრთელობისთვის მავნებელია და მოდიდან მალე გადავაო, მაგრამ დღესაც მოდაშია. დაასახელე, რაზეა ლაპარაკი?
- ვერ ვხვდები.
- მიგანიშნებ, ის შეიძლება ხელოვნურადაც მიიღო და ბუნებრივადაც. თითქმის ყველა სეზონზე აქტუალურია, ზაფხულში - განსაკუთრებით.
- თავიდან შავი კაბა ვიფიქრე, მაგრამ ვხვდები, ეს სწორი პასუხი არ არის.
- გარუჯვაზეა ლაპარაკი. "მე ვხედავ მზეს", "როცა აყვავდა ნუში", "ერთი ცის ქვეშ", "აურზაური სალხინეთში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?
- ლანა ღოღობერიძე.
- ამ ფილმის სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილია. მონაწილეობენ დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე და ზურაბ ქაფიანიძე. გადაღებები ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა, პრემიერა 1968 წელს გაიმართა. დაასახელე ეს ფილმი და მისი რეჟისორი.
- მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი".
- ის ინგლისში, სტრადფორდში დაიბადა, მისი მამა ქალაქის მერი იყო. მალე მისი ოჯახი რთულ მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვეღარ შეძლო, სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. 18 წლისა 8 წლით უფროს ქალზე დაქორწინდა. არაერთი ცნობილი პოემის, ტრაგედიისა და კომედიის ავტორია. 52 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეს გარდაიცვალა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?
- უილიამ შექსპირზე.
- ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.
- დუნაიზე.
- დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ყველანი ჩვენს შეცდომას..."
- ვერ დავასრულებ.
- "...ჩვენს შეცდომას ვარქმევთ".
თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"